ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2008


”პატარა თეონას პატარა ისტორიები” - 6

აი ია                 

მაისის ბოლოს ბავშვებს საზაფხულო არდადაგები ეწყებოდათ.
ერთი სული ჰქონდა თეონას ამ არდადაგების დაწყებამდე!...
ხომ არ გეგონათ, თეონას სწავლა ეზარებოდაო?
არა, ბატონებო! თეონა სამი წლისა იყო მხოლოდ!!!
არდადაგების დაწყება კი იმიტომ უხაროდა, რომ მისი სანუკვარი წიგნი, ”დედა ენა” მისი გახდებოდა!
ღმერთო ჩემო, როგორ მოსწონდა თეონას ეს წიგნი! რამდენი ნახატი იყო შიგ!!! გვერდზე კი -  რაღაც-რაღაცეები ეწერა!!!
და აკი შეპირდა კიდეც მისი მეზობელი გულიკო: ”მე რომ დიდი გავიზრდები და მეორე კლასში გადავალ, ამ ლამაზ წიგნს შენ გაჩუქებო?!”
- დულიტო, როდის დაიზრდები დიდი?
- მალე, სულ მალე... ზაფხულის არდადაგები რომ დაიწყება!
- როდის, ერთ ტვირაში?
- არა, თეონა, ორ თვეში... მაისის ბოლოს გავიზრდები დიდი...

და თეონაც მონდომებით ელოდა გულიკოს გაზრდას.

დადგა მაისი.... დიდი ხნის ნანატრი მაისი...

- დედა, როდის მოვა 24 მაისი? რამდენ დღეში?
- აი, თეონა, 24 ცალი მოხეული ფურცელი რომ მოგიგროვდება, მაშინ...

ვერავინ ასწრებდა თეონას ყოველ დილით კალენდრის ფურცლის მოხევას!
24-მდე დათვლაც კი ისწავლა 2 დღეში!
ხანდახან ჩუმად მიეპარებოდა კალენდარს, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედებოდა-ხოლმე და, თუ არავინ უყურებდა, ორ ფურცელს ერთად ხევდა... ეგონა, ამით უფრო სწრაფად გაილეოდა თვე!...

და აი, აღსრულდა ოცნება! დადგა ნანინანატრი 24 მაისი!
სკოლიდან დაბრუნებულმა გულიკომ, მთელი ეზოს თვალწინ, ზარ-ზეიმით გადასცა თეონას უძვირფასესი საჩუქარი, - იაკობ გოგებაშვილის ”დედაენა”!...
თეონამ წიგნი გადაშალა და ასოებს დაუწყო კირკიტი.
- დულიტო, ეს რა ასოა?
- ეს არის  ”ა”...
- ეს?
- ეს  ”ი”...
- დულიტო, დულიტო, ეს?
- ეს ”თ”... თეონა, ნახე, რა გიჩვენო? წიგნს გადაშლი თუ არა, ნახატებია... ხედავ? აქ არწივი ხატია და გვერდით ”ა” უწერია... ბატის გვერდით ”ბ” წერია, წიწილას გვერდით კი - ”წ”... რაც ხატია, იმის პირველი ასო წერია გვერდით... მიხვდი?...
- ტი, დავიდე!... დმადლობ, დულიტო!...
თეონამ გულში ჩაიკრა ძვირფასი საჩუქარი და სწრაფად შევიდა სახლში.

უჯრიდან მისი დედიკოს რვეული ამოიღო, ერთი სუფთა ფურცელი ამოხია და... სწავლას შეუდგა.

”მოდი, ჩემს სახელს დავწერ?!”
”თვითმფრინავი...  ენა...  ობობა... ნავი... არწივი...  აბა, დედიტო თუ მიხვდება, რა დავწერე?”
- დე, ათ რა დავწერე? ნახე, აბა?
- ”თეონა”... დედიკო, ვინ გასწავლა ეს ასოები? როგორ დაწერე?!
- აი, ამ წიდნმა მასწავლა! ნახე?
- რა ლამაზად დაგიწერია!...ეს ”დედა ენა” ვინ მოგცა, თეონა?
- დულიტომ მაჩუთა...
- ჩემი ჭკვიანი გოგო! შენით დაწერე, დედიკო, ”თეონა” თუ გულიკომ დაგაწერინა?
- არა, დულიტომ არა! ჩემით დავწერე, დე!... - თეონამ ბედნიერი სახით შესცინა დედას.

მთელი ზაფხული ხელიდან არ გაუშვია თეონას წიგნი...
და როცა მშობლებს ეგონათ, რომ ”ბავშვი წიგნში ნახატების თვალიერებით არის გართულიო”, თეონამ საკუთარი ხუთი თითივით აითვისა ქართული დამწერლობის 33-ვე ასო და მერე - მთელი წიგნიც...

აგვისტოს ბოლოს მამამ ბავშვებს დიდი და ლამაზი, ნახატებიანი წიგნი მოუტანა, რომელზეც ავაზაზე გაწოლილი ბიჭი ეხატა.
- ”მა-უ-დლი”...
- რა თქვი, თეონა?
- ”მაუდლი”...
- შენ რა იცი, რომ ეს წიგნი ”მაუგლია?” - გაუკვირდა მამას.
- ათ წერია!...
- თეონა, შენ რა,  კითხვა იცი, მამიკო?
- ტი, ვიცი... - სერიოზული სახით თქვა თეონამ და ვიდრე კიდევ  დაუსვამდნენ შეკითხვას, წიგნი გადაშალა და... ხმამაღლა დაიწყო კითხვა.

დედა, მამა და ბებია გაოცებულები შეჰყურებდნენ თეონას, რომელიც უშეცდომოდ კითხულობდა...
- მამიკო, ვინ გასწავლა კითხვა?!
- აი, ამან! - თქვა თეონამ და მოწიწებით გადასცა მამას ”დედა ენა”.
- მამიტო, ნინუცას მე წავუტითხავ-ხოლმე ”მაუდლის”...  ხო, მამა?

აგვისტოს ბოლოდან თეონა ყოველდღე უკითხავდა ნინუცას ”მაუგლის” რამდენიმე გვერდს. თითქმის მარტის ბოლომდე ეყოთ ეს ერთი წიგნი.
მეორე წიგნი - ”იზარდე მწვანე ჯეჯილო” იყო,  ლამაზი ლექსებითა და უსაინტერესოესი მოთხრობებით...

აპრილის დასაწყისში თეონამ ნინუცა გვერდით მოისვა და ”მასწავლებლობანას” თამაში დაიწყეს.
- ნინუცა, მოდი, ლეთსი უნდა დასწავლო...
- რომელი ლექსი?
- აი, ეს...
”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ
ჩვენს ეზოში დილ-დილასო,
ვერ წამართმევ, არ დადატან
ჩემს პატარა წიწილასო”...
- ნინუცა, აბა, დაიმეორე: ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- ”თორო” ტი არა, ”თო-რო”...
- მერე, მასე არ ვამბობ? ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- შენ ”თორო”- ს ამბობ და უნდა თთვა ”თო-რო”....
- ”თო-რო”... ოოო, რა გინდა, რა?!
- ნინუცა, თორი არ იცი, რა არის? აი, დიდი ჩიტი როა, რო დაფრინავს და წიწილებს რო ჭამს...
- აა, ქორი? ხოოო!!!  ”ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ ფრენ”...
- ასე, რა? ყოჩაღ!  ”ჩვენს ეზოში დილ-დილასო”...
- ”ჩვენს ეზოში დილ-დილასო”...
- ”ვერ წამართმევ, არ დადატან”...
- ”ვერ წამართმევ, არ დადატან”...
- ოოო, ტიდე შენებურად დაიწყე? ვითომ არ დესმის, არა? ”დადატან” ტი არა, ”და-და-ტან”... ბე, უთხარი, რა, ნინუცას, როდორ უნდა თთვას?
- არ გაგატანო, ბებიკო, წიწილებს არ გაგატანო...
- ხოოო, მერე, მასე ვერ მეტყვის?
- ხო დეუბნები, მადრამ არ მისმენ და...
- ძალიან კარგადაც გისმენ...  შენ ლაპარაკი არ იცოდე, ჩემი ბრალია? ოოჰ!

თეონამ თავი დახარა და ოთახიდან უხმოდ გავიდა.
თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლი არ ჩამოვარდნია! გულში ჩაეღვარა თვალიდან გადმოსადენი ცრემლები.
ამით დამთავრდა თეონას ”მასწავლებლობა”... მანამ, სანამ გამართულად არ დაიწყო ლაპარაკი (ეს კი მხოლოდ ივნისის თვეში მოხდა)....

ისევ დადგა მაისი.
გულიკო კიდევ უფრო გაიზარდა, მესამე კლასში გადავიდა!...
სკოლიდან მოსულმა ამაყად გადასცა თეონას კიდევ ერთი წიგნი: ”Русский язык”.
- შენი წიდნია, დულიტო? მე რომ არ მინახია?
- არა, თეონა, ჩემი არ არის!... მესამეკლასელებს გამოვართვი... შენთვის... აჰა, გამომართვი!

და ისევ მთელი ზაფხული ”მეცადინეობდა” თეონა.

ჰო, მართლა,  თეონა რუსულ ბაღში დადიოდა, მაგრამ მთელი წელი რუსულად ხმა ვერ ამოაღებინეს. ან ლაპარაკობდა ქართულად, ან საერთოდ არ ამბობდა არაფერს...
ცოტა უკან უნდა დავბრუნდე.
მაისის შუა რიცხვები იყო, როცა თეონას ჯგუფის მასწავლებელი, როზა ხრისტაფოროვნა სახლში ეწვიათ.
დედას და ბებიას გაუკვირდათ მასწავლებლის სტუმრობა და რაღაც საშინელის მოსასმენად  მიემზადნენ. თეონას და ნინუცას რომ არაფერი სჭირდათ, ფაქტი იყო, - გოგონები იქვე, ეზოში თამაშობდნენ.
მასწავლებელი რომ დაინახა, თეონა სახლში შემოვიდა, მეორე ოთახში გავიდა და გაიყურსა.
- Жалко девочку... - ამბობდა როზა ხრისტაფოროვნა, - Она же ничегошеньки не понимает по-русски... только сидит в группе да молчит... Я Вас прошу, верните девочку в грузинский дет.сад... И для неё лучше будет, и для нас... Ну, я пошла... Этот год пусть докончит у нас, а с будущего года  - заберите её, очень прошу!...
მეორე დღეს, ჩვეულებრივად, თეონა და ნინუცა დედამ ბაღში წაიყვანა.
თეონა ჯგუფში შევიდა და თავის მაგიდასთან მოთავსდა ლიანასთან, კოტესა და მალხაზთან ერთად.
დილის საუზმის შემდეგ ჯგუფი მეცადინეობას შეუდგა, - ლექსი ჰქონდათ სასწავლი.
როზა ხრისტაფოროვნამ იკითხა:
- Дети, мы вчера изучили новое стихотворение про Танечку. Ну-ка, кто мне скажет это стихотворение?
თეონამ გაუბედავად აიწია ხელი...
- Тебе чего, Теона, выйти хочешь? Иди, деточка, иди...
- Нет, я хочу стихотворение стазать! - და ვიდრე როზა ხრისტაფოროვნა გონზე მოვიდოდა, ჯგუფის წინ დადგა და რიხიანად (უშეცდომოდ!!!) თქვა ლექსი.
- С ума можно сойти! Почему-же ты молчала до сих пор, девочка?!  А, Теона?!
- Я же не всё знала хорошо?!
- А что ты ещё знаешь?
და თეონამ თავისი ”კარონნი ნომერი” გაიმეორა, - მოაღო პირი და რაც კი მის ჯგუფს მთელი წლის განმავლობაში ლექსი უსწავლია, ყველა ერთად თქვა.
როზა ხრისტაფოროვნა ლამის გულწასული გაიყვანეს გარეთ.

მთელი ზაფხული ”მეცადინეობდა” თეონა, ნახატების გვერდით მიწერილ ასოებს იმახსოვრებდა და თანდათან მიიწევდა წიგნის ბოლო გვერდებისკენ.
აგვისტოს ბოლოს თეონა გამართულად კითხულობდა რუსულად.
და როცა სექტემბერში უფროს ჯგუფში მიიყვანეს თეონა, როზა ხრისტაფოროვნა მხრებს იჩეჩავდა: ”Чему мне её обучать? За это лето она освоила материал для третьего класса!  А ей и пяти  нет... ей  всего-то четыре годика с лишним... ”

ოქტომბრის ბოლოს სტუმრად მოსულ მამიდას ოთხიწლინახევრის თეონა ეზოში დახვდა:  პატარა სკამზე ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა და რაღაც მსხვილ წიგნს კითხულობდა.
- მამიდა, რაღაც, ამ სიტყვის    შ ი ნ ა ა რ ს ი  ვერ გავიგე...
- მაჩვენე, თეონა!...
და მამიდას კინაღამ წიგნი გაუვარდა ხელიდან: 
თეონას ხელთ ეპყრა ო’გენრის თხზულებები რუსულ ენაზე და  მონდომებით კითხულობდა.





ალპინისტი


თეონა სოლოლაკში ცხოვრობდა, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელ გვირაბთან ახლოს.
ახლოს კი არა, შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის შესასვლელი მათ ეზოში იწყებოდა...

ეზოს ბავშვები სახლობანას გვირაბში თამაშობდნენ-ხოლმე. ყველაზე დიდი დარბაზი  თეონას “სახლი” იყო, რადგან ექო ყველაზე უკეთ სწორედ იმ დარბაზში ისმოდა. ძალიან უყვარდა თეონას გვირაბში თამაში, განსაკუთრებით კი - მისი ხმის ექო ართობდა.

ლამაზი და  წკრიალა ხმა ჰქონდა თეონას.
მათთან სახლში ყოველთვის აღნიშნავდნენ-ხოლმე დაბადების დღეებს. მამის და დედის მეგობრებს იმდენად უყვარდათ თეონას სიმღერის მოსმენა, რომ, ერთხელ, დაძინებული ბავშვიც კი გააღვიძეს,  მისი ნამღერი ”თბილისოს” მოსასმენად!...
სამი წლის თეონა ტელევიზორის თავზე დააყენეს და მამის ერთი მეგობარი აკომპანიმენტს უკეთებდა პიანინოზე, მეორე მეგობარი - მეორე ხმას მღეროდა, თეონას პირველი ხმა კი ზარივით წკრიალებდა...  და არავის უცდია მათ სიმღერაში ჩარევა, - სიმღერას არ აფუჭებდნენ...

ეზოს ბავშვები, ხშირად, სპეციალურად იწყებდნენ-ხოლმე ”კონცერტობანას” თამაშს, რათა თეონას სიმღერა მოესმინათ...  და თეონას ხომ ”იმღერეო”- თხოვნა არ სჭირდებოდა?
როგორც წესი, ”კონცერტი” გვირაბის დიდ  დარბაზში იმართებოდა-ხოლმე და ნეტა იცოდეთ, როგორ უხაროდათ ეს გვირაბის მოლარეს - კარინასა და გვირაბის კონტროლიორს - ძია ვანოს...
რატომ? იმიტომ რომ მიმდებარე სამმა-ოთხმა ეზომ მაინც იცოდა ამ "კონცერტის გამართვის" შესახებ და ოფიციალურად იძენდნენ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელ ბილეთებს გვირაბში მოხვედრის მიზნით...

იყო-ხოლმე რეპეტიციები, პროგრამების შედგენა, - ვინ ვის შემდეგ იტყოდა ლექსს, იმღერებდა თუ იცეკვებდა...  და ”კონცერტის” მამოძრავებელი ღერძი ყოველთვის  ზღვისფერთვალა და ოქროსთმიანი თეონა იყო. 
მოკლედ, თეონას ნახევარი თუ არა, მეოთხედი სოლოლაკი მაინც ნაღდად იცნობდა!

იმ დღესაც კონცერტისთვის ემზადებოდნენ.
თეონა 4 წლისა იყო უკვე და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს.
- ამ კაბით მე არ ვიმღერებ და სახლში უნდა წავიდე, გამოვიცვალოო... - კატეგორიულად გამოაცხადა თეონამ და გასასვლელისკენ გაემართა.

თეონა გვირაბის ”საკონცერტო დარბაზიდან” გამოსული არ იყო, რომ  ერთ-ერთი გოგონას, მარინას ნათქვამი მისწვდა მის ყურს:
- იმღეროს, თუ არა... გამომივიდა ესეც ვარსკვლავი!  ამ დარბაზში ყველას ხმა კარგად ისმის... აბა გვირაბის გარეთ იმღეროს?!... - და ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი, რომ ყველამ უცებ დაიჭირა მარინას დედის ხმის ინტონაცია..."სირუშა ტოტას" ხმის ინტონაციას ან რა დაჭერა უნდოდა?!  მაშინვე  მივხვდით ყველანი!

გული დაწყდა თეონას, ზღვისფერი თვალები დაუსველდა... ცხელი ბურთი  მოებჯინა ყელში... მიბრუნება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და სირბილით გამოვიდა გარეთ.

რა ქნას? როგორ დაუმტკიცოს იმ მეტიჩარა მარინას, რომ თეონას არაფერში სჭირდება გვირაბის ექო და მის გარეშეც შეუძლია სიმღერა?!

ჯერ იფიქრა, ”მოდი, რამაზიკოს ვეტყვი, გვირაბში კი არა, გვირაბთან ჩავატაროთ კონცერტიო”, მაგრამ გაახსენდა, რომ სხვები ვერ იცეკვებდნენ ოკრო-ბოკრო ასფალტზე.
გამალებით ფიქრობდა პატარა თეონას პატარა ტვინი, რითი დაემტკიცებინა თავისი სიმართლე...
დიდხანს არც უფიქრია და... კლდეზე აცოცება დაიწყო. დაიღალა, მაგრამ მაინც ზემოთ მიიწევდა. ზევით რომ აიხედა, ხელის მოსაკიდებელი ვეღარაფერი დაინახა და ამიტომ იქვე, კლდის ერთ-ერთ ქიმზე ჩამოჯდა.
... და ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სივრცე გაკვეთა თეონას წკრიალა ხმამ.

მოლარე კარინამ სადღაც, ზევიდან გაიგონა თეონას სიმღერა და სალარო-ოთახიდან გარეთ გამოვიდა. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, - არავინ იყო. ხმას ააყოლა თვალი...მისი მზერა ციცაბო კლდეს აუყვა ზევით და...
- მიშელეეეთ! - მთელი ხმით იყვირა კარინამ.
- რა მოხდა, რა ამბავია, რას ყვირი? - გვირაბიდან გამოეპასუხა ძია ვანო.
- ვანო ძიაჯან, ბავში, თეონა კლდეზეა ასოსებული რა... მიშელე, შენი ჩირიმე!...
- კლდეზე რა უნდა თეონას, გოგო? თეონა სახლში წავიდა...
- რას ამბობ, ვანო ძიაჯან,  კლდეზე ასოსებულა ბავში!... აი, იქიდანა მღერის!...
- რას ამბობ, რას?!... რა კლდეზე... - და ვანოს სიტყვა გაუწყდა, როცა კლდის ქიმზე შემომჯდარი თეონა დაინახა....

კისერმოღერებული თეონა მთელი ხმით მღეროდა და თან  ცდილობდა, მათკენ არ გამოეხედა.
- თეონა, ბაბუ, რა გინდოდა მანდ?! რისთვის ახვედი?! რატომ აძვერი?!...
- აბა ”არ იცის სიმღერა და მხოლოდ დვირაბში მღერისო?”  - ცრემლნარევი ხმით გადმოსძახა თეონამ ძია ვანოს და თავი მიაბრუნა.
- ვინ თქვა, ვინ?!... როგორ არ იცი, ბაბუ, სიმღერა! იცი, ბაბუ, იცი!... ოღონდ, თეონა, ჩამოსვლა არ გაბედო მაქედან... გაიგე, ბაბუ, რას გეუბნები?... მანდ იჯექი და კამფეტს მოგცემ...
- ”დათუნიას”?...
- ჰო, ”დათუნიას”...
- ერთს თუ ორს?...
- სამ ”დათუნიას” მოგცემ, ბაბუ, მეტსაც, ოღონდ მაქედან ფეხი არ მოიცვალო, გაიგე, თეონა?...

ძია ვანო სწრაფად შევიდა გვირაბში და ბავშვებს გასძახა:
- თეონა კლდეზე ამძვრალა! რამაზ, მასთან სახლში გაიქეცი და დედამისს ან მამამისს უთხარი, სასწრაფოდ მოვიდნენ...
- ახლა რომ არცერთი არ იქნება სახლში?
- აბა ვისთან არის ბავშვი?
- ბებიაა მხოლოდ... დავუძახო?
- არა, ქალს შეეშინდება მხოლოდ და ვერ კი დაგვეხმარება.
- მამაჩემს რომ დავუძახო? ახლა სახლში იქნება...
- დაუზახე, რამაზიკო, დაუზახე მამას!... შენი ჩირიმე, ცოტა შქარა...- ცრემლები წასკდა კარინას.
- კარგი, გოგო, რას აღვარღვარებ მაგ ცრემლებს?!  ბავშვი კარგად არის, სიმღერის ხასიათზეა... მე ვიყო ახლა მაგ ხასიათზე...
- და როგორ უნდა ჩამოიდეს?...
- ჰოოოდა, მეც მაგიტომ მჭირდება ვინმე,  უფროსი... ჩემი მუხლების იმედი აღარ მაქვს...
- გარეთ რომ გახვალთ ყვირილი და ტირილი არ დეიწყოთ არავინმა, გესმით, რას გეუბნებით?!... ჰო, წავალ ახლა მე და კლდესთან დავდგები... თქვენ კი ნელ-ნელა გამოდით, ვითომ არაფერი მომხდარა... გესმით, ბოვშებო?...
- ძია ვანო, რომ ჩამოვარდეს თეონა, მოკვდება? თუ მარტო რამე-რამეებს მოიტეხს?
- მოიტეხს კი არა, კვახივით გასკდება შუაზე!... მომხედეთ აქეთ, რომელმა უთხარით თეონას, სიმღერა არ იციო? ჰა?...

ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი, რამაზი, რომელიც 7 წლის იყო მხოლოდ,  შურდულივით გავარდა სახლისკენ.
მარინამ უკან დაიხია და ბავშვების ზურგს ამოეფარა. ბავშვებმა მარინას გახედეს... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
- მე ის კი არ უთხარი, სიმღერა არ იციო, მე ვთქვი, რო მარტო გვირაბში მღერის კარგადო... - წამოიტირა მარინამ და გვირაბის კედელთან ჩაჯდა.
- კარგი, ტირილის დრო არ არის... შენ აქ იყავი, არ გამოხვიდე... გესმის, მარინა?- მკაცრი ხმით თქვა ძია ვანომ და სწრაფად გამოვიდა გვირაბიდან.
მარინამ სლუკუნს უმატა.... მაგრამ გვირაბიდან გამოსვლა არც უცდია, ძია ვანოსი შეეშინდა.

ამასობაში რამაზმა მამამისი მოიყვანა.
მოყვანაც არის და მოყვანაც, - რამაზი წინ მორბოდა და ხელჩაკიდებული  მოარბენინებდა მამამისს.
- კარგი, ბიჭო, მაცალე, სული ნუ ამომართვი...
- აბა, ვანო ძიამ თქვა ”კვახივით გასკდებაო” და...
- ნუ გეშინია, აქ არა ვარ? ჩამოვიყვან...  - მაგრამ კლდეს რომ ახედა, სადაც თეონა იჯდა, მიხვდა, რომ არც ის იყო თეონას დაბლა ჩამომყვანი.

”როგორ აძვრა იმ სიმაღლეზე?!  გრძელი კიბეა საჭირო... მაგრამ ვის ექნება ამხელა კიბე?”... - ფიქრობდა რამაზის მამა, - ”ვის ექნება და... მეხანძრეებს!”
- თეონა, კამფეტები გიყვარს?
- მიყვარს, ”დათუნია”...
- აი, ზუსტად ”დათუნია” უნდა მეყიდა ახლა, იქ მივდიოდი... თუ გინდა, რომ შენც გაჭამო, მაქედან ფეხი არ მოიცვალო, კარგი?... - შემდეგ ძია ვანოს მიუბრუნდა, - თეონას მაქედან მხოლოდ სახანძროს კიბით თუ ჩამოვიყვანთ... მე წავალ და მალე დავბრუნდები...

ცოტა ხანში გვირაბის შესასვლელთან სახანძროს წითელი მანქანა მოგრიალდა.
- აბა, სად არის ბავშვი? - იკითხა ერთ-ერთმა მეხანძრემ.
- ზემოთ, კლდეზე... აიიი, იქ... - ყველას დაასწრო პასუხი  6 წლის დათუნამ.

მეხანძრემ ზევით აიხედა და გაკვირვებით აიჩეჩა მხრები...
- ბავშვი კი არა, სკალალაზი ყოფილა, რა!... დაჟე ალპინისტი ვერ გაბედავდა მანდ თოკის გარეშე ასვლას... მანდ როგორ უნდა მივუდგეთ?!...
- გია ძია, მე ავალ!
- რას ახვალ, ზურა, გაგიჟდი?
- კიბით ავალ, გია ძია!...
- მანქანიდან გადახვალ?
- ჰო... რა, არ გამიძლებს?
- შენ ნაღდად გაგიძლებს...
- აბა, წავედი...
- ღმერთი შენსკენ...

თეონა გაფაციცებით შეჰყურებდა ლითონის პრიალა კიბეს, რომელიც ნეეეელა მიიწევდა მისკენ. კლდის ქიმი საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ თეონაც ზედ მჯდარიყო და კიბის კაუჭებიც ჩამოეყრდნოთ...

ძია ვანო ნერვიულობისაგან პაპიროსს პაპიროსზე უკიდებდა.
- ვახ, კაცო, ჯეელი ჯერ ისეც არ ვიყავი და ამ ბავშვმა კიდე 10 წლით დამაბერა! თეონა, ბაბუ, ერთი შემოსძახე რამე სიმღერა!...
- რა ვიმღერო? - გაუბრწყინდა თვალები თეონას.
- აი, დღეს რაც უნდა გემღერა!...
- ლალე?
- ჰოოო, ლალე, ლალე...

მეხანძრეებმა გაოცებით ახედეს პატარა გოგონას რომელიც კლდის ქიმზე შემომჯდარი, თავისი წკრიალა ხმით მთელი გატაცებით მღეროდა:
”ლაალეეე, ლააალეეეე,
დივლი-დალა- ლაალეეე...
ჩეემო ლამაზო სამშობლოოო,
შენ ტი დენაცვააალეეეე...
ჩემო ტტბილო სათართველოოოო,
შეენ ტი დენააცვააალეეეე...”

- ვაჰ, ეს რა ბავშვი ყოფილა, კაცო! ეგრე კარგად დიდებიც ვერა მღერიან... თან ალპინისტ-სკალალაზი და  თან ეგეთი მომღერალი?!... არა, რაა!... იბადებიან ეგეთებიც, მაგრამ, ძალიან იშვიათობაა ეგეთი ხმა!...

სიმღერა მიჩუმდა. ახალგაზრდა მეხანძრემ,  ზურამ თოკი შემოიხვია და თეონასკენ დაიძრა.
- თეონა, თუ არ გაინძრევი მაქედან, კამფეტს მოგცემ...
- რომელ ტამფეტს?
- ”ციყვს”...
- მე რომ ”ციყვი” არ მიყვარს?
- სამაგიეროდ, მე მიყვარს...
- ჰოდა, ჭამე შენ შენი ”ციყვი”! მე ”დათუნია”ტამფეტები უნდა მომიტანონ!...
- კარგი, ნუ ხვანცალებ მანდ... ჩამაყვანინე შენი თავი დაბლა და მერე გინდა ”დათუნია” ჭამე და გინდა ბუს კვერცხები...
- ბუს ტვერცხებიც ტამფეტია? - გადაიკისკისა თეონამ...
- ოჰ, ერთი 15 წუთით მქნა მამაშენად და გაჩვენებდი, რა კამფეტებია ბუს კვერცხები...ნუ ხვანცალებ-მეთქი, ვერ გაიგე?

ამასობაში ზურამ თეონამდე ააღწია.
თეონამ ხელები კისერზე შემოხვია ზურას, რადგან იმედი ჰქონდა: ”დაბლა ჩასულს ბევრი კამფეტი დამხვდებაო”... ზურამ თოკით მიიბა თეონა და დაბლა დაეშვა.
- შენ რა დთვია, ზურა?
- ჰო, ზურა...
- ჩემთვის ამოძვერი?
- არა, ”ციყვუნია” კამფეტებისთვის...
- და მე რომ არ ავმძვრალიყავი, მაინც დაჭმევდნენ ”ციყვუნია” ტამფეტებს? ჰა, ზურა?
- არა, მაშინ არ მაჭმევდნენ... კარგად მომხვიე ხელები...
თეონა ლოყით მიეხუტა ზურას და გაყუჩდა.
სულ 2-3 კიბე-ღა ჰქონდათ დარჩენილი, რომ თეონამ თავი მიაბრუნა ზურასკენ და ლოყაზე აკოცა...
- რაო, თეონა? - გაეცინა ზურას...
- რომ არ ამოსულიყავი, იცი, როდორ მეშინოდა? ოღონდ არავის არ უთხრა, რა?... თუ დინდა, ჩემს ”დათუნია” ტამფეტებსაც შენ დაჭმევ... დინდა?
- არა, თეონა, არ მინდა!... მოდი, ყურში დამპირდი, რომ აღარასოდეს აძვრები ამ კლდეზე... მპირდები?
- დპირდები... და სხვა ტლდეზე? - ჩასჩურჩულა თეონამ.
- არა, აღარც სხვა კლდეზე აძვრე, კარგი?...
- ტარდი, დპირდები... - თეონამ კიდევ ერთხელ აკოცა ზურას.
- კარგი გოგო ხარ, - ზურამაც მოხვია ხელები და ნაზად აკოცა პატარას ფერდაკარგულ ლოყაზე...

თეონამ უხმოდ  დაუქნია თავი ზურას და მიწაზე ჩამოხტა. ჯერ ძია ვანოს შეაჩერდა ხელებში კამფეტების მოლოდინში, მერე - რამაზიკოს მამას...
არავინ  ფიქრობდა თეონას კამფეტებზე...

თეონამ თავი დახარა, გვერდზე გავიდა და უფროსებისგან მოშორებით გაჩერდა, მაღალ ბორდიურზე, საიდანაც კარგად ჩანდნენ მეხანძრეები.

მეხანძრეებმა კიბე აკეცეს და მანქანაში ჩასხდნენ.
- თეონა, იცოდე, პირობა პირობაა...- დაძრული მანქანიდან გამოსძახა ზურამ...
- და მე რომ არ შემისრულეს პირობა,  ”რომ ჩამოხვალ, ”დათუნია”ტამფეტებს დაჭმევთო?”... ეჰ...  არც შენ დაჭმევენ, ზურა "ციყვუნია" ტამფეტეეეეეეებს!...  აღარ უნდა დაუჯერო არავიიიიიიიიის!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები