ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2012


ჩემი ფეხები, ანუ გადავრჩებით თუ არა

                                                                                    ,,ჩემი დიაგნოზი მეტად მარტივია.
                                                                                                  მე აღარაფერი მეშველება."

                                                                                                        ხულიო კორტასარი



-წმინდანებს გეფიცები, ულამაზესი ტერფები გაქვს.-ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მეუბნება და არც კი მიღიმის.
      დაბნეული ვიხედები უკან, დედამ ხომ არ გაიგო-მეთქი და ოდნავ დამშვიდებული, მადლიერ სახეს ვაბრუნებ მისკენ:
-აბა, მეშველება რამე თუ მომიწევს ულამაზესი ტერფების გარეშე დარჩენა?
-არა, რას ამბობ! მოკლედ ასე, გვინდა თაფლი, სანთელი და არაყი. შეიხვევ, ერთი-ორი დღე სახლიდან არ გახვალ და ეგაა.-სრულიად უდარდელია.
-ვითომ მიშველის?-უიმედო და უნდობი სახით ვეკითხები.
-პირველი კი არ ხარ.-მიღიმის კარგად გამოცდილი და მაინც სულელი ექიმივით,-მამაჩემი სულ ასე აკეთებდა და უკმაყოფილო არავინ წასულა.
-უკმაყოფილო არც მე წავალ, ისეთი კომპლიმენტი მითხარი. შენ ის თქვი, ფეხი თუ მომირჩება.
-მენდე.-როგორღაც, ზედმეტი ძალდატანებით მითხრა, თან თვალიც ჩამიკრა და მე, რატომღაც, საშინლად გამაღიზიანა ამ მსუბუქმა ფლირტმა.-არა, წმინდანებს გეფიცები, მართლა არ მინახავს ასეთი ლამაზი ტერფები.
-დამიბრუნოს ახლა ჩემი ფეხი.-გავიფიქრე თავმობეზრებულმა და ტერფი გავითავისუფლე მისი ახალგაზრდული, დაძარღვული ხელებისგან.
      შემდეგ ზრდილობიანად დავემშვიდობე, გვერდით ოთახში დედამისთან მოსაუბრე დედაჩემთან მივედი, თავისი მუდამ გრილი ხელი ჩემს მკლავში გავაყოფინე და სახლიდან გამოსვლისთანავე ვუსაყვედურე, ეს სად მომიყვანე-მეთქი. მერე უნებურად ისიც გავიფიქრე, რომ როგორღაც უხერხული იყო წმინდანებისა და ჩემი ფეხების ერთად ხსენება.









      ხშირად ვფიქრობ, რამდენად ადვილია მკითხველის მოტყუება და თან როგორი ძნელი. აი, ახლა ვწერ, რომ საშინლად მტკივა ჩემი სიზმარშირაღაცადამართებული ფეხი და თქვენ არკვიეთ, სიმართლეს ვამბობ თუ გატყუებთ. არა, მართალი ბრძანდებით, ამას  არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სულაც ჭირსაც წაუღია ჩემი ულამაზესი ტერფი (იმ კაცის თქმით, თორემ, ზოგადად, არც ასეთი თავმომწონე ვარ), მაგრამ საქმე ისაა, რომ გაცილებით რთული და ჩემს ფეხებზე უფრო საინტერესო რაღაცის მოყოლას ვაპირებ. (პრინციპში, თქვენს ინტერესსაც გააჩნია).
      დაწვრილებით აღარ გიამბობთ, როგორ გაიწვიეს ბაბუა ჯარში, იქიდან როგორ წაიყვანეს ფრონტზე, როგორ გაიცნო პოლონელი ქალი და მერე როგორ გახდა ეს ცარიელ (ვიღაცისთვის მოსუფთავებულ) ცისფერთვალა და ქერა ნაწნავიანი ქალი ჩემი ბებია. ვეცდები, საქმესთან უფრო ახლოს ვილაპარაკო:
      იმისთვის, რომ ქრონოლოგია არ დავარღვიო (მე კი ვგიჟდები დარღვევებზე, მაგრამ თქვენზე ვფიქრობ, მაინც), ჯერ ის უნდა მოგიყვეთ, ერთ საშინელ ზამთარს, თვეების მე სიცხისგან ტირილსაც რომ ვერ ვახერხებდი დღეების განმავლობაში და მამა რომ წავიდა ექიმბაშთან. (საერთოდ, ჩემები თვლიან, რომ ექიმბაშები უფრო სანდოები არიან, ვიდრე ექიმები. აი, მე კი ვთვლი, რომ ყველა ექიმბაშს მხოლოდ წმინდანების დაფიცება შეუძლია და ისიც არაპათეტიკურად). ჰოდა, ამ კაცს გამოუწერია რაღაცები ჩემთვის, მამა დაუიმედებია, არაფერია საშიშიო და მერე ისიც შეუთავაზებია, მოდი, შენი შვილის ბედ-იღბალი გავიგოთო. მამას არ სჯერა არანაირი ცრურწმენის (ექიმბაშების გარდა), მაგრამ რაღაც წყეული მიზეზით, მაინც დათანხმებულა. იმ კაცსაც აუღია ფურცელი და კალამი, ერთი-ორი ისტორიული კითხვაც დაუსვამს ჩემზე, მერე მიუმატებია, გამოუკლია, მოკლედ, ყველაფერი გაუკეთებია, რასაც მე ვერ ვიტან და ბოლოს უთქვამს (ჩემი აზრით, მშვიდი და გამარჯვებული სახით), თქვენი გოგონა ძალიან ჭკვიანი იქნება, ოღონდ ჯიუტიო, შეიძლება რაღაც უცნაურობებიც სჭირდეს და რაც მთავარია, რომ წამოიზრდება, წინასწარმეტყველების უნარი აღმოაჩნდებაო.
      სისულელეა. რა თქმა უნდა, სისულელეა. კი, ბატონო, ჭკვიანიც ვარ და ჯიუტიც, მაგრამ წერა უცნაურობა არ არის და არც საშინლად გამძაფრებულ შეგრძნებებს ვთვლი წინასწარმეტყველებად.
      მოკლედ, ბოდიში ჩარევისთვის და განვაგრძობ:
      მიხვდებოდით, რომ ეს ამბავი დედამ მომიყვა წლების შემდეგ ისე, სასხვათაშორისოდ და არც მე მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება. მახსოვს, მხოლოდ გავიფიქრე, ჭკვიანი რომ ვიქნებოდი, რა მაგრად გაურტყმას-მეთქი და სიმართლე გითხრათ, სიჯიუტის ამბავი დედის დამატებული მეგონა.
      და როცა იმ წლების შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის მერე ბებიამ მითხრა, რაღაც მინდა მოგიყვე, თან მარტო შენო, უცნაურად გამკრა მხარი წარსულში განცდილმა გრძნობამ.
      პოლონეთში, ბებიის საცხოვრებელთან ახლოს ბოშათა ურდო ყოფილა დაბანაკებული. ვერავინ იტანდა მათ და მეც რიდი მქონდა, არ ვეკარებოდიო. განსაკუთრებით უშლიდა ხალხს ნერვებს მათი ხმაურიანი საღამოები და ქალების ურცხვი მზერები, ხელში ნათამაშები ბანქოს სუნი და მკერდმოშიშვლებულების თამამი განაცხადები მათ მომავალზე. რას აღარ აკეთებდნენ, ხან ცეცხლს დაანთებდნენ და მთელი ღამე კვამლის სუნში ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ხმამაღლა ილანძღებოდნენ, არავის ერიდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთთან კი არასდროს უჩხუბიათო. მკვიდრ ქალებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებოდათ თავიანთი მამაკაცებისთვის, რადგან ყველამ იცოდა, რამდენად მიმზიდველი იყო ბოშების თავზეხელაღებული ხასითი. დროდადრო თაღლითობდნენ კიდეც, მაგრამ იქაურებს ნაკლებად ეხებოდნენ. თურმე, რამდენიმე პოლონური ოჯახიდან კაციც კი მოუკვეთიათ გიტანას გადაკიდების გამო. ბევრს ლაპარაკობდნენ მათ მისნობაზე და, რა თქმა უნდა, უმრავლესობა მონაჩმახს უწოდებდა ბოშათა ჯადოქრობას. რწმენით ცოტას თუ სწამდა მათი, მაგრამ აი, ერთგვარი შიში კი ჰქონდათ. იქმნებოდა უამრავი მითი და ღამით, ძილის წინ აშინებდნენ კიდეც ბავშვებს ბოშა ქალებით, რომლებმაც ეშმაკს მიჰყიდეს სული.
      ერთხელ ერთ ბოშას ბებია ბაზარში ,,გამოუჭერია". თავის არიდება ვცადეო, მიყვებოდა, მაგრამ შებრუნებულს მომაძახა, იქნებ, შენც ჩვენიანი ხარო და აქ კი ვეღარ გაუძლია ბებიას ცდუნებისთვის, რადგან დედა ისე ადრე გარდაეცვალა, არც ახსოვდა, მამას კი სხვა შეურთავს და მერე ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმ ბოშას სულ ღიმილ-ღიმილით უთქვამს, რამდენად საგულისხმო იყო ბებიის ნახევრად ბოშური წარმომავლობა, მერე ისიც დაუმატებია, როგორ გაიცნობდა სხვა ეროვნების კაცს, როგორ დატოვებდა სამშობლოს სამუდამოდ, წავიდოდა უცხო ქვეყნაში, იცხოვრებდა ბედნიერად, სანამ მასზე ადრე არ გარდაიცვლებოდა ქმარი (სხვათაშორის, ეს ამბავი ზუსტად ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მიამბო, როცა, ალბათ, სრულად დარწმუნდა ბოშის სიტყვებში). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (ჩემთვის), გიტანას უთქვამს ისიც, რომ უამრავი შვილიშვილიდან მხოლოდ ერთს ექნებოდა მისი ნამდვილი, ესე იგი, ბოშური სისხლი.
      ახლა არკვიეთ, სიმართლეს ვწერ თუ უბრალოდ კარგი ფანტაზია მაქვს (პრინციპში, სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს).










      ორი თითი უხმოდ მიიტანა ტუჩებთან და მე ჩვენ შუაში მდგარი მაგიდიდან, ჩემს მხარეს დადებულ სიგარეტს ვიღებ და ერთ ღერს ვაწვდი.
      დიდი ხანია, უთქმელობა გვჭირს. მე ასეთ დროს გაცილებით მეტს ვფიქრობ ხოლმე, ვიდრე ოდესმე. იმდენად ბევრს, რომ მერე ვიწყებ ფიქრს, რამდენად სწრაფია ფიქრი და ასე გრძელდება იქამდე, სანამ საშინლად არ ამტკივდება თავი.
      ის სიგარეტს ნელა უკიდებს და მშვიდად, ძალიან მშვიდად აბოლებს. არ ვიცი, რატომაა სიგარეტი ასეთი პოეტური (თუ პროზაული-ამაზეც მიფიქრია).
-გადავრჩებით?-მეკითხება ხმადაბლა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მაინც ხმამაღალი მეჩვენება მისი ნათქვამი.
      მე მაგიდაზე ჩამოდებულ ჩემს თითებს დავხედე და პასუხი გონებაში მოვამზადე. თან შევატყე, რომ მრავლად გამომიყენებია სიტყვები: ,,აქედან გამომდინარე", ,,ესე იგი", ,,როგორც უკვე გითხარი", ანუ იმდენად გულისამრევი იყო ეს ყველაფერი, ისევ გაჩუმება სჯობდა.
      ის ისეთი, როგორ ვთქვა, ხავსმოკიდებული თვალებით მიყურებს, რომ მე წამით სიგიჟემდე მინდება, ყველა შეგრძნების მოშორება და ამ კაფედან სადმე, სიმყუდროვეში გადანაცვლება.
-ასე არ შეიძლება. მელაპარაკე.- მთხოვს. და როცა პასუხად ისევ ჩემს დუმილს იღებს, სიგარეტს საფერფლის კედელს ასრესს.
      მიმტანს მორჩილად მოაქვს წინასწარ შეკვეთილი ორი ირლანდიული ყავა და ისე ნელა და ისეთი მონდომებით იღებს სინიდან, რომ მინდება, ხელი ვკრა.
-რა დღეში გაქვს ნერვები.-ჩემს თავს ვუთანაგრძე დიდსულოვნად და ნამიან ჭიქას თითი ავაყოლე.
-კიდევ გნებავთ რამე?-კითხულობს მიმტანი ძაფზე წვრილი ხმით.
      ის თავს იქნევს უარყოფის ნიშნად და ვგრძნობ, როგორ ეზარება, მაგრამ მაინც ამბობს:
-არაფერი. გმადლობ.
-კარგით. რამე თუ დაგჭირდებათ,..
-დაგიძახებთ.-ვაწყვეტინებ და ნაძალადევი ღიმილის დაფარვას არც ვცდილობ.
      გოგონას, რა თქმა უნდა, საშინლად ,,სწერვა" ვგონივარ, არც თუ უსაფუძვლოდ, მე კი უკვე ვნანობ, რატომ გადავიტანე აგრესია მასზე.
      ერთი კარგი ჩვევა აქვს, ჩემ მერე აღარავის უკანალს აღარ აყოლებს თვალს. მზერით ვაცილებ მიმტანს და ვფიქრობ, სულაც არ აქვს ურიგო უკანა ხედი.
      უცებ საშინლად მტკივდება ფეხი (ცოდვების ბრალია). თვალებს ვხუჭავ, თითქოს შემიმსუბუქებდეს და რამდენიმე წამში მართლაც მივლის.
-მითხარი, რა ვქნა.-ისევ თვითონ ცდილობს ლაპარაკის წამოწყებას.
    როგორ ჰგავს ეს ყველაფერი დასასრულს.
    ვერ ვიტან, ასე რომ ამბობს. მეჩვენება, რომ ისე მივაჩვიე ჩემს თავს, ახლა უჩემოდ ვეღარაფერს იზამს. ადრე ასე, პირდაპირ ვეტყოდი, ,,ვერ ვიტან, ასე რომ მეუბნები", მაგრამ ახლა მხოლოდ ჭიქას ვიღებ და ერთ დიდ ყლუპს ვაკეთებ. ცხელი სითხე არ ესიამოვნა ჩემს გაციებულ ყელს და დახველება მინდება.
-დაახველე.-პატარა ბავშვებს რომ გაუღიმებენ, ზუსტად ისე მიღიმის და მეც, თითქოს, ნებართვას ველოდი, ხველება მიტყდება.
      მერე ერთი მოყუდებით ვცლი ყავას, იქნებ ცოტა ალკოჰოლმა მიშველოს რამე და როცა ჭიქა არყის ბოთლივით დავდგი მაგიდაზე, ვიგრძენი, რომ რაღაც სისულელეს წამოვროშადი:
-ახლავე წავიდეთ აქედან.











      სასტუმროს მიმღებში ახალგაზრდა, თავაზიანღიმილაკრულმა კაცმა ყალბი სიხარულით მიგვიღო, სამი წუთის განმავლობაში ოთხჯერ გადაისვა წარბებზე ხელი და იმ ათიოდე წამის განმავლობაში, სანამ მე კედლის საათს ვათვალიერებდი ჭეშმარიტი აღფრთოვანებით, ჩემს დეკოლტეში ყურებითაც ტკბებოდა. როცა ნომრის გასაღები გადმოგვცა, ჩვენ მისგან შევბრუნდით და მაშინვე ვიგრძენი, როგორ გადაისვამდა წარბებზე ხელს და როგორი ინტერესით მომაშტერდებოდა უკან. მეც, როგორც შემეძლო, ისე გავუხანგრძლივე ტკბობა, რაც შეიძლებოდა ნელა ავიარე კიბე და მერე ღიმილით გავიფიქრე, მაინც რა ვართ ეს ქალები-მეთქი.











 
-როგორ ასხამს.
    მე წიგნს წამით ვანებებ თავს:
-ჰო.-ვეთანხმები ღიმილით და ფანჯრისკენ ვიხედები, რომლის მიღმაც მართლა თავსხმაა.
-ნეტა, ჩემი კატები ხომ არ დასველდნენ. მოიფიქრებდნენ სახლში შესლას, არა?-მიყურებს ზუსტად კატის მზერით და ისე მეკითხება, თითქოს ვალდებული ვარ, ვუპასუხო:
-ჰო, ალბათ.
-რას კითხულობ?
-მერიმე, ,,კარმენი".
-მერამდენედ?
      დამნაშავესავით ვუღიმი.
      ეს ქალი აქ, ბიბლიოთეკაში გავიცანი. წითელი, სწორი თმა და დიდი, მწვანე თვალები აქვს. უცნაური ვინმეა.
-მე და შენ ბოშებზე უნდა გვესაუბრა წინაზე, ხომ?
-ვაპირებდით.-მიხარია, რომ გაახსენდა.
-ჰო, ბევრი არაფერია სათქმელი. სულ რამდენიმე წინადადებით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ.-ახველებს. მგონია, რომ თავს უხერხულად გრძნობს და გასამხნევებლად მეც ჩავახველე.
-დაიწყეთ.-დიდსულოვნად ვუთმობ.
-თუ იცი, რა აქვთ საერთო ბოშებსა და გეიშებს?
-იდუმალება?
-არა, ორივენი რომანტიკული მეძავები არიან.
-არ გეთანხმებით.
-შენი ნებაა. სულ გაშლილ თმას ატარებ?
-თითქმის.
-კარგია, ავი თვალისგან გიცავს.
-არ მომეწონა თქვენი მოსაზრება.
-ეს არაა ჩემი მოსაზრება. რატომ არ მოგწონს? პირიქით, ძალიან ჭკვიანურია. იმდენად ჭკვიანური, რომ რომანტიკულია.-აქ წესით უნდა გაეღიმა, მაგრამ იშვიათად იღიმის.
-ჰო, მაგრამ ყველასგან არ იღებდნენ გასამრჯელოს და თუნდაც დროებით ჰყვარებოდათ, მთლიანად იცლებოდნენ მათთან.
-ეგ ზედმეტად ჩვეულებრივი ამბავია. დღესაც ყველასგან კი არ იღებენ მეძავები ფულს.
-მაშინ თქვენს სიას აუცილებლად უნდა მივამატოთ კურტიზანები.
-კი, შეიძლება. როდის გადაიღებს ეს ოხერი წვიმა.
-მალე.
-სხვათაშორის, თუ არ ვცდები, მერიმე წერდა ერთგან,.. თუ ვინ იყო?-ჩაფიქრდა.
-რა მნიშვნელობა აქვს. რას წერდა?
-ჰო, რა მნიშვნელობა აქვს, მერიმე თუ არ დაწერდა, იფიქრებდა მაინც.-და აქ ის იშვიათი შემთხვევა იყო, რომ გამიღიმა.
-და რას წერდა თუ ფიქრობდა მერიმე?
-ბოშა ღვთიური წყევლააო.
      უცებ დამირბინა მუცელში რაღაცამ.
      როგორი უბრალოდ მარტივი ხდება ყველაფერი, როცა იცი, რომ არაფერი შეიცვლება.
      და როცა მეკითხები, გადავრჩებით თუ არა, მე უაზროდ ვაკვირდები ჩემს თითებს:
-ნეტავ, მართლა მალე გამოვიდეს ამინდი, ფეხი კიდევ უფრო მტკივა ასეთ დროს.
-არ გაგიარა? მე გეტყვი უებარ წამალს, კატა დაისვი ფეხზე.
-ვერ ვიტან კატებს.










      ეტყობა, წმინდანები არ დაეხმარნენ ექიმბაშს და მე ისევ, უკვე მეექვსე თვეა, მტკივა ფეხი. დროებით არჩეულ ყოველდღიურობას უგემურად ვღეჭავ და ძილის სურვილიც ხშირად მიჩნდება მოწყენილობისგან. შიში რომ ძლიერი გრძნობაა, ხომ იცით, მაგრამ რწმენა-გაცილებით მეტად და მე ვერაფრით ვიძინებ იმის შიშით, რომ დამესიზმრება ის, რისიც ყველაზე მეტად მწამს-შეგრძნებები.
      ის კიდევ უფრო მშორდება და თითქმის მეშინია, წერტილად არ იქცეს. და როცა ვეუბნები, შენი ჯოჯოხეთი ვარ-მეთქი, რომელიღაც გრძნობით მეღიმება.
      არასდროს წამიკითხავს მისი ხელისგული. აქაც შიშის ამბავია. ან რწმენის. არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შიშველი თვალები აქვს, მის წასაკითხად ხელები სულ აღარ მჭირდება.
      მას საკუთარ თავზე მეტად სჯერა ჩემი სიზმრების. მე კი ყოველ დილით საშინლად მინდება, ვიყო ურწმუნო.
      როგორ ავუხსნა, რომ უმისობა დამესიზმრა შეგრძნებად.
      მახსენდება, როგორ ვთამაშობდით სახლობანას მიუხედავად იმისა, რომ არც სახლი გვქონდა და არც შვილები გვყავდა. ჩვენ უბრალოდ ვთამაშობდით სიმშვიდეს, ვთამაშობდით სითბოს, უბრალოებას ვთამაშობდით, მაგრამ შეხებებს არასდროს.
-აღმოსავლურად მინდიხარ.-ვუთხარი ერთხელ, ერთ ყველაზე ქარიან დღეს და თვალებში ცეცხლები დავინთე.
-ოჰო, ეს რაღაც ახალია.-ამომხედა დაინტერესებულმა.
-ჰო, მაბრაზებ და იმიტომ.
-ეს რა შუაშია?-მიღიმის.
-რა შუაშია და აღმოსავლელი ქალები განსაკუთრებით ვნებიანად მაშინ ცეკვავენ, როცა ვიღაცისთვის ტკივილის მიყენება უნდათ.
-მაშინ მთელი თვის განმავლობაში, ყოველღამე მოგიწევდა ჩემთვის ცეკვა.
      ის მიღიმოდა, მე კი გავჩუმდი და ვფიქრობდი, რამდენად კარგია, როცა მძიმე მომენტებშიც ინარჩუნებ იუმორს.
      და თუნდაც აზიატი ყოფილიყო, მას მართლა აღმოსავლურად მოვუნდი იმ ერთ, ყველაზე ქარიან დღეს.











-აბა, როგორ გაქვს ტერფი?-ერთდროულად ვტკბებოდი მისი ბოხი, ექიმებისთვის ჩვეული, ხრინწიანი ხმით და თან ვფიქრობდი, სად ჯანდაბიდან გაიგო ჩემი ნომერი.
-ისევ ისე.
-როგორ, არ გიშველა?
-ნწ.-აქ გავიფიქრე, რომ ვუზრდელობდი.
-და მერე ჩემზე ნაწყენი არ ხარ?
-ეჭვი ისედაც მეპარებოდა ამ საქმის შედეგიანობაში, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი კომპლიმენტი მივიღე,..-უკვე თავხედობაზე გადავედი.
    მოეწონა ჩემი სითავხედე და გაიცინა. მერე კიდევ ერთ შეხვედრაზე დამიბარა, მე ვუთხარი, რომ თავის დაიმედებას აღარ ვაპირებდი და თუ მაინც ჩემი ნახვა უნდოდა, შეეძლო, საკეზე დავეპატიჟებინე.
    შენ ნამდვილად შეგიძლია, კადრებად წარმოიდგინო, როგორ შევხვდი მას, როგორ უხერხულობას ვგრძნობდი თავიდან, იქნებ, იმიტომ, რომ დედა იცნობდა, როგორ ვატარე მაღაზიებში უხერხულობის მოსაშორებლად, როგორ ვუღიმოდი, როგორ ვეძებდი ჩემს ტანზე ახლადმორგებული ტანსაცმლისგან გამოწვეულ რეაქციებს მის ნაკვთებზე შენი ნაკვთების ნაცვლად და როგორ მივეცი უფლება, ახლადნაყიდი კაბის გახდის.
    მერე არც არაფერი მომხდარა. მე ხომ შეხებებს ვერ ვთამაშობ. და მას მხოლოდ ჩემი მტკივანი ტერფის მოვლა მოუხდა.
-გადარჩები.-მითხრა ბოლოს და საფენი მჭიდროდ მომახვია ფეხზე.
  აქ აუცილებლად უნდა გამხსენებოდა შენ მიერ აკვიატებული კითხვა ყოფნა-არყოფნაზე:
-ყველაზე მეტად გადარჩენა მინდა, წმინდანებს გეფიცები.-ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვუთხარი და ყელის სიმშრალისგან ხველა ამიტყდა.
      ის, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდა, მე კი ვიცოდი, რომ ერთ ყველაზე სიზმრისფერ დღეს დავმთავრდებოდით, რადგან დაუსრულებელი სიზმრები არ არსებობენ.











      წამოსვლის დღეს, როცა შენ არ იცოდი, რომ წამოსვლის დღე იყო, ბრმასავით, ათივე თითით ცდილობდი ჩემს დამახსოვრებას.
-ნეტავ, თვალებში არ შემომხედოს. ნეტავ, არ შემომხედოს.-ვიმეორებდი გულში.
      გეფიცებით, იმ დროს შემეძლო სული გამეყიდა და ვყოფილიყავი უარაფრო, ოღონდაც არ მეგრძნო, რასაც იგრძნობდა ჩემ მერე.
-პატარაობისას, როცა დედას გავაბრაზებდი, ის ხშირად მეკითხებოდა, რას იზამ, მე რომ წავიდეო. ვერ ვიტანდი ამ კითხვას.-გეუბნები ხმადაბლა, ისე ხმადაბლა, რომ შუბლი შენს შუბლზე რომ არ მდებოდა, ალბათ, ვერ გაიგებდი და მეგონა, ჩემს გაბზარულ ხმას შეამჩნევდი.
-მიდი, მკითხე.-ამბობ რამდენიმე წამის შემდეგ და ზურგზე უფრო მიჭერ ხელს.
      მე მძიმედ ვყლაპავ ნგრევამდე მისულ შეგრძნებებს:
-შენ ტკივილი გჭირდება.
      აგდებით ჩაიცინე. არ ჩაგძიებივარ, რის გამო. თვალები მაგრად დავხუჭე და ძლივს შევიკავე ხველება.
      მახსენდებოდა, რომ წინა წელს, ზუსტად ამ დროს, როცა არც ფეხი მტკიოდა და არც ვახველებდი, როცა შენი ხელის ნაცვლად სხვისი ხელი მიჭერდა ზურგზე, უბრალოდ, ვიგრძენი, რომ უნდა დამემთავრებინა. არა იმიტომ, რომ წავიკითხე უკვე, არა იმიტომ, რომ რამე დამესიზმრა, არა იმიტომ, რომ..
      როგორ გითხრა,.. სიყვარული არ შეგვიძლია ბოშებს.
      ორი თითი მიიტანე ტუჩებთან, მე სიგარეტის ღერი უსიტყვოდ მოგაწოდე, შენი მუხლებიდან საწოლზე გადავინაცვლე და უთქმელობაში დავიწყე ფიქრი, რომელი უფრო ძნელია, გადაჩვევა თუ გადაჩვეულის  ხელახლა შეჩვევა.
-გადავრჩებით?-მეკითხები და არ მიყურებ.
    მე ისევ დავხედე ჩემს სანთელივით ყვითელ და გამჭვირვალე თითებს და შემეშინდა.
-დაწყევლილი ვარ.-გამეფიქრა და პირველად მომინდა შენი ხელისგულის წაკითხვა. ზუსტად ვიცი, რწმენის ამბავი იყო.
      რამდენიმე დღე ვცდილობდი, სიზმრიდან გამოყოლილი შეგრძნება დამემალა და თავი მომეტყუებინა, რომ არ არსებობს არანაირი წინათგრძნობა, რომ მე არც უცნაურობები მჩვევია, არც ჭკვიანი ვარ და არც ჯიუტი და თუკი ყველაფერი საბოლოოდ შეჩვევამდე დადის, შენ ჩემი ყველაზე დიდი ახირება ხარ:
-დამესიზმრე. ორივემ ვიცით, რომ დაუსრულებელი სიზმრები არ არსებობენ. ჩვენ მხოლოდ შეხებებით შეგვიძლია თავი გავახსენოთ ერთმანეთს. წყევლაა, გესმის? და მე დავიღალე.
-ჰო, დაუსრულებელი არა, მაგრამ არსებობენ შეწყვეტილი სიზმრები. მე შენი წყევლის მწამს, ბოშა.
      გადმომხედე. დიდხანს, ძალიან, ძალიან დიდხანს, ისე, რომ მე თავი ამტკივდა, მიყურე ხან თვალებზე, ხან ტუჩებზე. მერე ორი თითი პირთან მიიტანე. ახალი ღერი გამოგიწოდე და საშინლად მომინდა, თვითონ მომეკიდებინა ცეცხლი. შენ ზედმეტად მშვიდად, თითქმის პოეტურად აბოლებ სიგარეტს:
-გადავრჩებით.-მეუბნები გადაწყვეტით და მიღიმი ამქვეყნად ყველაზე ხავსმოკიდებული თვალებით.
      მე ვერ შევძელი იმავე ღიმილით მეპასუხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები