ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2012


ობობა

    (მინიატურა)

    ჩემს სახლში ობობა შემოცოცდა. ობობა არა, პაწაწინა ობობუნა.
    რატომღაც არც მიფიქრია, ცოცხი მომესვა და გარეთ გამებრძანებინა, როგორც ამას სხვა ობობებს ვუკეთებდი.
    ალბათ, იმიტომ, რომ პატარა იყო.
    ალბათ, იმიტომ, რომ შემეცოდა?
    არა, არ შემცოდებია. რატომ უნდა შემცოდებოდა, შესაბრალისი რა სჭირდა?! იყო თავისთვის ერთ პატარა ღრეჩოში და ფეხებს აქეთ-იქით ჩაჩხავდა. ხელს ჯერჯერობით არ მიშლიდა და მეც შევეგუე იმას, რომ - ისიც იყო.
    იყო, მაგრამ განა არ გაიზრდებოდა?! განა ყველა ობობა ერთნაირი არ არის?! განა ჭამა არ სჭირდება, განა სხვა მოთხოვნილებები არა აქვს?!
    ისე, ყველა ობობა ერთნაირი არ არის, ვცდები. ზოგი ნაკლებად თავხედია, ზოგი მეტად, ზოგი - ზედმეტად. ჩემი კი მეტისმეტად თავხედი აღმოჩნდა.
    ჩემი არა, ისა!..
    ჩემს ოჯახში მფარველი გამოუჩნდა - იყოს, რას გიშლისო, - მითხრა.
    მერე, რომ წამოიზარდა და ბინის გაფართოება მოუნდა, საწოლ ოთახში შეცოცდა და ქსელების გაბმას შეუდგა.
    გავაპროტესტესავით.
    - რას ამბობ, ოჯახის წევრივითააო, - მითხრეს და... გავჩუმდი.
    კი გავჩუმდი, მაგრამ მეწყინა.
    წყენა გულში ჩავიკალი. ისიც კი ვცადე, თავი დამერწმუნებინა, რომ ასეც იყო - „ოჯახის წევრივით.”
    დროს თავისი მოაქვს. დრო თავისას შვრება. დრო ზოგს სხეულს უმატებს, ზოგს - ბოღმას...
    იმის სხეულის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზარდა ჩემი ბოღმაც.
მე მხოლოდ ბოღმა გამეზარდა, იმას  - სხეულთან ერთად თავხედობაც მოემატა. ახლა ჭერში, საწოლის თავთან დაიბუდა, მერე კი პირდაპირ საწოლის თავისკენ დაიწყო თავისი წვრილი, თითქმის თვალთუხილავი თოკების გაბმა. შემდეგ თოკებს თვითონაც ჩამოჰყვა და ერთხელაც თავისი მფარველის ბალიშზე სწორედ იმ ადგილას ჩამოიქვეითა, სადაც ჩემი თავის დასადები ადგილი მეგულებოდა.
    გავაპროტესტე!
    გავაპროტესტე და კიდევ გავაპროტესტე!..
    სულ ტყუილად!
    ისევ მე მოვიშალე ნერვები. ისევ მე ამტკივდა თავი.
    ის კი მისმა მფარველმა ხელისგულზე დაისვა და კედელზე აცოცებაშიც დაეხმარა.
    ამანაც როგორ შეიფერა!!!
    გაჩაჩხა თავისი ელასტიური ფეხები და დინჯად აუყვა კედელს...
    რა ვქნა? რას მირჩევთ?!
    ჩუმად მოვიტანო ჩემი ცოცხი და თავის აბლაბუდიანად აივანზე მივაბრძანო თუ ავიტანო ეს უმსგავსობა?!
    ისე, როცა ერთხელ ყულფში შეყოფ თავს, მერე არ უნდა იწუწუნო - მიჭერსო!
    მაგრამ...
    მეც ხომ ობობა ვარ! განა მე არ გავაბი აქ ყველა ქსელი; განა მე არ მოვქარგე ეს ულამაზესი აბლაბუდა, ქარში რომ საქანელასავით ქანაობს და მზეზე ასე საყვარლად ლაპლაპებს. განა მე არ ვაჩუქე ამ სახლს პატარა ობობუნები, ცელქად რომ მოედებიან ქსელებს და აქეთ-იქით წელავენ. განა მე ვინმეს რამე დავაკელი, ან ალერსი, ან ყურადღება, თუ წელებზე ფეხებს არ ვიდგამ?!
    მეც ხომ ობობა ვარ!..
    არა, თქვენი რჩევა რაში მჭირდება!
    ეს ჩემი სახლია, ყველა კუთხე და ყველა კუნჭული ჩემი ქსელებითაა დასერილი. სხვა ობობებს აქ არაფერი ესაქმებათ! სხვაგან გააბან თოკები თუ ქსელები, სხვაგან მოიწყონ ბუდე. განა მე ვინმეს ხელი შევუშალე?!
    აქამდე არა, მაგრამ ახლა...
    ჩამოვუსვამ და თავის ქსელებიან-გაჩაჩხულფეხებიანად გარეთ გავაბრძანებ. თან ცოცხსაც კააარგად დავბერტყავ, რომ  ისევ უკან არ შემომყვეს ეგ თავხედი, არ მიკბინოს, არ დამსუსხოს.
    აქ ან მე უნდა ვიყო, ან ის!
    ორ ობობას აქ არ დაედგომება!!! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს