ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2012


ცარცის წრე

                                    ,,ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი მიცვალებულნი არიან,   
                                                                რომელნიც მიცვალებულებს ესაუბრებიან”

                                                                                              ხორხე ლუის ბორხესი

                                                          ,,ყოველგვარი სიგიჟე არის სიზმარი ცხადში”

                                                                                                  ხულიო კორტასარი


                                                                        15.02.2012 3:44-ჩემი დროით

    ვაპირებ გიამბოთ ამბავი, რომელიც გიომ, ჩემმა მეუღლემაც კი არ იცის. თუკი სასწაულების არ გჯერათ, გირჩევნიათ, ახლავე შეეშვათ კითხვას.
  არც კი ვიცი, რით დავიწყო. იმდენად პირადულია და, ასე განსაჯეთ, არარეალური, რომ ეჭვი მეპარება, ირწმუნოს ვინმემ. წერა არ მეხერხება და არც ვეცდები, მხატვრულ ნაწარმოებად ვაქციო ნაწერი. მხოლოდ მომისმინეთ. ნუ დაიჯერებთ, თუნდაც.
    ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა გიო გარდაიცვალა. არა, ჩემი ქმარი არა, რა თქმა უნდა.
  დეჟა ვუს შეგრძნებით დავიბადე. სულ მგონია, რომ ეს უკვე იყო და ამასთან, საშინელი წინათგრძნობებიც მაწუხებენ. მაგალითად, გუშინ მე და გიო ყავახანაში რომ შევდიოდით, გამიჩნდა შეგრძნება, რომ იმ ღამით აუცილებლად მოხდებოდა რაღაც ცუდი. მისთვის არ მითქვამს, რა თქმა უნდა.
    ცუდის მოხდენის შიში რომ გაქვს, რა ჰქვია? აი, მაგის ფობია მაქვს, ეტყობა. თუ ჩაის ფერის დასხმამდე შაქარს არ ჩავყრი, თუკი ხელთათმანს ჯერ მარჯვენა ხელზე არ ჩამოვიცვამ, თუ არ დავჯდები სამარშრუტო ტაქსიში ფანჯრის მხარეს, თუ დამავიწყდება ჩემი ბეჭდის გაკეთება, მგონია, რომ აუცილებლად, აუცილებლად მოხდება რაღაც ცუდი. სხვათაშორის, ზოგჯერ ისიც მგონია, რომ თვალები არ მაქვს. თუმცა ეს სხვა თემაა.
  ხშირად მესიზმრება გიო. არა, უფრო სწორად, მე არ ვიცი, მესიზმრება თუ არა. უბრალოდ, გიო მაღვიძებს ხოლმე, ჩემს სახეს მოიქცევს თავის ხელებში, დიდხანს, შეშინებული მიყურებს თვალებში. მერე ცდილობს, დამაწყნაროს, მიხუტებს და მთხოვს, არაფერზე ვიფიქრო, მთხოვს, აღარ მივიხედო უკან, მეუბნება, რომ აქაა, ჩემთანაა და სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა და ამ დროს სულ მაგონდება ბავშვობისდროინდელი ამბავი ქალზე, რომელმაც, გაფრთხილების მიუხედავად, უკან მიიხედა და გაქვავდა.
  ხშირად დავდივარ გიოს საფლავზე. ეს ყოველთვის მაშინ ხდება, როცა მარტო ვარ სახლში. თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ განსაკუთრებით ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე ხოლმე იქ წასული.
  გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა შეხედავ ტელეფონს და მეორე წამში რეკავენ? ან რაღაც სიტყვა რომ გიტრიალებს უაზროდ და უცებ ქუჩაში იტყვის გამვლელი ან ტელევიზორიდან გაიგონებ, ან იმ წუთში გადაშლილ გაზეთში ამოიკითხავ? აი, მე კი. თან ძალიან ხშირად.
    რომ გითხრათ, მორწმუნე ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ურწმუნო ნამდვილად არ მეთქმის. მფარველი ანგელოზი გყავთ? ჩემსას გიო ჰქვია, მიხვდებოდით.
    ამ ბოლო დროს საოცარი რაღაცები ემართება ჩემს ტელეფონს: დროსა და თარიღს თავისით ურევს. ვერაფრით ვხვდები, რასთანაა ესა თუ ის დღე დაკავშირებული. მართალი ხართ, ტელეფონის შეცვლას ან, თუნდაც, შეკეთებას არაფერი უნდა.
    ცოტა მრცხვენია კიდეც იმის მოყოლა, რაც ჩავიდინე. დამიჯერეთ, სულაც არაა მარტივი პარალელურ სამყაროებში ერთდროულად ყოფნა. ვიცი, ხმამაღალი ნათქვამია ეს თქვენთვის, მაგრამ თავიდანვე ხომ ვთქვი, შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ არ დაიჯერებთ ბოლომდე. ბოლომდე-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს. ეჭვი აუცილებლად შეგეპარებათ ჩემს მონაყოლში, აუცილებლად.
  შეშლილი ნამდვილად არ ვარ. ბოლობოლო, ყველაფერი ჩემს უაზრო ახირებებს მიაწერეთ, თუ გინდათ, მაგრამ გიჟი არ ვარ. ყველაზე რეალურად ზუსტად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა უჩვეულო ამბებში ვეხვევი.
  მე და გიო ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სარკის წინ. მოგვწონს ასე. და ეს ლაპარაკი გრძელდება იქამდე, სანამ ოთახში გიო არ შემოვა.
  თქვენ გყავთ მეუღლე? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
  გიომ არაფერი იცის გიოზე და როცა ღამით ვბოდავ, ჰგონია, რომ მის სახელს ვახსენებ და ჩემ გამო შიშობს, რატომღაც. დილით ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ წინა ღამეზე და მე კი მაგონდება გამოთქმა ჭკვიან მოღალატეზე, რომლის საყვარელსაც მეუღლის სახელი ჰქვია. და მერე მძულს საკუთარი თავი ამის გახსენების გამო.
    და რა აბსურდია, რამდენად დიდი უაზრობაა, მაგრამ ზოგჯერ მგონია, ქმარს ვღალატობ.
  სულ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე მკითხავთან მისვლა. დიახ, სწორედ ესაა ის, რისი თქმისაც მრცხვენოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ საზოგადოების აზრი მაინტერესებს. უბრალოდ, ცოტა არ იყოს, სულელურად ჟღერს ეს ჩემი მხრიდან, მითუმეტეს, როცა, ასე თუ ისე, ჭკვიანი ქალი მგონია თავი.
  ყველასგან დაფარულად მოვახერხე ერთ-ერთი მკითხავის მისამართის გაგება. თავიდან ვიფიქრე, დავურეკავ ჯერ, შეხვედრაზე შევუთანხმდები-მეთქი, მაგრამ მერე გამეცინა, რამდენი შეიძლება იყოს ჩემნაირი სულელი(აქ არ მავიწყდება, რა ვთქვი წინა აბზაცში), მკითხავთან სუფთა ინტერესის გამო რომ მივიდეს და მოკლედ, გაუფრთხილებლად მისვლა ვარჩიე.
  უარაფრობის შეგრძნებით დავაკაკუნე საღებავაცლილ რკინის კარზე და თითები მეტკინა. ბოლო წუთამდე, ქვეცნობიერში ჩაღვრილი განცდით, ველოდი, რომ კარს იქით, სულ მცირე, დაბალი, რბილი სინათლე და უცხო ყვავილების სურნელი მაინც იქნებოდა. იქვე მრგვალი მაგიდა, მუქი გადასაფარებლით დაფარული, კედლები ათასი უცხო ნივთით გადატვირთული და თვითონ მკითხავი კი, რა თქმა უნდა, უჩვეულო გემოვნების ტანსაცმელში გამოწყობილი.
  არაფერი მსგავსი. კარი გამიღო საშუალოზე საკმაოდ დაბალმა, ნესტოებგანიერმა, უმაკიაჟო ქალმა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. თვითონ შემიპატიჟა (ალბათ) სახლში, თვითონ შემიძღვა სასტუმრო ოთახში და თვითონვე დამსვა მაღალზურგიან სკამზე (ალბათ, რადგან ჩემით ვერაფრით გავბედავდი ისეთ ჭუჭყიან სკამზე დაჯდომას). წინ დამისკუპდა და ისეთი დაძაბული სახე ჰქონდა, თითქოს აქეთ მე უნდა მომესმინა მისთვის.
-დაიწყე.-ისე სწრაფად და ხმამაღლა მითხრა, მოულოდნელობისგან შევხტი.
  მერე ნაძალადევად გავიღიმე, მივესალმე და ისევ ნაძალადევად გავიღიმე, ოღონდ ახლა სულელურადაც.
  ოთახში კი ქონის სუნი იდგა.
-მინდა, მითხრათ, ჩემი ქმრის გარდა კიდევ ვინმესთან თუ მაქვს ურთიერთობა.-ეს მე არ ვთქვი. არა, კი მე ვთქვი, მაგრამ მე არ მითქვამს, დამიჯერეთ.
  დაძაბულსახიანი ქალი რამდენიმეწამიან პაუზას აკეთებს და მე მოსალოდნელ პასუხებს ვალაგებ ტვინში: 1) მეტყვის, რომ ვერ ვარ, თუკი ისიც ვერ გამიგია, ვღალატობ თუ არა ქმარს; 2) მეტყვის, რომ ვერ ვარ, ასეთი შეშლილისგან ფულიც კი არ უნდა და გამაგდებს სახლიდან (ნეტავ); 3) იფიქრებს, რომ ვერ ვარ, მაგრამ ფული სჭირდება.
-რა თქმა უნდა, გაქვს.-მეუბნება, სახე უმშვიდდება და სკამის საზურგეს ეყუდება.
  გონება სწრაფად იწყებს მუშაობას: 1) ახლა ეს ქალი თუ სხვა ყველა უცნობ-ნაცნობ კაცს გულისხმობს, კარგადაა ჩემი საქმე; 2) ან წეღან ნაფიქრიდან მესამე ვარიანტია.
-დამიმტკიცეთ.-ამაზე დიდ სისულელეს რაღას ვიტყოდი და თან ისიც გავიფიქრე, მართლა რა რაღაცნაირი ცხვირი აქვს-მეთქი.
-შენმა ქმარმა თუ იცის, სასაფლაოზე რომ დადიხარ?-მომეჩვენა, რომ გამომცდელი გაუხდა მზერა.
  სხვათაშორის, არ გამკვირვებია კითხვა. უბრალოდ, ნერვები მომეშალა, ჩემი უბნის მკითხავს როგორ მივაკითხე, მთელი ჭორები ეცოდინება და თვალსაც მომკრავდა ბევრგან.
-დიახ, იცის.-მოვატყუე აუღელვებლად და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, როგორ გითხრათ, პრელუდიასავით იყო ეს ყველაფერი.
-და ისიც იცის, მეორე სახლი რომ გაქვს?
  მოულოდნელობისგან ნერწყვი გადავყლაპე. თან ხმაურიანად, მგონი.
  არა, ეს მართლა ვერ ეცოდინება ამ ქალს. ის სახლი გათხოვების მერე ვიყიდე. ამ ქალაქიდან მოშორებითაა. ვინმემ რომ არ იეჭვოს, ჯერ მანქანით მივდივარ სადგურამდე, მერე მატარებელში ვჯდები ხოლმე. იქ ყველაზე ჩემი გარემოა. იქ შემიძლია სველი, ან, თუნდაც, ტალახიანი ფეხსაცმლით შევიდე, დავტოვო ჭუჭყიანი ნაკვალევი და არ მომეშალოს ნერვები. შემიძლია, მთელი დღეები ვიჯდე ჟალუზებჩამოშვებულ ოთახში, ცივ იატაკზე და ვღიღინებდე. შემიძლია, ჯერ ჩაის ფერი დავისხა და მერე ჩავყარო შაქარი, თან არ მქონდეს არაფრის შიში. შემიძლია, კედლები მოვხატო ფუნჯებით მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ მეხერხება და მერე დიდი ხანი ვეღარ მოვიშორო სხეულიდან საღებავის კვალი. შემიძლია, ჯანდაბაში მოვისროლო ტელეფონი თავისი არეული თარიღებით. იქ.. იქ გიო არაა.
  თუმცა ამ ქალმა საიდან იცის?! ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ოდესმე ამდევნებოდა.
-რა სახლი?-ამდენი ხნის დაყოვნების შემდეგ აშკარად ყალბად ვცრუობდი.
-ნუ დავხარჯავთ დროს იმაზე, რაც ორივემ ვიცით. შენ გამოსავალი გჭირდება.-მომეჩვენა, რომ ოდნავ გაახალგაზრდავდა.
  უცებ ეს უცნაურცხვირიანი ქალი ერთადერთ ხსნად მომეჩვენა და ვედრების კილოთი ვთხოვე, ეშველა რამე. არა, მგონი, ხმა არც ამომიღია. არ მახსოვს.
-ჯერ ის მითხარი, რომელი გიოს მოშორება გინდა?-სიგარეტი ამოიღო საიდანღაც და ამ დროს სურვილი გამიჩნდა, მიმეხრჩო. მერე რომ წარმოვიდგინე, როგორ ვუჭერდი ხელებს მის ყელს, ზიზღი ვიგრძენი და საშინლად მომინდა შხაპის მიღება.
-არა, ნუ გეჩვენება ჩემი ნათქვამი საზიზღრობად.-ეტყობა, სიძულვილი შემამჩნია.-შენ, უბრალოდ, აუცილებლად გჭირდება გამარტივება იმისთვის, რომ იცხოვრო. გასაგებად რომ ვთქვათ, სამში ერთი ზედმეტია.
  აი, ზუსტად მაშინ მეგონა, რომ თვალები არ მქონდა. და საშინლად მომინდა, როგორც ბავშვობაში, ბნელ ოთახში მარტო დარჩენილს რომ შემეშინდებოდა ხოლმე და სასწრაფოდ გავრბოდი იქ, სადაც ყველანი იყვნენ, ისე გავცლოდი იქაურობას.
  და იმ წამს გონებაში მოვიდა ფრაზა: სიზმრებია გაკიდული კედლებზე. აქ, რატომღაც, აუცილებლად მახსენდება ანდერსენის ,,თოვლის დედოფალი” და..
  და დაიწყო. ჯერ ნელა, ძალიან ნელა, თავბრუსხვევასავითაა. მერე ტრიალებენ, ტრიალებენ. ამ დროს ვცდილობ, ერთ წერტილს ვუყურო. შევხედე ქალს და მისი ცხვირი ახლა ყველაზე ამაზრზენი მომეჩვენა.
  ხსნა. ხსნა. ხსნა.
  არსადაა.
-მომისმინე, მომისმინე, მე გასწავლი.-სადღაც შორიდან მესმოდა ქალის ხმა.-გაინტერესებს, სადაა გიო? მიიხედე, უკან მიიხედე.-ჩემკენ იხრება მთელი ტანით და ყვირის, მიყვირის-მიიხედე უკან!
  მე სასწრაფოდ ავდექი და წავედი. ოღონდ უკან არ შევბრუნებულვარ. წინ წავედი.
  არ მიიხედო. არ მიიხედო.-ვიმეორებ უაზროდ.
  წინ კედელია.
  მინდა, გავიქცე.
  ვერ გავრბივარ-უტყუარი ნიშანი.



                                                                                26.04.1983 3:44-ჩემი დროით.


    პირველად ვერ გაიგო ჩემი ბოდვა.
    მთელი ღამე მშვიდად ეძინა გიოს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები