ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2012


სევდიანი სონეტი

კაცს თუ გული უძირო აქვს,
თანაც ფსკერი აქვს საცერის,
რაც არ უნდა მადლი ასხა,
შემოგხედავს ალმაცერად.

მის გულს შენ ვერ ამოავსებ
სიყვარულით, თავგანწირვით
და ხარბ თვალს კი ვერ გაუძღობ
ვერანაირ შენაწირით.

სიკეთეს არ დაგიხსომებს,
გავარდნია მის გულს ძირი,
აღარ სურს რომ მოაგონდეს,
როცა ადგა გასაჭირი.

მაგრამ როცა თავისნაირ
ყალბ მოყვარეს შეეყრება,
წუთისოფლის მიხვდება ნირს
და დაწყევლის ანგარებას...

კაცს თუ გული უძირო აქვს,
მადლიერიც არის მცირედ,
ვიდრე ვინმე არ გაწირავს,
გულში მადლს ვერ დაიმკვიდრებს.

16 აგვისტო, 2012 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები