ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2012


ნუ დამპირდები

ნუ გამიმეტებ და სამყაროს ნუ დამპირდები.
თუ ეს სიტყვები სიცარიელეს აჰყვნენ მგზავრებად,
გავიწირებით.
ნუ დამპირდები, როცა გრძნობა გაფერმკრთალდება.
და როცა ღიმილს დაუყრიან გამოცრილ ბგერებს,
ნუ დამპირდები ნიღბების სიცილს,
დახატულ ფერებს.
ჩაგვისაფრდება გულციობა, დავიღუპებით...
ერთფეროვნება ხელებს უხმოდ გაასავსავებს.

ნუ გამიმეტებ და სამყაროს ნუ დამპირდები.
გთხოვ, რომ სისუსტედ ნუ ჩამითვლი
ქალურ სინაზეს.
რადგან ამ თვალებს სულისფერი მისცეს იერი,
ნუ გამიმეტებ,
ქაოსთან ნუ გამაფიქრწამებ.

ნუ დამპირდები, მონატრებას ნუ დამპირდები.
თუკი გრძნობები ხელის მოსმით გადაჰყვნენ
დღეებს.
შევუშინდებით შემცივნებას მოგონებების
და ეს სიყალბე მთელს სხეულზე
გამოგვაფოთლებს.

ნუ დამპირდები და სიტყვებად ნუ აქცევ სითბოს.
თუ ეს სიტყვები სიცარიელეს აყვნენ მგზავრებად.
თუ ადონისის ბაღებიდან მოწვდილი მზერა _
ფერფლისფერ-მშრალი-გაცრეცილი ცივი ფერებით _
უცხოობა ქცეული ჩვევად
და მასკარადი ნიღბებისა - ფარული დევნა -
იქცევა ჩრდილად ჩვენი ცხოვრების,
სიტყვასჩვეულნი მიტევებას გადავეჩვევით
და გულგრილობაც უკვე აღარ გვეპატიება.

... ფერფლი და ფერფლად...
გევედრები, ნუ დამპირდები.
სანამ სამყარო, ჩვენ რომ ასე ვესათუთებით,
დაუკითხავად მოისპობა, განადგურდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები