ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2012


ხუთი წლის შემდეგ...

„ბათუმში გაგანაწილესო“ - მახარეს!...

მოულოდნელი სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა, - მე შენთან მოვდიოდი!
აღარ გაილია ის რამდენიმე დღე, შენთან რომ მაშორებდა. მეგონა, საათი გაჩერდა-მეთქი. ზლაზვნით, ტაატით მოძრაობდნენ საათის ისრები, მუხლდაღლილი კაცის დარად.
როგორც იყო, გაილია უკანასკნელი უძილო ღამეც!...
დილას უთენია წამოვხტი და დისლოკაციის ადგილს მივაშურე. მალე მანქანებშიც ჩავსხედით და...
ბორბლების ხმაურს ვუგდებდი ყურს და ფიქრით მანქანის სვლას ვაჩქარებდი: გზას ხომ შენკენ მოვყავდი?!
ჰმ, ვითომ ახალი ვთქვი რამე! - მე ყველა გზას შენკენ მოვყავარ!. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა მოლოდინისგან: ისევ ძველებურად შემხვდები? მე ხომ დიდი ხანია, აღარ მინახიხარ?! უფრო შემიყვარე თუ სულაც გადამიყვარე?... შენი ხმაც მომენატრა, ჩურჩულით რომ მეძახდი-ხოლმე: „მოდი, გელოდებიო“, „მიყვარხარო“, „სად დამეკარგეო“...
ეეეჰ, შენი სულის სიკამკამის ნატრული გავხდი!... ვერავის გადარებ და ვერც ვერასოდეს შეგადარებ, - შენი მსგავსი არსად, არავინ და არაფერია!
ღიღინ-ღიღინით მოვდიოდი შენკენ...  გულს უხაროდა, სული მღეროდა!
სულ ვფიქრობდი...

- რაზე ან ვისზე?...

მე მეკითხები ამას?... უცნაურია, ამას რომ კითხულობ! კარგი, გეტყვი, თუ არ გაგეცინება: საოცარი სურვილი დამეუფლა შენთან გაერთსულებისა! მომინდა, რომ შენს უბეში შევყუჟულიყავი პატარა ჩიტივით, შენს საიმედო მკერდზე მეპოვა სითბო და სიმშვიდე!...

- ჰა-ჰა-ჰაააა.... სანდო და საიმედო არ ვარ...

აჰა,  ხომ გაგაცინე? „სანდო და საიმედო“ არა ხარ?  ვიცი! რამდენი ვინმე შეეწირა შენს სიყვარულს?! ისინი მოგენდნენ და შენ კი - არ დაინდე! ჯერ შენი სიყვარულით გააგიჟე, მერე კი - შენივე სიყვარულით დაახრჩვე და სულის ნაპირისკენ გარიყე!

- ჰა-ჰა-ჰაააა.... არ არის მასე!...

რა გაცინებს? მასე არ არისო, მეუბნები? ეეეჰ, როგორც ყოველთვის, შენ ახლაც მართალი ხარ! მთელი არსებით არ მოგენდნენ, ალბათ!
რაშიც ვერასოდეს დაგეთანხმები, ისაა, რომ მითხარი: „სანდო არ ვარო!“...
არ ვიცი, ვისთვის არ ხარ სანდო, ან ვინ გარიყე შენი გულიდან. ვიცი მხოლოდ, რომ ისე იმედიანად, დანდობილად და უსაფრთხოდ ვერსად და ვერავისთან ვგრძნობ თავს, როგორც შენთან!
შენს გვერდით პატარა ბავშვი მგონია თავი!... აი, ისეთი პატარა, მამა მხარზე რომ შემისვამდა-ხოლმე და აქეთ-იქით დამატარებდა.
ნუუ,  შენ არ მისვამ მხარზე, მაგრამ... ხელში ატატებული და გულზე მიხუტებული ხომ დაგყავარ?!... ყოველი უჯრედით ვგრძნობ შენს გულისფეთქვას და ჩემი გულიც შენთან უნისონში ძგერს! 
ჰმ... სანდო არ ვარო, ხომ?
სანდო ხარ, სანდო!
გენდობი სრულად და ბოლომდე!

იცი, შენი სიყვარულის გამო „დელფინს“ რომ მეძახიან?

ჰოდა, „დელფინს“ ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარხარ, ზღვაოოოოოოოო!....


18.07.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები