ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 მაისი, 2012


ნიკა ჩერქეზიშვილის ,, კაცი’’– ჩემეული ხედვით.....


                           


წინასიტყვა......
ამას წინათ ფეისზე გამოვაქვეყნე ჩემეული ხედვა ამ ლექსისა, მაგრამ იგი ძალიან მეცოტავა.... რატომ?...იმიტომ რომ იმ მცირედზე მუშაობისას, რომელიც მხოლოდ გაკვრითი, ზედაპირული შეხების შედეგია,  მივხვდი, რომ არა მაქვს უფლება,  არ ჩავუჯდე ლექსს საფუძვლიანად და მთელი ჩემი შესაძლებელი და შეუძლებელი ძალების დაძაბვით, არ დავწერო მასზე.... მე კვლევაზე პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ეს ლექსი ნამდვილად იმსახურებს იმას მაინც აუცილებლად, რომ მკითხველი  საფუძვლიანად დავაფიქროთ......  ამიტომ..... უფლის შემწეობით...დავიწყოთ....



შესავალი.....
,,კაცი’’ –– ასეთია ლექსის სათაური და მისი გასაღებიც სწორედ ამ სათაურში დევს....და  თავად  ლექსით სრულადაა გახსნილი, ვინაა ეს კაცი, რა უნდა, რატომ და საით მიდის....
მაგრამ ჩვენ რომ ეს დავინახოთ, მრავალი ფენა უნდა გადავხსნათ და უფრო მეტი მაღალი ზვირთი დავძლიოთ, ანუ როგორც  ქართულ ზღაპარში, ,,ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით’’გადამალული ნატვრის თვალივით უნდა მოვიძიოთ.....რადგან ლექსი მრავალპლანიანია და ძალზედ რთული....და  მართალია,  შეიძლება ამ წინა განაცხადის ფონზე პარადოქსადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თან ის  ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ყველაზე უპრეტენზიო მკითხველისთვისაც კი სრულიად გახსნილი და ემოციურად გასაგებია...
მაგრამ დიდი პოეზია ხომ სწორედაც ამგვარი პარადოქსების ქვეყანაა, სადაც, რასაც გული  სიტყვის ერთი ლამაზი მიმოხრით  შეიცნობს, იმის  მისახვედრად გონებას კვლევა და კვლევა სჭირდება....

ერთი სიტყვით, შევთანხმდეთ, რომ ახლა ამ ლექსის  ის მხარე  უნდა ვიკვლიოთ, (რამდენადაც ეს ჩვენთვის შეაძლებელია! ) რასაც გონებით შეიძლება ჩავწვდეთ....

,,კაცი’’ –– რაშია ამ ლექსის  ხიბლი? რა შემოგვთავაზა ავტორმა ისეთი, რომ მისი მრავალპლანიანი სირთულისდა მიუხედავად, იგი  ყველასათვის (აქ იგულისხმება ყველანაირი გემოვნების მკითხველისათვის) ემოცურად არა მარტო გასაგები და მისაღებია, არამედ მათში აღფრთოვანებასაც იწვევს?....

ამ კითხვაზე პასუხია, ალბათ ჩვენი კვლევის საბოლოო მიზანიც, ოღონდ... ერთი ,,ოღონდ’’ უნდა ვიცოდეთ.... ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს!....
და  თან, ნახეთ, კიდევ ერთი პარადოქსი დიდი პოეზიისა.... ამ კითხვაზე პასუხი ყველა იმ მკითხველის გულშია, ვინც  ამ ლექსს წაიკითხავს და გულით შეძლებს ავტორთან ერთად თანაგანცდას იმისას, რაც იქ ხდება....

მაშ, რაღასა გვტანჯავ და ტვინებს გვიბურღავო, იტყვის გულუბრყვილო მკითხველი, და მართალიც იქნება.... მაგრამ ჩვენ ეს უმადური საქმე სწორედაც იმიტომ ვიტვირთეთ, რომ  თქვენთან ერთად დავინახოთ, რამდენად უსუსურია გონება გულთან შედარებით, როცა საქმე დიდ პოეზიას –– სიტყვით გულთამხილაობას ეხება...და რომ გულით ხედვასაც სწავლა სჭირდება...ანუ  მართლა რომ თანაგანვიცადოთ...ცოოტა გონებითაც უნდა შეგვეძლოს წვდომა.....

,,კაცი’’ ––  თავად ლექსში შეიძლება  გამოვყოთ, სამი ჭრილი, შრე...სახე...არ ვიცი...რაც გსურთ ის დავარქვათ...რომელთა ხილვითაც, ჩვენი ფიქრით, წაიკითხება ის  ,,სინამდვილე’’, რასაც პოეტი ქმნის........
თუმცა ამ სამი ჭრილის, შრისა,  თუ სახის არსებობაც პირობითია..... რადგან ზოგისათვის ეს სამი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და ზოგისათვის კი პირიქით, ძალიან ცოტა, ანუ მეტსა ხედავდეს....ჩვენ რასაც ჩავწვდით ჩვენი მცირე ძალებით, იმას მოგახსენებთ და სხვა სხვამ ეძიოს....
აი, ეს სამი ჭრილი – სახე – შრე: პირველი –– რაც პირდაპირ იკითხება –– ბალადა უბრალო კაცისა –მეთევზისა –– უდროო, და უსივრცო, ანუ  ე.წ. მითოსური განცდისაა, ანუ ყველა დროსა და  ყველა ქვეყანაში რომ შეიძლება გადახდეს კაცს, როგორც ზღაპრის გმირსა.....ანუ ესაა ე. წ. ,,ხორციელი სინამდვილე’’ ამბისა,  მეორე ––– ესაა ბიბლიური ჭვრეტა მეთევზის ამბისა, ანუ ესაა ე.წ. ,,სულიერი სინამდვილე’’, ეს ფარული ლოცვაა კაცისა ,რომელმაც არც კი იცის, რომ ლოცულობს.....  და მესამე ––– თანამედროვე ე.წ. ბოლო ჟამის, ახალი ქართველის ამბავი, სადაც ერწყმიან, გადაკვეთენ ერთმანეთს მითოსური  და ბიბლიური მეთევზეების არაემპირიული  სინამდვილეები, ანუ ხორციელ ამბავს შეერწყმება სულიერი და მიიღება კონკრეტული პიროვნება, რომელსაც საარსებოდ  კონკრეტული დრო და სივრცე აქვს.... დღეს და აქ!.... და სწორედ ამით ქმნის სულ ახალ ,,პოეტურ  (მხატვრულ) სინამდვილეს’’.... ამიტომაა ასე თანამედროვე და ემოციურად ყველასათვის  მისაღები........

მთავარი უკვე ნათქვამია...საუბარი საით და როგორ უნდა წარვმართოთ, უკვე ვიცით, ახლა ისღა დაგვრჩენია,  უბრალოდ მოვუხმოთ თავად ტექსტს და შევეცადოთ დავრწმუნდეთ, რომ რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, იმას  საფუძველი თავად ლექსში აქვს და  არ არის ლიტონი სიტყვა.....

პირველი სახე ––ე.წ. ,,ხორციელი სინამდვილე’’....
პირველი სახე (ჭრილი თუ შრე) ე.წ. ,,ხორციელი სინამდვილე’’ ლექსისა, როგორც ვთქვით, ესაა, უშუალოდ ამბავი  მეთევზისა. ის უბრალო ბალადაა, რომელსაც  არც კონკრეტული დრო აქვს და არც რაიმე  კონკრეტული ადგილი (ქვეყანა)... და მოკლედ, თავის არსში იგი ასე იკითხება, რომ ყოფილა ერთი მეზღვაური–მეთევზე–მებადური (სად და როდის, არ ვიცით),  რომელიც ცდილობს გამოკვებოს თავისი ოჯახი და დაირჩინოს თავი თევზით და ამისათვის გადის ზღვაში და ღმერთს სთხოვს შეუნდოს, რომ ლოცვისათვის ვერ იცლის და თავად მასა სთხოვს ლოცვას....... რომ არ გაუწყდეს თოკი და  გადაურჩეს ზღვას და დაუბრუნდეს ცოლ–შვილს ბევრი თევზით, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რა ცოდვილია.... სულ ესაა  მთელი ამბავი........ (მაგალითად? ..... მთელი ლექსი გადაიკითხეთ!)

ლექსი აწმყო დროშია დაწერილი, მაგრამ ეს  აწმყო სრულიად განუსაზღვრელია და გახსნილია უსასრულო ანონიმურ ე.წ. მითოსურ დროში...
თქვენ მეტყვით არის  პასაჟები დროის კონკრეტულობისა, მაგრამ ეს სხვა კონკრეტულობაა....
რადგან განთიადიც, (,,არ დავგვიანდე, წითლდება ზოლი’’....  და სხვაგან, ,, როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,’’ და კიდევ ეს, ,,ღმერთო, მე მაშინ მივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილი ათასებმა,  ).... დღეც (,,რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა
ნაშუადღევზე...’’) და ღამეც (,,რომელიც წუხელ, შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა
დასაძინებლად...’’) ყველა დროში (ეპოქაში) ერთნაირია....
ანუ აქ ეპოქის, როგორც დროის ნიშნის არ ქონაზეა საუბარი და არა საერთოდ დროის არ ქონაზე... ანუ აქ ჩანს მხოლოდ ე.წ. წრზე ბრუნვადი დრო, და არა ვექტორული,  ანუ ისტორიული...... (მაგალითად?... გადაიკითხეთ ლექსი და ვერსად იპოვით რაიმე კონკრეტულ ეპოქაზე, დროზე მინიშნებას!)

იგივე შეიძლება ითქვას სივრცეზე.... ისიც სრულიად გახსნილი და არაკონკრეტული... მითოსურია..... ანუ, არსადაა ნახსენები ქვეყანა... რასა... გვარ–ტომობა გმირისა... ის ყველგან შეიძლება ცხოვრობდეს, როგორც ზღაპრის გმირი და თან არსად....ხოლო ის ლოკალიზება სივრცსა, რომელიც ჩნდება... ანუ ტაძარი, ზღვა, აქ ჩვენთან მწველი მზე, თუ სახლის ზღურბლი..... ასევე  ყველგან შეიძლება იყოს..... (მაგალითები ლექსიდან კი ამგვარია: ,,რომ შევალ ტაძარში და იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის’’.....ან ასე ,,და მზე აქ, ჩვენთან, როგორც არსად მწველია, დამწვავს...’’ და  ასეც, ,,და გადადგეს ზღურბლზე...’’)
და ამ პირველ სახეს  (შრეს, ჭრილს) აქვს თავისი ე.წ. ,,ხორციელი სინამდვილის’’ განცდა,  ანუ ერთი შეხედვით,  არავითარი პირადული.... ეს კაცი არავისა ჰგავს და ყველას.... ამიტომაა საოცრად მისაღები... ხელშესახები და კონკრეტული...მას ეს ზოგადურობა ანიჭებს ხორციელობასა და ჩემთვის მისაღებ ფორმას...რადგან თითქოს არავის რომ არა ჰგავს და თან ყველას, ამით ჩემი პიროვნული მე არ ილახება და მის ხორციელ, კონკრეტულ აღქმაში ხელი აღარ მეშლება..... ანუ აქ ერთგვარი გარიგებაა ქვეცნობიერთან...მივიღებ იმას მთელი ჩემი ხორციელი განცდით, რასაც სწორედ არა აქვს ეს მართალი, კონკრეტული გამოხატულება, ანუ რაც ,,ყველასნაირია’’, მაგრამ რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და თან მაინც არსებობს სადღაც......როგორც ვხედავთ,  ეს განცდა  ,,ხორციელი სინამდვილისა’’ სწორედ ამ არაკონკრეტული  მითოსური დროისა და სივრცის ანონიმურობითა და გახსნილობით მიიღწევა...
მაგრამ არა მარტო ამით!.... კიდევ იმით, რომ ლექსს აქვს საუბრის ფორმა: კაცი ყვება სრულიად ემპირიულ ამბავს თავისი ცხოვრებისა, მაგრამ ეს საუბარი–თხრობა მიმართულია არა ანონიმური ზოგადი მკითხველისადმი, არამედ სრულიად კონკრეტული პიროვნული ღმერთისადმი, რაც აღსარების უშუალობის უცნაურად ინტიმურ განცდას ბადებს და ლექსს ამ სახეში საოცარ სიცოცხლეს ანიჭებს... ხორციელს, თითქმის ვიზუალურობამდე აღქმადს ხდის მას.... აი, დავაკვირდეთ....
  ,, და ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება -
უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს...
და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი,
მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი,
რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში,
საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს...
მგონი ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინ
მივხედავ საქმეს....’’

ამ პირველ სახეს  (შრეს, ჭრილს), ჩემი აზრით,  თავისი ე.წ. ,,ხორციელი სინამდვილის’’ განცდის  სიტყვიერი, წმინდა ლექსწყობითი გამოხატულებაც აქვს, რაც იმაში ჩნდება, რომ ლექსი ძალზე მშვიდი ტონალობისაა,  მტკიცე და სრულიად უბრალო სიტყვთაა  ნაქსოვი...ანუ არის სრულიად უპრეტენზიო და უამბიციო თხრობა ამბისა...
და კიდევ იმაში, რომ თავად ლექსის ქსოვილი, გადატეხილი სტრიქონებით, სწორედ იქ და იმგვარად, სადაც ჩვეულებრივი ამბის მოყოლისას მთხრობელის ხმა მაქსიმუმს აღწევს და უნდა შეისვენოს... ამოისუნთქოს..... ანუ კი არ ყვირის, არამედ ზუსტად იცის პაუზების დაჭერა, რათა სუნთქვამ სიტყვის ბუნებრივი მდინარება არსად გაწყვიტოს....  და ზღვის ტალღებივით მოიქცევა... წავა...მოიქცევა...  და ისევ  წავა... აი, როგორც სუნთქვა ან გულისცემაა.... და თან ამბავიც ხომ მეზღვაურზეა და თავად მეზღვაური ჰყვება....
( მაგალითად?.......
,,შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ’’ ––აქ ყველაზე მაღალ რეგისტრში ავდივართ ...მერე... გატეხილი სტრიქონის პირველი სიტყვა ბოლოა და... ისვენებ.....ანუ სუნთქავ ......მოქცევა....
,,ტაძარში’’ ––აი აქაა სუნთქვა...მოქცევა დასრულდა და მერე ახალი.... ,, იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის’’ კვლავ მაღალი რეგისტრი და შემდეგი სიტყვა ბოლოა და... სუნთქვა... მიქცევა.....
ვილოცებ,  რადგან მეზღვაური - ის კაცი - მე ვარ....’’  აქ აზრი და სუნთქვაც ისვენებს....და მერე ახალი მოქცევაა...) უბრალოდ ამ მიქცევ–მოქცევების ხანგძლივობაა სხვადასხვა...აზრისა და განცდის მიხედვით........
ამგვარია, ჩემი აზრით, სიტყვიერი განცდა ლექსის ,,ხორციელი სინამდვილისა’’.

ეს, რაც შეეხებოდა იმას, რომ ლექსს აქვს პირველი სახე (ჭრილი , შრე) ე.წ. ,,ხორციელი სინამდვილე’’, ანუ უშუალოდ ამბავი, – ლექსის სხეული, საიდანაც უნდა ამოვიდეთ, რათა  დავინახოთ მეორე, მიღმური სახე, ე.წ. ,, სულიერი სინამდვილე’’ ლექსისა და მესამეც,  ამ ორის შერწყმის შედეგიც და ამ შედეგს უსასრულოდ აღმატებული ე.წ. ,,პიროვნული რეალობა’’, ანუ საბოლოო მიზანი –– მხატვრული – პოეტური რეალობა ლექსისა...
შეიძლება ამ პირველთან დაკავშირებით კიდევ იყოს მოსაძიებელი რაიმე, მაგრამ ამჯერად ჩვენი მოსაზრების დასამტკიცებლად, მგონი, საკმარისია....

მეორე  სახე –– ე.წ. ,,სულიერი სინამდვილე’’

ლექსში ამ მეორე სახეს (შრეს, ჭრილს)  ე.წ.  ,,სულიერ სინამდვილეს’’, როგორც თავიდან შესავალში ვთქვით,  ბიბლური ალუზიები აქვს.

რა სულიერი ამბავი შეიძლება ამოვიკითხოთ, მეთევზის ამ უბრალო ბალადაში.... ანუ არის თუ არა აქ რაიმე დაფარული, როგორც იგავში და  თუ არის,  როგორ შეიძლება ეს წავიკითხოთ და ავხსნათ?...... საამისოდ შეიძლება  გამოვყოთ რადენიმე კონკრეტული სახე: კაცი და ღმერთი –– ეს ორი მთავარია და დანარჩენები  მათთან დაკავშირებულნი – ზღვა, თევზი, ნავი, ბადე, თოკი,ცოლ–შვილი... ემპირიული დრო...და კიდევ სხვაც შეიძლება გამოჩნდეს.... მაგრამ ესენი ძირითადებია....

რა სულიერი ფენა შეიძლება აქ დავინახოთ: კაცი – ადამიანია (პიროვნება);  ღმერთი  – ქრისტეა (რადგან მხოლოდ ქრისტე განიცდება, ვითარცა პიროვნული ღმერთი); ზღვა – ეს წუთისოფელია, ცდუნებებითა და განსაცდელებით სავსე, საასპარეზო ადგილი კაცისა; თევზი – კეთილი საქმენი და მადლი უფლისა; ბადე – კაცის ნება; ცოლ–შვილი – კაცის სული;  ნავი – კაცის ხორციელება და თოკი კი, მისი სინდისის გამოხატულება შეიძლება იყოს.
და მაშინ ყველაფერი უკვე სხვაგვარად განიცდება.....მთელი ამბავი კი ახლა უკვე კაცის გულში გადაინაცვლებს.... და ასე  შეიძლება წავიკითხოთ: ადამიანს არ აშინებს ეს წუთისოფელი(ზღვა), მან კარგად იცის, რომ მხოლოდ მასთან ბრძოლითა და დაძლევით აღესრულება კეთილი საქმეები,  რომლის სანაცვლოდ მოიპოვებს კაცი ღვთის მადლს(თევზს)...საამისოდ კი მას აქვს მხოლოდ ხორციელი სხეული (ნავი) და სინდისი(თოკი), რომლითაც იჭერს კაცის  ნებას ( ბადეს),რითაც იბოჭება ვნებანი და ცოდვანი და  აღესრულება კეთილი საქმენი, რათა მოიპოვოს ღვთის მადლი ( თევზი), რომ გამოკვებოს სული (ცოლ–შვილი)...
კაცი ამოწმებს ბადეს ––კეთილ ნებას, რომ იყოს მტკიცე, რათა შეძლოს შებოჭოს ვნებები და ცოდვები და ნავზე აზიდოს შეაგროვოს თევზი, ვით კეთილი საქმეები – ღვთის მადლი, სულის–ცოლ–შვილის გამოსაკვებად..... აქ შემოწმებაც იგულისხმება, ანუ რამდენად მაგარია ბადე, რომ არ გასხლტეს თევზი ბადიდან.....  და დამოწმებაც,რომ მისი ნება–– ბადეა, ის ერთადერთი საჭერი, მოსაპოვებელი საშუალება ღვთის მადლისა – თევზისა და არა სხვა რაიმე, (თუნდაც ეშმას სურვილები ან ღვთის განგება)....ანუ მისი  კეთილი  ნების გარეშე არაფერი ხდება...და თუ ასეა, იმედი არ უნდა დაკარგოს, ვნება შებოჭოს, რომ ცოლ–შვილი, ანუ სული არ დაურჩეს უთევზოდ და დაუპურალი..... 
რაც შეეხება სინდისს (თოკი), კაცი უფალს კადნიერად თითქოს მარტო მასზე ზრუნვასა სთხოვს, გაჭიმე და შეამოწმე, ხომ არ დალპაო.... რომ ცხოვრების  ზღვაში როცა შევცურავ, არ გამიწყდეს, ანუ როგორც იტყვიან ამ შემთხვევაში: ,, არ გაუწყრეს ღმერთი’’ და ,,არ გაუწყდეს ნამუსის ძარღვი შუბლზე’’  და არა ქნას ცუდი, მაშინ ხომ მისი ხორციელება  (ნავი) შთაინთქმება ცოდვის მორევში და პიროვნება (კაცი) თავის ცოლ–შვილთან (სულთან) ერთად დაიღუპება.....
ემპირიული დრო აქ შეიძლება სულიერად მოვიაზროთ, როგორც  გულის ფეთქვის დრო... რაც თავად ლექსის ლექსთწყობაში გამოიხატება, როგორც შინაგანი ფარული რიტმი და რითმა, ხოლო  გადატეხილი სტრიქონები ამ გულისცემის კარდიოგრამასავითაა....
და საბოლოო ჯამში ე.წ,. სულიერი სინამდვილე’’ ლექსისა  ესაა ფარული ლოცვა, რომელსაც კაცი უფლისადმი აღავლენს ისე, რომ თავადაც არ იცის, რომ ლოცულობს....
ეს ჩანს უკვე პირველი ტაეპიდანვე, როცა ეუბნება უფალს, რომ
,,შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალ
ტაძარში და იმ კაცისათვის ზღვაში რომ გადის
ვილოცებ, რადგან მეზღვაური - ის კაცი - მე ვარ’’.....
ნუთუ საკითხავია ის, თუ ვინ უნდა იყოს ვის იმედზე? ვინ კაცზეა აქ საუბარი?..... რას აკეთებს ეს კაცი ასეთს, რომ თავად უფალს შეიძლება ჰქონდეს მისი იმედი?....ის უბრალო მეთევზეა, მებადურია......(გავიხსენოთ მეთევზე– მებადური იყო მოციქული პეტრეც და  უფალს რომ შეუდგა, როგორც უფალი ბრძანებს, გახდა ადამიანთა სულების მებადური)  და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ლექსის მანძილზე შავით თეთრზე სწერია, რომ არ უნდა ჰქონდეს უფალს იმედი ამ კაცისა, რომ ილოცებს.... ჩვენი შინაგანი სულიერი განცდა კი საწინააღმდეგოზე დგას.... რომ სწორედაც მისი იმედი უნდა ჰქონდეს უფალს და არა  მათი, ვინც, პოეტის თქმით: ,, ,,შეიბრუნონ ისევე ძილი ათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვა ნაშუადღევზე,’’.........რადგან ის ახლაც ლოცულობს.უფალს ესაუბრება(,,უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,
ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს.....’’)...და უმთავრესი მისი საქმე სწორედაც ლოცვაა..რადგან თუ კაცი სასიკეთო საქმეზე ზრუნავს, ისაა სწორედაც ყველაზე დიდი მლოცველი ღვთისა, და ნათქვამიც ხომ არის, რომ ,,მკვდარია ყოველგვარი ლოცვა, თვინიერ კეთილი საქმეებისა’’...
ე.წ. ,,სულიერი სინამდვილე’’ – ესაა კაცის მუდმივი  ფარული ლოცვა ღვთისადმი პიროვნული ღმერთისადმი, ანუ ქრისტესადმი და ეს ლოცვა დაფარულია მისთვის და ხილულია ჩვენთვის,  როგორც ფორმით ( საუბარია ღმერთთან) ისე შინაარსით (კეთილი საქმეებით).... 

მესამე სახე  –– ე.წ. ,,პოეტური (მხატვრული) სინამდვილე’’

როგორც თავიდანვე ვთქვით, პოეტის მიზანი სწორედ  საკუთარი მხატვრული სინამდვილის შექმნაა..... რა შექმნა პოეტმა და შეიძლება თუ არა, რომ მკითხველმაც იხილოს იგი?..... 
პოეტმა შექმნა დღეს და აქ, ამ ქვეყანაში მცხოვრები იდეალური ქართველი კაცის სახე, რომელიც იბრძვის რა გადარჩენისათვის, ამ ბოლო ჟამის საყოველთაო დამსგავსებისა და გარობოტ–ბოროტების პირობებში, როცა კაცთა მთელი მოდგმა  მხოლოდ საშოვარზეა გამოსული, სულაც არ აყენებს თავის თავს ვინმეზე მაღლა..... ლექსის მიხედვით, ის იმ მლოცველებს, რომლებიც მერე, შუადღისას აღუვლენენ ლოცვას უფალს, თავს ვერც კი ადრის...რადგან მისი თქმით, ის არ ლოცულობს, ის უბრალოდ მარად მღვიძარეა:
,,შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის,
რომელიც წუხელ, შუაღამით (მხოლოდღა) დაწვა
დასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრის,
რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს,
როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,
ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტო...’’
ის თევზისათვის იბრძვის, რომ არ დაურჩეს ულუკმაპუროდ დღეს მას ცოლ–შვილი.... და უფალსა სთხოვს, მან ილოცოს კაცისათვის.....
ლექსს თითქოს რაღაც თვითირონიის მსუბუქი ტონიც დასდევს, რაც უფრო მეტად აშიშვლებს მონაცრისფერო ამაო რეალობას....სადაც ღიმილის ნიღაბ აფარებულ დამშეულთა მარადიული კარნავალია...ოღონდ ვის რა შია?....აი,რა არის საკითხავი....
ამ კაცს რა შია? რა და....
,,სჭირდება თევზი,
რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთან
წელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე...
ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს
ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.’’
და აი, აქ იხსნება, ის ,,პოეტური (მხატვრული) სინამდვილე’’, რომელიც პოეტმა შექმნა.....
ეს კაცი –– სრულქმნილებაა, რომელმაც იცის, რომ  ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, რომ კაცსა აქვს მისი იმედი და არა უფალს, მაგრამ როცა უსასრულოდ დაიმდაბლებ თავს, და ეს არც იცი,  სწორედაც რომ პირიქით ხდება.......და მაშინ, როცა სულ არა აქვს უფალს თითქოს იმედი.... იმ კაცის, რომელიც წერტილივითაა სადღაც დაკარგული ამ ცოდვის ზღვაში,  კაცის,რომელიც დგას სულ  წელგამართული და არ ტოვებს იმედს,რომ ის არის მარილის სვეტი, ვისზეც დგას მიწა, ზღვა და შეიძლება იმაზე მეტიც, რადგანაც ეს მან იტვირთა მარტომ, თავისი ნებით(,,ბადეს ამოწმებს’’... დაამოწმებს ამ ბადით–– ნებით!) და ხატია ღმერთის, მისი ტოლი და სწორი....და ღმერთობამდე, თუ კაცი ხარ უკვე ..ანუ თუ გაიარე ეს ბეწვის ხიდი...არაფერი აღარაა დარჩენილი, მხოლოდ ნაბიჯი....ზეცას მხოლოდ ისღა მაშორებს, რომ მე კაცი ვარ და შენ კი ღმერთი.....
,,.....მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე -
შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი -
ოთხია - ჭეშმარიტებაა...’’
შემოქმედი  თავისი შემოქმედების სრულქმნილზე მხოლოდ იმ ნაბიჯით მეტია, რომ ღმერთია...... და ეს არის ის საოცარი ჭესმარიტება, რომელსაც, თუ დაიჯერებ.... უბრალოდ კაცობაზე მეტს არსოდეს მოინდომებ ,რადგან თუ კაცი ხარ...თავისთავად უკვე ღმერთიც ხარ, სულ  ერთით ნაკლები მასზე, ვინც შეგქმნა.....ეს თუ ასეა, ამგვარადა გრძნობ და ასე ცხოვრობ.... ... ... აი, მაშინ ჩნდება ის იმედი, რომ ღმერთო,  ,,ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალს, ერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.’’

დასკვნა
,,კაცი’’, როგორც ამ არასრულყოფილი ძიებისას ჩვენი მცირე ძალებით შევძელით დაგვენახა,  მრავალსახოვანი პოეტური ქმნილებაა, სადაც მითოსურ, უსასრულო დროსა და სივრცეში მცხოვრები კაცის–მეთევზის – უბრალო ამბავი ღმერთთან შეხვედრისა, რომელიც სულიერად ადამიანის ქრიტესადმი ფარულ  ლოცვად შეიძლება მოვიაზროთ, პოეტურად იმ  სრულყოფილი კაცის აღსარებად შეიძლება გავიგოთ, რომელსაც შეუძლია ღმერთს განუცხადოს:
,, შენ არ იყო იმედზე კაცის,
იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს,
მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი,
შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი,
მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე -
შენ ღმერთი ხარ და ის კაცია....’’

ბოლოსიტყვა
აი, ასე დავინახე მე ეს ლექსი...არ ვიცი, რამდენად გავართვი თავი, მაგარამ ის მაინც თუ მოვახერხე, რომ დაგაფიქრეთ მასზე, შემიძლია თავს მივულოცო.... თუმც,როგორც წინაზე,  ახლაც ის მინდა გავიმეორო, რომ სრულიად არა ვარ კმაყოფილი, რადგან თავად ლექსიდან ისეთი ემოციური მუხტი მოდის, რომ მთლიანად გიპყრობს...ათასჯერ რომ მივუბრუნდე ყველაფერს, იმ მეათასედაც აი, ასე და თან სულ სხვაგვარად განვიცდი....მადლობა ნიკას და დიდება უფალს, რომ მას ეს მისცა....

                                                                                                  მ.დ.  25 მაისი. 2012 წელი.
                             
პ.ს. თავად ლექსს, ვისაც არ წაუკითხავს, იმათთვის დავდებ პირველ კომენტარში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები