ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2012


"ვისი სული გსურს?"

საბავშვო ბაღის მიტოვებული
ეზოდან,
შამბნარად რომ გადაქცეულა,
ყურის ბიბილოებს
ბალახის ღეროებივით
ისევ წვდება
გამოძახილი
ბავშვობის
ექოდან.
"ვისი სული გსურს?"
ისე იძახი ექვსი წლის ბიჭი,
გინდა,ჩემს გვერდით
ხმა დაიბოხო და
მამაშენის პიჯაკიც გრგებდეს.
მაგრამ იცი,რომ არ ხარ თექვსმეტის
და ჯერ შორია იმ წარწერამდე
"ბოლო ზარზე" რომ დაგაწერ ზურგზე.
"ვისი სული გსურს?"
ისევ იძახი ხმით ბავშვურით და
მაგრად ბერავ ცხვირის ნესტოებს,
რომ ჩემი სახელი_ტალღები ქარის
ჩემამდე არ მოუშვა და შენ შეისრუტო.
"ვისი სული გსურს?"
იძახი და ხელს ისე მიჭერ,
რომ არც კი გინდა, დაიჯერო,
რომ...გავიქცევი.
ცოტას ვაყოვნებ...
მინდა,ვიგრძნო
მოცეკვავე სურვილებს ჩემსას
თუ დაიტევ პატარა მუშტში...
მაგრამ ჩვენ უკვე  "დიდები" ვართ
და ორივემ ვიცით,
არ შეიძლება ჭიამაიას
აუკრძალო ფრთების ფარფატი,
ანდა, გვირგვინი ბაბუაწვერის
ხელისგულზე გადაიპენტო
და ჰაერში არ გაუშვა
სულის შებერვით...
"ვისი სული გსურს"?
აღარ იძახი,
აღარც ხელს მიჭერ.
ეს ბოლო კაბა შენთვის ფრიალებს,
უთხარი, დარჩეს და...
დაგიჯერებს.
შენ კი, ბავშვური მორჩილებით ემორჩილები
თამაშის წესებს.
ისევე,როგორც ხატვის შემდეგ
გულმოდგინედ ალაგებენ
წათლილ ფერადებს.
მე კი... გავრბივარ.
ჯერ იქ არ მისულს,დამეწიოს,მინდა
შენი ხმა,
რომ გამომიხმოს სხვა ბანაკიდან
შენმა წადილმა,
წარსულში რომ გამომიწვიო და
ხელის გულზე დამიდო ბინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები