ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2012


ბებიის ხსოვნას

ისე იცრება დილა შენი თითებით ნაქარგი ფარდიდან,
თითქოს აქ იყო და თავზე გადანაგდები მზითვიდან_
(როგორც იტყოდი), დევისთვალა საცერიდან
ფქვილივით თეთრი ბედისწერა ალმაცერად იცქირებოდეს.
ისე თენდება, თითქოს ღამის დირეზე დამაგრებული ლურსმნიდან
მთვარე იხსნებოდეს შენი ხელებით იმ დაირასავით
ყმაწვილქალობის დროებას შენსას
დაფნის რტოების სურნელებად რომ შერჩენია.
ისე იღვრები დღეს იმ წვიმად და იმ წვეთების წვიმის ხმაურად
ვარცლს რომ გვივსებდი მოვერცხლისფროს განაწამები მკლავებით შენით.
დღემდე მიშანთავს ის სირცხვილი ენაზე სიტყვებს, რომ ვამბობდი
"როგორ მიყვარდი",
როცა ვიხსენებ,
თუ რამდენჯერ არ გაგეგზავნე თიხის თუნგულით "თებროს" წყაროზე...
შენ კი, დღესაც გრძნობ, როცა გვჭირდები, როცა არ გვილხინს,
კიდებ დაირას ზუსტად ისე,
ორმოცდაერთში რომ მიაბარე კედლების ხსოვნას_შავ-თეთრ სურათებს
და იკაპიწებ ორივე მაჯას, ხელებს ხვევ საცერს,
თან რითმა-რითმა იცრება ბგერაც,
ცხვება პური და თონიდან მოდის
არდავიწყების ის სურნელება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები