ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2012


jaden.

jaden.
                                          ხმამაღლა ზოგჯერ ყველა გრძნობა არ  ირითმება...

                                                                                  jaden.

არაფერი მაქვს სათქმელი,
მაგრამ, მაინც,
(როგორც ბოსლიდან
სასაკლაოზე მიმავალი თეთრი ბატკანი)
ისევ მოვედი ამ ფურცლებთან,
სხვა გზა რომ აღარ დამიტოვა ფილტვების ქშენამ...
ვიცი, ვერ შევძლებ
ისეთი სიტყვა გამოვიგონო,
რომ დამავიწყოს ხმელი ცა და კედლებში შევძვრე...
არაფერი მაქვს სათქმელი,
სულ არაფერი...

-----------------------------------------------------------------


        მხურვალე მიწა

ავდგები...
ვივლი...
ივლისიდან სარწყუნისამდე...
ცხელი იქნება ჩემი მიწა თანდათან უფრო...
და მლაშე ჭუპრი
ამოვა თეთრი თვალებიდან,
იქცევა პეპლად.
თეთრი იქნება ის პეპელაც, ჩემი გაგებით...
იცი წინასწარ დრო დადგება,
დადგება.იცი.
როცა ზეციდან დაეშვება მოშავო ფერფლი...
„ღმერთი დაიწვა“
იტყვის ვიღაც ჩემი თავიდან.
და უფრო ცხელი,
უფრო ცხელი იქნება მიწა,
რომელზეც ვივლი...
ივლისიდან სარწყუნისამდე...
და ისევ ვიღაც ააჩქარებს გადაღლილ ნაბიჯს.

---------------------------------------------------------------

    მეც ამ სიზმრების ნახვა მინდოდა

მართალი იყო ყველა სიზმარი,
ირმის შიშივით მართალი და თვალებ ღია,
მეც ამ სიზმრების ნახვა მინდოდა, ამ უფსკრულების
და ფართო მხრებზე მოვიხურე ცის კაბადონი
თოვლის სევდაში წამოვწექი,
და მხოლოდ თეთრი შური შემრჩა ადამიანის,
რომელიც ისე გაუჩინარდა,
რომ გააზრებაც ვერ მოასწრეს მისი და მასში
გამოჩეკილი ოცნებების–ილუზიების...
და ვნახე მერე
თოვლის სევდაში ჩაწოლილი ბიჭის სიზმრები.
და უფალივით ვირწმუნე, რომ
მეც ამ სიზმრების ნახვა მინდოდა...

------------------------------------------------------


          მაჩუქე ალუბლების ხეივანი

ყველაფერს კიდევ ემატება ცუდი ამინდი.
ღმერთო დამინდე...
მახსოვს მუცელში ჩიტივით ჩამიფრინდი,
და მე პირიდან მთელი ტანი გადმოვაფურთხე,
მერე სატანა მომეხვია და დამამშვიდა,
მერე სიცოცხლეს შეერია თანდათანობით.
მერე ტირილი მომესმოდა ჩემისთანების.
მერე თვალები დავინახე.
ხელები დავინახე.
ღიმილი დავინახე.
და გახლეჩილი სული მოწყვეტით დაეშვა მუხლებზე,
როგორც გამხმარი ალვის ხე ეშვება, ტოტების მტვრევით.
და მტკივა თითო ამოსუნთქვა, ყველა ნაბიჯი,
არა, არ მინდა სიბრალული, ხორცი დაბეჟე...

და როცა ყველაფერს შევინანებ,
მაჩუქე ალუბლების ხეივანი...

--------------------------------------------------------


              ჩემო დაღლილო...

ტვინისამხდელი სიყრუეა ქვეყანაში...
მეთამაშე,
ტყუილობანა მეთამაშე,
ჩემო დარდიანო საქართველო...
ჭერზე ჭაღივით ჰკიდია სამართალი,
რა მოხდებოდა, უფრო მაღლები ვყოფილიყავით.

არაფერია,
განაწყენებულ ძმებივით რომ გაეყარეთ
შენ და მშვიდობა.
დილამშვიდობის,
ჩემო დარდიანო საქართველო,
როგორ გეტყობა მთელი ღამე არ გიძინია...
როგორ დაღლილხარ...
წუხელ ფარ-ხმალი მებრძოლებმა ცაში აყარეს
და მერე თურმე მიწას აღარ მიუზიდნია.
შენ რომ იცოდე როგორ მინდა რამე გახარო,
ჩემო დაღლილო საქართველო...

მიდი, კავკასიონს დაეყრდენი,
შხარას დაეყრდენი
თეთნულდს დაეყრდენი
შირაქის ველზე ჩამოჯექი თეთრი ღმერთივით,
ელდარის ველზე ჩამოჯექი თეთრი ღმერთივით,
შავი ზღვის პირას ჩამოჯექი,
სანამ კაცები ძარღვებს სისხლით აივსებენ,
სანამ ქალები მუცელს სიცოცხლით აივსებენ,
სოხუმში წამოწექი, ცხინვალში წამოწექი,
დაისვენე,
დაისვენე,
ჩემო დაღლილო საქართველო.

----------------------------------------------------------


                -----------@@@-----------

დღეს არაფერი არ მოხდება, ღამეს გაათევ.
მხოლოდ დაცემულ საქართველოს უნდა დაჯერდე.
სახლის კუთხეში მიგდებული კედლის საათი
ასე, სიცოცხლის სურვილივით უცებ გაჩერდა.

აღარც ხმა ისმის, არც ჩურჩული. მხოლოდ-ღა კატის
ტვინისამხდელი ყეფაა და იმედის ხანა
ჩუმად, ნელ-ნელა, მარტოობის წლებივით გადის
და ვხედავ როგორ მეკარგები, ჩემო ქვეყანა...

ვიცი, ღირსება გვაწერია (უფალს მადლობა)
ატალახებულ მიწებამდე დახრილ თავებზე.
ამომეზარდა ხელის გულზე თაფლის სანთლები
და უფსკრულებში საქართველოს ფესვებს დავეძებ...

---------------------------------------------------------------


  @@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

მე ჩემ თავს მკვეთრი სიხარული გამოვუცხადე,
მთავრდება ჩემი გადარჩენის ბოლო სტადია
და ვრჩები ცაზე ლექსღრუბელში ამოგანგლული.
რა მოხდა მერე?! მზერა შემრჩა მშიერ კურცხალის,
რაც მთავარია, ქარი ყველა წახნაგს აგლუვებს
და მღერის ნელა უკვდავების ეპიტაფიას:
რომ ლექსი არის უცნაურად ცრუ და მოწყალე,

რომ ილუზიებს მოდებული ხავსი გამძლეა,
რომ ფერადია კედლებს მიღმა მდგარი უკუნი
და არ ღირს ჩავლილ სიცილებთან გამოდავება.
საქმე ისაა: საკუთარი თავი დაძლიო.
სხვების მტაცებლებს რახანია მოჭრეს თავები.
სხვას თუ შეები გაგაღვიძებს კარზე კაკუნი,
მოვლენ და ცრემლებს ფრჩხილებივით ამოგაცლიან...

-----------------------------------------------------------------


    # # #

ოღონდ აქ არა...
და ვიყო თუნდაც
ვეშაპის ტანში, როგორც იონა.
როცა წახვედი ქარები დუმდნენ,
ქარები დუმდნენ, შენ მიდიოდი..
ვინ რას გაუგებს ბუნებას, დრო–ჟამს?!
ჰკარით ნოემბერს ზურგში დეზები
და შემოდგომის ყვითელი დროშა
აღმართეთ ცამდე, ჩემო ლექსებო!
იყოს დუელი, ოღონდ აქ არა,
აქ ერთხელ უკვე მოვკვდი (მოგენდე)
მოდის სიკვდილი როგორც ლაშქარი
გამარჯვებული ბრძოლების შემდეგ
მოდის  ნელა და ისე სასტიკად,
უნდა ჩაეფლო ლაფში ყელამდე
ან შეეგებო როგორც პატრიკი
და შესვა ცხელი სისხლის ხელადა
გადმონაწური შენი ხელიდან.
იქნება ქარი,  მერე დაცხება.
მე ჩავებმები ომში – ერიდა
და საკუთარი სისხლით გავძღები...
ეს ლექსიც უკვე სადღაც წახვეტეს,
ბნელი წარსულის თითებმა თუნდაც.
ქარები დუმდნენ როცა წახვედი.
ქარები დუმდნენ,
დუმდნენ და
დუმან...

---------------------------------------------------------

ამბობ: "მიყვარხარ"
თვალებიდან სევდაც გადმოგდის.
ვამბობ: "წავიდა"
და ამომდის თოვლი პირიდან.
ეცადე, მაგრამ სიხარული ვეღარ გადმომდე
და მშრალ სხეულში ჩაიტოვე მლაშე ქვირითი...

---------------------------------------------------------------


        გაზაფხულის ვიბრაცია

გაწიეთ ფარდა,
მინდა მარტის ამინდი მღლიდეს,
დღეს სახლში ვრჩები, ოთახებო, კარი დახურეთ!
სიმარტოვეში ჩარჩენილი ბებერი მგლისთვის,
მხოლოდ ნერვებზე თამაშია ეს გაზაფხული.

მითუფრო, როცა ტელეფონი გამოგაღვიძებს:
“გაზაფხულია, მომენატრე, გიორგი, სად ხარ?”
გწერს გოგო, რომლის ხმა კი არა, ფერი არ იცი
თვალების, სულის...
შენ, პერლინა, არ გესმის?! გახრა
ტვინი ფიქრიდან მონატრების გამონათებამ.
შენი ბავშვობის სურათები წუხელ ავრიე
და დილით ერთი ისე თეთრად იდო ხატებთან,
თითქოს შროშანი დაუვარდა წმინდა გაბრიელს.

გარეთ ხმელ ტოტზე ორი ჩიტი იჯდა, აფრინდა
ერთი, მეორემ ვიბრაცია იგრძნო სხეულში,
ასეთ გაფრენას გავდა შენი წასვლა სახლიდან,
მე დავრჩი როგორც ბიბლიიდან ამოხეული
ერთი ფურცელი...
ოთახებმა ხელი მომავლეს,
ვეღარსად გავალ, იმედებო, კარი დახურეთ...
პოეტებისთვის (ამნაირი გზის და მომავლის)
მხოლოდ ნერვებზე თამაშია ეს გაზაფხული...

---------------------------------------------------------------

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები