ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2012


მონატრებაც ასეთი უნდა


მელოდა ორ წელს, სამ წელს,
ან უფრო დიდხანს.
ბოლოს, როდესაც მაცილებდა,
-ნუ დარდობ,  გნახავო!-
ვერცხლისფერი ზედაპირით
მახსოვს  რომ  მითხრა.
რამხელა მონატრება სცოდნია?
რამხელაც არის, იმხელა ზუსტად.
ჯერ რაღაც "ლექსების გამოფენა"
გამოიგონა და...
სატყუარასავით მომიგდო,
-ჩემი ჩასვლა ბათუმში სურდა-
მერე კი, კაცი გამომიგზავნა,
უფრო სწორად  იქ დამახვედრა.
კაცი კი არა, მფარველი ანგელოზი,
სულ თან დამსდევდა.
ჭუჭყი და ღორღი, რომ არ მენახა,
ცას მაჩვენებდა...
ან როგორ უნდა შემემჩნია ნეტავ სხვა რამე,
მხოლოდ ცა ჩანდა და
ეს საოცრად სპეტაკი კაცი,
მაღალი ცამდე.
ბოლოს მიმიშვა...-
შორიდანვე ავფორიაქდი,
ეს ყველაფერი ზღვამ რომ მოაწყო,
ეჭვიც აღარ მეპარებოდა,
ისე განერთხო ჩემი ფეხის ქვეშ,
-შემრცხვა ძალიან-
უსასრულო...  როგორ მელოდა?
გამჭვირვალე, უამრავი ქვით,
გადაშლილი, თუ გაშლილი
ლურჯი ლივლივით.
აქ თავის მოკვლაც
თავისუფლად  შეიძლებოდა.
ეს ლურჯიც, თითქოს
ბედისწერაა,
გამორჩეული სხვა ფერებიდან,
ფერდაფეხ დამსდევს
დაბადებიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები