ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ივლისი, 2012


გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა საქართველოში: სამართლიანი სასამართლო განხილვის პერსპექტივები ციფრებში

გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა საქართველოში:
სამართლიანი სასამართლო განხილვის პერსპექტივები ციფრებში


იმისთვის, რომ გაქარწყლდეს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის პერსპექტივების შესახებ არსებული ყოველგვარი ეჭვი, ჯერ გადავხედოთ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას ცივილიზებულ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი – 29 %, ამერიკის შეერთებული შტატები  – 25 %, ევროკავშირის ქვეყნები – საშუალოდ 20 %. საინტერესოა ე. წ. ”ცივილიზებულ ქვეყნებში” არსებული გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის შედარება საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასთან: რუსეთის ფედერაცია – 0.8 %, ბელარუსი – 0.3 %. განსხვავება უზარმაზარია.

ახლა ეს ციფრები შევადაროთ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას. გამამართლებელმა განაჩენებმა საქართველოში 2004 წელს შეადგინა 0,7%; 2005 წელს – 0,8%; 2006 წელს – 0,2%; 2007 წელს – 0,05%; 2008 წელს – 0,01%; 2009 წელს – 0,01%; 2010 წელს – 0,01%,; 2011 წელს – 0,01%.

როგორც ვხედავთ, საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება. შედეგად, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 6654-დან (2004 წელს) 24684-მდე (2010 წელს) გაიზარდა. საქართველოში ყოველ ასი ათას მოსახლეზე  540 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით  საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობა სტალინური ტერორის პერიოდშიც კი არ ყოფილა, შედარებისთვის, გამამართლებელმა განაჩენებმა საბჭოთა კავშირში 1937-1940 წლებში შეადგინა  10%; 1941-1945 წლებში – 10%; 1946-1950 წლებში – 9%, ანუ საბჭოთა კავშირში ე. წ. ”სტალინური ტერორის” პერიოდშიც კი პროცენტულად 1000-ჯერ (ათასჯერ) მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოდიოდა, ვიდრე თანამედროვე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკაში „გამამართლებელ განაჩენად“ ითვლება არა მარტო სრული გამამართლებელი განაჩენი, არამედ აგრეთვე მსჯავრდებულისთვის ნაწილობრივი გამამართლებელი განაჩენიც – რამდენიმე ბრალდებიდან ერთ-ერთის მოხსნა და ამით სასჯელის შემსუბუქება. პრაქტიკულად, თანამედროვე საქართველოში სრული გამამართლებელი განაჩენი დიდი იშვიათობაა.

დღეს საქართველოში საქმეების ნახევარზე მეტი სასამართლოში შესვლამდე საპროცესო გარიგებით მთავრდება. ბრალდებული აწარმოებს მოლაპარაკებას პროკურორთან და ეს მოლაპარაკე¬ბა, ძირითადად, იმით მთავრდება, რომ იხდის ჯარიმას განაჩენის შესამცირებლად ან საერთოდ გასაუქმებლად. არაოფიციალური კვლევების თანახმად, საპროცესო შეთანხმებებიდან ხაზინაში ყოველწლიურად შედის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 1%-ის ტოლი თანხა. საპროცესო შეთანხმების დადება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცა. საპროცესო შეთანხმება თავისუფლების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის საშუალებად გამოიყენება, ანუ პრინციპში არ მიიღწევა სახელმწიფოს მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გასატარებელი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის არც ერთი მიზანი.

საქართველოში გამამართლებელი განაჩენების დაბალი დონე მართლმსაჯულების განხორციელების მაღალი დონის მაჩვენებელი არ არის.  ნორმალურ ქვეყნებში გამამართლებელი განაჩენები დაახლოებით 20 % უნდა იყოს. ერთადერთი, რასაც საქართველოში გამამართლებელი განაჩენების დაბალი დონე  აჩვენებს, ეს ის არის, რომ სასამართლო უსამართლოა, რაც მოსახლეობის მხრიდან სასამართლოსადმი ნდობის დაბალ დონეს განაპირობებს.

საქართველოს სასამართლოსადმი ნდობა რომ ძალიან დაბალია, ამას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობაც აჩვენებს, – საქართველო საჩივრების რაოდენობით რუსეთის, თურქეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უკრაინის და მოლდოვას შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებით აბსოლუტური ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია (რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა არის 143 მილიონი ადამიანი):

2004 წელი – 5824; 2005 წელი – 8069; 2006 წელი – 10132; 2007 წელი – 9497; 2008 – 10146; 2009 წელი – 13666; 2011 წელი – 40225.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, პირველ ადგილზეა საქართველო (საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არის 4.4 მილიონი ადამიანი):

2004 წელი – 48; 2005 წელი – 72; 2006 წელი – 105; 2007 წელი – 162; 2008 წელი – 1771; 2009 წელი –2122.

განსაკუთრებითი აღნიშვნის ღირსია, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ეკონომიკური განზომილებაც აქვს. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად,  ბიზნესის დიდ ნაწილს ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ. სწორედ ეს არის ხელისუფლების მიერ გატარებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მიზეზიც და მიზანიც.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
11.07.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები