ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2012


მე, როგორც სულელი

                                                              ,,ეჰ, ჰარი, რამდენი სიბინძურე და უაზრობა უნდა 
                                                                                      გამოვიაროთ, რომ შინ მივიდეთ!”
                             
                                                                                                                      ჰერმან ჰესე

                                                              ,,რა დამღლელია, სულ ერთი და იგივე რომ ხარ”
     
                                                                                                          ხულიო კორტასარი

      პირველად მაშინ დავინახე, როცა სახლის დასათვალიერებლად მივდიოდი, ფეხს კი ახლადნაყიდი ფეხსაცმელი მტკენდა. შუა გზაზე გავჩერდი და ჩემს სახეს გაოცებულზე მეტად გამოშტერებული უფრო ეთქმოდა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ქუჩის მეორე მხარეს ყვავილების მაღაზიასთან მდგარ კაცს. გონს მოსვლაში მხოლოდ მანქანების ორმხრივი სიგნალი თუ დამეხმარებოდა. მარცხნივ დაბნეულად გავიხედე და ტაქსის მძღოლმა ხელითა და ღიმილით მანიშნა, გადადიო. ბატები როგორ გადადიან გზაზე, ხომ გინახავთ? აი, ზუსტად ეგრე გადავჭერი ქუჩა.
    ახლოს მისვლა ვერ გავბედე, მხოლოდ ვუყურებდი, როგორ ამოიღო ჯიბიდან საფულე, იქიდან-ქაღალდის ფული, როგორ გაუწოდა მელნისფერთმიან ქალს, როგორ გამოართვა ქრიზანთემები და როგორ მსუბუქად, მამაკაცურად მსუბუქად მიიკარგა ქუჩის კუთხეში. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ვერ ვგრძნობდი ვერანაირ უცნაურობას. უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი, რომ მამაკაცი, რომელიც წეღან ქრიზანთემების თაიგულით ხელში თვალთახედვიდან ასე, ორ წამში გაქრა, ჩემი საყვარელი ადამიანი იყო-წინა ცხოვრებიდან.
  მხოლოდ წყენას ვგრძნობდი, რისთვის იყიდა ყვავილები, მე ხომ ასე საშინლად ვერ ვიტან მათ.
  ვიღას ახსოვდა ჩემი ახალი ფეხსაცმელი.







     
  არ ვიცი, თქვენ თუ მოგსვლიათ, მაგრამ ყოველთვის და ზოგჯერ განსაკუთრებითაც ვგრძნობდი, რომ უცხო იყო გარემო ჩემ ირგვლივ. არ ვიცი, რამდენად გწამთ მომდევნო სიცოცხლის, მაგრამ მერწმუნეთ, მე, წაბლისფერთმიანი და მოსულელო, ადამიანებს ვხვდები წინა არსებობიდან.
  თავიდან ეს რომ გავაცნობიერე (წინა ცხოვრება, ანუ), არანაკლებ გაოცებული ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა მითხრეს, დედამ გაგაჩინა ტყეში პოვნის ნაცვლადო და არანაკლებ გულდაწყვეტილი, ვიდრე მაშინ, როცა სანტას არარსებობა გავიგე. გული კი სხვებზე დამწყდა, თქვენზე, ყველაზე, რადგან წარმოვიდგინე, როგორი საშინელია, იცხოვრო ზღაპარში და ვისაც როგორ მოუნდება, ისე დაგამთავროს.










    მეორედ კაზინოში ვნახე და ჯდომაზე ვიცანი. ირგვლივ ყველაფერი იაფფასიანობის სუნით ყარდა. მეცვა წითლები და ავგაროზად ქცეული წინათგრძნობა უმოქმედოდ გაჩერების ნებას არ მომცემდა:
-კარგი საღამო გაქვთ?-გავუღიმე.
-განსაკუთრებით კარგიც კი.-გამიღიმა.
  ჭკვიანი ქალი არასდროს ვყოფილვარ, უფრო უაზრო სითამამე მახასიათებდა და დაუფიქრებლად წამოწყებულ დიალოგს ვერაფრით მოვუძებნე გაგრძელება.
-შემიმჩნევიხართ აქ.-მითხრა და უცნაურად ამათვალიერა. არა, ჩამათვალიერა, უფრო.
-ჰო, არც თუ ისე იშვიათად დავდივარ.
-კარგად თამაშობთ?
-მიყვარს გამარჯვება.
-თუ მოგება?-ოდნავ მომიბრუნდა და სიგარეტს ზუსტად ისე მოუკიდა, მე რომ ყოველთვის მომწონდა, მერე ნება-ნება გააბოლა.
-კარგ მოთამაშეს უნდა შეეძლოს პირველი მოგებისთანავე ადგომა.
-რაღაცები გცოდნიათ,-სასიამოვნოდ მაღიზიანებდა მისი ირონია.-რას ელით?
-უკაცრავად,..-ვერაფრით მივუხვდი.
-გგონიათ, ამ საღამოს გაგრძელება ექნება?
    ახლაც გამაღიზიანა, ოღონდ არასასიამოვნოდ:
-არაფერიც არ მგონია.
-ჰოდა სულ ტყუილად. წამოდით, გავიაროთ.-წამოდგომისას პიჯაკი შეისწორა და ხელი გამომიწოდა.
    მეც წამოვდექი.
-ჩემს თითებსაც ვერ ცნობს.-სინანულნარევი ღიმილით გავიფიქრე, გვარიანად მოშიშვლებული მკერდი შემოსაცმლით დავიფარე და უკვე მეორედ, საოცრად დამწყდა გული რაღაცაზე.









    მე ვამტკიცებ, რომ არსებობს ფიქრსგარე მდგომარეობა, როცა მთელი სიმძაფრით გრძნობ, როგორ გმართავენ შენს გრძნობებზე მიბმული ძაფები. დიახ, ვიცოდი, ვინ იყო და ერთხელაც არ წამომცდენია სიტყვა ჩვენზე. გავმდორდი. მივყვებოდი დინებას უმოქმედოდ და ის კი ჩემს აზრად არა, მიზნად ვაქციე.
-ჩვენს კარს საკეტი უნდა შევუცვალოთ.
-ახლა რაღა მოიფიქრე?
-უკვე ორ თვეზე მეტია, ერთი და იგივე საკეტი გვაქვს. მომბეზრდა.
-მეც რომ მოგბეზრდე, ორ თვეში გამომცვლი?-გამიღიმა.-ჩამოაწყე ფეხები კედლიდან და მოდი ჩემთან, სულელო.
    მიყვარს ასე რომ მეძახის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მართლა სულელი ვარ, მერე იმიტომ, რომ რაღაცნაირად, დაცულად ვგრძნობ თავს.
-შეატყე, როგორ მოგვიმრავლდნენ ობობები, საყვარელო?-გემრიელად მომხვია ხელები.
-კი, შევატყე და მიხარია. მამა მეუბნებოდა, ბედნიერება მოაქვსო. ხომ არ მოგიკლავს?!-დაფეთებული მივუბრუნდი.
-არა, სულელო, შენი შიშით როგორ ვახლებდი ხელს. და თუნდაც მომეკლა, ჩვენ ხომ ისედაც ბედნიერები ვართ, რატომ ხარ ასეთი ცრუმორწმუნე, საყვარელო.
    მას მართლა ცრუმორწმუნე ვგონივარ. მე კი ვშიშობ, ჩვენი ობობები არ წავიდნენ.









    საშინლად მოსწონს, როცა მოკლე კაბებს ვიცვამ და უფრო მოსწონს, როცა დეკოლტეს სიღრმეს ხასიათის მიხედვით ვარჩევ. მე თითქმის ბოლომდე დავიქვეითე ფიქრის უნარი. მხოლოდ ჩვევას ვერ ვღალატობ თუ ის ვერ მღალატობს და კბილების გახეხვის დროს შემომეპარებიან ჭიები. სწორედ ისინი, ხუთი წუთის განმავლობაში, ჩამჩიჩინებენ, რომ უსამართლობაა ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და მე კი მთელი დარჩენილი დღე საპირისპიროს ვუმტკიცებ ჭიებს: უსამართლობა ის იყო, რასაც კლინიკური სიკვდილი ჰქვია და რაზეც თქვენ, იქნებ, ჩემზე მეტიც იცით.












-სარკევ, სარკევ, მითხარი ვინ არის უფრო ლამაზი მე-ახლა თუ მე-ადრე?-ჩემს თავს საცოდავად ვუღიმი სარკეში.
  ერთი უცნაურობა და უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სისულელე მახასიათებს, ჩემს თავს სულ ზღაპრის გმირებთან ვაიგივებ. ადრე ზღვის ქალთევზას უფრო ვგავდი, წითური თმითა და ცხვირთან მომხიბვლელად დაყრილი ჭორფლებით. მას შემდეგ, რაც გარეგნობა მთლიანად შემიცვალეს, მოსულელო კონკიას დავემსგავსე და მხოლოდ ჭორფლები შემომრჩა, ისიც მზეში. როცა სარკეში ჩემს ახალ თავს ვუყურებ, მახსენდება, რომ არ უნდა ვიფიქრო და მხოლოდ გული მწყდება ხოლმე თქვენზე, რომლებთაც გგონიათ, რომ მეორე ცხოვრება რამის გამოსწორების ან, თუნდაც, გახანგრძლივების შანსს მოგცემდათ.
-ასე ხშირად ნუ იბღვირები, თორემ რომ დაბერდები, ნაოჭები გაგიჩნდება წარბებს შორის.-პეპისავით ვეღრიჭები ჩემს თავს.
-დიდხანს სიცოცხლეს არც ვაპირებ.-თოვლის დედოფლის თავდაჭერილობით მპასუხობს ჩემივე მე და ,,ოჰო!” წამოსცდა ჩემს.. მოკლედ რომელიღაცას.













-აბა, გაიხედე, გაწვიმდა?-მკითხა და ჩაის ჭიქა გემრიელად მოიყუდა.
-ცოტაღა უკლია.-ფანჯრის რაფას უდარდელად და უნებურად გამომწვევად დავეყრდენი.
-ნეტავ, არ იწვიმოს, სანამ სამსახურამდე არ მივალ.
-მაშინ საერთოდ ნუ უწვიმებსო, უნდა გეთქვა.
-მერე გაწვიმდეს, რას მიშლის.-თმა ცალ მხარეს გადამიწია და ყურთან მაკოცა ისე გემრიელად, როგორც წეღან ჩაის ჭიქა მოიყუდა.-წავედი, საყვარელო.
-მე ასთმა მაქვს!-სასწრაფოდ მივუბრუნდი.
-ნუ სულელობ ხოლმე.-შუბლზე მაკოცა.
-მაშინ მინდა, მქონდეს.
-რად გინდა?-გამიცინა.-ჭკვიანად იყავი.
    მაგიდიდან ჭიქა ავიღე და უცერემონიო სახით გავუშვი ხელიდან. ჭიქა იატაკაზე დაიშალა.
-გასაგებია, რომ გინდოდა, მაგრამ მალე უარაფროდ დავრჩებით, საყვარელო.-თავისებურად, თბილად გამიღიმა და კარი მიიხურა.
-შენ შემეჩვიე.-მივაძახე უმნიშვნელო გამომეტყველებით.
    იმ დღეს მე პირველად ვუყურე, როგორ გავიდა სახლიდან. და ისევ დამწყდა გული.











    როცა ჩემს თავს ვეღარაფერი მოვუხერხე, ისევ ბინის ძებნა დავიწყე მისგან დამოუკიდებლად. ბოლოს ვიპოვე მეტნაკლებად შესაფერისი. პირველივე დღეს მოვაშორე კედლებს უგემოვნო ქაღალდი, სამზარეულოში, ფანჯრის რაფის ქვეშ მოვნიშნე სიმაღლე, როგორც ადრე მზომავდა დედა, ყველა ოთახში ავანთე სინათლე, როგორც მამა აკეთებდა
ახალი წლის ღამეს, მოვრთე ნაძვის ხე შუა შემოდგომაზე და კუთხეში დავდგი, სპეციალურად ნაყიდი, ახალი ფეხსაცმელი კართან მივდე, სახლიდან წამოღებული, ცარიელი აკვარიუმი, რომელშიც ყოველ დილა-საღამოს ვყრიდი საკვებს, იატაკზე მოვათავსე, რამდენიმეგან განგებ ამოვყარე დაგებული ფიცრები, ძალიან მიყვარს იატაკის ჭრაჭუნი და მერე თითქმის უარაფრო სივრცეში, მთელი დღის წაშლილი მაკიაჟით, გადაღლილი ჩამოვჯექი. წარსულს ვსუნთქავდი მთლიანად.
    რამდენჯერმე ავდექი და როგორც ბავშვობაში მჩვეოდა, ახალ ფეხსაცმელს დავხედე, თითქოს წავიდოდნენ სადმე. მერე ბედნიერად გავიღიმე, მერე კედელზე ზურგმიყრდნობილს ჩამეძინა. და ძილში ვგრძნობდი, რომ ახალ წელს ისევ ნაძვის ხის სათამაშოების სუნი ჰქონდა.
    წამოსვლის დღეს მომიყვა, რომ ის ღამე, როცა ჩემი სიკვდილი გაიგო, მეძავებთან გაუტარებია.











      როცა ცხრამეტ დღეში დავბრუნდი ერთი-ორად დაპატარავებული, მას ,,ღმერთო” სულ უაზროდ წამოსცდა და ჩამიხუტა. მე კი მივხვდი, რომ მის გარდა სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა.










-სად გაცივდი ასე?-მზრუნველად მკითხა და საბანი შემიკეცა.
-რა უაზრო კითხვებს სვამ ხოლმე ზოგჯერ, ჩემი არ იყოს.-ვუღიმი აწყლიანებული, სიცხიანი თვალებით.
-კაი, ნუღარ ლაპარაკობ, თორემ გამოფხიზლდები. დაიძინე.-შუბლზე მაკოცა.
-საყვარელო, იცი, რა უნდა მეთქვა, შემეშალა, მგონი. უბედურება ობობების კი არა, ბაყაყების დახოცვას მოჰყვება.
-დაიძინე, სულელო.
    იმ ღამით ცუდად მეძინა.
-საყვარელო, გაიღვიძე, რა. ნახე, ქარებმა ნატვრის ხე მორთეს.-მსუბუქად ვანჯღრევდი.
-უკვე გავიღვიძე, საყვარელო, და ეგ ნატვრის კი არა, ნაძვის ხეა და ზედ პარკები აბია.
-დილით იოდი და შაქარი უნდა მივიღო, გამახსენე. მეხსიერება ძალიან დამიქვეითდა. ობობა და ბაყაყი როგორ ამერია ერთმანეთში.
-ჰო, გაგახსენებ. დაიძინე ახლა.
    რამდენიმე წუთში ჩამეძინა და სიზმარმა გამახსენა ძველი ცრურწმენა: გოგონა თუ თმას ოთხშაბათს დაიბანს, ვიღაც გარდაეცვლება. ჩემს სიზმარში ზუსტად ოთხშაბათი იყო და ზუსტად იმ გაწელილ ოთხშაბათს ძალიან, ძალიან დიდხანს, მთელი დღე ვიბანდი ჩემს გრძელ, ყავისფერ თმას.
    სწრაფად გავკარი ხელი:
-გრძნობ?!
-რას, საყვარელო?-გრილი ხელი შუბლზე დამადო და აწეწილი თმა შემისწორა.
-შენ ვერ გრძნობ?-უაზროდ ვუსვამდი სახეზე ხელებს და თვალების გახელის მეშინოდა.
-დაწყნარდი, დაისვენე.
-მაპატიე.. მაპატიე, რომ უნდა გითხრა. სუნთქვის გახშირებამდე ვგრძნობ შენს სიკვდილს.
-ბოდვა დაგეწყო, საყვარელო. დაწყნარდი. მე აქ ვარ და არ მძინავს.
-არ ჩაგეძინოს.
-ნუ გეშინია. მალე გათენდება. ძალიან მალე გათენდება. და ვიქნებით ჩვენ და არავინ.
    ჰო, სულელი ვარ. ის კი იმდენად ჭკვიანი, რომ უბრალო წინათგრძნობას ვერ მიმიხვდა.
    მცდელობის მიუხედავად, დროდადრო ჩამთვლემდა, თან გამუდმებით ჩამესმოდა ყურთან:
  ,,და ვიქნებით ჩვენ და არავინ.
    ..და ვიქნებით ჩვენ და არავინ..
    ..და ვიქნებით..”
    თენდებოდა ჩვენ გარდა.









    დილით საგრძნობლად დამიწია სიცხემ. მთელი ღამის შეციებული სხეული ძლივს ავწიე საწოლიდან და მომეჩვენა, რომ გაოფლილი პერანგი გამომწვევად კი არა, ავადმყოფურად მომკვროდა მკერდზე.
-სად მიდიხარ?-ეტყობა, ჩათვლიმა და ჩემმა წამოდგომამ გამოაფხიზლა.
-საკვები უნდა ჩავუყარო.-ვანიშნე აკვარიუმზე.
-ცარიელ აკვარიუმს?
-სიცარიელეც უნდა გამოკვებო.
-სულელო.-გამიღიმა.
    მეც სულელურად გავუღიმე და ვიგრძენი, რომ ბოლოჯერ დამწყდა გული.









    წინა ღამით, როცა სიცხიანი ვერც ვაზროვნებდი და მხოლოდ შეგრძნებების დონეზე აღვიქვამდი ყველაფერს, მივხვდი, რომ ჩემი ხუთწუთიანი ჭიები მართლები იყვნენ, მაგრამ ჩემი სისუსტე მაინც ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.
    მას არ ვაყურებინე, როგორ მივიხურე კარები.









    ვცხოვრობდი ჩემ მიერ მოწყობილ, თითქმის უარაფრო სახლში და ყოველ დილა-საღამოს საკვებს ვყრიდი აკვარიუმში არავისთვის. გავხდი მტვრიანი ქალაქივით არეული.
    წამოსვლიდან ცხრამეტი დღის შემდეგ დამესიზმრა, რომ ვიყავი სულელი, იმაზე სულელი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ და კბილების გახეხვის დროსაც კი არ მაწუხებდნენ ჭიები. ამდენი წლის შემდეგ, ეს იყო პირველი სიზმარი მშობლიურ ენაზე. და ის იყო ჩემთან.
    მას შემდეგ აღარასდროს მინახავს.

                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები