ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2012


ტაქსისტი

ღამის ათი საათი იქნებოდა. ის-ის იყო მანქანიდან კლიენტი ჩამოვსვი, რომ ახალგაზრდა კაცმა გამაჩერა. მოხდენილად ეცვა, თავი ღირსეულად ეჭირა და როგორც კი ჩემი ~ოპელის~ კარი შემოხსნა, მკითხა, ბარკალაძის ქუჩაზე თუ წამიყვანთო.
მე ბარკალაძის ქუჩაზე ვცხოვრობ და გამიხარდა, ვიფიქრე, სახლშიც შევივლიო და სიხარულით დავთანხმდი ხუთ ლარზე, რომელზეც წინასწარ გამირიგდა.
კლიენტი გვერდით მომიჯდა და ვიგრძენი ოდეკოლონის ნაზი სუნი. მისმა ჩაცმულობამ და ძვირფასმა სუნამომ მაფიქრებინა, რომ წვეულებაზე მიდიოდა და ამ ღონისძიებისთვის კარგა ხანს ბეჯითად ემზადებოდა. ისეთი წესიერი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მის პატიოსნებას და ღირსებას იმავ წუთს თავდებად დავუდგებოდი.
ჩემი პროფესიის კაცს ადამიანის შეცნობა ფსიქოლოგზე მეტად სჭირდება. უნდა ხვდებოდეს, კლიენტი ავაზაკია თუ არა. ეს ყველაფერი ადრე, დიახაც, რომ მეშლებოდა და მანქანას ყველას ვუჩერებდი, ახლა კი ჩემი ოცწლიანი გამოცდილებისა და ბევრი გადატანილი ხიფათის შემდეგ, კლიენტი რომ ხელს მიქნევს, შორიდანვე ვხვდები, გადამხდელია თუ არ არის გადამხდელი, შარია თუ არ არის შარი. 
მოკლედ, ამ კაცმა, რომლის პატიოსნებაზეც მაშინ თავს დავდებდი, ჩემი სახლის წინ მთხოვა გაჩერება, გარიგებულ ხუთ ლარს ორიც დაამატა, გადმოვიდა და ჩემი ეზოს ჭიშკარი შეხსნა.
მანქანა მექანიკურად დავძარი, ოციოდე მეტრი გავიარე და დავიწყე განსჯა, ვისთან მიდიოდა ჩემი კლიენტი.
ამ ეზოში მარტო სამნი ვცხოვრობთ_მე, ჩემი ცოლი მაშიკო და სამოცდაათ წელს მიტანებული მეზობელი სუსანა.
~სუსანა დეიდა? გამორიცხულია. ღმერთო დიდებულო, ნუთუ ცოლი მღალატობს!~_გაიელვა გონებაში ეჭვმა და გულში გამდნარი ლითონივით ჩამეღვარა.

ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ, მამაჩემი ხარაზი იყო, თავისი საქმით კარგად ახერხებდა ოჯახის შენახვას და უნდოდა, მეც მის ხელობას გავყოლოდი, მაგრამ ჩემი ფიქრი და მისწრაფება სხვა იყო: მანქანა მიყვარდა. დღესაც ჩემთვის ყველაზე ლამაზი მუსიკა კარგად გაწყობილი მოტორის სისინია... ეს დიდებული მელოდიაა, მაგრამ თქვენთვის, მკითხველო, ალბათ, ძნელად გასაგებია და ამაზე აღარ შევჩერდები, თანაც მე ხომ  სხვა რამეს გიყვებით. თუმცა, სანამ ამბავზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, ტაქსისტის კვალობაზე გაუნათლებელი კაცი არ ვარ, გაზეთებს ვკითხულობ და რაღაც-რაღაცეებზე ჩემი მტკიცე შეხედულებაც გამაჩნია.

მანქანა უკან დავწიე და ზედ ჭიშკართან მივაჩერე. ვერ გადამეწყვიტა, რა გამეკეთებინა _ ეგრევე ავსულიყავი, თავზე დავდგომოდი, თუ მომეცადა და მერე ფაქტზე მიმესწრო. ამ ფიქრებში ვიყავი და რაც დრო გადიოდა, სისხლი უფრო მემღვრეოდა და თავგზას ვკარგავდი. ბოლოს მივხვდი, რომ მოცდას ვერ შევძლებდი, მანქანიდან გადმოვედი და გადმოვიყოლე შვინდის მოკლე კომბალი, რომელიც მუდამ სავარძლის გვერდით მედო და ბევრჯერ კარგადაც გამომდგომია.
სუსანა დეიდა პირველ სართულზე ცხოვრობს, მე და მაშიკო_მეორეზე. კომბალმომარჯვებული ფრთხილი კატისებრი ნაბიჯებით ავუყევი კიბეს და როცა კარამდე მივედი და ჯიბეები მოვიჩხრიკე, აღმოვაჩინე, რომ გასაღები მანქანაში დამრჩენოდა. ამან კი სიბრაზე გამიორმაგა, უკან დავბრუნდი, ვჩხრიკე მანქანა და ვერაფრით მივაგენი.
~ავალ ზარს მივცემ, არ გააღებენ და შევანგრევ~ _გავიფიქრე თუ არა, მაშინ გამახსენდა, რომ გასაღებებს ქამარზე ვიკიდებ და ახლა საკუთარ თავზე გავწყერი და ავენთე. ეტყობა წნევამ ამიწია_სიბრაზისაგან ფეხები დამიმძიმდა და მაჯები დამებერა. კიბეებზე ავირბინე, შევეცადე კარი გამეღო, მაგრამ აღელვებულმა საკეტს გასაღები ვერაფრით მოვარგე და მუშტი დავცხე.
_ ვინ არის? _ გაისმა შიგნიდან ქალის ხმა.
_ მე ვარ! გააღე! შენი დედა!.. _  ამდენი წლის თანაცხოვრების მანძილზე პირველად შევაგინე მაშიკოს.
_ შენა ბონი და ასეთი დათრობა? _ იუცხოვა ჩემი სიტყვები მაშიკომ და ორიოდე წუთში კარი გახსნა. შევვარდი და ჩემს კლიენტს დავუწყე ძებნა. სათავსო და კარადა არ დამრჩენია. მაშო კი შეშინებული სახითა და გაფართოებული თვალებით დამდევდა და რა მოგივიდა, კაცოო, ყურში ჩამჩხაოდა. მერე ვინანე, რომ ჯერ აივანზე არ გავედი.
კაცი ვერ ვიპოვე, ცოტა დავმშვიდდი, მაშიკოსი შემრცხვა. აღარ ვიცოდი თავი მომეგიჟიანებინა, თუ მომემთვრალუნებინა. ბოლოს, როცა მან შეკითხვები და საყვედურები დამაყარა, შლეგიანივით დავტრიალდი, მეჩქარება, რაღაც დამავიწყდაო, ვიყვირე და სახლიდან გარეთ გავვარდი.

აქამდე მაშიკოს ღალატზე ფიქრიც კი რომ არ გამჩენია, ახლა საშინელი ეჭვი მომედო და დაუწყო ჩემს გულს ღრღნა. ძნელი ის იყო, რომ ვერც გავბედე, ცოლისთვის რამე მეთქვა. ~ფაქტი, ფაქტი მჭირდება~ _ ვფიქრობდი და თავში კინოსავით, ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა საშინელი კადრები: იმ ჩემს კლიენტს თავს კომბლით ვუჩეჩქვავდი, მაშიკოს კი პირსახოცით ვახრჩობდი.

როგორ გინდა კაცმა ოჯახი დაანგრიო, მით უმეტეს ჩემნაირმა კაცმა: სამი ~ფირმა მანქანა~ გამოვიცვალე. სამივე კარგი იყო, მაგრამ საოცარი ისაა, სიზმარში თუ მანქანას ვატარებ, ~ვოლგას~ ვატარებ და თუ ქალთან ვწევარ, ჩემ მაშიკოსთანა ვწევარ _ ~ვოლგა~ ჩემი პირველი ტაქსია, მაშიკო კი _ პირველი ქალი.
~ვოლგაზე ხომ ვთქვი უარი, მაგასაც გამოვცვლი~, _ვფიქრობდი და გულს ვიმაგრებდი.

დავქოქე მანქანა და ჩემთვის უჩვეულო სისწრაფით დავეშვი დაღმართზე. რუხ კადრებად გაირბინეს ერთმანეთზე მიწყობილმა ორსართულიანმა სახლებმა და ის იყო მალაკნების ხიდს მივუახლოვდი, რომ ხელის ენერგიული ქნევით წინ გადამიდგა ახალგაზრდა ქალი. ძლივს შევძელი არ დამეჯახებინა და როგორც კი დასრულდა მუხრუჭების ხრჭიალი, სანამ ელდა გადამივლიდა, ქალმა კარი შემოხსნა და გვერდით დამისკუპდა.
სუნამოს მძაფრი სუნი ასდიოდა. მაშინ რა ვიფიქრე, არ მახსოვს, საერთოდ კი ამგვარ ქალებს კლიენტების ცალკე კატეგორიად მივიჩნევ. გამომწვევად აცვიათ და სუნამოს უხვად იპკურებენ, რათა ჭუჭყისა და ოფლის სუნი გადაფარონ. მათ არ უნდა გაუღიმო, არ უნდა გამოელაპარაკო, მკაცრად უნდა მოექცე, თორემ ერთი ტკბილი მადლობის მუშა გახდები.
კაცს ერთი საქმე რომ აერევა, მერე ყველაფერი უკუღმა მისდის, თურმე:
ხუდადოვზე შევუხვიე თუ არა, თავახდილი საკანალიზაციო ჭა გვიანღა შევნიშნე.
დარტყმის ხმა და ჩემი კლიენტის წივილი ერთმანეთში აირია, მანქანა მაღლა შეხტა და გავჩერდი.
_ფუ, შენი! შენი გადამხდელის დედა! _ მოვყევი ჩემთვის უჩვეულო გინებას და სასოწარკვეთილი მივაჩერდი გახეულ საბურავსა და გაღუნულ დისკს.
საბარგულისკენ სათადარიგო საბურავის ამოსაღებად წავედი, რომ ჩემს ქვევით თვალი მოვკარი ღვთისმშობლის ეკლესიას.
ეს ეკლესია ძველია, კომუნისტებს მერე გუმბათი მოუცილებიათ და აბანოდ უქცევიათ. ჩემს სიჭაბუკეში ხშირად დავდიოდი ხოლმე აქ საბანაოდ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, კვლავ ეკლესიად რომ გადაკეთდა, სინანულმა შემიპყრო, ჩავუვლიდი თუ არა გვერდს, ვფიქრობდი, შევსულიყავი, სანთლები ამენთო და ღვთისმშობლისთვის ბოდიში მომეხადა ჩემი უვიცობის გამო, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე, არასოდეს მეცალა. ასე ყოფილა, კაცს რომ საქმე აწყობილი აქვს, ღმერთისთვის ვერ იცლის. ახლა კი ჩემი ეს მდგომარეობა ბედისწერად მივიჩნიე, პირჯვარი გადავიწერე და მომინდა ეკლესიაში შევსულიყავი, მუხლებზე დავმდგარიყავი და დედა მარიამისთვის დახმარება მეთხოვა.
ამ აზრმა გამიელვა თუ არა, გვერდიდან ხმა მომესმა:
_რას აპირებ, გამოცვლი თუ არა საბურავს, თუ ეს ღამე აქ გავათენოთ მე და შენ ჩახუტებულებმა?
_წადი, სხვა ტაქსი ნახე, _ვუთხარი კლიენტს და ქვევით დავეშვი.
რამდენიმე ნაბიჯი თუ მექნებოდა გავლილი, ქალი დამეწია და მკლავზე ხელი წამავლო.
_სად მიდიხარ? საბურავი გამოცვალე!
_წადი ქალო, სხვა ტაქსი ნახე! _გავუმეორე და გზა განვაგრძე.
ის წინ გადამიდგა.
_არსადაც არ წავალ, შენ გელოდები, საბურავი გამოცვალე!
მე ხელი ვკარი. ეტყობა, აღელვებულს ზედმეტი მომივიდა. წაიქცა და ტირილი დაიწყო.
_ყველა ნაბიჭვარი მე რატომ მხვდება, ღმერთო! _ამოიქვითინა და წამოდგომას შეეცადა.  ~ეტყობა დღეს მასაც არ სწყალობს ბედი~, _გავიფიქრე და შემეცოდა.
_წავალ სანთლებს დავანთებ და მერე გამოვცვლი, _ვუთხარი წყნარი ხმით და ეკლესიისკენ დავეშვი.
_შენ გგონია, ღმერთი გიშველის? შენნაირ ნაბიჭვრებს ღმერთი არ ეხმარება, _ დამადევნა უკნიდან ქალმა.
ეკლესიის კარი დაკეტილი დამხვდა. პირჯვარი გადავიწერე, უკან გამოვბრუნდი და ამ დროს მობილურმაც დარეკა.
_სად გაიქეცი, ბონი? რა მოგივიდა? რა გჭირს? გული ცუდად მაქვს. მოდი რა, ბონი, სახლში, _მევედრებოდა ყურმილში მაშიკო.
_სახლში მოვიდე? _წავილუღლუღე და გული ყელში მომებჯინა, _მერე შენ გინდა, რომ მოვიდე?
_ბონი, სახლში მოდი, რა.
არ ვიცოდი რა მეთქვა, რაღაცას ვლუღლუღებდი, რომლის შინაარსიც დღეს არ მახსოვს და საერთოდაც მგონი იმ სიტყვებიდან შეუძლებელი იყო აზრის გამოტანა. კარგი, მოვალო, ვუთხარი ბოლოს, კავშირი გავთიშე, მობილური ბუდეში ჩავდე და უკან, მანქანისკენ გავეშურე. კლიენტი არ დამხვდა, სამაგიეროდ საქარე მინაზე ეგრევე შევნიშნე წითელი პომადით ნაწერი: ~ამ დროს ეკლესია დაკეტილია, კრეტინო~.
შინ ერთი საათის შემდეგ დავბრუნდი.
_რა მოგივიდა, ბონი? _მკითხა მაშიკომ, ხელი წელზე მომხვია და ისეთი უმანკო და შეწუხებული თვალებით შემომხედა, რომ შეუძლებელი იყო, ამ ქალზე ეჭვი მიგეტანა. ამიტომ ხმა არ ამოვიღე და კოშმარულ სიზმრად მივიჩნიე ჩემი ეჭვები, მიუხედავად იმისა, რომ როცა მის ყელთან მივიტანე ტუჩები ერთ წამს ჩემი კლიენტის ოდეკალონის სუნი მეცა, მაგრამ ეს იყო ერთ წამს, შემდეგ რამდენი ვყნოსე და არაფერი... ცოტა დავწყნარდი, მოსაწევად აივანზე გავედი. ამ დროს გამოვიდა სუსანა დეიდაც და სიგარეტი მთხოვა. მაშინ ცხოვრებაში პირველად თავიდან ფეხებამდე კარგად შევათვალიერე და არც ისე ბებერი მეჩვენა.
 
ამ ამბიდან კვირაზე მეტი არ იყო გასული. ბინდდებოდა. ისანთან ტაქსების ბირჟაზე ვიდექი და კლიენტის მოლოდინში გაზეთის კითხვით ვერთობოდი. ვიღაცამ მანქანის კარი გამომიხსნა და როცა დაჯდა, მაშინღა შევხედე.
_ვა, თქვენ ბრძანდებით, ბატონო, _მითხრა თავაზიანად და გამიღიმა, _ ისევ იქ წამიყვანეთ, იმ დღეს რომ ვიყავით. ალბათ გახსოვართ...
ვიგრძენი, რომ ხელები ამიკანკალდა, შევეცადე, ჩემი მღელვარება კლიენტს არ შეემჩნია და დავძარი მანქანა. გზაზე გამაჩერებინა, შამპანური იყიდა და ენად გაიკრიფა.
_უკვე მეორედ შევხვდით ერთმანეთს და როგორ მოგმართოთ, არ ვიცი, _თქვა, ხელი გამომიწოდა, ლევანი მქვიაო, გამეცნო.
_ბონდო, _ვთქვი ჩემი სახელი მკვეთრად და ბოლოში მახვილი დავუსვი.
_ბონდო, _ დამარცვლით გაიმეორა კლიენტმა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა, _ პაპაჩემს ერქვა ბონდო, მეც ბონდოს დარქმევას მიპირებდნენ, მაგრამ დედაჩემმა გაიგიჟა თავი.
რას ყვებოდა, არ მესმოდა. მალაკნების ხიდს რომ მივუახლოვდით, სანამ კუკიის აღმართს შევუდგებოდით, სავიზიტო ბარათი შენიშნა, რომელიც მაგნიტოფონის ქვემოთ მუდმივად მიდევს. აიღო, შეათვალიერა და მკითხა:
_ ეს თქვენია?
_ დიახ, _ ხრიალი ამოვაყოლე ამ სიტყვას.
_ტაქსი რომ დამჭირდება, დაგირეკავთ, _ თქვა და სავიზიტო ბარათი ჯიბეში ჩაიდო.
მინდოდა მეკითხა, ვისთან მიდიოდა, მაგრამ ვერ შევძელი, არ ვიყავი მზად, მწარე სიმართლე გამეგო.
გადმოვიდა ჩემი კლიენტი ჩემი მანქანიდან, შეხსნა ჩემი ეზოს ჭიშკარი და კარს უკან მიიმალა. წარმოიდგინეთ მდგომარეობა და ფიქრი კაცისა, რომელმაც ცოლს საყვარელი თავად მიუყვანა: არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ჯოჯოხეთურ ბურანში ვიყავი გახვეული და ყოველი აზრი ტკივილად მიტრიალებდა.

ჩემს სახლს ორი აივანი აქვს, ერთი ეზოს მხრიდან, რომელზეც კიბეა მიდგმული და მეორე ქუჩისკენ _ პატარა და გადმოკიდებული. ~სწორედ ამ აივნიდან გასხლტა ჩემი კლიენტი წინა ჯერზე, ახლა კი უკვე ვეღარ მოახერხებს. ლევან, დაგერხა!~, _ ვფიქრობდი და  დაბინდული გონებით მოქმედების გეგმას ვსახავდი.
მანქანიდან გადმოვედი, ჩემი მრავალგზის ნაცადი კომბალი მოვიმარჯვე, კიბეებს ფრთხილი ნაბიჯით ავუყევი, კარზე მძლავრად დავაკაკუნე, არა, დავაბრახუნე, სწრაფად დავეშვი ძირს, ქუჩაში გამოვვარდი და აივნის ქვეშ დავიმალე. ველოდებოდი, როდის ჩაიცვამდა ლევანა და როდის გადმოხტებოდა, რომ ზურგზე ჩემი კომბალი მიმეყოლებინა, ნეკნები დამელეწა და თავი ჩამეჩეჩქვა.
წამებს და წუთებს თითებზე ვითვლიდი, მაგრამ ლევანა არსად ჩანდა, ეზოს მხრიდან კი ისმოდა მაშიკოს შეშინებული ხმა _ ~რომელი ხარ?!~ და სუსანა დეიდას გამოძახილი _ ~მაშო, რა მოხდა?!~
~ისინი ალბათ კარს გახსნიან, ქუჩაში გამოვლენ, მნახავენ ასე კომბალმომარჯვებულს და ხვალ სუსანა მთელ უბანს მოსდებს, ბონდო გაგიჟდაო~ _ვფიქრობდი, მაგრამ  ფეხებზე მეკიდა ვინ რას იტყოდა, ბოლოსდაბოლოს, სიმართლე ხომ უნდა გამერკვია და მე კომბლითა და მრისხანე სახით ეზოში შევედი.
_სად არის? მე მაგისი დედა... _ ვიღრიალე და მაშიკოსკენ წავედი.
_ გაიქცა, ბონი, დააბრახუნა და გაიქცა, _შეშინებული და გულუბრყვილო სახით შემომეგება მაშიკო. უსუსურობისა და გაურკვევლობის გამო ძალა გამომეცალა, თავბრუ დამეხვა და მოაჯირს რომ არ ჩავჭიდებოდი, ალბათ, წავიქცეოდი.
კომბალმომარჯვებულმა ეზო და სათავსოები გადავჩხრიკე, მაგრამ_უშედეგოდ. აორთქლდა, თუ მიწამ უყო პირი, ჩემი კლიენტი ვერ ვიპოვე.
მთელი ის ღამე დაბოღმილმა არაყი ვწრუპე, მაშიკო გვერდით მეჯდა და მაწყნარებდა:
_ რა ძალიან ემოციური ხარ, ბონი. დაწყნარდი, ვინმე უბნის ლოთი იქნებოდა.
მე ხმას არ ვიღებდი, მაშიკოს გამომცდელი თვალით ვუცქეროდი და ჩემთვის ვფიქრობდი: ~ადამიანებს ოც ნაბიჯში, სანამ ტაქსში ჩამიჯდებიან, ვცნობ და საკუთარი ცოლის ვერა გამიგია რა. არა და, როგორ დავდო ბრალი, ფაქტი მინდა, ფაქტი!~
ასე შუაღამეს გადაცილებული იქნებოდა, ეზოს კარის ჭრიალი რომ გავიგე. კომბალს წამოვავლე ხელი და გარეთ გასვლას ვაპირებდი, მაშიკო კი წინ გადამიდგა.
_არავინ იქნება, ბონი. ალბათ, ქარმა ჭიშკარი შეანჯღრია. 
მე გარეთ არ გავსულვარ, მაგრამ აივნიდან კი გადავიხედე, აშკარად ის იყო.
თვალი რომ მოვკარი, უკვე ტაქსში ჯდებოდა.
სამზარეულოში დავბრუნდი და მოვყევი უშვერ ლანძღვა-გინებას. მაშიკო მაშინღა მიხვდა ჩემი გაცოფების მიზეზს, სახე გაუწითლდა და თვალები აუცრემლიანდა.
_ბავშვი რომ ვერ გაგიჩინე, იმიტომ ეჭვიანობ, ხომ, ბონი. არ არის გვიან, ბონი, ბავშვს გავაჩენ.
_ რა შუაშია ბავშვი! _ვიყვირე და მომინდა, მთელი ბოღმა ამომენთხია. ძალიან მიამიტი სახე ჰქონდა. წარმოუდგენელია, ვინმეს მასზე კარგად ეთამაშა ეს როლი. ვერ შევძელი საყვედურები გამეგრძელებინა, წელზე ხელი მოვხვიე, თავი მკერდზე მივადე და ავქვითინდი.
მეორე დღეს სამხრობისასღა ავდექი, თავი მტკიოდა და წუხანდელი განცდებით მქონდა დატვირთული. ვერ შევძელი მაშიკოსთვის თვალებში შემეხედა. პირი დავიბანე, ჩავიცვი და სახლიდან გავედი.
ტაქსების გაჩერებაზე დავდექი. მუშაობა არ მინდოდა, ამ მდგომარეობაში კლიენტს ვერ ავიტანდი. მეგონა, ტაქსისტების ლაზღანდარობას გულს გადავაყოლებდი, მაგრამ მათი უხამსი ხუმრობები და ანეკდოტები, რომლებიც ადრე მამხიარულებდა, ახლა პირიქით, გულს მიმძიმებდა.  კლიენტი არ ამიყვანია, ყოველ ჯერზე სხვას ვუთმობდი და ამხანაგებთან თავის ტკივილს ვიმიზეზებდი. წადი, კომბლე, სახლში, ოჯახში მოისვენეო, მირჩევდნენ მეგობრულად, მაგრამ მე მხოლოდ თავს გვერდზე ვაქნევდი და გულში მწარედ ვიძახდი, სადა მაქვს სახლი, სადღა მყავს ოჯახიო.
მართლა, დამავიწყდა თავიდანვე მეთქვა, ჩემი კომბლის გამო ისნის ტაქსისტები კომბლეს მეძახდნენ.

უკვე ბინდი იყო. ორნი მოვიდნენ. აშკარად ეტყობოდათ, რომ ცუდი ბიჭები იყვნენ. სხვა დროს მათ არამც და არამც არ მოვემსახურებოდი. ახლა კი უარი არ ვუთხარი _ ფეხებზე მეკიდა საკუთარი თავი, ფეხებზე მეკიდა მათი დაყენებული მოხულიგნო სიფათები და საერთოდაც ხიფათი მინდოდა.
შავგვრემანი წინ ჩამიჯდა, მეორე, თავგადაპარსული, ქართულს რომ აქცენტით ლაპარკობდა _ უკან და საგურამოში წაყვანა მთხოვეს.
მაშინვე მარცხენა ხელით კომბალი მოვსინჯე და ორმაგი ფასი _ 50 ლარი დავუსახელე.
_რა ამბავია, _წაიღრინა უკან მჯდომმა.
_ძვირია, ძმაო, და სხვა ნახე, _ვუთხარი უხეშად, დამარცვლით, მათ სტილზე და მივახვედრე, რომ ფასი საბოლოო იყო.
_კაი, კაი, გაძლევთ, დააწე, ძმაო, _ თქვა შავგვრემანმა და მის სახეზე ღიმილი გაკრთა. ~მე ვიცი, რა ორმოცდაათ ლარსაც მიიღებ~ _ გაიფიქრა მაშინ მან და ეს ფიქრი სახეზე ავ ღიმილად აღებეჭდა.
~ვნახოთ, თუ არ გადამიხდით,~ _ გავიფიქრე და მანქანა ადგილიდან მოვწყვიტე.
ჩემს გვერდით მჯდომი გამხდარი და სუსტი აღნაგობის იყო, ჭლექიანის ფერი ჰქონდა, ციხიდან ახლადგამოსულს გავდა, რაღაც კრიმინალურ ამბავს ყვებოდა და უნდოდა თავისი მონათხრობით ჩემზე  გავლენა მოეხდინა, მაგრამ არ ვუსმენდი და როცა სანაპიროზე ჩამოვედი და ჩემი ”ოპელის” ორლიტრიანი ძრავის ბრუნთა რიცხვი შესაძლებლობის ზღვარს მიუახლოვდა და სპიდომეტრი ას ოთხმოცს გადასცდა, მგზავრებს სახე შეეცვალათ და აწრიალდნენ.
_ ნელა, ტო, არ დაგვხოცო! _ იყვირა შავგვრემანმა, მაგრამ მე სიჩქარეს კიდევ უფრო ვუმატებდი, ანთებული ფარებითა და სიგნალით მივძვრებოდი მანქანებს შორის.
ექსტრემი წამიერად მავიწყებდა ჩემს მოღალატე ცოლს და სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში ჩემი თანამგზავრების შეშინებული ყვირილი და თითქოს ლევანას ჯავრს ამ მოხულიგნო ტიპებზე ვიყრიდი.
_ ნელა! _რამდენჯერმე მიყვირა უკან მჯდომმა. 
საგურამოს გადასახვევს მიახლოებული ვიყავი, კისერში ჩხვლეტა რომ ვიგრძენი. ~დანაა~, _გავივლე გულში.
_ ნელა! თორემ დაგბრედავ, შენი დედა...
ამისთვის მზად ვიყავი. ყველაფერი აქეთ მიმყავდა.
მუხრუჭს ფეხი დავადგი, თავი მარცხნივ გავწიე.
საბურავების წივილის ხმაში აირია ჩემი გინება.
მანქანა გვერდზე გადავიდ,ა ხრეშზე გასრიალდა, ავარდა მტვერი და სანამ ბოლომდე გაჩერდებოდა, კარი გავხსენი, გადმოვედი, გადმოვიყოლე კომბალი და უკანა კარი გავაღე. ჩემი მოწინააღმდეგე  სავარძლის საზურგეს ჩაჭიდებოდა და იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის, გვერდზე არ გაწეულა. მარჯვედ რამდენჯერმე ჩავარტყი კომბალი გადაპარსულ თავზე და მანქანიდან გადმოვათრიე.
ეტყობა, გონება დაკარგა, დანა ხელიდან გაუვარდა. მეორისკენ წავედი. მან მოასწრო კარის შიგნიდან ჩაკეტვა, თუ მანამდე ჩაკეტილი ჰქონდა ვერ გეტყვით. ვერ გავხსენი და მძღოლის მხრიდან მოვუარე, აქაც მომასწრო და მე უკანა კარიდან შევჯექი. ძალიან სწრაფი აღმოჩნდა ეს ჭლექიანი, გააღო კარი და გაიქცა.
შევაგდე კომბალი მანქანაში და დავქოქე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლევანაზე და ჩემს ცოლზე მეყაროს ჯავრი. გულზე რაღაც სიმძიმე მომეხსნა, კუნთები და სახსრები მომიდუნდა და უჩვეულოდ ნელა წამოვედი თბილისისკენ.

ასე არასოდეს მომდომებია დალევა და არც ასე სწრაფად მომკიდებია სასმელი. დავარღვიე წესი, საჭესთან არ ვსვამ და ორი კათხა ლუდი მიყოლებით პირდაპირ დახლთან დავლიე. ერთი კათხა მაგიდასთან გავიყოლე, ისე მოვითენთე და მოვდუნდი, რომ მესამეზე უარი ვთქვი და კაფედან ფეხების თრევით გამოვედი.
მინდოდა, სახლში რაც შეიძლება გვიან მივსულიყავი, ან საერთოდაც არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ კაცს რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს, რას იზამს? მანქანაში ჩავჯექი და თვალები მივლულე, ფიქრი შემომაწვა, რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. ერთი კი ნაღდი იყო, მოღალატე ცოლთან ვერ ვიქნებოდი და თავში ჩემი მომავალი ცხოვრების აბდაუბდას ვაგებდი. სადღაც წამიკითხავს, ხანგრძლივი ეჭვი ადამიანს კლავსო. მე კი სიკვდილი არ მინდოდა. ~უნდა მოვრჩე, რაც შეიძლება მალე უნდა მოვათავო.  ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს~, ვამბობდი გულში. კომბალს ხელში ისტერიულად ვათამაშებდი და მუხლზე ვირტყამდი.
ამ განცდებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა. მაშიკო იყო.
_ სად ხარ, ბონი? სახლში როდის მოხვალ?
_ მე სახლში არ მოვალ.
_ დილამდე იმუშავებ, ბონი?!
_ჰო, დილამდე, _ უკმეხად ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
~ამისი დედა... თითქოს ძალიან უნდოდეს ჩემი მისვლა, გაიძვერა, მოღალატე, სიკვდილის ღირსია!~
~სიკვდილის ღირსია~!
~სიკვდილის ღირსია~!
ამეკვიატა ეს სიტყვები და უცებ შევკრთი:
~ნუთუ მაშიკოს მოკვლა შემიძლია, არა  ამას როგორ ვიზამ, ველური ხომ არა ვარ... წყნარად ვეტყვი, გავიყაროთო და სახლიდან წამოვალ~, _ ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა.
_ ბატონი ბონდო ბრძანდებით? ლევანი ვარ... ბარკალაძის ქუჩა.. თქვენი კლიენტი...
ხველა ამივარდა, თითქოს ყელი შემივიწროვდა, ერთხანს ხმას ვერ ვიღებდი.
_ იცოცხლეთ, ბატონო ბონდო! იცოცხლეთ! – აგრძელებდა ჩემი კლიენტი, _ ახლა თუ შეგიძლიათ შავი ზღვის ქუჩიდან ბარკალაძეზე წამიყვანოთ?
_ შავი ზღვის ქუჩიდან, შავი ზღვის ქუჩიდან, _ ვლუღლუღებდი, ფიქრებს ვალაგებდი და უცებ თავში აზრმა გამიელვა...
_არა, ვერ წაგიყვან, შორს ვარ, _ ვთქვი მტკიცე, მკვახე ხმით და ტელეფონი გავთიშე.
~ამაღამ ყველაფერი უნდა გაირკვეს! ამაღამ ყველაფერი უნდა დამთავრდეს!~ _ ვფიქრობდი და მოქმედების გეგმას ვსახავდი.

მანქანა ჭიშკართან არ გამიჩერებია, ასიოდე ნაბიჯით ზევით ჩიხში დავაყენე, უკან დავბრუნდი, ეზოში შევიპარე და სუსანას საკუჭნაოს უკან დავიმალე.
კომბალს ხელში ვათამაშებდი და ვფიქრობდი:
~მოვა ლევანა, აუყვება კიბეს, მეც ავყვები და დავცემ თავში. არ მოვკლავ, მაგრამ უნდა ვცემო და მისი ბღავილი მაშიკოს მოვასმენინო~.
ალბათ, ღამის თორმეტი იქნებოდა, ამ ფიქრებში ვიყავი, ჭიშკართან მანქანა გაჩერდა და ავღელდი.
გაიხსნა კარი და ლევანა შემოვიდა, ეზო მოათვალიერა და ფრთხილი ნაბიჯით აუყვა კიბეს. გეგმის მიხედვით, ეგრევე უნდა ავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე, კომბალი მძლავრად ჩავბღუჯე და დაველოდე, როდის დააკაკუნებდა ჩემი კლიენტი კარზე.
ლევანას კარზე არ დაუკაკუნებია, პირდაპირ შეაღო და შევიდა.

ხელ-ფეხი გამიბუჟდა, გულისცემა გამიხშირდა, თავბრუ დამეხვა და ჩავჯექი.
~ყველაფერი ცხადია, ყველაფერი გაირკვა. რა გინდა? კარზე გინდა აბრახუნო და იგინო? აზრი არ აქვს! წადი აქედან! წადი აქედან!~ _ მეუბნებოდა შინაგანი ხმა და მეც ნაცემივით წამოვდექი, კომბალი დავაგდე და ეზოდან გავლასლასდი.

დამავიწყდა, თავიდანვე მეთქვა, რომ ზესიძე ვარ, ამ სახლში არაფერი მომიტანია და არც არაფრის წაღება არ მიცდია. ცივილური კაცი ვარ. აყალმაყალის გარეშე დავშორდი ცოლს.
ამ ერთი კვირის წინ შემთხვევით სუსანა დეიდა ვნახე და მაშიკოს ამბავი მომიყვა.  მითხრა, ლევანას მაშინვე დაშორდაო. რომ წახვედი, ეზოში შენი კომბალი იპოვა და ეხლა კედელზე უკიდია, ამ რამდენიმე ხნის წინ აივანზე იდგა, ხელში ეჭირა და ტიროდაო.
ერთი თვის წინ შორიდან მეც მოვკარი თვალი _ მაღაზიიდან გამოდიოდა, ძალიან შეცვლილი მომეჩვენა.
სანამ ჩემთან იყო, არ უმუშავია, ოჯახს მე ვინახავდი. როგორ უნდა ირჩინოს თავი, _ ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ამ აზრს უცებ ვიშორებ: რა ჩემი საქმეა, რას იზამს და როგორ იქნება, ჩვენ ხომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, თუმცა რა ვიცი, ამდენი ხანი ვიყავით ერთად და...
კარგად ვარ, სხვა მოვიყვანე, ნათელა, აი ის, ისანში ტაქსების გაჩერებაზე ნაყინს რომ ყიდის. ვუგებთ ერთმანეთს, ცუდად არ ვცხოვრობ. მხოლოდ სიზმარს ვერაფერი მოვუხერხე: როცა მანქანას ვატარებ, ისევ ~ვოლგას~ ვატარებ და როცა ქალთანა ვწევარ, ისევ მაშიკოსთანა ვწევარ.   






 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები