ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2008


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”- 7

ბაკურიანში

თეონა დიდი გოგო იყო უკვე, 2-3 თვეში ხუთი წლის უნდა გამხდარიყო.
კითხვა უყვარდა, - თავისუფლად კითხულობდა ქართულ და რუსულ ენაზე. თან სწრაფადაც კითხულობდა.

მას შემდეგ, რაც ო’გენრის თხზულებები ჩამოართვეს, მშობლები მიხვდნენ, რომ მისთვის საბავშვო წიგნები უნდა ეყიდათ და ამ სიამოვნებას არასოდეს აკლებდნენ.
თეონასთვის გამოყოფილი თარო თანდათან ივსებოდა ქართულ-რუსული საბავშვო წიგნებით, ქართული თუ მსოფლიო ხალხთა ზღაპრებით...

მელიებზე, კურდღლებზე, დათვებზე ზღაპრები არ უყვარდა, სამაგიეროდ დედოფლებსა და უფლისწულებზე ჯადოსნური ზღაპრების კითხვა არ ბეზრდებოდა....

ამ ზღაპრების საფუძველზე მისი საკუთარი სამყარო შექმნა და იმ სამყაროში ”დასახლდა”! ის იყო იმ დიდი და ლამაზი, ჯადოსნური სამყაროს პატარა დიასახლისი.... და საიდუმლოდ უნდა გითხრათ, - თეონა ახლაც იმ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ბოროტი ყოველთვის უნდა მარცხდებოდეს, სადაც სიყვარული და სიკეთე ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს და  სადაც, უბრალოდ, არ შეიძლება უსიყვარულოდ ცხოვრება!...

და როცა ხედავს, რომ ეს რეალური სამყარო ძალიან განსხვავდება იმ ჯადოსნური სამყაროსგან, თეონა უკანმოუხედავად გარბის თავისი ლამაზი სამყაროსკენ... იქ პოულობს სიმშვიდეს, სითბოს, სიყვარულს... იქ ხომ არავის არავინ სძულს! იქ არავინ მოგიკლავს გულს, არავინ ჩაგაფურთხებს სულში, არავინ დაგიშენს ხელკეტებს, არავინ მოგწამლავს ცრემლმდენი თუ სხვა რომელიმე შხამიანი აირით, არავინ გესვრის ტყვიას, თუნდაც რეზინისას...

თემას ავცდით... ჩვენ ხომ პატარა თეონაზე ვსაუბრობდით, რომელსაც ჯადოსნური ზღაპრების კითხვა უყვარდა!!!

ზამთრის არდადაგებზე (ის არადადაგები დედიკოს ჰქონდა და არა თეონას!) დედამ და ბებიამ თეონა და ნინუცა ბაკურიანში წაიყვანეს! თეონამ უამრავი წიგნი წაიღო თან.
- ბაკურიანში წიგნები რად გინდა, თეონა? მაგისთვის იქ ვერ მოიცლიო, - უთხრეს თბილისში.
- როგორ ვერ მოვიცლი? შუადღეზე ნინუცა რომ დაიძინებს, მე რა უნდა ვაკეთო? მე ხომ უკვე დიდი ვარ და სულ არ მეძინება შუადღეზე... ხოდა, წავიკითხავ-ხოლმე...

ნინუცა სამი წლის იყო მხოლოდ. იმ წელს თბილისში თოვლი არ მოვიდა. არადა, დედიკოს და მამიკოს ძალიან უნდოდათ ბავშვების თოვლით გახარება. სპეციალურად თოვლში სათამაშოდ შეუძინეს წყალგაუმტარი კომბინიზონები და ულამაზესი თბილი სვიტერები და ხელთათმანები...

ორი წლით ადრე, როცა  წლინახევრის  ნინუცამ ფანჯრიდან პირველი თოვლი დაინახა, გახარებულმა ტაში შემოჰკრა და დაიყვირა:
- ბელი-ბელი რძეეეე!

და როცა ამ ”ბევრი რძის” სიცივე საკუთარი ხელებითა და ლოყებით შეიგრძნო, დიდი მწვანე თვალები ცრემლებით აევსო და დედას შესჩივლა:
- ნინუცა თათო ფუა-ვავა!!! (ანუ ხელები გამეყინაო...)

ბაკურიანში წიწვნართან, მდინარის ახლოს იქირავეს ბინა.
ისე, მდინარის სიახლოვე ზაფხულშია კარგი, თორემ ზამთარში?!...
მაგრამ სხვაგან ცარიელი ბინები არ იყო და რადგან სახლის პატრონებიც ძალიან მოეწონათ, ამ სახლზე შეაჩერეს არჩევანი.

ძია ვასო და დეიდა თამარი ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდნენ დამსვენებლებს. დიდ საერთო ოთახში დილიდან დაღამებამდე გიზგიზებდა ბუხარი, თითოეულ ოთახს კი - შეშის ფეჩით ათბობდნენ.

მათი ოთახი საკმაოდ დიდი იყო. თავისუფლად ეტეოდა სამი საწოლი, დიდი მაგიდა თავისი სკამებით, უზარმაზარი გარდერობი, რომელიც კუთხეში სწორად კი არ იყო მიდგმული, არამედ ოთახის კუთხეს ირიბად კვეთდა, მომცრო ბუფეტი და უზარმაზარი შეშის ფეჩი... ორი კვირით ჩასული დამსვენებლებისთვის მეტი არც არაფერი იყო საჭირო.

თეონამ არც ბაკურიანში მოიშალა თავისი ”თეონობა”... და თუ ნინუცა მუდმივად თვალწინ ჰყავდათ, დედაც და ბებიაც სულ თეონას ძებნაში იყვნენ. თუმცა, ცოტათი მაინც უნდა დავიცვა თეონა, - ის არსადაც არ მიდიოდა, უბრალოდ, ვასო პაპას დაჰყვებოდა ფეხდაფეხ. ვასო პაპა დურგალი იყო და თეონა მის სახელოსნოში რამდენ საინტერესო რამეს პოულობდაააააა!!!!  აკი  ”ვასოს კუდი” დაარქვა თამარა ბებომ... გაფაციცებით უყურებდა-ხოლმე ვასო პაპას ხელებში, მოსწონდა, როგორ ივსებოდა სახელოსნოს იატაკი ფიჭვის ბურბუშელითა და თავად სახელოსნო -  ამ ბურბუშელის სურნელით. ბურბუშელას მუჭით იღებდა, შიგ ჩაჰყოფდა-ხოლმე თავის პატარა ცხვირს და ხარბად ისუნთქავდა ფიჭვის სურნელს...
და როცა ვასო პაპამ თეონას თოჯინას ნამდვილი აკვანი გაუკეთა, თეონაზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არ იყო არავინ!!!

თამარა ბებოსთან ერთადაც უყვარდა თეონას ყოფნა: აბა სხვაგან სად ნახავდა ცოცხალ ძროხას და სად დალევდა მარლაში გადაწურულ ახლადმოწველილ თბილ-თბილ რძეს?! ბოსლისა და ნაკელის სუნი, ბარემ, ძალიანაც არ მოსწონდა, მაგრამ... იმ თბილი რძის ხათრით ამ სუნსაც ვაჟკაცურად იტანდა თეონა.

დედა და ბებო დეიდა თამარისგან ყოველ დილით ყიდულობდნენ ბავშვებისთვის რძეს, აუდუღებდნენ ხოლმე და სასაუზმოდ ეძახდნენ გოგონებს. ნინუცა სიამოვნებით სვამდა-ხოლმე ქაფქაფა სურნელოვან რძეს, რომელიც ძალიან უყვარდა, თეონა კი ყოველთვის უარს ამბობდა ამ რძის დალევაზე... ვერაფრით დაითანხმეს თეონა... დედამ და ბებომ სულ არ იცოდნენ, თეონა რომ აუდუღარ რძეს მიირთმევდა ყოველ დილით და, უბრალოდ, მეტი რძის დალევა აღარ უნდოდა-ხოლმე...

საუზმის შემდეგ გოგონები ეზოში ჩადიოდნენ სათამაშოდ, ვიდრე დედა და ბებია გაემზადებოდნენ პარკში გასასვლელად. მერე დედა ორივეს ერთად დასვამდა  დიდ ციგაზე და სულ სრიალ-სრიალით მიდიოდნენ პარკისკენ.  კოხტა-გორაზე სრიალი უყვარდათ, თუმცა იქამდე კარგა შორი მანძილი ჰქონდათ-ხოლმე გასავლელი.

მაგრამ მანამდე, როგორც კი გოგონები ეზოში ჩავიდოდნენ, უცვლელი რიტუალივით, ან დედას და ან ბებიას აივნიდან უნდა გადმოეძახა:
- თეონა, მდინარესთან არ მიხვიდე! ხომ იცი, მდინარე აქ ღრმა არის!

და პასუხადაც ყოველ დღე ისმოდა:
- არა, დედიკო, არ მივალ!...
- არა, ბებო, არ მივალ მდინარესთან...
- მდინარესთან რა მინდა, ოოოო!!!...
- ვერ ხედავთ, რომ არ მივდივარ ამ თქვენს მდინარესთან?!...
- რატომ არ უნდა მივიდე? ძალიან ღრმა არის?....
- ასე რომ გეშინიათ, იქნებ სულაც არ არის ღრმა?...
- აბა, ის დიდი ბიჭები რომ მიდიან და არაფერი ემართებათ?....
- სულაც არ არის საშიში ის თქვენი მდინარე!...

და არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ თეონას მათ თავად გაუღვიძეს ამ მდინარესთან  ახლოს მისვლის ინტერესი.

მდინარე გაყინული იყო. ”ის დიდი ბიჭები” სპორტსმენები იყვნენ, რომლებიც სავარჯიშოდ იყვნენ ჩამოსულნი ბაკურიანში და, გაკაჟების მიზნით, მდინარეზე მათ მიერვე გაკეთებული ყინულჭრილიდან ამოღებული წყლით იბანდნენ-ხოლმე ხელ-პირს.

უცნაური ბავშვი იყო თეონა! მობეზრდა ყოველდღიური გაფრთხილება ”მდინარესთან არ მიხვიდეო” და გადაწყვიტა ”ჭკუა ესწავლებინა ჯიუტი უფროსებისთვის”, რომლებიც ვერაფრით დააჯერა, რომ სულაც არ აინტერესებდა ამ მდინარესთან მისვლა.
- სწორედაც რომ მივალ ამ მდინარესთან! ვნახოთ, აბა, რა მომივა! არაფერიც არ მომივა, ვაა!

იმ დღეს დედას ”ჯერი” იყო აივნიდან გადმოძახებისა.
- თეონა, მდინარესთან... ნინუცა, სად არის თეონა?
- არ ვიცი, დედიკო... მე აქ დამტოვა, თვითონ კი სადღაც წავიდა.
- სად წავიდა, საით? ვასო პაპასკენ? - და ვიდრე ნინუცა რამეს უპასუხებდა, დედა სახელოსნოსკენ გაიქცა.
- ძია ვასო, თეონა თქვენთან არის, ხომ?
- არა, თინიკო... დღეს თეონა აქ არ მოსულა!... თამარას ხომ არ გაჰყვა? ბოსელში ან თავლაში ნახე...

- თეონააა! დეიდა თამააარ! თეონა თქვენთან არის?
- არა, თინიკო! აქ არ შემოსულა თეონა!!! ელისოსთან ხომ არ გადავიდოდა? მოიცა, გავძახო... ელისოოო! ელოოო! თეონა შენთან ხომ არ გადმოსულა, გოგო?!
- არა, დედა! ჩემთან არ გადმოსულა! სახლში არ არის?... უიმე, დამაცათ ცოტა ხანს!...
- რა იყო, ელისო, რა დაინახე?! ხმა ამოიღე, გოგო! - გასძახა თამარამ შვილს, რომელიც გვერდით ეზოში ცხოვრობდა.
- რა და... მდინარესთან რაღაცეები ყრია! თეონას სათამაშოებს გავს... მოიცა, ჩავალ!

ვიდრე ელისო ჩავიდოდა, დედა უკვე მდინარისკენ გარბოდა.
მდინარის ყინულჭრილთან თეონას კაშნე ეგდო, რომლის ერთი ბოლო წყალში იყო ჩაშვებული, იქვე ეყარა თეონას სათამაშო ვედრო და ნიჩაბი... ყინულჭრილამდე გზა ისე იყო დატკეპნილი, რომ თეონას ნაფეხურები არ იმჩნეოდა გარკვევით. მდინარესთან ახლოს მისულ დედას ახალი საშინელი სანახაობა ელოდა: ყინულჭრილი კიდეებთან  თეონას პატარა თითებით იყო დაფხაჭნილი, თითქოს მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ამ თითებით ებღაუჭებოდა  ყინულჭრილის კიდეებს და... ვერაფერი გააწყო, ვერ ამოვიდაო.

დედა მოცელილივით ჩაიკეცა და გონი დაკარგა.
მთელი ის უბანი უკვე მისკენ გარბოდა და ამიტომ მალევე მოიყვანეს გონს.
თინიკო სახლში წაიყვანეს... ოთახში რომ შეიყვანეს, იატაკზე გულწასული ბებია იპოვეს... მოკლედ იქ ამბავი ატყდა, ”დედა შვილს არ აიყვანდა ხელში”.

სპორტსმენი ბიჭები კაუჭიანი ხის გრძელი ჯოხებით ჩხრეკდნენ მდინარის ფსკერს, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.
- მდინარე ხომ არ წაიღებდა? ასე უცებ როგორ უნდა დამხრჩვალიყო?!
- გითხარი, რა, არ გინდა ამ ყინულჭრილის ამოტეხვა-მეთქი!...
- რა ვიცოდი, ასე მოხდებოდა?! ბიჭო, რა ხათაბალაში ვართ!
- ჩვენს ხათაბალაზე ფიქრობ? ნეტა ის ბავშვი მაპოვნინა და არაფერი მინდა სხვა!...
- ბიჭო,  მყვინთავები არ ეყოლებათ ბაკურიანში?
- გონზე მოდი, რა! ბაკურიანში ხარ, ქობულეთში კი არა!!! მომინდომა, რა, ამანაც!...
- ჰო, კაი! აბა რა ვქნათ? რასაც ვწვდებით ამ აჯოხებით, აქ არ არის ის მაიმუნი ბავშვი და... არა, რა უნდოდა აქ, ა?

ელისო ხან ამ ბიჭებს ედგათ თავს, ხან კი დედამისის სახლისკენ გარბოდა, სადაც დიდ საერთო ოთახში ბუხართან დაესვათ დედაც და ბებიაც და ხან ერთს ასულიერებდნენ და ხან მეორეს.

დეიდა თამარის ყურს თეონას ოთახის გარდერობის უკნიდან რაღაც ფაჩუნი შემოესმა და იფიქრა, ”კატა შემოძვრაო”... მერე გაახსენდა, როგორ არ უყვარდა თინიკოს კატები და მის გასაგდებად ოთახში შევიდა.
- აცხა, კატა! აცხა-მეთქი, არ გესმის?!... უყურე, რომ არც გამოდის მაქედან?!

დეიდა თამარმა ცოცხს დაავლო ხელი, დაიჩოქა და კარადის ქვეშ შეიხედა კატას რომ კარგად მიწვდენოდა ცოცხით და...

- ხალხნო! აქ არის თეონა! აი, კარადის უკან არის და სძინავს!... - მთელი ხმით იყვირა თამარმა.
- სად არის ჩემი თეონა?! - ყვირილით წამოხტა დედა...
- თეონა, ბებიკო, ცოცხალი ხარ? - დედას არც ბებია ჩამორჩა და ისიც ოთახისკენ გავარდა.
- ჩუუუ, ქალებო! უცებ არ გააღვიძოთ... არ შეშინდეს ბავშვი!... - გადაუდგათ წინ ვასო ძია.

ოთახში შესულებს საოცარი სურათი დახვდათ: თეონას გარდერობის უკან შექმნილ სამკუთხედზე შეუტანია დიდი თბილი ადიალა და პატარა ბალიში,  იატაკზე გაუშლია, ზედ ფისოსავით მოკუნტულად წამოწოლილა, ადიალის ერთი ფენა ზევიდანაც გადაუფარებია და ტკბილად დაუძინია,  გვერდით კი გადაშლილად იდო მისი საყვარელი ანდერსენის ზღაპრების წიგნი...

ნეტა რა ნახა სიზმარში?
ალბათ თავისი  ჯადოსნური ქვეყანა, სადაც ყველას ყველა უყვარს და სადაც აუცილებლად იმარჯვებს სიკეთე!...





ბიჭების  ”ძმაკაცი”


7 წლის  თეონა სკოლაში მიიყვანეს.
ეს ახლა მიჰყავთ სკოლაში ბავშვები 6 წლის ასაკში, ხან უფრო ადრეც... მაგრამ მაშინ, თუ სრული 7 წლის არ იყო, ბავშვს სკოლაში არ ღებულობდნენ.
დედამ თეონა 6 წლის ასაკშიც მიიყვანა სკოლაში... დირექტორმა თეონას ქართულ და რუსულ ენაზე წაკითხულიც მოიწონა, მათემატიკაშიც გამოსცადა, მაგრამ... პასუხი ცალსახა იყო:
- ბავშვს მომავალ წლამდე ვერ მივიღებთ... აი, სექტემბერში რომ ყოფილიყო დაბადებული, შეიძლება მიგვეღო, მაგრამ.... მარტში დაბადებულს ვერაფრით მივიღებთო...

სოლოლაკიდან საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე  ”გადაცხოვრდნენ” და სკოლაშიც, შესაბამისად, იქვე მიიყვანეს თეონა.

ელიკო მასწავლებელს დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა პატარა, ოქროსფერთმიანი და ზღვისფერთვალება გოგონა. და როცა პირველ სექტემბერს პირველკლასელთათვის პირველი ზარი დაირეკა, ელიკო მასწავლებელმა თეონა დაიყენა გვერდით, მაგრად ჩასჭიდა ხელი და მასთან ერთად  შეუძღვა თავის სადამრიგებლო  კლასს სკოლის შენობაში.

და დაიწყო თეონასთვის უინტერესო დღეების კასკადი...
არა, არ შემშლია: უინტერესო დღეები საოცრად გავდნენ ერთმანეთს... რადგან მაშინ, როცა თეონას მეგობრები ქართულ დამწერლობას ითვისებდნენ და თითოეულ ასოს ჩაჰკირკიტებდნენ, თეონას არაფერი ჰქონდა საკეთებელი.... წერა-კითხვას თავიდან ხომ არ ისწავლიდა?! და ამიტომ თეონამ აღარ იცოდა, რითი მოეკლა დრო და ხან რა გასართობს იგონებდა თავისთვის და ხან რას, ხან კლასგარეშე წიგნის კითხვით ირთობდა თავს, ხან ხატავდა რაღაცას...

ბავშვის სწავლის პროცესში ჩასართავად ელიკო მასწავლებელმა თეონა, ლამის, ასისტენტად დაიყენა: ახალი მასალის ახსნის დროს თეონა დაფასთან იდგა და თავისი ლამაზი კალიგრაფიით გამოჰყავდა ასოები. მოკლედ, ელიკო მასწავლებელი თეონასთან ერთად თამაშობდა ”მასწავლებლობანას”...

თანაკლასელებს სხვანაირი რიდი და მოწიწება გაუჩნდათ თეონას მიმართ, - მან ხომ ელიკო მასწავლებელივით ბევრი იცოდა?!...
და იმავდროულად თეონა თავის ”თეონობას” არ იშლიდა, - როგორც კი სკოლის შენობიდან გამოვიდოდა, მის ცელქობებს საზღვარი არ ჰქონდა...

სკოლიდან მისული 15-20 წუთში სწავლობდა გაკვეთილებს და მერე ჰერიიიი! ჩიტივით თავისუფალი იყო! ჩადიოდა ეზოში, მოახტებოდა თავის ველოსიპედს და დააქროლებდა აღმა-დაღმა. გოგონებზე აღარაფერს ვამბობ, უბნის ვერცერთ ბიჭს ვერ დაჰყავდა ველოსიპედი ისე, როგორც თეონას. ამან ბიჭებშიც საოცარი სახელი მოუპოვა თეონას, თუმცა თავიდან მთლად მასე მარტივად არ ყოფილა საქმე.
უბნის ბიჭები (თეონაზე დიდებიც!) სულ იმას ცდილობდნენ, უპირატესობა მოეპოვებინათ და დაემტკიცებინათ, რომ ისინი თეონაზე უკეთესი ველომრბოლელები იყვნენ. და ეს ქიშპობა ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ერთი პატარა შემთხვევა რომ არა...

ნუცუბიძის ქუჩაზე 15-მდე ველოსიპედი ”სტარტზე” იდგა, - უბნის ბიჭები ველოსიპედებით პირველობისთვის იბრძოდნენ. უნდა გამოეარათ თოფურიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასულიყვნენ, შემდეგ კორპუსებისთვის მეორე მხრიდან შემოეარათ და დაბრუნებულიყვნენ საწყის წერტილში, ნუცუბიძის ქუჩაზე.

თეონას საცხოვრებელი კორპუსი ვაჟა-ფშაველას გამზირზე იდგა და  თეონაც ამ 
6-სადარბაზოიანი კორპუსის უზარმაზარ ეზოში დააქროლებდა თავის ველოსიპედს.
- თეონა, შვილო, მამუკა ხომ არ გინახავს? - გადმოსძახა ფანჯრიდან მეზობელმა, - თუ ნახო, უთხარი, სახლში წამოვიდეს, სხვაგან მივდივართ და მეჩქარება...
- არა, დეიდა ლია, არ მინახავს. შეიძლება ”გასწრობანას” თამაშობს ველოსიპედით?... აიიიი, იქიდან უნდა წამოვიდნენ...

თეონა ეზოდან ქუჩაში გავიდა და ნუცუბიძის ქუჩისკენ მიმავალ აღმართს გახედა.
მამუკა იქ იყო, შორიდანვე  იცნო მისი ლურჯი ველოსიპედი.

”მსაჯმა” ქუჩას გამოხედა და ხელების ქნევასა და ყვირილს მოჰყვა: ”გაიწიე, თეონა, დაგეჯახებიან!”...

თეონას ბევრი არ უფიქრია, კორპუსებს მეორე მხრიდან აჰყვა ნუცუბიძის ქუჩამდე, შემდეგ სტარტთან მივიდა, თოფურიას ქუჩას დაუყვა, ბიჭების ველოსიპედებს გადაუსწრო და მამუკას რომ ჩაუქროლა, მიაძახა: ”მამუკა, ლია დეიდამ, მალე მოდიოოოო!”.....

და თოფურიას ქუჩის ასფალტი ერთდროულად დახაზა 15 დამუხრუჭებული ველოსიპედის საბურავებმა...
- დამანებე თავი!... რას ვეჯიბრებით ერთმანეთს? თითისტოლა გოგომ ყველას გვაჯობა!
- არა, ძმაო, კალიასკიანი გიჟია ეს ბავშვი, რა!...
- ბიჭო, რას ვიფიქრებდი, ველოსიპედის ასე ტარება თუ შეეძლო? ახლა არ იყო, ეზოდან რომ გამოყო თავი?...
- აუუუ! გოგო კი არა, ქაჯია, რა...
- ქაჯი კი არა, ძალიან საყვარელი ბავშვია!... და ჩვენზე უკეთ თუ დაჰყავს ველოსიპედი, ეს არ არის ქაჯობა!... თეონაზე ვინმეს ცუდად არაფერი დაგცდეთ, თორემ...
- ჰა, რა ”თორემ”?
- თორემ ჩემთან გექნებათ საქმე!...


--------
ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, თეონა სკოლიდან გამოვიდა და სახლისკენ გაუყვა გზას.
რაღაც ხმაური შემოესმა სკოლის უკანა ეზოდან. ახლოს მივიდა და... მისი თანაკლასელები ჩხუბობდნენ.
- რა მოხდა, ბიჭებო? გაგიჟდით?... ექვსნი ერთს სცემთ?... არ გრცხვენიათ?... გაჩერდით-მეთქი...
- მიდი, რა, შენი გზა ნახე! აქაც ”მასწავლებელი” კი არ ხარ?!  -  გამოეპასუხა ერთი, რომელიც კლასში ”ყოჩობას” უმიზნებდა...
- ”მასწავლებელი” რა შუაშია? ერთს მოერიეთ არა?
- გოგო, გაიარე-მეთქი!... არ გესმის?

”გაიარე” მასე არ უნდაო, - იფიქრა თეონამ, სკოლის ეზოში შებრუნდა და მოჩხუბრებთან ახლოს მივიდა.
- შენ რა, არ გესმის, რომ გითხარი გაჩერდი-მეთქი? ექვსი რომ ერთს სცემთ, ეს არის თქვენი ვაჟკაცობა?
- გოგო, გადი, თორემ შენც მოგხვდება ახლა!... - თქვა ”ყოჩმა” და თეონას ხელი ჰკრა.
- აჰა, ასე, არა? აბა, ახლა მიყურე!... -  და თეონა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება....

- მე რა, ჩემს თავს ვერ დავიცავდი? ვინ შეგეხვეწა, ა? - ცოტა ხანში თავი გამოიდო იმან, ვისი დაცვაც სცადა თეონამ.
- შენი თავის დაცვა თუ შეგეძლო, რას აცემინე ექვს ბიჭს თავი?
- შენ ვინ გეკითხებოდა?
გაბრაზდა თეონა. ვის გამოც უკანმოუხედავად გადაეშვა ხელჩართულ ბრძოლაში, ზუსტად ის საყვედურობდა!... ძალიან გაბრაზდა და... ერთი-ორჯერ იმასაც მისცხო...

ცოტა ხანში სკოლის უკანა ეზოდან  შვიდი ნაცემი ბიჭი და თეონა გამოვიდნენ.

გათენდა მეორე დილა.
სკოლაში დირექტორის კაბინეტთან შვიდი მშობელი და შვიდი გალახული ბიჭი იდგა.
დირექტორი მათთან ერთად გაემართა საკლასო ოთახისკენ.

გაკვეთილის დაწყებისთანავე შევიდა დირექტორი საკლასო ოთახში მშობლებთან და მათ შვილებთან ერთად.
- ბავშვებო, გუშინ ამ კლასის მოსწავლეებმა ეზოში იჩხუბეს... ეს შვიდი ბავშვია ნაცემი და  იმედი მაქვს, იტყვით, რომელმა თქვენგანმა ჩაიდინა ეს...

კლასში სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ იღებდა ხმას.
თეონაც ჩუმად იჯდა და ინტერესით შეჰყურებდა ნაცემ თანაკლასელებს, აინტერესებდა, იტყოდნენ თუ არა, რომ  მან, თეონამ დააწყო ”შტაბელებად” შვიდივე  ბიჭი...
არც ნაცები ბიჭები ამბობდნენ რამეს....
- ბავშვებო, თუ იტყვით, ვინ და ვინ იჩხუბებთ, გაპატიებთ, თუ არა და, დამნაშავეებს სკოლიდან გავრიცხავთ... - თქვა დირექტორმა.
- თუ არც თქვენ იტყვით დამნაშავეთა სახელებს, თქვენც გაგრიცხავთ მაშინ... - ახლა ”დაზარალებულებს” მიუბრუნდა დირექტორი.

ორმა ბიჭმა ჩუმად დაიწყო სლუკუნი, დანარჩენები კი მხოლოდ შეპარვით გახედავდნენ -ხოლმე თეონას და თავებს ხრიდნენ.

- ლაჩრები ყოფილხართ... ელიკო მასწავლებელო, მე ვცემე ესენი... - თქვა თეონამ და ფეხზე წამოდგა.
- თეონა, შენ დაჯექი...  - თქვა ელიკო მასწავლებელმა, რომელმაც იფიქრა, გოგონა თვითონ იბრალებს, სხვები რომ გადაარჩინოსო...
- ელიკო მასწავლებელო, მართლა მე ვცემე ესენი... 
- შენ? - თვალები შუბლზე აუცოცდა დირექტორს,  - კი, მაგრამ, რატომ?... ან როგორ?...
- ღირსები იყვნენ...ექვსი ერთს სცემდა და ვერ მოვითმინე...
- რომელს სცემდნენ? - იკითხა გაოგნებულმა ელიკო მასწავლებელმა.
- მე დამსმენი კი არ ვარ! ეს თვითონ თქვან!... და ჩემს გამო სხვა რატომ უნდა გაირიცხოს?
- რას ქვია, გაირიცხოს?! თეონა არ არის დამნაშავე! - ხმა ამოიღეს აქამდე უხმოდ მდგარმა მშობლებმა და, თითქოს შეთანხმებულები იყვნენო, ერთდროულად დაიძრნენ კარებისკენ.

თეონა ჯერ ფეხზე იდგა და ელოდებოდა, როდის ეტყოდა დირექტორი, ”კაბინეტში წამოდიო”, მაგრამ... მსგავსი არაფერი მომხდარა.
ყველანი რომ გავიდნენ, ელიკო მასწავლებელმა თავით ანიშნა, დაჯექიო და თეონაც დაჯდა.

მეორე დღეს შვიდივე ბიჭმა ბოდიში მოუხადა თეონას: სათითაოდ აკოცეს ლოყაზე, სათითაოდ მიუტანეს ზოგმა შოკოლადის ფილა, ზოგმა კამფეტები, ერთ-ერთმა - ლამაზი წიგნი წარწერით ”დღეის შემდეგ ვიყოთ მეგობრები”...  ”ყოჩმა” კი მთელი კლასის გასაგონად უთხრა:
- თეონა, შენ მართლა მაგარი გოგო ხარ! და დღეის შემდეგ შენ თუ ვინმემ გაწყენინა, ჩემთან ექნება საქმე...
- თქვენ ნუ მაწყენინებთ და...  პირიქით, თქვენ თუ ვინმემ გაწყენინათ, მეც ყველგან და ყოველთვის გვერდით მიგულეთო, - ღიმილით უპასუხა თეონამ და თანაკლასელებს კამფეტებით გაუმასპინძლდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები