ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2012


დაბრუნების წერტილი (ლექსების გამოფენა - 2012)

                            ”დაბრუნების წერტილის გავლა” ნიშნავს, რომ 
                            აღარასოდეს  დაბრუნდე იქ,  საიდანაც  დაიწყე სვლა.
                            როგორი რთული და ხანგრძლივიც გინდა იყოს ეს გზა,
                            არჩევანის გაკეთების შანსი გეძლევა მხოლოდ ერთხელ!



ეს ყველაფერი შენი ნების გარეშე მოხდა, -
შეხვდა ერთმანეთს ორი სული, -  ქალი და ვაჟი...
და როცა მზერა  ჩაიძირა უცხო თვალებში,
და უნისონში როს აძგერდა  გული ორივე, -
უმძაფრესმა იფეთქა გრძნობამ!..
როცა ერთმანეთს ჩაეხლართა ათ-ათი თითი,
როცა ბაგეებს შეეწება სხვა, უცხო ბაგე
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა კერტი,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ე რ თ ი”, -
შენ ჩაისახე!

სწრაფად გავიდა მუცლადყოფნის ცხრავე გრძელი თვე,
ერთი უჯრედი იყავი და... გახდი არსება
რომელიც უხმოდ იღიმები... ხელ-ფეხს ატოკებ...
შენს გულისცემას აფიქსირებს ექიმის ხელი,
რომელიც ფრთხილად ამოძრავდა დედის მუცელზე...
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო ტკივილით გათანგული  დედის კივილი
საავადმყოფოს შეთეთრებულ კედლებს შეასკდა,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ო რ ი ”, -
შენ დაიბადე!

თვალებს აცეცებ, შიშით უსმენ უცნობ ხმის ბგერებს...
უცხო გარემო... უცხო ხალხი... ნაცნობი სუნი
რძისა და... დედის! ჰო, დედაა, ფრთხილად რომ დადის
და მუდამ ცდილობს გულით ჩასწვდეს პაწაწას სურვილს...
და როცა ჩუმად ყოფნა გახდა აუტანელი,
გაუბედავად, დამორცხვებით ამოთქვი: ”დე-და”
და  გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ს ა მ ი”, -
ა-ლა-პა-რაკ-დი!

მერე ბავშვობა გაიარე ხტუნვა-თამაშით...
ბავ-შვო-ბა!... ყრმობაც  გადალახე  უმტკივნეულოდ...
მხოლოდ მუხლისთავს შერჩენილი მცირე სიმუქე 
თუ გაგახსენებს, ქვას რომ ფეხი წამოჰკარ ერთხელ
და გადამსკდარი მუხლიდან რომ გდიოდა სისხლი...
და როცა სახლში დაბრუნებულს შეგხედა დედამ,
შუბლზე გაკოცა და გითხრა, რომ... უკვე დიდი ხარ,
რადგანაც სისხლით მოგეთხვარა მთელი ფეხები...
და როცა სარკეს მიაშურე გულისფანცქალით,
ოფლის მსხვილ წვეთებს ჩააყოლე შიშით თვალები, -
გზას ბორცვებს შორის მიიკვლევდნენ ნაკადულივით...
და  გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ო თ ხ ი”, -
დაქალებულხარ!

დაქალებულხარ!...
დაგინახეს მამრის თვალებმა
და აგედევნა, როგორც ძუკნას, მთლად ”სამამრეთი”...
გუმანით გრძნობდი, გაშიშვლებდა თვალები მათი,
ენის წკლაპუნზე ეტყობოდათ, ნერწყვს რომ ყლაპავდნენ
შენი სხეულის მათ ხელებში წარმოდგენითაც...
და გდევდნენ... გდევდნენ... დაგყვებოდნენ გონის წასვლამდე!
და შენც შეპარვით შეჰყურებდი მათ მშიერ თვალებს...
გესმოდა მათი ჩუმი ოხვრაც, ენის წკლაპუნიც
და როცა ოფლის მსხვილ-მსხვილ წვეთებს ხედავდი შუბლზე,
როდესაც გრძნობდი, შენი ერთხელ მოფერებისთვის
დაემხობოდა სიამაყე ყოველი ხვადის,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ხ უ თ ი”, -
შენ შეგიყვარდა!

მერე ოჯახი... მერე შვილი... შვილი მეორე...
ეს ყველაფერი ხვედრი არის (თურმე!) რჩეულთა!
მერე თანდათან  გაქრა ვნება... გაქრა სიგიჟე
და ყველაფერი დამდორდა და გაუფერულდა...
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო ბალიში დაასველა შენმა ცრემლებმა,
როცა გულს ახსოვს ის სიგიჟე ყოველი ღამის,
სხეულს კი... უკვე აღარავინ ეალერსება,
როცა გონებას თეთრ ფანტელად ადნება ფიქრი,
ხოლო ყორნისფერ თმას ფანტელიც აღარ ადნება,
და როცა სარკემ დაგანახა  თვალთან ნაოჭი,
გულმა კი მკერდქვეშ გამალებით დაიწყო ბორგვა,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  ” ე ქ ვ ს ი”, -
დაბერდი, გოგო!

სად დაიკარგა ის უდრეკი, ამაყი მზერა?!
რატომ გაწყალდნენ უმოწყალოდ შენი თვალები?
სარკე გატყუებს თუ შენ გინდა, აცდუნო სარკე,
როს ძარღვიანი თითებით ცდილობ, გაისწორო  ნაოჭი შუბლზე?!
ვეღარ უშველი!...
ან სად გამქრალა გამტკიცული კანი სახეზე?...
ფრთხილად შეხსენი თალხ კაბაზე შეკრული ღილი,
ათრთოლებული ხელისგულით მოძებნე კერტი
და გაიტრუნე, - სადღა დაგრჩა მკვრივი ბორცვები?!...
წელმოწყვეტილი ჩამოჯექი, თავი დახარე
და იგრძენი, როგორ დაეცა შენს ხელისგულს შენივე ცრემლი...
. . . . . . . . .
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო თვალებთან ცრემლისფერი მოცურდა ნისლი,
ფრთხილად გახსენი  შენი სულის მძიმე კარები,
თვალი შეავლე  შორს გაფრენილ ლამაზ სიცოცხლეს
და  გადალახე დაბრუნების წერტილი ” შ ვ ი დ ი”, -
სულო, დამშვიდდი?
შენ  სამუდამო სამყოფელის კარი შეაღე!

26.03.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები