ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


დროა!... (საქართველოსთვის)

                                    ''კიდევაც დაიზრდებიან''

როცა სიჩუმე ყელში გიჭერს, ხმაურის დროა,
ხვდები, ყოველგვარ მოთმინებას რომ აქვს საზღვარი,
ისე დაგღალა ცრუპენტელა ფრაზების ხროვამ,
ძალით თვალების დახუჭვამაც ისე დაგღალა...

ყველა ბილიკი ბოლოვდება მაინც ფინიშით,
ადრე თუ გვიან, შენც სინათლე უნდა იხილო,
ერთხელ ხომ მაინც შეიძლება მოხდეს პირიქით -
დაღვინდეს წყალი და არა კვლავ წყლად გექცეს ღვინო.

გავცდი ათასგვარ გზაჯვარედინს, ათას ლაბირინთს,
ხან გარდასულში თავჩაგრული, ხანაც აწმყოში,
სტროფებად ვთვალე ყველა შენი ნაპრალ-ნაპირი,
ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.

ვიხილე, როგორ აბრმავებდა სიმრუდე ნახირს,
ფრთადაშვებული არწივებიც მრავალი ვნახე,
ღალატის სუნიც შევიგრძენი, მღვრიე და მძაღე,
გემუდარები, თუ გჭირდები, ნუ დამიძახებ...

ისედაც აქ ვარ, გულისცემას შენსას ვდარაჯობ,
აღარც კი მახსოვს, მერამდენეს გიხვევ ნატყვიარს,
ერთგული მერქვას, ამ წოდებას ქვეყნად სხვა რა სჯობს,
ბედნიერება არასოდეს მოდის მარტივად.

ყოფილხარ, თურმე, ნიკოფსიით დარუბანდამდის,
თანდათანობით დაგიმოკლდა ჭრელი მთა-მდელო,
გაშალე მხრები, სანუგეშოდ ერში ხმა დადის,
ალგეთს ნანატრი მგლის ლეკვები დაიზარდნენო.

მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი,
და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით,
ვეღარაფერი შეაყოვნებს მერე სიხარულს...
ნუ დამიძახებ,
აქ ვარ,
აქ ვარ,
შენ რომ გჭირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები