ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2012


ბედუინი (ნაწილი XIII გველის ძალა)

                 
                              "და გამობრძანდებოდა  ყოველი დღით  ცაზე  დიადი  "რა" (ოქროს ნავით) თავისი ნიჩბოსნების თანხლებით  და დაბრძანდებოდა ორივე ჰორიზონტის ორკეც ტახტზე… მაგრამ მოხუცდა ღვთაებრივი,  ნერწყვი გადმოსდიოდა პირიდან და ეწვეთებოდა დედამიწას...  და ისიდამ ეს წვეთები მტვერთან ერთად ხელით მოზილა და გამოძერწა მისგან  წმინდა გველი და მისცა მას ისრის ფორმა, რათა არავინ  და არასოდეს გადარჩენილიყო ცოცხალი მისგან და დასდვა მან გველი იგი ღვთაებრივის გზაზე, რომლითაც დაბრძანდებოდა ეგვიპტის მამულებში როცა მოისურვებდა. ... და აჰა აბრძანდა წმინდა ღმერთი (სიცოცხლე, ძალა და სიმრთელე მას!) დიდებული  ორკეცი სახლიდან, ღმერთების სავანიდან  რომელნი იყვნენ მის ამალაში და (როდესაც) ის მიდიოდა თავისი ჩვეული გზით, წმინდა გველმა ჩაასო მას თავისი ეშვი და ცეცხლმა სიცოცხლისამ  იწყო ღმერთის სხეულის მიტოვება და უხსენებლმა დაღუპა კედრებს შორის ბინადარი. " 
                                                                                                                                     
                                                                                              ტურინის პაპირუსი. pi. 31, 77, 131 - 138
                                                                                    ე.ა. უოლლის ბაჯი "ეგვიპტის მკვდართა წიგნი"


      გარედან გლოვის ჰანგით შეზავებული გაბმული არაბული ლოცვა არ წყდებოდა. 
გველის დაკბენილმა ბოლო ხრიალს სული ამოაყოლა და მიჩუმდა.
ლოცვა შეწყდა. 
სამაგიეროდ ჩოჩქოლი ატყდა.

    -დასამარხი დროც არ გვაქვს, - მომესმა მილოშის ხმა.
    -არც შესაფერისი იარაღი გვაქვს ქვიშა რომ ღრმად ამოვიღოთ და აზიზი მიწას მივაბაროთ. - გაეპასუხა მეორე.
    -მარტო ქვიშა რომ დავაყაროთ, ქარი გადახვეტს  და არ ივარგებს. - გააგრძელა მესამემ.
    -ნაჭერში უნდა გავახვიოთ, სუდარასავით უნდა გამოვიყენოთ მისი მოსასხამი, იქნებ ახლო-მახლო გამოქვაბულიც იყოს რომ შიგნით დავასვენოთ. თუ არა და  დანებით მოგვიწევს მიწის ამოთხრა და მისი დამარხვა, ზემოდან კი კლდის ნატეხებით ბორცვი გავაკეთოთ საფლავზე,  მერე რომ მივაგნოთ და კაიროში გადავასვენოთ. მუსტაფა, ჯერ აქ დაგვეხმარე, მერე კი მოიარე აქაურობა, იქნებ გამოქვაბულის მსგავსს რაიმეს წააწყდე.  სალეჰ, დამეხმარე მიცვალებულს მივხედოთ, ფრთხილად იყავი მორიელი არ იყოს  ტანსაცმელში, ცეცხლსაც მიუმატე სინათლე გვჭირდება.  - თქვა  რაშიდმა. 
    -არა მგონია მალე შევძლოთ მისი გადასვენება, სანამ ჩვენ აქ მოვბრუნდებით, გვამი გახრწნილი დაგვხვდება, გველის შხამი თავისას იზამს. ჯობია დავმარხოთ მიცვალებული,  ყოვლადმოწყალე ალლაჰმა შეიფაროს მისი სული. მე წავალ იქნებ სადმე  ახლომახლო გამოქვაბული ვიპოვო. -გაეპასუხა მუსტაფა. 
    -აი ეს აქლემის ტყავის ნაგლეჯი აიღე, დაახვიე და ზედ სპირტი დაასხი, ჩირაღდანივით აინთება და კარგახანს გეყოფა.
    -განთიადამდე აქაურობა უნდა დავტოვოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი წესით მიცვალებულს  ჯერ განვბანთ, შემდეგ სუდარაში ვახვევთ და  ვმარხავთ, პირით აღმოსავლეთისკენ. ახლა კი მხოლოდ დამარხვა შეგვიძლია. შენ არ შეეხო, მუსლიმი არ ხარ, ჯობია აქლემებს ბარგი აჰკიდო და გასამგზავრებლი სამზადისი დაიწყო. - უთხრა რაშიდმა მილოშს.
    -ნება თქვენია. - უპასუხა მილოშმა.

არაბები ფუსფუსებდნენ, მიდი-მოდიოდნენ, როგორც ხმაურით ვხვდებოდი, საფლავისთვის კლდის ნატეხებს აგროვებდნენ. 
       
      ჩემი გამოქვაბულის შესასვლელს შირამასავით ქონდა ჩამოფარებული კლდის დაახლოებით ოთხმეტრიანი სიმაღლის და ხუთმეტრიანი სიგრძის მკლავი, რომელიც ზედა ნაწილით კლდეს უერთდებოდა, ხოლო გამოქვაბულის შესასვლელამდე მოგრძო და ვიწრო ნაპრალს ქმნიდა. ეს ნაპრალი იმდენად შეუმჩნეველი იყო,  რომ წუხელღამ ცხენის უთავო ჩრდილს რომ არ გავკიდებოდი, ჩემთვისაც შეუმჩნეველი დარჩებოდა ეს ვიწრო  გასაძვრომი, რომელშიც მოქნილი ჯადარიც კი  ძლივს შემოეტია. 
       
          გამოქვაბულის შემოსასვლელში ორმეტრიანი შავი კობრა სპირალებად დაგრაგნილიყო და შავი ბრტყელი თავი ნაპრალისკენ ჰქონდა მიქცეული. გამოქვაბულში  გველის სუნი ტრიალებდა,- ნიშადურის სპირტის სუსტი სუნი.
ცხენს ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო, ჩემი გაფრთხილება ზედმეტიც იყო, ჯადარი ისედაც ქანდაკებასავით იდგა და კუნთიც არ უთრთოდა. 
        გარეთ ატეხილი სირბილის და ხმაურის მიუხედავად კობრა არ ირხეოდა.  შირმასავით გადაწოლილი კლდე ნიადაგის ვიბრაციას მთლიანად ახშობდა. მაგრამ თუ მე, ან ცხენი, თუნდაც ერთ მოძრაობას გავაკეთებდით, გველი მაშინვე იგრძნობდა საფრთხეს და  მერე მხოლოდ ღმერთმა იცოდა მოსახდენი. 

        ამ წუთას, თანახმა ვიყავი სამ დღესაც ვმჯდარიყავი ამ სოროში, ოღონდაც კობრა თავისით გაცლოდა ჩემს არემარეს.  სანთებელას წამით გაელვებულ  მცირე შუქზე შევნიშნე რომ კობრა ორი მეტრის სიგრძის მაინც იქნებოდა, კარგად განვითარებული ძლიერი სხეულით და ქვასავით ყბებით.  გამოქვაბულში გამეფებულ სიბნელეში შავ გველს  ვერ ვხედავდი. საიდან უნდა დავლოდებოდი საფრთხეს - გარკვევა შეუძლებელი იყო.
          ახლა ჩემთვის ყურებს უფრო მეტი ხეირის მოტანა შეეძლო ვიდრე თვალებს. სმენად ვიქეცი რომ გველის მოძრაობით აშლილი ქვიშის ხმაური არ გამომპარვოდა. კობრა საკმაოდ სწრაფად და ჩუმად სრიალებდა, ხოლო მისი ელვასავით სწრაფი და მოულოდნელი ნახტომი ერთდოულად შხამიანი კბილის ჩასობას ნიშნავდა.

      როგორმე შიში და ზიზღი უნდა დამეძლია, უნდა მეცადა რომ გველს ჩვენი მხრიდან საფრთხე არ ეგრძნო, ამისი მოლოდინი კი ნაკლებად უნდა მქონოდა, მე რომც გავშეშებულიყავი, ცხენი დიდხანს ვერ შეძლებდა გაუნძრევლად დგომას. ამიტომ მინდოდა თუ არა, გველთან შესახვედრად და საბრძოლველად უნდა მოვმზადებულიყავი.

        კუნაპეტი სიბნელე იდგა.  სანთებელას ანთებას ვეღარ ვბედავდი, ჩხაკუნის არ მეშინოდა, ყრუ ქვეწარმავალი ვერაფერს გაიგონებდა, მაგრამ სინათლეს, მისი მუდამ ღია თვალები მაშინვე შენიშნავდა. 
        ძალიან, ძალიან ნელა, ფეხის წვერებზე დავიწიე უკან სულ ერთი ნაბიჯით, მაგრამ ფეხზე ნაჭრის ტომარა წამომედო და ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავცემულიყავი. სასწრაფოდ გავიხედე გველის მხარეს, მომეჩვენა რომ შეირხა. მაგრამ ქვიშის შრიალი არ გამიგონია, ალბათ ისევ გაირინდა.
   
      კარგა ხანს არც მე  შევრხეულვარ, ცოტა ხნის მერე ნაჭრის ტომარა ხელით მოვსინჯე. შიგნით რაღაც დაგრეხილი - დახვეულად იდო. მორიელების  შიშით გულგაციებულმა მარცხენა ფეხსაცმელი  სწრაფად და უჩუმრად გავიხადე და აქლემის ტყავის ქალამანი ხელზე ჩამოვიცვი მორიელის ნესტრისგან დასაცავად.    ტომრის პირი გადავწიე და შიგთავსი ძალიან ნელა, ფრთხილად ამოვიღე. ცხვრის სუნი მეცა. ბნელში რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ მვიგრძენი რომ ხელში ცხვრის მატყლისგან დაგრეხილი თოკი მეჭირა.    ხუთკეცად  დახვეული თოკი ხელში გავშალე, მაგრამ რაში უნდა გამომდგომოდა...  იმედგაცრუებულმა თოკი უნაგირზე მივაკიდე.

ღამის სიცივე გამოქვაბულში ვერ აღწევდა.  თუ ჩემს დაუპატიჟებელ სტუმარს არაფერი შეაწუხებდა,  საღამომდე არც დაიძვრებოდა ადგილიდან. ეს კი ჩემს დაგვიანებას და უდაბნოში უმიზნოდ გატარებულ კიდევ ერთ დღე-ღამეს ნიშნავდა. მდევარიც, ღმერთმა იცის როდის გაეცლებოდა ამ ადგილებს.

        ეს ყველაფერი უცანური დამთხვევა იყო თუ ბედისწერის ჭიშკარში უნდა გამევლო, ვერ ვხვდებოდი. ნუთუ განსაცდელს და უბედურებას ვიზიდავდი. ნუთუ ასეთი მძიმე მიზიდულობის ძალა ქონდა იმ შიშს, რომელსაც მთელი ჩემი გონება, სული და სხეული სრულად ჰქონდა მოცული. 

        მივხვდი რომ ეს შიში, ჯერ კიდევ დელატპლანზე გამიჩნდა, როცა ჰამადის თავზე ტყვიით დაჭრილი მივფრინავდი და მას შემდეგ- აღარ გამნელებია. ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ სიკვდილის შიში იყო, ეს  რაღაც სხვა უფრო იყო და თან სრულიად შეუმჩნევლად ჩემი ყოფის მუდმივი თანამდევი გამხდარიყო.

          შიში არც მაშინ გამნელებია, როცა ბედუინი ალ კაბირი ჩემს გვერდით იყო,  ჩემზე უჩუმრად ზრუნავდა, თავისი ხელით მაჭმევდა, წყალს მასმევდა, ჩემს ჭრილობას უვლიდა და ჩემს ძილსა და სიმშვიდეს იცავდა.  ამის მიუხედავად, შიში ძილშიც არ მშორდებოდა, ისე იყო ჩაბუდებული ჩემს გულსა და გონებაში, რომ ნებისმიერი საფრთხე, ასმაგად გადიდებული და ყოვლისმომცველი მეჩვენებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც უდაბნოში დავხეტიალობდი, მას ერთი წამითაც არ მივუტოვებივარ. სიმშვიდე ჩემთვის სამუდამოდ გაქრა, ხოლო მუდმივი შიშისგან გამოწვეული სტრესი ისე მომეჩვია რომ, მის გარეშე მოდუნებულად და უძვლო-უხერხემლოდ ვიგრძნობდი თავს. 

          ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ამ უცნაური შიშის ასეთი  გაძლიერების მიზეზი: თვალუწვდენელი უდაბნო,  სამყაროსავით უსასრულო, ცხელი და უწყლო, რომელიც დღე სიცხისგან ზიმზიმებდა, ხოლო ღამის სიცივით ჭახანით ხეთქავდა მზისგან გადახურებულ კლდეებს, -  თუ  ჩემი ულევი და უსასრულო გზა სამშობლოსკენ, რომლის უმეტესი ნაწილიც ჯერ კიდევ წინ მედო.  ეს ადამიანები, რომლებმაც ჩემს დასაჭერად ამ სიშორე გზა გამოიარეს, - თუ ის, რომ სიკვდილი თუ არა, - უკეთესი არაფერი მელოდა მათ ხელში. ბედუინი, რომელიც ყველაზე უცნაურ ადამიანად მიმაჩნდა მათ შორის ვისაც ვიცნობდი, - თუ მისი საშინელი მონატრება, რომელიც ამ შავი კობრასავით ტაატით შემოდიოდა ჩემს სულში. სახლი და ჩემიანები, დაუსრულებელ გულისწუხილად რომ მქცეოდა, -  თუ ცოტა ხნის წინ მოსმენილი საზარელი ამბავი, სულების გამოხმობისა და მოლაპარაკე მიცვალებულების შესახებ.  იმის გააზრება, - სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, -  თუ ის, რომ ახლა ნამდვილად ალყაში ვიყავი და გამოსავალი არ მქონდა. 

        ჩემი ერთადერთი უპირატესობა ის იყო, რომ აქ მყოფთა შორის არავინ, თვით ამ ვეებერთელა კობრამაც კი არ იცოდა რომ მეც ამ  შავ გამოქვაბულში ვიყავი. 

        ჩემი შიში უფრო დიდი იყო და უფრო მძლავრი, -  ვიდრე ეს შავი კობრა, რომელიც თავისუფლების და სიცოცხლისკენ მიმავალ გზას მიკეტავდა. ვიგრძენი რომ, კობრისგან გამოწვეული შიში - ჩემს მუდმივად თანმდევ შიშს ვერც კი უტოლდებოდა.  ეს ფიქრიც, ახლა გონებაში რომ მიტრიალებდა, მისი საზრდო იყო, როგორც ყოველი ახალი შიში და ისიც,  უსასრულოდ  იზრდებოდა და იზრდებოდა. ეს საოცრად ჭკვიანი არაბული ბედაურიც, რომელიც ჩემს სამშვიდობოს გაყვანას, - ცხოველის აუხსნელი ერთგულებით ცდილობდა, მხოლოდ ცოტათი თუ მეხმარებოდა ამ დამანგრეველ შიშთან ბრძოლაში.
     
          რაღაცნაირად ვიგრძენი რომ ამაღამდელი ღამე,  განსაკუთრებული იყო, რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო, დიდი და მნიშვნელოვანი. რაღაც უნდა გადამელახა, რაღაც განსაცდელს უნდა შევბმოდი პირისპირ და მარტო, ვგრძნობდი, რომ ეს განსაცდელი ჩემს შინაგან სამყაროში დიდი ზღვრის გამვლები მოვლენა უნდა გამხდარიყო, მისი დაძლევა  კი ამ ზღვრის გადალახვის ტოლფასი. იმასაც ვგრძნობდი რომ ეს განსაცდელი, ეშმაკობით ან გაქცევით კი არა, არამედ პირდაპირი, სამართლიანი და რთული ბრძოლით უნდა დამეძლია. რამდენად უთანასწორო იქნებოდა ეს ომი ან,  იქნებოდა თუ არა უკანასკნელი,  - არ  ვიცოდი.  ჩემი გული ისე გუგუნებდა, ლამის მაყრუებდა, გარედან ხელიც კი მივიჭირე რომ დამშვიდებულიყო.
     
          ვიდექი და ვფიქრობდი იმაზე, იყო თუ არა ეს ავად დაგრაგნილი ქვეწარმავალი, - სწორედ ის ზღვარი, რომელთან მიახლოვების და  გადალახვის აუცილებლობის შიში  მოსვენებას არ მაძლევდა.
   
        გონებაში გამიელვა აზრმა, რომ მთავარს მივხვდი.  მივხვდი რომ მე, ყველაზე მეტად, მარტოობაზე მეტად, საჰარაზე მეტად, მდევარზე მეტად, სიკვდილზე მეტად, სწორედ ამ ზღვრის მეშინოდა.

რატომ მეშინოდა? რატომ ?  რა უნდა მომხდარიყო ამ ზღვარზე? ან მის მიღმა?
     
        ვიგრძენი რომ მის მერე,  მე, ან მევედ დავრჩებოდი, ან მე - „მე“ აღარ ვიქნებოდი... მივხვდი რომ სიძნელეებთან ბრძოლისას ყველაზე მეტად, ჩემს თავში - ჩემივე დაკარგვის მეშინოდა, ეს სიკვდილზე მეტად მაშინებდა, სიკვდილი ხომ გამოსავალი იქნებოდა იმისათვის რომ მე, - მევედ დავრჩენილიყავი...
        რა ვიქნებოდი, ან ვინ თუ მე - „მე“ აღარ ვიქნებოდი? შეშლილი ? სულით ავადმყოფი?  მაგრამ შეშლილებსაც  ხომ ქონდათ თავისი შინაგანი სამყარო, უბრალოდ ეს სამყარო  გარშემო მყოფთათვის მიუღებელი იყო, შეშლილი  რეალობასთან კარგავდა კავშირს, ამქვეყნიური საფრთხე მისთვის არ არსებობდა, „იქაური საფრთხე“ უფრო აშინებდა, რომელიც "აქ" მყოფებისთვის სასაცილოც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. არა, არა, ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა.

აბა რა იქნებოდა? უსულო სხეული? არა, სულიანი სხეული მაგრამ ჩემს გარეშე? თუ ჩემს გარეშე, - მაშინ რა გამოდიოდა? უგულო ადამიანი, როგორიც ეს პოლონელი ექიმი იყო?  ხომ თქვა, რომ იმ დღიდან, მისთვის ყველაფერი შეიცვალა - როცა ბედუინებმა, ალ კაბირის ოჯახის წარმოუდგენელი შეურაცხყოფისთვის, მთელ ქალაქში პატივცემული ექიმი, ყელზე დანამიბჯენილი საკლავივით წამოაქციეს, ქუჩაში, მთელი ქალაქის თვალწინ, მტვერში ღორივით ათრიეს, მერე სიკვდილის ღირსადაც არ ჩათვალეს და ზედ აფურთხეს... და როგორი გახდა ეს კაცი, რომელსაც ყველაზე კეთილშობილური მისია ქონდა ადამიანთა შორის?  ვიღაც მწვალებელი?! ურჩხული, რომელიც ორი კვირის მკვდარს  ალაპარაკებდა  და სულებს იხმობდა ?!... 
         
          რაღაც სხვა ძალა მჭირდებოდა რომ თავი არ დამეკარგა, რაღაც სხვა ძალა, უხილავი დამხმარე... გონებამ ისევ ლოცვისკენ გაიწია...
   
    ...„წმინდაო მარიამ, მეოხება გამიწიე უფლის წინაშე, შემეწიოს, ძალა მომცეს გადავლახო ეს ღამე ისე, რომ ჩემი თავი არ დამეკარგოს, უფალო, შეგთხოვ და გევედრები გამომიგზავნე ციური  მხედართმთავარი მიქაელ მთავარანგელოზი შემწედ და წინამძღოლად ამ უცნაურ განსაცდელში, დამეხმაროს რომ მოვერიო ამ უცნაურ შიშს, რომელიც გონებას მიბნელებს, მასწავლოს როგორ ვიყო შეუპოვარი,  მშვიდი და ჭკვიანი ამ ბრძოლაში რომ არცერთი, არცერთი შეცდომა არ მომივიდეს...“ - ვლოცულობდი და  შევთხოვდი უფალს შეესმინა ჩემი მუდარა, რომელსაც სიტყვების გარეშე, სანთლების გარეშე, მხოლოდ გონების ძალით ვაგზავნიდი ზესკნელში.     
       
        თავზე ვეებერთელა კლდოვანი მთა, - საფლავის ლოდივით მქონდა წამომხობილი. გარეთ, ჩემი დაჭერის და მოკვლის მსურველი, ოთხი ძლიერი მამაკაცი,  მეხუთეს სუდარას და საფლავს უმზადებდა.

        მე კი, სუსტსა და უმწეოს, აფრიკაში, შუა საჰარაში, არაბულ ღამეზე უფრო შავ სიბნელეში, ჰამადის კლდოვანი მთის შავ გამოქვაბულში,  ცოცხლად დამარხულს,  ხელთ მხოლოდ ჩემი ბასრი დანა, ცხვრის მატყლის დაგრეხილი თოკი და არაბული ლამპარი მქონდა, რომელშიც პიტნის ცოტაოდენი ზეთი შემორჩენილიყო.  ჩემს გვერდით შავი არაბული რაში ქანდაკებასავით გაქვავებულიყო, და ჩემს წინ დაგრაგნილ ვეებერთლა შავ კობრას შესცქეროდა.

        მოულოდნელად ბებიაჩემის შელოცვა გამახსენდა:
„... გასკდა შავი კლდე, გადმოსკდა შავი მდინარე, გამოვიდა შავი კაცი, შავი ცხენით, შავი ლაგამ - უნაგირით, შავი ხმლით და შავი შუბით, ახალა შუბი შავ ქვას, გასკდა შავი ქვა და გასკდა შავი მიწა, შიგ ჩაინთქა შავი კაცი, გასკდა შავი ხე, დაიშალა შავ ნახშირად, დანაცრდა  და ქარში გაიფანტა, ასე დანაცრდეს და გაიფანტოს შავი  და ავი, ღმერთს დიდება, შენ მშვიდობა, გაწყდეს ავი შავად სახსენებელი და  ავი შავი უხსენებელი...“  - ჰოი, როგორი ყოვლისშემძლე მეგონა ბებო მაშინ, რომლის სიტყვებმაც, შავ ცხენზე მჯდარი შავი კაცი  ნაცარტუტად აქცია ...  შელოცვა, შელოცვა.... ჰმ...ხომ არსებობს გველის შელოცვა...

          ვცდილობდი გონება მომეკრიბა და ყველაფერი გამეხსენებინა, რაც გველებთან დაკავშირებით გამეგონა. რაც ბიბლიიდან ვიცოდი, მხოლოდ ის იყო, რომ გველების პირველი შემლოცველი - თავად მეფე სოლომონი იყო. ამიტომ, მისი დროიდან მოყოლებული, ყველა შემლოცველი, მიუხედავად რელიგიისა და რწმენისა, გველის შელოცვისას აუცილებლად მოიხსენიებდა სოლომონ მეფის სახელს. ბიბლიურმა მოსემაც თავისი კვერთხი  გველად  აქცია, რაც ფარაონის  ქურუმებმა მაშინვე გაიმეორეს.
     
        გველების შემლოცველებზე ათასგვარი და ურთიერთსაწინააღმდეგო ამბები ვიცოდი. ეს ხელობა სწორედ ეგვიპტიდან იღებდა სათავეს.  კაიროში, ჩემი მორიგი „შინაპატიმრობისას,“ როდესაც ვახოს ჩემთვის ისევ არ ეცალა, ბიძაჩემის წიგნებში ერთი უცნაური და გაცრეცილი წიგნი ვიპოვე.  იმ წიგნში, ყველაზე საინტერესოდ ვინმე  შეიხი მუსსას ამბავი მეჩვენა.

გველების ლეგენდარული შემლოცველი, აჰმად არ-რიფაის გველის შემლოცველთა მაგიური დიდი საძმოს წევრი,-  შეიხი მუსსა, დიდი ხნის წინათ, ლუქსორში ცხოვრობდა. მას ყოველთვის თან დასდევდა  მისი ჯადოქრობით გაოცებული  ასობით ცნობისმოყვარე.  შეიხი მუსსა დაუმცდარად აგნებდა  ქვეწარმავლების ბუდეებს, მით უმეტეს, თუ ისინი სახლებში ან ნილოსისპირა ბაღჩა-ბოსტნებში დაიდებდენ ბინას.  მობრძანდებოდა შეიხი თავისი ლოტოსის კალათით, დადგებოდა ფეხშიშველი გაშლილ ადგილას წარმოსთქვამდა მაგიურ შელოცვას, სიტყვით უბრძანებდა ქვეწარმავალებს სამალავებიდან გამოსვლას და ისინიც, ასპიტები, კობრები, მორიელები,მცოცავები და მცურავები, ათობით და ასობით,  მშვიდად გამოდიოდნენ და მის კალათაში თავისით მიძვრებოდნენ.  გველები  გაშლილ ხელისგულზე თავს ადებდნენ, არ კბენდნენ, არ გესლავდნენ.  სათამაშო ლენტად ქცეულები ან მის კისერზე ეკიდნენ ან, ჯოხივით გაქვავებულნი გაშტერებული იყურებოდნენ, მისი ხელით მიწაზე შემოხაზული მისტიური წრიდან ვერ გადიოდნენ და მის ბრძანებებს ზუსტად ასრულებდნენ, ... მაშინ მხოლოდ გამეცინა გველის შემლოცველის მაგიურ ძალაზე.
     
            მაგრამ ახლა, აქ, ამ ღამით, საჰარაში, ბნელ გამოქვაბულში რომლის შესასვლელშიც ორმეტრიანი გველი გაწოლილიყო, სულმდაბლობად და უადგილოდ მომეჩვენა ჩემი მაშინდელი ირონია. ახლა ვხვდებოდი, რომ ასე ხელაღებით, არაფრის უარყოფა არ შეიძლებოდა. ეს  იგივე იყო, რომ არ გერწმუნა მეფე სოლომონ ბრძენის გველის მონუსხვის არაჩვეულებრივი უნარის, არ გერწმუნა ბიბლიის... ახლა უილაჯოდ ვცდილობდი გამეხსენებინა გველის შელოცვა იმ წიგნიდან, ზუსტად იმ სიტყვათა წყობის მიხედვით, როგორც იქ  ეწერა მაგრამ ამაოდ, მხოლოდ რამოდენიმე ფრაზა მახსოვდა.  შელოცვა  ყურანის რამოდენიმე სურას შეიცავდა  და ალლაჰისათვის მფარველობის გამოთხოვით იწყებოდა. შეიხის თქმით, თუ მისი მაგიური  შელოცვა  გველზე არ იმოქმედებდა და მაშინვე არ გააშეშებდა, ესე იგი გველი ბოროტი სული იყო და ადამიანი სწრაფად უნდა გაცლოდა მის არემარეს. 
     
    ვფიქრობდი გველის შელოცვაზე, შემლოცველებზე, იმაზე, რომ ეგვიპტურ ტაძრებზე გველი ორნაირად იყო გამოსახული, ერთი ზემოთ აწეული თავით, რომელიც ძალაუფლებას და სიბრძნეს განასახიერებდა, ხოლო მეორე მცოცავი და მიწაზე გართხმული, რომელიც ბოროტების სიმბოლოდ ითვლებოდა. ვიხსენებდი გველების შავ  ქორწილს, რომლის თავზეც მე და ბედუინმა არაბული ცხენით გადავიფრინეთ და ასე  დავაღწიეთ თავი. ვიხსენებდი ალ კაბირის ზურმუხტივით მოკიაფე თვალებს, როდესაც ცხენით ჰაერში გასაფრენად  ვემზადებოდით...

          გარეთ არაბები დარბოდნენ, ქვებს და ლოდებს აგროვებდნენ რომ მზის ამოსვლამდე, მუსლიმანური წესის დაუცველად მიწისთვის მიებარებინათ მიცვალებული.
          - ივარგა სუდარად ამ მოსასხამმა. მშვიდად იძინე აზიზ, ალლაჰმა მიიბარა შენი სული და მამასავით მოგივლის სანამ არ აღსდგები სულით და ხორცით. - მომესმა ჟღრიალა ხმა. 

        "როგორც ჩანს არაბებმა მომზადება დაასრულეს, ახლა გამოქვაბულის ძებნას დაიწყებენ." -  ვიფიქრე და გადავწყვიტე როგორც შემეძლო მოვმზადებულიყავი. რამოდენიმე წუთში გველის ძალიან ჩუმი შიშინი მომესმა. სმენად ვიქეცი რომ მისი მოძრაობის მიმართულება გამომეცნო.

          წამში ცეცხლმა  ნაპრალის ვიწრო ნიში გაანათა, გველი მოულოდნელად ყალყზე შედგა და ავად დაისისინა. თმიდან სასწრაფოდ მოვიგლიჯე აბრეშუმის ნიკაბი  და მთელი ნაჭერი მარცხენა ხელზე იდაყვამდე დავიხვიე, ზემოდან აქლემის ტყავის ქალამანი წამოვიცვი, მარჯვენა ფეხსაცმელში ჩაცურებული დანა მოვსინჯე,  ლამპარი იქვე ქვიშაზე დავდე და სანთებელა მოვიმარჯვე. ფეხის წვერებზე შევდექი,  მოვიხარე,  ორიოდე ნაბიჯით წინ წავიწიე და ცხენს მივეყრდენი. 

      - ჰაი შაითან ! - დაიძახა გარეთ ვიღაცის ხმამ,
      -  რა მოხდა!
      - აქ გველების ბუდეა,  ვეებერთელა კობრაა დაბუდებული, ამან დაკბინა ალბათ აზიზი !
      - ცეცხლი შეუგდე და აქეთ გამოდი, საფლავის გათხრაში დაგვეხმარე. - გავიგონე რაშიდის ხმა.
      - ჰაი შაითან, აი შენ აზიზის სამაგიეროდ !...

            ანთებული ჩირაღდანი ნაპრალში შხულით შემოვარდა და ზედ გველის წინ დაეცა. კობრა გაავებული აიგრაგნა, ხახა დააფჩინა და ორკაპი ენა გარეთ ისროლა. ცეცხლმა გამოქვაბულის მარცხენა კუთხე გაანათა, გველი გამოქვაბულის ბნელი მხარისკენ სწრაფად გამოსრიალდა. ლამპარმა წამში აიტაცა ჩემი სანთებელას ცეცხლი,  მის მბჟუტავ სინათლეზე ძლივს შევნიშნე კობრა, რომელიც შავი,  გატყორცნილი ისარივით  პირდაპირ ცხენისკენ მოსრიალებდა.

          ხელში თოკი მომყვა, უნაგირიდან დაუფიქრებლად მოვგლიჯე და გველისკენ ვისროლე და  მოხდა ის, რასაც საერთოდ არ ველოდი, გველი ადგილზე გაიყინა, ყალყზე შედგა და აიგრაგნა, ლამის ჩემს სიმაღლეზე აქანავდა მისი ბრტყელი და პრიალა თავი,  კაპიშონი ფრთებივით მთლიანად გაშალა, წითელი ხახა ავად დააღო, ორკაპი ენა ისროლა  და შხამიანი კბილები  გამოაჩინა. ცხენი გვერდულად შემობრუნდა და გველს მიაჩერდა. კობრა  თოკის გადმოლახვას ვერ ბედავდა. მისგან მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა, ლამპრის მბჟუტავი სინათლე მის თვალებში აირეკლა, ორკაპი ენა ავად აასავსავა და აშიშინდა, გაქვავებული თვალებით მომაცქერდა. კაპიშონი დაჭიმული ქონდა, ყელზე რამოდენიმე შავი და ფერადი რკალი გამოუჩნდა... ტანში გამცრა ისეთი საშინელი, საზარელი  შესახედი იყო გაავებული ასპიტი... წამსვე გამახსენდა ჩემი თეთრი სიზმარი,  გაშავებული ხის შავი ფესვები გველად  რომ იქცა და  ხახადაღებული მეძგერა...

            მარცხენა ხელი წინ ავიფარე და მარჯვენა ხელით დანას ვწვდი. თუ გველი  მეცემოდა, მსხვილად დახვეული ნიკაბი და აქლემის ტყავი,  მისი შხამიანი ეშვებისგან ცოტათი მაინც დამიცავდა. ვცდილობდი მისი ყურადღება- მე მიმექცია, ჯადარის სიკვდილი - არ უნდა დამეშვა... მარცხენა ხელს ნელა, მონოტონურად ვამოძრავებდი მარცხნივ და მარჯვნივ... ჯადარი ჩუმად ფრუტუნებდა, ძარღვები დაებერა, მოჭიმული მშვილდივით იდგა. ამ გარინდებაში რამოდენიმე წამი თუ წუთი გავიდა... გველი ყურადღებით ადევნებდა თვალს  ჩემი ხელის მოძრაობას, ნელ-ნელა სხეულიც ააყოლა და მთელი სხეულით აქანავდა, ისე აცეკვდა თითქოს მის წინაშე მე კი არა, - მაგიური ნიჭით მოსილი, გველის  შემლოცველი შეიხი მუსსა იდგა.

          ახლა მხოლოდ ყურადღება და სისწრაფე იყო ჩემი მხსნელი. ლამპარი იწვოდა, მასში ზეთი ჯერ კიდევ იდგა, მბჟუტავი სინათლე ძლივს ანათებდა მომავალი ბრძოლის ადგილს. მარცხენა ხელს ძალიან ნელა,  იმ დირიჟორივით ვამოძრავებდი, ჰაერში  რომ ეფერება მუსიკის ჰანგებს. გველი მოუცილებლად ადევნებდა თვალს  ჩემს ხელს, მთელი სხეულით რიტმულად ქანაობდა და შესაფერ მომენტს ელოდა რომ შხამიანი ეშვებით მცემოდა. 
       
      მე ძალიან ნელა, ჩურჩულით დავიწყე გველის შელოცვა, გაბმით, თითქმის უწყვეტად ვამბობდი იმ მაგიურ სიტყვებს, რომლებიც იმ წიგნიდან მახსოვდა:
        „ოო, გველო! გაქვავდი! შეგილოცავ შენ, მისი სახელით, ვისი სიტყვაც აღებს ყველა დახურულ კარებს, რომელიც არს ჩემი შემწე განსაცდელის ჟამს!  ზემოთ ხარ თუ ქვემოთ, კეთილი ხარ თუ ბოროტი,  დაემორჩილე  წმინდათა წმინდა მცნებას. მე - სიტყვის მეუფე ვარ! შეგილოცავ შენ ყველა დიდებულ სახელზე უფრო დიდებული სახელით, გადარჩენის მეუფის სახელით! შეგილოცავ შენ, დიდი შეიხის, მაგიური დიდი საძმოს ბატონის, აჰმად არ-რიფაის სახელით! შეგილოცავ შენ, მეფე სოლომონ ბრძენის სახელით, რომელსაც აქვს ხელმწიფება და ბატონობა ყველა ქვეწარმავალზე, მცურავსა და მცოცავზე, - მისმინე მე! მშვიდობა შენდა! არა ვიქმ ბოროტს შენზე! გაქვავდი, დამემორჩილე მე, ოო, გველო,  და მე,  არ მოგაყენებ ზიანს!...“ 

        გველი მოდუნდა,  მისი აგრესია თვალდათვალ ქრებოდა. ხახა დახურა, კაპიშონიც დაკეცა, მშვიდდებოდა. რატომღაც დავიჯერე რომ მართლა გაქვავდებოდა და გარეთ გასხლტომის საშუალება მომეცემოდა. უბრალოდ მოთმინება მჭირდებოდა, ყურადღება და მოთმინება.  გველი შელოცვას მართლა ემორჩილებოდა. დანის ტარი მარჯვენა ხელში მოვსინჯე, თურმე ისეთი ძალით ვუჭერდი, რომ თითები დამბუჟებოდა.

      გამოქვაბულის შესასვლელთან დაგდებულმა ჩირაღდანმა უცნაურად იშხივლა, ცეცხლმა იმატა და გველის ჩრდილი გამოქვაბულის კედელზე ასმაგად გადიდებულად მიახატა, ცხენი დაფრთხა, უკან დაიწია და  მიწაზე გაშლილი თოკი ფეხით აითრია,  ეს საბედისწერო შეცდომა იყო.  გველი წამსვე გამოფხიზლდა ყალყზე შედგა, რაკი თოკი აღარ აკავებდა, გვერდზე  გადაქანდა და ხახადაღებული პირიდან სრულიად მოულოდნელად სითხე გამოაფურთხა, შხამი პირდაპირ ცხენის ფაფარს შეესხა.

        წამის მეასედში მარცხენა ხელი ცხენის წინ გავიქნიე და არც შევცდი, გველი ისარივით მეძგერა, მაჯაში ეშვები ჩამასო და მთელი ძალით ჩამაფრინდა, წელში გავიმართე და ინსტიქტურად ხელი მაღლა, თავს ზემოთ ავწიე, ძლივს ავითრიე გველის მძიმე სხეული...ჩემს მოძრაობაზე ცხენი აფრუტუნდა, წინ წამოიწია, მიწა დატორა, გველის კუდი წინა ფეხებში მოიქცია და მთელი ძალით დააწვა.  გველი მოულოდნელ ხაფანგში აღმოჩდა, კუდით ცხენს ძლიერად ეჭირა, დაფჩენილი პირით კი  ჩემს მაჯას ჩაფრენოდა და  შავი ლენტივით გაწელილი, - აქლემის ტყავიდან ეშვებს ვერ ითავისუფლებდა. 

    რაღაც წამით, მე და უხსენებლმა ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ, წამსვე ვიგრძენი რომ ჩემმა გონებამ გარემოზე კონტროლი დაკარგა, რაღაც უცნაურ ფსიქიურ მდგომარეობაში გადავედი, ვგრძნობდი რომ ფიზიკურ სამყაროსთან კავშირი დავკარგე და სადღაც სხვა სამყაროს უცნობ ჯურღმულში  ვიძირებოდი, რომელიც რაღაც, დიდი, ძლიერი და გამოუცნობი  ძალით იყო გაჟღენთილი, ეს ძალა  სადღაც მექაჩებოდა, მძლავრად მითრევდა ... რატომღაც ბოროტებად აღვიქვი...  თავს ძალას ვატანდი, მინდოდა დავბრუნებოდი სააქაოს, მაგრამ არ შემეძლო... გველის თვალები, რომელიც დაუხამხამებლად, გაშტერებით პირდაპირ თვალებში ჩამცქეროდნენ,  უკან დასაბრუნებელ გზას მიხშობდნენ...სხვა სამყაროში გავიხლართე, არ ვიცოდი რამდენ ხანს დავყავი ამ მდგომარეობაში, წუთები თუ საათები, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეები ჩემს ქვეშ მიცურავდნენ...
 
          მოულოდნელმა ტკივილმა გონს მომიყვანა, მხრები მეწვოდა, ცხენის ძლავრად მოქნეული კუდი ბეჭებზე მეორედ მომხვდა და მთლად გამომაფხიზლა... მარჯვენა ხელი მკვეთრად და მოწყვეტით მოვიქნიე, დანამ ისხივლა და გველის მბზინავი სხეული ჩემი მაჯის ქვემოთ, - ერთი მტკაველის სიგრძეზე გადაჭრა. გამოქვაბულის ექომ, ქერცლზე მოხვედრილი ლითონის ხმა აიტაცა და რამოდენიმე წამს ისე ხმიანობდა, თითქოს ფოლადს ლესავდნენ.   

          გველის მოჭრილი თავი, გაშლილი კაპიშონით და მღვრიე თვალებით  ჩემს მაჯას ისევ ღონივრად ჩაფრენოდა. გადაჭრილი სხეულის ზედა ნაწილი მაჯაზე სამაჯურივით შემომეგრაგნა და ისე მომიჭირა,  რომ ტკივილისგან დავიკვნესე. მას  ჯერ კიდევ ქონდა ძალა. გველის მეორე ნაწილი მიწაზე დავარდა და თოკში აიხლართა. ჩემი მაჯა წითლად შეიღება...

          ...  მას წითელი სისხლი ჰქონდა...
მისი თვალები ჯერ კიდევ ბრწყინავდა, მე მონუსხული შევცქეროდი, მის უძრავ, ჩემსკენ მოჩერებულ გაქვებულ მზერას და თვალის მოცილება არ შემეძლო.... ვხედავდი, მისი თვალები როგორ ქვრებოდა...ჩემი მაჯა გველის სხეულის ბორკილისგან ნელ-ნელა თავისუფლდებოდა.
          ჩემს თავს ვუბრუნდებოდი, ისიც ვიგრძენი რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე,- მე არ ვიყავი და ვიღაც წარმართავდა ჩემს ყველა მოქმედებას,  ჩემს ნებას, ვიღაც, ჩემზე უფრო გაცილებით ძლიერი, დიდი და მცოდნე.
          რაღაცნაირად მივხვდი, რატომ იყო გველი ასეთი საკრალური არსება, რატომ ეშინოდა მისი ყველას,  - მას ორი სამყარო ჰქონდა და ორივეში ერთდროულად ცხოვრობდა... ის,  მეორე სამყარო, ძალიან ღრმა, საშიში და ძლიერი, რომელშიც ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ჩავიხედე,  თურმე არც ისე შორს იყო...

    გარედან ქვების ერთმანეთზე დაცემის ყრუ ხმა შემომესმა, მიცვალებულს მარხავდნენ...

        -აქლემები მზადაა. - თქვა პოლონელმა.
        -ჩვენც მოვრჩით, გავემგზავროთ, მოვშორდეთ ამ დაწყევლილ ადგილს.
        -რა ღამე იყო, რაც თავი მახსოვს ასეთი ცუდი ღამე არ მქონია. ასე მგონია, ამ ერთ ღამეში მთელი ცხოვრება  გავიარე. 
        -რა საშინელი კობრა იყო, რამხელა და რა საზარელი!
        -შაითნის მოგზავნილი იქნებოდა, ასეთ ღამეში ხშირად ხდება ასეთი რამე.
        -ჰო, უცნაური ღამეა, მთვარე ანათებს, მაგრამ ნახეთ ჩრდილი არაფერს არ აქვს. 
        -ნუ დაიზაფრებით, წავიდეთ გზას გავუდგეთ, აქ დარჩენა აღარ ღირს. 

ცოტა ხანში აქლემების ფეხის ხმა მომესმა... ხმა ნელ-ნელა მშორდებოდა.  როგორც ჩანს გველთან ბრძოლას კარგა ხანი დასჭირვებოდა, რაკი მიცვლებულისთვის საფლავის გათხრა მოესწროთ, ან იქნებ მე დავყავი "იმ სამყაროში" დიდი ხანი...

        ლამპარი უცანურად ალიცლიცდა, ჩემი მკლავის გველიანი ჩრდილი კედლებს მიახატა, ცხენის ჩრდილიც უცნაურად გაიწელა,  ლამპარში ზეთი ილეოდა. კედლებს დავაკვირდი, ლამპრის მოლიცლიცე ალზე, კედელზე მიხატული უცნაური ჩრდილი შევნიშნე... მოხუც, ჩალმიან კაცს,  ხელში ლოტოსის კალათა ეჭირა. ჩრდილი ხელს მიქნევდა, თითქოს მესალმებოდა.

      თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე. ვიგრძენი რომ ზღვარი გადავლახე.

      სასწრაფოდ მოვიგლიჯე ხელიდან ტყავის ქალამანი, რომელსაც  გველის მოჭრილი - თავი ეშვებით ჩაფრენოდა. სისხლიანი ნიკაბიც  მოვისროლე. მაჯას დავხედე და მოვსირისე. დაკბენილი არ ვიყავი, კობრის ეშვმა ტყავში და აბრეშუმში ვერ გაატანა, მაგრამ მაჯა,  მთლიანად ჩალურჯებული მქონდა და ნაღრძობივით მტკიოდა... 

      ცხენი მიწას ტორავდა  და გველის მეორე ნახევარს ქვიშაში გამალებით ფლავდა.
   
      გამოქვაბულში რაღაცამ გაიშრიალა და მოულოდნელად მძლავრად შემაბარბაცა...  ჭერში ავიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე, მხოლოდ უბრალო ნიავი ვიგრძენი, რომლის ჩრდილმაც გამოქვაბულის კედელზე გაშლილი ფრთასავით გაისრიალა და  გარეთ გაფრიალდა.

თავის შესაკავებლად, ხელით წავეტანე რომელიღაც გუდას, მისგან რაღაც ხრიალით გადმოცვივდა, ვარსკვლავის ფორმის ფესვები თუ კენჭები... მათ დანახვაზე ჯადარმა ხალისიანად დაიფრუტუნა,  "დამარხულ" გველს სასწრაფოდ ზურგი აქცია და ფესვებს ხრამუნით შეექცა.
     
      ტირილის თავი  არ მქონდა, ძალა საერთოდ გამომეცალა, ჩუმი სლუკუნით მუხლებზე დავიჩოქე, ფეხზე თოკი მომედო. ჩემი მხსნელი თოკი მადლიერებით ავიღე, მისგან ქვიშაზე წრე შევკარი და  შიგნით მუხლზე დაჩოქილმა უსიტყვოდ შევწირე მადლი ზეცას -  კიდევ ერთი გადარჩენისთვის.

განცდილით და გადატანილით დაღლილი,  - თვალებს ძლივს ვახელდი.  თოკის წრე მიცავდა, ახლა შეიძლებოდა გველების და მორიელების აღარ მშინებოდა.  თვალი მივლულე თუ არა, ხილვაც მაშინვე მოფრინდა...

ბედუინი  ჩემს საშველად მოდიოდა... გვერდით ჩალმიანი მოხუცი კაცი მოსდევდა, რომელსაც თხის ბეწვის სამოსი ეცვა და ხელში ლოტოსის კალათა ეჭირა.
ეს შეიხი მუსსა იყო, გველების მაგიური შემლოცველი... 
გველის სუნი ნელა-ნელა იფანტებოდა. ახლა, აღარ მეჩვენებოდა რომ ამ კლდის ქვეშ ცოცხლად ვიყავი დამარხული.
ნანატრი სიმშვიდე ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად იღვრებოდა ჩემს სულში.
     
"შენ გრძნეული გახდი! მომაკვდავმა გველმა თვალებით თავისი ძალა გადმოგცა!" -  მითხრა შეიხმა მუსსამ.
   
"მშვიდად იყავი  დაისვენე ნილლნა,... " - მომესმა ბედუინის თბილი და რბილი  ხმა, რომელმაც ჰიპნოზივით იმოქმედა.

      ლამპარი ჩაქრა.

გამოქვაბულში  პიტნის მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი არომატი დატრიალდა. თოკის წრეში გვერდულად მივწექი, მუხლები მკერდზე მივიკარი, ზედ მკლავები მაგრად შემოვიხვიე და თვალები დავხუჭე.
     
                                                                                        (იხილე როგორ გაგრძელდა)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
     
                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები