ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


სიზმარეულ ქვეყნამდე (ფერეიდნელ გოგონას, რომელსაც ნენე ჰქვია) (ლექსების გამოფენა 2012 წელი)

ასეთს გხედავდი:
მაყვლისფერ თვალებში ჩატეული სამყაროთი,
სახელად _ ივერია.
გნახე და მივხვდი,
რა ძალიან მენატრებოდი.
შენ მიამბობდი:
ზღაპრულ ამბებს იმ ქვეყანაზე,
რომელიც მხოლოდ
გენეტიკური მახსოვრობით
გახსოვს და გიყვარს.
მე გითხარი, რომ
მოკვეთილი მკლავივით გვტკივა
მამულს მომწყდარი ქართველები.
შენ დამიჯერე...
ერთი სისხლის ვართ:
სიხარულიან დარდს ვატარებთ
თვალებით, უხმოდ...
და სადაც შენ ხარ,
იქ ყოველთვის საქართველოა...
შენ გქვია ნენე,
მემშობლიურა ეს სახელი,
მთების გადაღმა დარჩენილი
დედაჩემი რომ გამახსენა,
რომელმაც შენთან _
იმ სიშორიდან _
ჯვრიანი მჭადი გამომატანა.
შენ უკვე გიყვარს დედაჩემი,
ზუსტად ისევე,
როგორც ქვეყანა,
რომელსაც მხოლოდ სიზმრებში ხედავ.
ხელს მკიდებ და ვგრძნობ:
რა გრილია შენი თითები,
ნაცნობმა განცდამ
სული ამიწვა...
ახლა მეც მჯერა:
ასე –
ხელიხელგადაჭდობილნი –
ცისარტყელის ქვეშ
გავივლით ჩვენ
და შენს
სიზმარეულ ქვეყნამდე მივაღწევთ,
ნენე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები