ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივლისი, 2012


ლინგვისტური საქმე

ლინგვისტური საქმე
(ემინ ყიფიანის ხელმოწერა იხილეთ ფოტოზე)

    დავით კუკულაძემ 1700 აშშ დოლარი ასესხა ემინ ყიფიანს. ვინაიდან მოვალემ ვალი არ დააბრუნა, ამიტომ დავით კუკულაძე იძულებული გახდა სამოქალაქო სარჩელი შეეტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ემინ ყიფიანმა სესხის ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელმოწერა უარყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კალიგრაფიული ექსპერტიზა დანიშნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტმა მერი ჯოხაძემ მოითხოვა ემინ ყიფიანის ხელმოწერის დამატებითი ნიმუშები. ემინ ყიფიანმა, მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა,  ხელმოწერის დამატებითი ნიმუშები არ წარმოადგინა, ამიტომ ექსპერტმა მერი ჯოხაძემ, ნიმუშების სიმცირის გამო,  კატეგორიული დასკვნა ვერ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელმოწერის „ტრანსკრიფცია და გადაბმა ასეთია: ”ე +_ უასოო ჰორიზონტალური შტრიხი + ყ + სავარაუდო ასო ი + ხელრთვა”, ექსპერტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ემინ ყიფიანის ხელმოწერის ნიმუშებთან, დადგენილი იქნა თანადამთხვევები: ზომაში, დახრაში, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმაში, მიმართულებასა და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში: კონსტრუქციული აგებულება ასო „ე“-ს შესრულებისას; მოძრაობის ფორმა ასო „ყ“-ს პირველი და მეორე ელემენტის გადაბმისას კუთხოვანი“.

    სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში ემინ ყიფიანმა განცხადება შეიტანა ბათუმის რაიონულ პროკურატურაში. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, პროკურატურამ საკუთარი ექსპერტიზა ჩაატარებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის  ექსპერტს ნინო ბოლქვაძეს. ექსპერტმა ნინო ბოლქვაძემ, შეადარა რა სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ემინ ყიფიანის ხელმოწერის რუსულენოვან ნიმუშებს (?!), მხოლოდ ერთი ასო ამოიკითხა, რუსული ანბანის ასო ”К”. 

    განსხვავებები აშკარაა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მერი ჯოხაძემ, შეადარა რა სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ემინ ყიფიანის ხელმოწერის ქართულენოვან ნიმუშებს, ამოიკითხა ქართული ანბანის ასოები „ე“, „ყ“ და სავარაუდოდ „ი“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპერტმა ნინო ბოლქვაძემ, შეადარა რა სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ემინ ყიფიანის ხელმოწერის რუსულენოვან ნიმუშებს (?!), ქართული ანბანის ასო საერთოდ ვერ ამოიკითხა. სამაგიეროდ ამოიკითხა რუსული ანბანის ასო ”К”.

    ექსპერტ ნინო ბოლქვაძის დასკვნის საფუძველზე დავით კუკულაძე დაპატიმრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების დასკვნებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, და მიუხედავად დაცვის მხარის მრავალგზისი მოთხოვნისა, ჯერ გამოძიება, შემდეგ სასამართლო ჯიუტად ამბობს უარს ახალი კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე.

    ჩნდება კითხვა: რატომ?

P. S.
გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა:
1) საბჭოთა იმპერიის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული საქართველო:
1937-1940 წლები – 10%; 1941-1945 წლები – 10%; 1946-1950 წლები – 9%; 1967-1970 წლები – 1%.
2) დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო:
2004 წელი – 0,7%; 2005 წელი – 0,8%; 2006 წელი – 0,2%; 2007 წელი – 0,05%; 2008 წელი – 0,01%; 2009 წელი – 0,01%; 2010 წელი – 0,01%,; 2011 წელი – 0,01%.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი

გაზეთი ბათუმელები
№22 (442)  11–17 ივნისი, 2012 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები