ნაწარმოებები



ავტორი: სარკმელი2
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2012


სულის განთავისუფლება

სულის  განთავისუფლება

I თავი

  გათენდა.  როგორც იქნა გათენდა. უძილობამ დამღალა, დამქანცა და უკანასკნელი ძალაც წამართვა.  ჯოჯოხეთური ღამე იყო, ცივი, პირქუში და მოჩვენებებით სავსე, როგორც ყოველვთის. სიცივე შემოაწვა სულსა და სხეულს. კრუნჩხვასავით დამიარა ტკივილმა მთელს სხეულში, თავი დამიმძიმდა, შიგნით ათასი ურთიერთგამომრიცხავი აზრი ირევა, თავის ტკივილი ამყვა. თითქმის არ მძინებია და უკვე გათენდა. ღამეს ისევ დღე სჯობია, მზეს მაინც ვხედავ. ისევ სიცარიელე, ისევ მარტოობა. „ო, დიდებულო იუპიტერ, ყოვლისშემძლე ღმერთო!”
  გათენდა, უნდა ავდგე. ჯერ თვალებს ვახელ, მარტოობამ ბოლო მომიღო. თვალებს კვლავ ვხუჭავ, იქნებ ძილი შევიბრუნო. არაფერი არ გამოდის, უნდა ავდგე. მგონი შუქი არის, ტელევიზორს ჩავრთავ და ცოტათი დავმშვიდდები. თავს ფიქრის დროს არ ვაძლევ, საბანს სწრაფად ვიძრობ, ჯერ მარჯვენა ფეხს ვდგამ იატაკზე, სიცივემ გამზრინა, შემდეგ მარცხენას და სწრაფად ვდგები ლოგინიდან. ხალათი მოვიცვი და საპირფარეშოში გავედი. სარკეს ვეცი. უძილობისგან თვალები ჩამწითლებია. საშინელი ფერი მადევს: არც ყვითელი, არც შავი, უფრო ნაცრისფერი. ყოჩაღ, მიზანს ვუახლოვდები, ნელ-ნელა ვკლავ ჩემს სხეულს, სული უკვე მოკვდა.
  ლოჯში გავედი. კალენდარს, დავხედე 21 დეკემბერი, შაბათი, ილევა დეგემბერი. ახალი წელიც მოგვდგომია. რა დრო გასულა. ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე, მშვიდი დღეა, მაგრამ საშინელი სუსხია.ყინვა ოთახშიც აღწევს და სულშიც. ჩამრთველთან მივდივარ, შუქს ავანთებ: შუქი? რის შუქი, წასულა, გაპარულა. ისევ სიცარიელე, ისევ მარტოობა.
  ... ჩაახველა, ფლოსტების ფრატუნიც მომესმა, კარი გაიჯახუნა. გაიღვიძა ბატონმა მოლიერმა. მისი მორჩილი ცოლი, ალბათ, ლოგინს ალაგებს. სად იპოვეს ერთმანეთი, იდეალური წყვილია: დრამატურგი ქმარი და ლიტერატურაში სრულიად ჩაუხედავი ცოლი.
  - შუქი არ არის? - ხველებ-ხველებით შემოდის ოთახში.
  - ეხლა ჩაქრა.
  - ხო, რად გვინდა სინათლე, წყალი, გათბობა, ჩვენ ხომ ხალხი არ ვართ. აი, მათი თავისუფლება.
  - გაჩუმდი, პოლიტიკაზე არ დაიწყო! - გვერდით ჩავუარე, ლოჯიდან გავდივარ.
  - დღეს საღამოს მწერალ ლ.დ.-სთან მივდივართ, იუბილე აქვს. შენც წამოხვალ, გეყოფა კარჩაკეტილი ცხოვრება.
  ჩხუბის თავი არ მაქვს, ამიტომ არ ვეწინააღმდეგები. წავალ, რაც იქნება, იქნება, რამდენიმე საათს შევწივარ მათ საზოგადოებას.
  სახლი, სამსახური; სამსახური, სახლი... ეხლა კიდევ ბანკეტი. მშვენიერია! ჩემს ცხოვრებაში სიახლეა. ჩემს ოთახში გავდივარ, სანამ მწერლის ღირსეული მეუღლე საუზმეს მოამზადებს, მურმან ლებანიძის პოეზიით დავმშვიდდები.
  „ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის მადონა ნორჩი”... ჩავიძირე, პოეზიამ წამიღო... დავმშვიდდი.




. . .

  კარი გაიღო, მოლიერის მეუღლემ თავი შემოყო.
  - ადექი, მამაშენი გელოდება. სადაცაა ექვსი გახდება.
  მკვდარივით მეძინა. დამშვიდებით შევხედე ქალს, რომლის უზომო მორჩილება ქმრისადმი ზიზღს მგვრიდა, მებრალებოდა ეს ქალი, სიბრალული ჯაბნიდა სიყვარულს.
  ავდექი, რა ჩავიცვა? აი, პრობლემა, ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ ჩასაცმელის მეტი რა მაქვს; მე კი ახალი მინდა, ახალი, რომ ვიგრძნო ცოცხალი რომ ვარ და დრო არ გაჩერებულა. ის ქვედაბოლო და სვიტერი ჩავიცვი ჩემი დის ქორწილში რომ მეცვა, ლამაზია და პრაქტიკული. დისშვილი გამახსენდა, სხეულში სითბო ნელ-ნელა შეიპარა. მისი ერთი კოცნა, მხოლოდ ერთი, ბედნიერს გამხდიდა, მაგრამ იგი იმ ქალაქშია, სადაც ეხლა ბარიკადებია და ბარიკადების ორივე მხარეზე ქართველები დგანან. ისევ პოლიტიკა; მეზიზღება, მეზიზღება პოლიტიკა: „ო, დიდებულო იუპიტერ, ყოვლისშემძლე ღმერთო!”
  - როგორი მშვენიერი ქალიშვილი გყავთ ბატონო დავით! ამ მომხიბვლელ ასულს გვიმალავდით?
  - სევდიანი თვალები აქვს.
  - დედასავით ქალურია და მამასავით ამაყი.
  - ისეთივე იდუმალია, როგორც ანუკ ემე.
  მესმის, ყოველი სიტყვა მესმის. ზოგი ჩუმად ამბობს, ზოგი აშკარად ჩემს გასაგონად. მამაჩემი ბედნიერია, ჩემთვის სულერთია. ჩემი სილამაზის საიდუმლოება მარტოობაშია. ეს მე ვიცი, მხოლოდ მე. თუ მინდა ლამაზი დავრჩე მარტო უნდა ვიყო, მიუსაფარი და უმეგობრო. იდუმალებაა ჩემი მთავარი კოზირი.
  ოფიციალური საღამოს შემდეგ მწერლის ოჯახში ბანკეტი გაიმართა. მამაჩემის გვერდით დავჯექი. თავს უხერხულად ვგრძნობ. თითქმის არავის ვიცნობ, გარდა რამდენიმე კაცისა, რომლებიც ჩვენს ოჯახშიც ყოფილან სტუმრად. მრცხვენია, სახლში ყოფნა მინდა.
  „ო, დიდებულო იუპიტერ, ყოვლისშემძლე ღმერთო!”
  იგივე ფრაზა. ნეტავ სად გავიგონე?
  - თბილისში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, შეიძლება იარაღიც გავარდეს.
  დაიწყო, ისევ პოლიტიკა.
  - არც ჩვენს ქალაქშია საქმე კარგად. დაგვიცავითო, ხალს მიმართეს და ქალაქიდანაც გარბიან პრეზიდენტი უნდა დავიცავათო.
  - ისეთ ხელისუფლებას რა ვუთხარი საკუთარი ხალხისაგან დაცვა რომ დასჭირდება.
  - დემოკრატია, თავისუფლება, რა მოგვიტანა ამ ლოზუნგებმა? მხოლოდ ნაგავი რუსთაველზე.- ეს მამაჩემის სიტყვებია, ყინულივით ცივია მისი ხმა, ბოღმით და სიძულვილით სავსე მისი გული. ასე რამ შეაძულა პრეზიდენტი, ისიც ხომ მწერალია, მისი კოლეგა, ამბობენ, ჩემს მოლიერზე ბევრად ნიჭიერიო. არ ვიცი, არაფერიც არ ვიცი, პოლიტიკის არაფერი არ მესმის და არც მინდა მესმოდეს.
  - ჩვენ, ქართველები ამ საუკუნის დასაწყისში ვიყავით თავისუფლები, ერთა ლიგამაც კი გვცნო, მაგრამ რა გამოვიდა ბატონებო? არაფერიც,  რუსმა მოინდომა და მისი დაჭედილი ჩექმა ისევ კისერზე დაგვადო. რუსის ნების წინ ჩვენ ვერ წავალთ, ტყულად თავს შევაკლავთ, ისედაც პატარა ერი სრულიად გავქრებით. შეჩვეული მონობა გვერჩიოს შეუჩვეველ თავისუფლებას.
  - გამოდის, რომ ჩვენი წინაპრები ტყუილად აკლავდნენ მტერს თავს, მაშინ რატომ შევრაცხეთ წმინდანებად ცოტნე დადიანი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ილია ჭავჭავაძე... ისინი ხომ საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. „ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია”, ჩემზე უფრო  მხცოვანი და ღირსეული პიროვნებები ბრძანდებით და თავისუფლების ფასიც ჩემზე მეტად უნდა გესმოდეთ.
  თავი ავწიე. პირადპირ თველებში შევხედე. ღმერთო, რა ცეცხლია! ასეთი სულის ადამიანს ვერ დაიმონებ. მანაც შემომხედა, ეტყობა ჩემი მზერა იგრძნო, ნაზად გამიღიმა და თვალი მომაშორა.
  როგორი სიმპათიურია, აქამდე რატომ ვერ შევნიშნე? ჭაღარა შეჰპარვოდა საფეთქლებში, წმინდად გაპარსულ სახეზე სანთლის ფერი დასდებოდა. ოდნავ კეხიანი ცხვირი მის სახეს ქართულ იერს აძლევდა.
  აი, ვინ არის სულით და სხეულით ქართველი. ლამაზი მამაკაცი არ არის, მაგრამ ძალიან სიმპათიურია და მამაკაცური, ვიღაცას მაგონებს, ნეტავ ვის?... რათქმაუნდა, რათქმაუნდა, ფაბრიციო დელ დონგოს.
  - მამა, ვინ არის? - ვეკითხება ჩემს მოლიერს.
  - ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორია, თანაც პოეტობს. - სახელი და გვარი მითხრა.
  „ამ მხცოვანი და ღირსეული საზოგადოების” დაახლოებით ხუთმა წარმომადგენელმა მაინც ერთდროულად დააღო პირი, რადგან მათი ახალაგზრდა, მაგრამ ნაკლებად ღირსეული კოლეგისთვის სამაგიერო პასუხი გაეცათ. ამ დროს ბედად შუქი ჩაქრა, პოლემიკა შეწყდა. შვებით ამოვისუნთქე.
  „ო, დიდებულო იუპიტერ, ყოვლისშემძლე ღმერთო!”
  სანთლები აანთეს, პოეტთა საზოგადოებაში უფრო მეტი პოეტურობა შემოტანა. როგორც ერთმა მხცოვანმა, მაგრამ უნიჭო პოეტმა იხუმრა:
  - ბატონებო, ბატის ფრთა მომეცით და სუფთა ფურცელი, მუზა მოფრინდა!
  საუბრის თმა შეიცვალა. პიეზიის ღმერთი მფარველობდა სუფრას. ლექსის თქმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, აქა-იქ შაირობდნენ. სუფრა გამხიარულდა. პარნასი დროებით დაეტოვებინა მუზას და ჩვენს გვერდით მოკალათებულიყო.
  სასმელს ნელ-ნელა ვწრუპავ. ეს ერთი ჭიქა ოჯალეში მთელი საღამო მეყოფა. ოჯალეში, ო-ჯა-ლე-ში, მგონი იშვიათი ჯიში უნდა იყოს, სად მოჰყავთ, ჩვენში თუ აღმოსავლეთში? მშვენიერი ღვინოა; კიდევ მოვსვათ. ბორდოსფერი სითხე, ქართული ღვინო, ქართული ჯიში; მეც ქართველი ვარ, ამ საოცარი ღვინოსავით ქართველი. ეს პურიც ქართულია, კერძებიც: საცივი, ხაჭაპური... ეს რა არის? ხო, ჭარხლის სალათა მაიონეზით. არა, ქართული არაა; უცხოა, უცხო ჯიშისგან შექნილი და ჩვენგან გათავისებული. ხინკალი; მასპინძლის ქალიშვილმა ხინკალი დიდი ჯამით ჩამოდგა. გაიღიმა. ქალწულის ღიმილი, წმინდა და უბიწო, მრთოლვარე და იდუმალი, უკან დარჩენილი ბავშვობა და ჯერ კიდევ შეუცნობელი ქალიშვილობა. ნორჩი სხეული და უმანკო სული. მატასი! სად არის შენი არჩიბალდ მეკეში?... ჯოისი; „ულისე”; შეუცნობელი სამყარო და თავისუფალი სული. რაფსოდია, რაფსოდია, წვიმის წვეთი მეცემა, რაფსოდია, რაფსოდია, ქარი მეალერსება.
  გამჭოლი მზერა მარცხენა ლოყას მიწვავს. ახ, ფაბრიციო, ფაბრიციო... როგორი სულელები ხართ კაცები! ფრთხილად, გაფრთხილებ, ფრთხილად! ჩემმა სიმხურვალემ არ დაგწვას. ჩემი მონო სპეკტაკლის კიდევ ერთი სტატისტი. რაფსოდია, რაფსოდია, წვიმის წვეთი მეცემა, რაფსოდია, რაფსოდია, ქარი მეალერსება.
  კიდევ ერთი ყლუპი ოჯალეში. ბორდოსფერი სითხის არომატს ნელა ვისრუტავ. ვფხიზლდები. ბახუსის უეცარი შემოტევა უეცრად ქრება.
  როიალზე დაუკრეს შტრაუსის ვალსი. მშვენივრად უკრავს მანსპინძლის ქალიშვილი. ჩემი მოლიერი ჯენტლმენი აღმოჩნდა, მანსპინძლის მეუღლე საცეკვაოდ გაიწვია. მშვენიერი კავალერია. მისი ცოლი, კი ახლა, ალბათ ქვაბებს ხეხავს.
  - შეიძლება გეცეკვოთ? - მოვიხედე, ფაბრიციო დელ დონგო მადგა თავზე და მორცხვად მიღიმოდა.
  - შეიძლება. - ხელი გავუწოდე. ნაზად მომიჭირა ხელზე ხელი. მარჯვენა წელზე მომხვია და საცეკვაოდ გამიტაცა. ოცნებაში წავედი... წარმოვიდგინე: საპყრობილეში გამომწყვდეული ფაბრიციო. საპყრობილის პირდაპირ სახლი, კლელია კონტის სახლი. კლელია მტრედებს აპურებს, თვალებით კი ფაბრიციოს ესაუბრება. ფაბრიციოს  ჰაერში გამოყავს ასოები: მიყვახარ! კითხულობს კლელია  და ნელ-ნელა სიყვარულის ბურუსში ეხვევა პატარა ქალი.
  - თქვენ ძალიან მაგონებთ, ვიღაცას მაგონებთ...- მის ხმას ოცნებიდან გამოვყავარ.
  - კლელია კონტის. - უნებურად წამომცდა, გაკვირვებით შემომხედა, სახე მალე გაუნათდა, მიხვდა, გაიღიმა.
  - არა, კლელიას არა, უფრო ჯინა სანსევერინას, მასავით შავგვრემანი ხართ.
  სირცხვილისგან გავწლითდი. ასეთი დაუკვირვებელი არასდროს არ ვყოფილვარ. ცივი ქალის იერი მივიღე.
  - ხომ არ მიჯავრდებით? - მიხვდა.
  - არა. - უკმეხად ვპასუხობ.
  - გიყვართ სტენდალი?
  - მიყვარს.
  - ძალიან გიყვართ?
  - ფოლკნერი უფრო.
  - მართლა? - ვატყობ გაუხარდა, - იშვიათად შემხვედრია მკითხველი, რომელსაც ფოლკნერი უყვარდეს, მეც ძალიან მიყვარს, უზომოდ მიყვარს.
  - მართლა? - ეხლა ჩემი გაკვირვების ჯერი დადგა. ცივი ქალის იერი უცებ მოვიშორე. ფოლკნერმა უფრო დაგვაახლოვა. მანსპინძლის ქალიშვილი შტრაუსის სხვა პიესას უკრავს, ჩვენ კი შეუსვენებლივ ვცეკვავთ და თან ფოლკნერზე ვსაუბრობთ.
  - ფოლკნერის ტრილოგია: „სოფელი,” „ქალაქი,” „სახლი” წაკითხული გაქვთ?
  - მხოლოდ „სახლი” არა, ვერ ვიშოვე.
  - მე მაქვს, შემიძლია გათხოვოთ, ოღონდ რუსულადაა, ქართულად არ არის ნათარგმნი. გათხოვოთ? - ისეთი ტონით მეკითხება, ვატყობ ძალიან უნდა რომ მათხოვოს.
  - თუ არ დამზარდებით.
  - რას ამბობთ, პირიქით, როდის მოგიტანოთ?
  - ხვალ, ხვალ მომიტანეთ! - ფოლკნერთან ხელახლა შეხვედრის უზომო სიხარული გონებას მიბნელებს და სრულიად უცხო მამაკაცს მეორე დღისთვის პაემანზე ვიბარებ.
  რას ჩავდივარ? ოცდაექვსი წლის ვარ და ჯერ პაემანზე არ ვყოფილვარ. ამ კაცმა კი ფოლკნერით მომინადირა. ვინ არის წესიერად არც კი ვიცი, თანაც როგორი აზრები აქვს, როგორ მსჯელობს თავისუფლებაზე.
„ო, დიდებულო იუპიტერ, ყოვლისშემძლე ღმერთო!”
  მაშ, ხვალამდე, ხვალ ფოლკნერს შევხვდები და ცოტა ხნით მაინც არ ვიქნები მარტო.

II თავი

  მატარებელი ზოზინით მიდის, თითქოს მასაც შეპარვია შიში და უნდა გაახანგრძლივოს დრო ამ ქალაქთან შეხვედრისა, საიდანაც უკვე მკაფიოდ ისმის ქვემეხების გრუხუნი. ვაგონში სამარისებული სიჩუმეა. მგზავრები ხმას არ იღებენ. შიში მოკალათებულა მათ სხეულში. გრუხ! ისევ აფეთქდა ყუმბარა. ზზრ! თავზე გადაგვიფრინა საბრძოლო თვითმფრინავმა, მატარებელი კი არ
მიდის. მიღოღავს და ნელა უახლოვდება იმ ქალაქს, სადაც ომია, ნამდვილი ომი.
  არაფერზე არ ვფიქრობ, შიშიც გაქრა. მხოლოდ ქვემეხების გრუხუნის ხმა მესმის და თვითმფრინავების ზუზუნი. სად მივდივარ? იქ ხომ ომია. არა, არ უნდა ვიფიქრო, შიში წამახდენს. მარტო არ ვარ, ჩემთან ღმერთია! ღმერთო დიდებულო! იესო ქრისტევ, ღვთისმშობელო მარიამ, წმიდაო სამებავ, დამიფარეთ მე ცოდვილი.
  მატარებელმა სვლა შეანელა. გაჩერდა.
  - კოპიტნარია. - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი. - ქალაქში მალე შევალთ.
  თვითმფრინავმა თავზე გადაგვიფრინა, მალე აფეთქების ხმაც მოგვწვდა. ქალაქის თავზე ნისლივით ჩამოწვა კვამლი.
  - ქალაქიდან ხალხი გამორბის. - ამბომს მგზავრი, რომელსაც თავი ვაგონის ღია კარებიდან გაუყვია და ქუჩას გაჰყურებს.
  მე კი იქ მივდივარ. ღმერთო დამიფარე!
  ქვემეხების ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. გარინდებული მგზავრები უნდობლად ზვერავენ ერთმანეთს. რა ძალა ჰქონია შიშს, ამათ ერთმანეთის უფრო ეშინიათ, ვიდრე ამ ყუმბარების. ნეტავ ამათ გულებში ჩამახედა. ერთმანეთის სახეზე ცდილობენ ამოიკითხონ რომელი „ვისისტია”.
  მატარებელი დგას და წასვლას არ აპირებს. ორმოცი წუთი გავიდა. ვაითუ, ქალაქში არ შეგვიშვეს, მაშინ რა ვქნა? არა, უკან არ დავბრუნდები, ფეხით რომ მომიწიოს წასვლა, მაინც წავალ. მშობლები უნდა მოვძებნო.
  -ქალაქში არ გვიშვებენ. - ვიღაცამ ამბავი მოიტანა. რა ვქნა?
  როგორ მოვიქცე? უკან გავბრუნდე?
  - ფეხით უნდა წავიდე, მეტი გამოსავალი არ არის, ქალაქი აქედან ახლოსაა. - ამბობს ჩემს გვერდით მჯდომი. წამოდგა, მძიმე ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ წავიდა. მას რამოდენიმე მგზავრი მიჰყვა. მეც ჩემს მეზობელს გავედევნე.
  ტრასაზე გავედით. მატარებელი ნახევრად დაცარიელდა. თხუთმეტი კილომეტრი უნდა გავიაროთ პაპანაქება სიცხეში. ოქტომბრის მიწურულია და როგორი სიცხეები დაიჭირა. ოფლი წურწულით ჩამოგვდის, ფეხები არ გვემორჩილება, მაგრამ მაინც მივდივართ, არ ვჩერდებით, როგორმე საღამომდე უნდა ჩავიდეთ ქალაქში, მგზავრების უმრავლესობა სამეგრელოში ვართ გადასასვლელი. ე.ი. საზღვარზე. საზღვარი... ამასაც მოესწარი უბედურო საქართველო.
  ჩვენ მივდივართ, მივდივართ, მივდივართ, ქალაქიდან მორბიან, მორბიან, მორბიან. ზზრ! ისევ გადაგვიფრინა თავზე თვითმფრინავმა. გრუხ! ტრასაზე მიგრუხუნებს რუსის ტანკი.
  ფეხები დამისივდა, სადაცაა წავიქცევი, თავბრუ დამეხვა, ჭადრის ხეს ჩავეხვიე, თვალი დავხუჭე და რეალობას გავეთიშე.
- ცუდად ხართ? - თითქოს სიზმარში ჩამესმა ხმა, - ცოტაც გაუძელით, მალე მივალთ.
  თვალს ვახელ. ვიღაც მამაკაცი ჩემს მკლავს ჩაფრენია, თანდათან გონს მოვდივარ. სად ვარ?... რა სილამაზეა! შემოდგომის ფერები შემოდის ჩემში, მიძინებული პოეტური სული იღვიძებს. ჭადრის ყვითლად შეღებილ ფოთოლს სიო მოაფარფატებს და ჩემს ფეხთან ეცემა. ჰაერი ღრმად შევისუნთქე, შემოდგომის სოფლის სურნელი ვიგრძენი მათრობელა მაჭრით გაზავებული. უცებ თითქოს მიწა იძრა. ეს რა ხმაურია? რად დაფრთხენ ჩიტები? ჭაობისფერი რკინის ურჩხული აზანზარებს მიწას. ტანკი.
  ვუბრუნდები რეალობას, სასტიკ რეალობას.
  - ნუ გეშინიათ, მალე შევალთ ქალაქში. - რა უნდა ამ კაცს, თავი დამანებოს, ძლიერი ვარ, ძლიერი, ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ არ მეშვება.
  - მხარზე დამეყრდენით, ასე სიარული გაგიადვილდებათ.
  შევხედე. მისი თვალების სიღრმეში ჩავიხედე, თვალებით შემიძლია ადამიანის სულში შეღწევა. იქ სიკეთე დამხვდა და ჩემი დახმარების სურვილი. შემიძლია ვენდო. ღმერთმა მომივლინა მისი თავი. ღვთისმშობელო მარიამ, უხრწნელო ქალწულო! ყოველთვის ვგრძნობ შენს მფარველობას.
  ჩემს მფარველს მხარზე დავეყრდენი და ორივე გავუყევით მტანჯველ გზას.
  შუა ხნისაა, ჭაღარა წვერ-ულვაშით. ცდილობს გზა გამიადვილოს, მიყვება სხვადასხვა გასართობ ამბებს. არცერთი სიტყვა ტანკებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად მოდიან ამ დაუსრულებელ გზაზე, არცერთი სიტყვა თვითმფრინავებზე, რომლებიც იმ ქალაქს ბომბავენ, სადაც ჩვენ მივდივართ.  არცერთი სიტყვა ყუმბარებზე, რომლებიც იმ ქალაქში ფეთქდება, რომლისკენაც მიმავალი გზა ჩვენთვის ასეთ სატანჯველად იქცა.
  რაც უფრო ვუახლოვდებით ქალაქს ყუმბარების ხმა მით უფრო ნაკლებად ისმის, თვითმფრინავებიც არ დაფრინავენ, ქალაქში შევედით, არავითარი ხმაური, არავითარი ომი, თითქოს ეს ყოველივე სიზმარი იყო.
  - რა ხდება? - ვეკითხები ჩემს მფარველს.
  - ქალაქი დატოვეს, ცხენისწყალთან გამაგრდნენ.
  - ვინ?
  - ჩვენებმა. - უცებ გამოერკვა, უნდობლად შემომხედა, წამოცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა. თავი გასცა. გავუღიმე, ხელზე ხელი მოვუჭირე, დავამშვიდე. აჰა, თურმე ვინ ყოფილა ჩემი მფარველი. როგორ აქამდე ვერ შევამჩნიე. მთელი გზა ისე იქცეოდა, თითქოს სულ არ ადარდებდა რაც ხდებოდა.
  - სადგურში მივიდეთ, იქნებ რაიმე ავტობუსი იყოს. თუ არადა ფეხით უნდა გადავიდეთ. - უხმოდ ვემორჩილები. ის არის, ეხლა, ჩემი პატრონი.
  ერთ დროს კოპწია ქალაქი მკვდარივით გარინდებულა, დაცარელებულ ქუჩებში მხოლოდ ჯარისკაცები დადიან. დამწვრის, ტყვია-წამლის და სისხლის სუნითაა ჰაერი გაჟღენთილი. სუნთქვა მიჭირს. ჩემს მფარველს მხარზე ვეკვრი. თმებზე მომეფერა, ჩემი თავი სახესთან მიიტანა.
  - ნუ გეშინია შვილო, მარტო არ დაგტოვებ.
  შვილო... სად არიან ეხლა ჩემი მშობლები. საოცარი სითბო ვიგრძენი ამ უცხო მამაკაცის მიმართ. შვილო...
  არავითარი ავტობუსი. ისევ ფეხი, როდემდე გავუძლებ ფეხით სიარულს. საზღვარზე უპრობლემოდ გადავედით. ავტომატიანმა ბიჭებმა მხოლოდ პასპორტები გაგვისინჯეს. მუშტრის თვალით შემამოწმეს.
  - იფ, რა ჩიტია, ტო!
  - დისშვილია, ჩემთან მოდის დასასვენებლად. - მექომაგება ჩემი მფარველი.
  - მაგასაც მოუნახავს რა დასვენების დრო. - იღრიჭება ერთ-ერთი იმათგანი. ხმას არ ვიღებთ. ერთი ზედმეტი სიტყვა და დაღუპული ვართ. „ქურდი პოლიტიკოსის” ბიჭებს არ უყვართ ხუმრობა. გადავედით ცხენისწყალის ხიდზე. იქაც შეიარაღებულნი, ოღონდ სხვა პოლიტიკური მრწამსის ქართველები დაგვხვდნენ.

III თავი

  მეორე მხარეს სრული ქაოსი დაგვხვდა. პანიკა და შიში გამეფებულიყო მებრძოლებს შორის. დამწვარი სამხედრო ტექნიკისა და სისხლის სუნი ერთმანეთში არეულიყო, დაჭრილების კვნესას ომისაგან იმედგადაწურული და ნირწამხდარი ჯარისკაცების გინება ვერ ახშობდა. ომი, მთელი საშინელებით შევიგრძენი. სიკვდილის სიახლოვე ვიგრძენი. დაჭრილების დატოვება აქ არ შეიძლებოდა, შეტევა (როგორც ამბობენ) ისევ დაიწყებოდა და უკვე სოფელში შემოჭრილი მოწინააღმდეგისაგან, მათ ვერავინ იხსნიდა. ჯარისკაცები პოზიციებიდან ფეხს არ იცვლიდნენ, ხოლო მეთაურები უკან დახევის ბრძანებებს იძლეოდნენ.
  მკვდრები ერთად დააწყვეს . ვუყურებ უსულო სხეულებს და თითქოს არაფერიც. საოცარია, ერთ დღეში როგორ გამიქვავდა გული. მათ გადასატანად მანქანებში ადგილი არ ჰქონდათ, ცოცხლებისთვის უნდა ეშველათ. ყუმბარისგან ნაფლეთებად ქცეული მებრძოლის სხეულის ნაწილები პარკში მოაგროვეს, (თავი ვერ იპოვეს) ერთ პარკში ჩაეტია. სისხლი მიწაში აზელილიყო. ჯარისკაცები უკან დახევას მაინც არ აპირებდნენ, მეთაურებსა და მათ სარდალს ღალატს აბრალებდნენ, დაღუპული მეგობრების სამაგიერო სისხლს ითხოვდნენ. ღალატის სიახლოვე იგრძნობა. მეთაურები დანებდნენ, თეთრი ფერის ნივაში სასწრაფოდ ჩასხდნენ და საკუთარი მებრძოლები ღვთის ანაბარა დატოვეს.
  ავის მომასწავებელი სიჩუმე იდგა. ყოველწუთს შეიძლებოდა ბრძოლა განახლებულიყო, დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ღამდებოდა; ფეხით გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რამდენიმე მგზავრმა, ვინც შორი გზაზე მივდიოდით და ახლომახლო ნათესავები არ გვყავდა, ჯარისკაცებს მათი მანქანებით გადაყვანა ვთხოვეთ, თანაც კაცები ჭკუასაც არიგებდნენ: აქ უაზროდ შეაკლავდნენ თავს, ჯობდა უკან დაეხიათ, დრო მოეგოთ და შეტევისთვის მომზადებულიყვნენ. ღმერთისგან და უფროსებისგან მიტოვებული ჯარისკაცები დაფიქრდნენ, ერთმანეთში იკამათეს და ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც მათი სიცოცხლე იხსნა.
  მკვდრები დასამარხად სოფელს დაუტოვეს. დაჭრილები დიდი სამხედრო მანქანის ძარაზე ფრთხილად მოათავსეს, მათთან მეთვალყურედ რამდენიმე ჯარისკაცი დარჩა. მგზავრები და დანარჩენი ჯარისკაცები მეორე მანქანის ძარაზე ავედით. ორი ქვემეხი, ერთი ჰაუბიცა და ერთიც დანჯღრეული, ლულა მოგრეხილი ტანკი მოწინააღმდეგეს დაუტოვეს.
  რაიონულ ცენტრში რომ ჩავედით კარგად ბნელოდა. ჩემმა მფარველმა ღამის გასათევად მასთან მიმიწვია (ამ ქალაქიდან იყო), დილით კი (როგორც შემპირდა) საკუთარი მანქანით ჩამიყვანდა ზუგდიდში. დაუფიქრებლად დავთანხმდი. არც ჯარისკაცებმა ისურვეს გზის გაგრძელება, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თვითონ კი ამ ქალაქში გამაგრება გადაწყვიტეს. სულ თექვსმეტი იყვნენ, თხუთმეტი ჯარისკაცი და ერთი მეთაური. დამენანა ეს ბიჭები, მათი აქ, მხოლოდ ავტომატების ანაბარად დატოვება, გარდაუვალ სიკვდილს მოასწავებდა. ჩემი მფარველი ცდილობს მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, ბრძოლისაგან დაქანცულებს დასასვენებლად საკუთარ სახლს სთავაზობს (ამასვე აკეთებს რამდენიმე მგზავრიც), დილით კი, ღმერთია მოწყალე, გამოსავალი გამოჩნდება. თანხმდებიან; მეთაური ჯარისკაცს შტაბში აგზავნის.
  - იმათ გადაეცი, რომ დაგვეხმარონ. ისიც უთხარი, როგორ მიგვატოვა უფროსობამ... დილამდე გაძლებენ-თქო, უთხარი, თუ არ მოგვეშველებიან აქაც შემოვლენ და მალე მათაც დაადგებიან თავზე..
  როდესაც ჩემი მფარველის სახლს მივუახლოვდით, შიში, რომელიც ამ საშინელ დღეს სადღაც შეუმჩნევლად გაპარულიყო, ისევ შემომაწვა. საოცარია ადამიანი, შიშს მაშინ ვერ გრძნობს, როცა მისი შეგრძნება ყველაზე რეალური უნდა იყოს, არამედ მაშინ, როდესაც ყველაფერი დამთავრდება და ფიქრის დრო დგება.
  მასპინძლის ცოლი და ცისფერთვალება რძალი (ჩემთან ერთად მეთაური და სამი ჯარისკაცია) თავზე დაგვტრიალებენ. მთელი დღის მშივრებს ცხელი საჭმლის მადისაღმძვრელი სურნელი ცხვირში გვიღიტინებს, შიმშილის გრძნობას ერთიორად გვიმძაფრებს. ცხელი ამოლესილი ლობიო და  მჭადი; დიასახლისი ბოდიშს გვიხდის; პური ვერ იშოვეს. დავნაყრდით. მხოლოდ ეხლა ვათვალიერებ ცნობისმოყვარეობით მასპინძლის ოჯახს. რძალს თოთო ბავშვი კალთაში ჩაესვა და მონუსხულივით მოგვჩერებია. რაფაელის ყალმით შექმნილ  ღვთისმშობელს და ყრმა იესოს ჰგვანან დედა-შვილი. მასპინძლის სათნო მეუღლე კაბის სახელოთი იწმენდს ცრემლებს და ღმერთს შვილის უვნებლად დაბრუნებას ევედრება. ჩვენი მასპინძელი ცოლს ამშვიდებს, ბიჭებს შესახურებლად არაყს უსხამს, პრეზიდენტის და მათი გამარჯვების სადღეგრძელოს ფეხზე ადგომით სვამს.
  ამათ კიდევ სჯერათ სასწაულის. ალბათ, ძალიან ძნელია დამარცხებას შეეგუო. ეს, როგორ ოჯახში მოვხვდი; მამაჩემი მხედავდეს!
  მეორე სასმისით სამშობლოსათვის თავდადებული ბიჭების შესანდობარი შესვეს.
  - ჩვენი ბიჭების ხსოვნა იყოს. ოცეული მებარა, იქედან ჩვენ ოთხნი დავრჩით. - მეთაურს ხმა აუკანკალდა. ყველამ დავინახეთ,^ წყვილი ცრემლი როგორ ჩამოეკიდა წვერზე. წვერებისგან გაბურძგნული კაცი, მანქანის ძარაზე თვალს რომ არ გაშორებდა, სულ არ მეჩვენება ისეთ გულისამრევად, როგორც პირველად წარმოვიდგინე. პირიქით მებრალება; საშინელებაა, მთელი დღე უყურო სიკვდილს.
  - დანარჩენები სად არიან? - კითხულობს მასპინძლის გულუბრყვილო რძალი.
  - ომში ასეთ შეკითხვას არ იძლევიან დაიკო.
  სიჩუმე წიწკნის ნერვებს. მეთაური დანისლული თვალებით მომშტერებია. ჩემთან რა უნდა, მე ხომ არ მომიკლავს მისი ბიჭები. ოთახში სუნთქვა გაჭირდა; ფეხზე წამოვდექი. ისევ სისხლი და გლოვა, ლოდინი და დამარცხება, სიკვდილი და ცრემლი.
  მეტის ატანა არ შემიძლია, სადაცაა გავგიჟდები. ღმერთო, როდის დასრულდება ეს კოშმარი?
  ... რბილი ლოგინი მამშვიდებს. ჩემს ფეხებთან ცისფერთვალება ნათიას სხეულის სითბოს ვგრძნობ.
  - ამ ერთ ღამეს უნდა ამიტანო. - კისკისებს. რა უდარდელია; ნეტავ მას!
  - ფერზე მოდიხარ, წეღან როგორ შეგვაშინე... რა დაგემართა, მაგდა?
  - დავიღალე, საშინლად დავიღალე ,ნათი, - ლაპარაკის მძაფრი სურვილი მეუფლება, მინდა მთელი დღის დაგროვილი შიში, ტკივილი და ბოღმა ერთად გადმოვანთხიო, იქნებ გავთავისუფლდე, თორემ გასკდება გული, - არ ვიცი რა მჭირს, გინდა გაჩერდე მაგრამ ვერ ჩერდები. თვით ბედისწერა მიგეწევა იქეთ. ჩემი სხეული მე არ მემორჩილება, თითქოს ვიღაც სხვა ჩასახლებულა ჩემში, ის ბრძანებლობს, მიმორჩილებს, სად მივდივარ მე თვითონ არ ვიცი, რატომ მივდივარ არც ეს მესმის. ვიცი, რომ ჩემი მშობლები კარგად არიან, იქ დროებით ჩარჩნენ, მაგრამ მაინც მივდივარ. უხილავი ძალა მეწევა იქეთ. ასე მგონია მთელი ჩემი ცხოვრება ამ გზის გასავლელად მზადება იყო. ვგრძნობ რაღაც უნდა მოხდეს, ამას ჩემი სხეული გრძნობს, სული გრძნობს ჩემი, ბედისწერას ვერ დავემალები, გესმის ჩემი?არა, არ გესმის. შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, შენ შენი ქმრისა და შვილის იქეთ ვერავის ხედავ. ერთი მე მკითხე რა არის ცხოვრება: სრული უაზრობა.
  გაოცებული მომშტერებია, რაფაელის მადონასავით ნორჩია მისი სხეული და უბიწოა მისი სული. ცრემლი ჩადგომია თავალებში.
  - არ არის ცხოვრება უაზრობა, არ არის! - ცრემლების წვიმა ასველებს საბანს. მთრთოლვარე ხელი ჩემს ხელს ეძებს. იპოვა, სახესთან მიიტანა. ცრემლებით გამეჟღინთა თითები.
  - მაგდა, ჩვენთან დარჩი, არ წახვიდე, როგორც კი ყველაფერი დაწყნარდება ჩემი მამამთილი წაგიყვანს სახლში, მშობლებსაც მოგიძებნის. არ წახვიდე, მაგდა, არ წახვიდე!
  ტირის რაფაელის მადონა. ნაღველი ჩაბუდებულა ცისფერ თავალებში. რას ვერჩოდი ამ კეთილ ანგელოსს. ოღონდ არ იტიროს ღვთისმშობელო მარიამ, გააჩუმე, გააჩუმე ყოვლადწმინდა ქალწულო!
  - შემპირდი, რომ არ წახვალ, მაგდა.
  პირობას ვაძლევ; არ წავალ, მათთან დავრჩები ომის დამთავრებამდე. ომი კი, როგორც ჩანს, მალე დამთავრდება. რუსებს არ უყვართ საქმის გაჭიანურება.
  დამშვიდდა. წეხანდელი ნაღველი სადღაც გაქრა, თითქოს არც ყოფილა. უცებ მხიარულდება.
  - გინდა, ჩემი გათხოვების ამბავს მოგიყვები?
  ვისმენ ჩემთვის ჩვეულებრივ, ხოლო მისთვის არაჩვეულებრივ ამბავს. ეჭვით, ცრემლითა და ალერსით სავსეს. შორეულ სიმღერასავით ჩამესმის მისი ხმა, გონება მებინდება, ქუთუთოები დამიმძიმდა, ძილი თავისკენ მეზიდება, მე...ძი...ნე... 


. . .


  გამთენიისას გამეღვიძა. ლოგინში ვერ მოვისვენე, კაბა გადავიცვი და გარეთ გამოვედი. ცივი ნიავი სახეზე მეფერება, ფოთლებისგან გაძარცვული ყავისფერი ხეები მოჩვენებებივით აღმართულან ჩემს წინ. გავყურებ დანისლულ ცას; შავ ღრუბლებს მთვარე და ვარსკვლავები გაეყარათ და ცაზე მედიდურად დაცურავდნენ, გაავდრდება. უსასრულობა მაშინებს, მზარავს, სული მტკივა.
სრული სიმარტოვე, განუკითხაობა,
    ღმერთებმა ჩემს ბედზე დაიწყეს მკითხაობა.
  ხმამაღლა ვფიქრობ.
  - როგორ, ასეთი მშვენიერი ქალიშვილი მარტოა?
  შევკრთი, ვიღაცა მისმენდა. კარებში მეთაური ჩამდგარიყო და იღიმებოდა.
  - აქ რას აკეთებთ?
  - თქვენს ძილს ვდარაჯობ. - ისევ იღიმება.
  - ნუ შეწუხდებით, ხომ ხედავთ არ მძინავს. - რა თავხედია, ნახა არშიყობის დრო.
  ღიმილი გაუქრა სახედან.
  - გულმავიწყი გამხდარა ბატონი დავითის ქალიშვილი. ნუთუ, ასე შევიცვალე, მაგდა.
  რაო, რა თქვა, შევიცვალეო? ვინ არის ეს კაცი, მოჩვენებასავით რას დამზდევს უკან. საიდან უნდა ვიცნობდე ტყეში ყაჩაღად გავარდნილ ვიღაც კაცს. მაგრამ ეს თვალები...
  - ფაბრიციო ... ცოტნე... ცოტნე! - გონება გამინათდა. ის არის, ვინც ორი წლის წინ დავკარგე და მოულოდნელად ისევ ვიპოვე. ის არის, ვინც ასე უცებ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და უკვალოდ გაქრა. ის არის, ჩემი ფაბრიციო დელ დონგო.
  ღმერთო, ღმერთო, ის არის!
  ვერც გავიგე როგორ გაჩნდა ჩემთან, მისი მკლავების მარწუხებში მოვექეცი. მკერდზე მივესვენე. ცოტნეს ხელი დაცურავს ჩემს თმებში, თავზე ცხელი ტუჩების შეხებას ვგრძნობ. მამაკაცის სუნი თავბრუს მახვევს, ჩემს გონებას ნისლი გადაეფარა, თვალებს ვხუჭავ და ჯერ კიდევ შეუცნობელი გრძნობის ბურუსში ვეხვევი.
  ის არის... ის არის... ის არის. გული განუწყვეტლივ იმეორებს ორ სიტყვას: ის არის...
  გვიანი შემოდგომის სუსხი ორივეს გვაფხიზლებს. ფაბრიციოს მკლავებიდან თავი გავითავისუფლე. ისიც გამოერკვა. კიბის საფეხურზე ჩამოვჯექით, ერთმანეთთან სულ ახლოს, თითქმის მიკრულები. ვუყვები ჩემს ამბავს: როგორ წამოვიდნენ მშობლები ერთი კვირის წინ ზუგდიდში მამიდის დაკრძალვაზე, მეორე დღეს ეს არეულობა დაიწყო და მას შემდეგ მათ შესახებ არაფერი ვიცი. მამშვიდებს; ჩემს მშობლებს მშვიდად სძინავთ, მე კი თავი ხიფათში ჩავიგდე. ისეთივე რომანტიკოსი დავრჩენილვარ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი. ვიცინით.
  - გახსოვს მწერალ ლ. დ-ს სახლი?- წარსულს მაგონებს, - ჩვენი გაცნობა, ცეკვა, ფოლკნერი, ბოლოს პაემანი. იმ დღეს, ალბათ, მელოდი... ვერ მოვედი... უნდა მაპატიო, სხვანაირად არ შემეძლო, უნდა გამიგო, მაგდა. არ მეგონა თუ კიდევ გიპოვიდი. მერე როდის გიპოვე, ეხლა, როცა თითქმის დაღუპული კაცი ვარ, თუ ცოცხალი გადავრჩი და არ მომკლეს საქართველოში მაინც არ დამედგომება. დამცირებული და სამშობლო წართმეული კაცის ცხოვრებას აზრი არ აქვს.
  ისევ პოლიტიკა გადამეღობა გზაზე. არც ისეთი რომანტიკოსი ვარ, ვერ ვიგრძნო - ჩემი ფაბრიციო მე არ მეკუთვნის, უზენაესით მომადლებული დიდი სიყვარული ბრძანებლობს მასზე. საქართველოა მისი სიყვარული.
  - თქვენ დამარცხდით, ცოტნე, სანამ გვიან არ არის შეგიძლია ხელისუფლებას პატიება სთხოვო, თავსაც გადაირჩენ და შენს ბიჭებსაც იხსნი. - როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ვეჭიდები უკანასკნელ იმედს.
  - არასოდეს... არასოდეს... - ფეხზე წამოვარდა, - პატიება იმათ უნდა მთხოვონ. - თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის. ამ ცეცხლის ჩაქრობა მე არ შემიძლია.
  ეხ, ჩემო ფაბრიციო, შენ რაღაცის მაინც გჯერა, მე კი რა ვქნა, როდემდე ვიარო ასე გამოფიტულმა. გიპოვე და გამიხარდა, მეგონა საკუთარ თავს მაპოვნინებდი, მაგრამ მწარედ შევცდი, იქნებ, ოდესღაც გაღელვებდი კიდეც, მაგრამ ეხლა ყველაფერი დამთავრდა, არც შენ ხარ ის ფაბრიციო ფოლკნერის წიგნით რომ ცდილობდი ჩემს პაემანზე მიტყუებას და არც მე ვარ ის მაგდა, ჩემს მიერ შექმნილ იდუმალ სამყაროში ჩაკეტილი ქალი. ფაბრიციო, შენ ხარ ის ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც რაღაცით დამაინტერესა (თვითონაც არ ვიცი რითი), მომნუსხა და აგერ თითქმის ორი წელია ერთად გატარებული იმ რამდენიმე საათის მოგონებით ვცოცხლობდი. იქნებ, ჩემი შენდამი ინტერესი იმ შეურაცხყოფის მიზეზიც იყო, რომელსაც ვგრძნობდი. პირველად მივდივარ პაემანზე და კაცი არ მოდის. გულგატეხილობა და ისევ მარტოობა დარჩა ჩემთან, კიდევ შენზე ფიქრი: ვინ ხარ, რატომ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ასე უკვალოდ სად გაქრი?!
  ჩემი სიამაყე შენ გათელე. როგორ, კაცზე ვფიქრობ? არა, ეს არ მოხდება, არა, არა, არა! მაგრამ მაინც ვფიქრობდი შენზე ფაბრიციო.
  სიამაყეს ვერ ვთოკავ. რასაც ვფიქრობ, იმის თქმის უფლებას არ მაძლევს.
  - შენ უკეთ იცი როგორ მოიქცე.
  საიდან მოვიფიქრე ეს უგულო სიტყვები.
  - ის სისხლიანი ჯალათი წურბელასავით წოვს სისხლს მთელ საქართველოს. ტვინნაღრძობი ხალხი  კი მესიას, წმინდანს, ჩვენს მაცხოვარს ეძახის. ხალხი ბრბოა, როგორც გინდა ისე წარმართავ, რასაც გინდა იმას გააკეთებინებ, ოღონდ სურვილია საჭირო და რწმენა, შენი გამორჩეულობის უნდა გჯეროდეს. როგორც იმ სისხლიან ტირანს სჯერა, რომ ის არის საქართველოს სულიერი ბელადი, მხოლოდ მას შეუძლია ამ ჯოჯოხეთიდან იხსნას ქვეყანა, მისი ავტორიტეტით გვიგზავნის ამერიკა და დასავლეთი პურს, თორემ შიმშილით ამოვწყდებით. კი მაგრამ, სად არის პური, გაზი, სინათლე, ნავთი, ბენზინი? შიმშილითა და სიცივით ნელ-ნელა ვკვდებით. ველურ სკვითებში აღრეულ მონღოლური რასის ნაშიერთ სკამის სანაცვლოდ ნაწილ-ნაწილ მიყიდა საქართველო. ამ კაცმა, როგორ წამომცდა სიტყვა კაცი, არა ეს ადამიანი არ არის, იგი უსულო მასაა, პატარ-პატარა ნაჭრებისგან აგებული ადამიანის ფორმის მარიონეტი, რომლის ერთ ხელს რუსეთი მართავს, მეორეს ამერიკა, ერთ ფეხს დასავლეთი, მეორეს კი თურქეთი. ამ უსულო მასამ რწმენა წამართვა, გამლახა, გამათახსირა, ჩემი სიმართლე ძალით დათრგუნა, სამშობლო წამართვა, მაგდა. მაგრამ ვერ დამიმონებს, თავისუფლებას ვერ წამართმევს, როგორც შემეძლება, რითაც შემეძლება, რა საშუალებითაც ისე ვიბრძოლებ. ვერ გამტეხავს, მის ზომბად ვერ მაქცევს. მაგდა... - მისი ხელი ჩემს სახეზე ნელა მოძრაობს - უნდა გამიგო... ჩემო მაგდა.
  ხელს ცივად ვიშორებ.
  - მითხარი როგორ გაგიგო, ნუთუ არ დაიღალე ამ უაზრო ომისაგან, ამდენი სისხლით არ იხრჩობი? დამარცხდით, შეიგნე, რომ დამარცხდით. იმათ ძალა აქვთ, გუშინ გამაგრებული ქალაქიდან გამოგყარეს და ამ დაუცველ დაბაში ვერ შემოვლენ.
  ქვემეხების გრუხუნი სახლს აზანზარებს, ავტომატების ჯერი ცას ანათებს. განახლდა, აქაც შემოვიდნენ.
  - ცოტნე, გავიქცეთ ცოტნე!
  გაქვავებულ სხეულს ვანჯღრევ, ჭიშკრისკენ ძალით მივეწევი, რას ვაკეთებ თვითონაც არ ვიცი, ოღონდ დავიცვა, აქაურობას განვარიდო. სახლიდან დაფეთებული ბიჭები გამორბიან.
  - შემოვიდნენ. - ისე მშვიდად ამბობს, თითქოს როგრც გარდაუვალს ისე ელოდა. ელვამ ცა გასერა, დაიჭექა, კოკისპირული წვიმა გვაფხიზლებს. - სანამ გვიან არ არის გაიქეცით, აგერ ჩემი მანქანა. - მასპინძელს მანქანა გარაჟიდან გამოყავს. ბიჭები მანქანაში შეცვივდნენ.
  მკერდში ყრუ ტკივილი ვიგრძენი. მისთვის ზედმეტი ტვირთი ვარ, უნდა წავიდეს, გაიქცეს, ოღონდ გადარჩეს. მარტოობას და ლოდინს შევეჩვიე. იქნებ, ღმერთმა კვლავ შემახვედროს. ოჰ, ღმერთო! თუ ისევ უნდა დამეკარგა, მაშინ რატომ შემახვედრე?
  - მშვიდობით მაგდა, მჯერა როდესღაც გამიგებ, - შუბლზე მკოცნის, - არ დაივიწყო შენი ფაბრიციო ჩემო კლელია კონტი.
  გავცქერი მის ზურგს, ფართო ბეჭებს, ჭაღარაშეპარულ თმებს და ეხლა მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რისი მოსაძებნად ამხელა გზა გამოვიარე სისხლის, სიკვდილისა და ცრემლის თანხლებით. ვიპოვე ჩემი ბედისწერა.



. . .

  ვინ ხარ ფაბრიციო, რა გინდა ჩემგან ან მე რას ვეძებ შენში. იქნებ, სიცოცხლის სურვილს ვეძებ, სურვილს, რომელიც სამოსივით შემომეფლითა, შიშველი სული საწამებლად დარდს, ფიქრს და მარტოობის უზომო ტკივილს მიუგდო და კიდევ სიკვდილის ლოდინს. ველოდი სიკვდილს, როგორც მხსნელს, მშველელს, გარდაუვალ სინამდვილეს, მტანჯველი მარტოობისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებას. სიკვდილსაც თავისი ხიბლი აქვს, ვოცნებობდი მასზე. ველოდი სიკვდილს და მძულდა სიცოცხლე. გესმს ფაბრიციო: ველოდი.
  და უცებ შენ გაჩნდი. ღვთისგან მოვლენილ წყალობად აღგიქვი, შენც ჩემსავით „შერეკილად” მომეჩვენე და არც შევცდი. სულმა სული იპოვა. ამიტომაც იყო მეორედ შეხვედრისას ვერ გიცანი. შენი სახე დამვიწყებოდა, როგორც მამაკაცი კი არ მიზიდავდი, სული მხიბლავდა შენი, ჩემი ოცნება მხიბლავდა. მჯერა, ეს გზა შენს თავს ისევ მაპოვნინებს. გიპოვნი, აუცილებლად გიპოვნი.
  - ... ჩემი კაცი და ბავშვები შიშისგან გადამერეოდნენ. (მეგრულად)- გვერდით მჯდომი ფარფაშა ქალი ამბავს მიყვება, ფიქრებში გართულს მისი მონათხრობის მხოლოდ ბოლო სიტყვები მესმის.
  - რა ბრძანეთ ქალბატონო? - სრულიად არ მაინტერესებს რა აწუხებს ამ ქალს, მაგრამ ზრდილობა ყველგან საჭიროა.
  - ქართველი ხარ გოგო შენ? - „ქართველი ერის ჩამოყალიბება ჯერ არ დამთავრებულა.” გონებაში ამოტივტივდა ცნობილი პიროვნების ნათქვამი საოცრად თამამი ფრაზა. ჭეშმარიტებაა, ვეთანხმები.
  - დიახ, ქალბატონო, მეც ისეთივე ქართველი ვარ, როგორც თქვენ. - პირს ვარიდებ, ფანჯარაში ვიხედები და ფიქრს განვაგრძობ.
ალილუია, ალილუია, დიდება ქრისტე ღმერთს!
ალილუია, ალილუია, დიდება მამა ღმერთს!
  რამდენიმე წლის წინ ქუჩაში მოსმენილი, რომელიღაც სექტის მიერ გიტარაზე დამღერებული ღვთის სადიდებელი გამახსენდა. ჩემი გონება შთაგონებით იმეორებს წმიდა სიტყვებს:
ალილუია, ალილუია, დიდება ქრისტე ღმერთს!
ალილუია, ალილუია, დიდება მამა ღმერთს!
  ღმერთი ერთია, მისკენ მისასვლელი გზაა სხვადასხვა. ჭეშმარიტებაც ერთია, მხოლოდ მისი პოვნაა ძნელი და მოულოდნელად ვიპოვე იგი, იქ, სადაც არ ველოდი, ქვეშეუცნობად იქნებ ველოდი კიდეც, აკი რაღაც უხილავი წინათგრძნობა არ მასვენებდა. შენ მაპოვნინე, შენმა სულმა მაპოვნინა:
  თუ ცოცხალი ხარ უნდა იცოცხლო კიდეც, თუ სულიერად მოკვდი, ფიზიკურადაც უნდა მოკვდე.
  სიცოცხლე ავირჩიე ფაბრიციო, თურმე როგორი ტკბილი ყოფილა! იმაზე მეტად სასურველი ვიდრე წარმოვიდგენდი. სისხლიანი ფონიც ვერ ანელებს იმ სიხარულს, რასაც სიცოცხლის შეგრძნება ჰქვია.
  გიპოვი ფაბრიციო, აუცილებლად გიპოვი!
  „არ დაივიწყო შენი ფაბრიციო, ჩემო კლელია კონტი ”
  „... ჩემო კლელია კონტი... ჩემო კლელია კონტი”
  რა მშვენიერია სიცოცხლე ფაბრიციო!
  ავტობუსმა დაამუხრუჭა. დროებით მარტო ვტოვებ ჩემს ფაბრიციოს და სათნო, ფაფუკ კლელია კონტიდან ისევ გულცივ, ამაყ მაგდად ვიქეცი.
  „დიდი კაცის” გვარდიელები ყველა მანქანას ყნოსავდნენ. ჩვენს ავტობუსშიც ამოძუნკალდნენ (უკვე შენსავით ვფიქრობ). ვხედავ გაფითრებულ მძღოლს და აკანკალებულ მგზავრებს. ვხედავ და ვერაფერს ვგრძნობ, არც ზიზღი, არც შიში, არც თანაგრძნობა. „იმ” კაცის ზომბები მე ვერ შემაშინებენ (მაინც შენსას მიაღწიე ფაბრიციო).
  - იცოდეთ ავტობუსში მოღალატეებს არ მალავდეთ, თორემ თქვენც ამ ღორებივით ჩაგაძაღლებთ!
  ავტობუსი დაიძრა. ფანჯრიდან ვიხედები. თვალის ფოკუსში ხვდება მიწაზე განრთხმული მუქი მასა, ფოკუსი ფართოვდება, მუქი მასა ადამიანის ფორმას იღებს. ვხედავ სისხლის ტბორს, ვხედავ ღორებს სისხლით მოსვრილი დრუნჩით, ვხედავ მკვდრებს, უბედურ ბიჭებს, ვხედავ... ვხედავ... ვხედავ...არააა!!!

                                        . . .
                                                        - დედა, მამა...
                                                        - მაგდა, შვილო...

. . .



  - არ გძინავს, მაგდა?
  - არ მეძინება.
  - გეჭამა რამე შვილო.
  - არ მშია.
  - ხმა მაინც გამეცი.
  - რა გითხრა დედა.
  - ასე დამუნჯებული ნუ ხარ შვილო.
  - ჩვენს ირგვლივ სისხლია, დედა.
  - მაგდა...
  - რა შეგემთხვა მაგდა, ჩვენ შენი მშობლები ვართ სიმართლე უნდა ვიცოდეთ, ხმა გაგვეცი, მაგდა!
  - ცოტნე გახსოვს მამა, გაზეთის რედაქტორი?
  - რათქმაუნდა მახსოვს. კარგი ახალგაზრდაა, მართალია პოლიტიკამ გაიტაცა, მაგრამ ნიჭიერი ყმაწვილია, ერუდირებული.
  - გუშინ დილით ცოტნე და მისი ბიჭები მანქანაში ჩაცხრილეს მამა.
  - რას ამბობ მაგდა...როგორ ცოტნე?... არა, ეს დაუჯერებელია, წარმოუდგენლია. შენ საიდან იცი?
  - ავტობუსიდან დავინახეთ. გზაზე ეყარნენ მამა. მანქანა ძაღლს რომ გაიტანს და უპატრონოდ დაუმარხავი ქუჩაში რომ ამყრალდება ისე ეყარნენ მამა. სიცოცხლე დამთავრდა მამააა!!!











ე პ ი ლ ო გ ი


  უფალმან მწყესოს მე და მე არაი მაკლდეს, ადგილსა მწუანილსა დამამკვიდრა მე და წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღა თუ შორის აჩრდილთა სიკუდილასათა არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ, კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან -ამათ ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და ვსახელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. წყალობაი შენი უფალო თანა-მავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძნობასა დღეთასა.
  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
  აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა შენსა მოავლინე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა!
  - დაო მარიამ! - ზარივით რეკავს ხმა გარინდებულ ტაძარში. ჯვარცმის წინ დაჩოქილი მონაზონი ლოცვას წყვეტს.
  - რა მოხდა დაო ეფემია?
  და ეფემია ხელს იშვერს სარკმლისკენ, ენა არ გემორჩილება, მხოლოდ სახე მოუცავს უზომო სიხარულს. უცებ განათდა ყოველივე, ცეცხლოვანი სხივი შემოიჭრა მაღალი სარკმლიდან ჯვარცმის ხატს დაეცა და თვალისმომჭრელი შუქი მოჰფინა ტაძარს. და მარიამს უფლის მიერ დაშვებული მადლი, სასწაულის ხილვის, გონებას უბინდავს. და ეფემიას ხმამაღალი ლოცვა აბრუნებს რეალობაში. ძე ღვთისა გადმოვიდა და როგორც ხორციელი ხორციელთ შორის შეიგრძნო იგი. ასხივებს უფალი სინათლეს დიდს, ენით აღუწერელს და გონებით აღუქმელს.
  ფერხთით გართხმული და მარიამი ხელს იწვდენს, რათა შეეხოს მას.
  - იესო, მაცხოვარო ჩვენო!
  წამისეული ხილვა უსასრულობაში გადავიდა. ციური სხივი აიკრიფა და ტაძრის ბნელი სარკმლიდან მარადისობაში ჩაიკარგა.
  ტაძრის ღია კარიდან მოჩანს მთის ფერდზე შეფენილი სოფელი. სქელი ნისლი ჩამოწოლილა სოფლის თავზე. დათოვლილი მთის ზურგს ამოფარებული მზე ნელ-ნელა მოცოცავს მთის წვერისკენ. ღრუბელივით სქელი ნისლის გროვა გაჰკვეთა სუსტმა სხივმა. მერცხლების გუნდმა კამარა შემოჰკრა ცაზე და ტაძრის გუმბათს სალტედ შემოერტყა.
                გაზაფხული მოვიდა!
                                 
                                  7 ივლისი 1997 წელი.




 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები