ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯერალდ ნიუმანი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 სექტემბერი, 2012


რატომ არ დაბრუნდება ძველი დრო (ანუ ნუ გეშინიათ)

ხშირად მოისმენთ და ალბათ არა შემთხვევით, რომ თუ კოალიცია “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველოში დაბრუნდება ის შავ-ბნელი პერიოდი რაც ოთხმოცდაათიანებში იყო.

მართლაც შემზარავი სურათია, ჩაბნელებული საქართველო, დამწვარი საბურავები ქუჩებში, ყაჩაღები მიწისქვეშა გადასასვლელებში, ამირანივით მიჯაჭვული ავტომობილები იმის შიშით რომ არავინ მოიპაროს, ვიტალი ხაზარაძე….

ქალაქის მაყურებელი, უბნის მაყურებელი, ქუჩის მაყურებელი, სკოლის მაყურებელი, ტუალეტის მაყურებელი და საერთოდაც ყველაფრის მაყურებლები დაბრუნდებიანო… ბავშვებს ქუჩაში ვერ გავუშვებთ სტუმრებს სახლში ვერ შემოვუშვებთო….

ცხადია, უმთავრესად, ძველი დროის დაბრუნებაში, იმ საზოგადოებრივი სისტემის დაბრუნებას გულისხმობენ, რაც ადრე იყო… ანუ, ქურდული მენტალიტეტი ყველა სარკმელში….

ამ ნაწერით გეტყვით, რატომ მეჩვენება აბსურდულად, ცისფერი ცის კვლავ შავად შეღებვა…

რატომ იყვნენ ქურდები, ქურდები და რატომ ჰქონდათ მათ ამხელა ძალაუფლება?



ხშირად გაგვიგია, რომ ე.წ ორთოდოქსი კანონიერი ქურდებისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო, შეურიგებლობა და არ დამორჩილება იმ წესებისადმი, რომელსაც მთავრობა ამკვიდრებდა, ქურდს არ უნდა ჰქონოდა სამსახური, მისამართი არ უნდა ჰქონოდა ოჯახი, უნდა ეზრუნა საკუთარ გარემოცვასა და მომავალი თაობის აღზრდაზე, რომელიც ქურდულ ტრადიციებს გააგრძელებდა… ეს ყველაფერი ისე იყო დაწერილი როგორც საბჭოთა კონსტიტუცია და ასევე სრულდებოდა…      სინამდვილეში, ქურდები, სწორედაც რომ მნიშვნელოვან სამთავრობო დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ისინი არა მხოლოდ ემორჩილებოდნენ კანონებს, მათთვის იწერებოდა ეს კანონები, ისინი აკონტროლებდნენ მათაც ვისთანაც მთავრობას ხელი არ მიუწვდებოდა, საბჭოთა კავშირის ტოტალური კონტროლისთვის, მისწრება იყო ქუჩური, მართვადი წესრიგი…

პერესტროიკის შემდეგ ვითარება შეიცვალა, საბჭოთა ქონების პრივატიზებამ გამოიწვია ბრძოლა გავლენებისთვის სხვადასხვა სფეროში, შესაბამისად, ქურდულმა წრეებმა, მაფიოზურ-ბიზნესმენური ელიტები ჩამოაყალიბა, რომლებიც სისხლიანი გარჩევებით ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ მომგებიანი ობიექტები თუ “საქმეები.”  კლანების ბრძოლა გასცდა იმ საზღვრებს რასაც “ქურდული გაგება” ერქვა და გადაუხვია იმ ღერძიდან, სადაც ქურდი სამართლიანია და საკუთარი გროშიც არ აბადია…

აღსანიშნავია ფაქტი, რომ საბჭოთა საზღვრების გახსნამ და გლობალიზაციის მაღალმა ტემპებმა, ადგილობრივი კრიმინალი, საერთაშორისო კრიმინალად აქცია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, მომძლავრდა პოსტ საბჭოთა მაფია…. ხომ გაგიგიათ, სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, ქურდული კანონები ევროპელისთვის ბუნებრივია გაუგებარია, შესაბამისად აღარც იმის საჭიროებაა რომ ევროპულ სივრცეს თავს მოახვიო, უკვე არქაული “რეგულაციები.” მეტიც ყველაფერი უფრო მარტივია, როცა აღარ გიწევს საათობით ქურდული გარჩევებში მონაწილეობის მიღება და ყველა სიტყვის აწონ-დაწონა.

დავბრუნდეთ რუსეთში, სადაც ქონება უკვე დანაწილებულია, ამიტომ ნაკლებია, ხოცვა-ჟლეტა კლანებს შორის, თუ რამე “პრობლემაა” არა იმის გამო, რომ ვინმემ ქურდული კოდექსი დაარღვია… თუ ვინმეს კლავენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე… საქმე ისაა, როცა ორი “ძლიერი” ეჯახება ერთმანეთს რეზონანსი უფრო დიდია, ვიდრე, როცა ორი ლოთი ბოთლი არყისთვის წაეკიდება ქუჩაში….

რთულია იმის თქმა, სად მთავრდება, ლეგალური ბიზნესი და სად იწყება კრიმინალური, მაგრამ ერთი კი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დღევანდელი რუსული კრიმინალი, არ არის “ქურდული” მენტალობის…  იმაშიც დაერწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა თამაშს, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური,  მთავრობა და ის ფულიანი ელიტა თამაშობს, რომელზეც დგას სისტემა… რუსეთი დიდია, სამართავად რთული და სფეროების დივერსიფიცირებას მოითხოვს, შესაბამისად კრიმინალის არსებობა ქუჩაში, (ისევე როგორც სხვა დაჯგუფებებისა) აუცილებლობით არის განპირობებული….



ახლა მივუბრუნდები, ამ ტექსტის მთავარ თემას… როგორც ჩვენი ეროვნული პროპაგანდა ამბობს, ივანიშვილს (ბორიას, ქარხნულ ოცნებას და ა.შ) სურს, იმ კრიმინალის დაბრუნება რომელიც იყო…. საზოგადო ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი დროს ვერ დააბრუნებს, როგორ უნდა მოხდეს იმ კრიმინალური სისტემის რეინკარნაცია რომელიც აღარ არსებობს? პატიმრების გამოშვებით? რუსეთიდან 1000 სული ქურდის ჩამოყვანით? როგორ? ან რატომ?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც როგორც გაცხადდა ივანიშვილის ფულით სუნთქავდა წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ორგანიზაცია, ის ეფექტურად ახორციელებს, ყველა სახის კონტროლს; რა კადრები აღარ გვინახავს, დაწყებული მეხინკლე კობა დავითაშვილიდან დამთავრებული, შალვა რამიშვილის (ოცნების მედროშე) ეპოქალური ეპოპეით…

ხშირად გაგვიგონია  და პოლიტიკური დისკურსიც ასეთი იყო: “ვანო ყველაფერს ისმენს,” რომც არ მოესმინა და ეს ყველაფერი მითოლოგიასავით ვრცელდებოდეს, ფაქტია რომ ქვეყანაში არსებობს, ისეთი მექანიზმი რომელიც სრულად ზომავს საზოგადოების მაჯის და არა მხოლოდ მაჯის ცემას…

ახლა მოდით დავფიქრდეთ, რაში დასჭირდება ხელისუფლებაში მოსულ ადამიანს, იმ მექანიზმის მოშლა რომელიც უზრუნველყოფს მის ძალაუფლებას? თან თუ იმასაც გავიხსენებთ რომ ეს მექანიზმი მისივე ფულით არის აშენებული, არაფერში.

მგონი იმაზე არავინ იდავებს, რომ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე მილიარდი აქვს დაგროვილი, პრაგმატულად აზროვნების უნარი არ აკლია, მინიმუმ იმის საშუალება ხომ მაინც აქვს, ისეთ ხალხს ჰკითხოს, ვინც არა ჰაერზე, არამედ რიხცვებით გამოუთვლის ნებისმიერ ქმედებაში არსებულ რისკის დონეს…

ვთქვათ მოხდა ასე და ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, მართლაც დაბრუნდა ქვეყანაში ქაოსი და პურის რიგები, სად არის ამ დროს ნაციონალური მოძრაობა? ცხადია რომ (თუ წააგო)  ისინი დარჩებიან საპარლამენტო ოპოზიციაში…. იხილავს რა ხალხი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქცეულ ქვეყანას ვის დაუჭერს მხარს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? რა თქმა უნდა იმ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე „განგმირა“ კრიმინალი…

ცოტა ხნის წინ დისკუსიისას, ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ შსს-ს მთელი სისტემა ვანოზეა აგებული და ახალი ხელისუფლების პირობებში სტრუქტურა ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორც ახლაა, მიუხედავად იმისა რომ, ჩვენისთანა „ახალ“ ქვეყნებში თითქმის ყველაფერი პიროვნებებზეა აწყობილი, მე მაინც ვერ გავიზიარებ ამ აზრს. რა გენიალურიც არ უნდა იყოს მერაბიშვილი, წარმოუდგენელია, ამხელა ორგანიზაციას მართავდეს ერთი ადამიანი, ძალიან ბევრი პროფესიონალის გარეშე…



მენეჯერობა  პროფესიაა, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება, ჩვენს ქვეყანაშიც მრავალი კარგი მენეჯერია ვისაც შეუძლია ის ბიუროკრატიული, უკვე აწყობილი აპარატი იმაზე არანაკლებ მართოს, როგორც ამას დამფუძნებელი მინისტრი აკეთებდა. სისტემის დაშლის ნიშანი არა მთავრობის ცვლილება, არამედ თანამშრომლების მასიური დათხოვნა იქნება, რაც ამ პირობებში არარეალურია.
და ბოლოს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღევანდელ პათოსებს შორის აშკარად გამოირჩევა ერთი, რომ თითქოს ქართველები, დანაშაულს ვართ მოწყურებული და ერთი სული გვაქვს, როდის წავა მიშა, რომ ვეკვეთოთ მაღაზიის ვიტრინებს, მოვიპაროთ მანქანები, გავაუპატიუროთ მეზობლები, დავჭრათ მეგობრები და ა. შ  თუ მართლაც ასეთები ვართ, მაშინ ნუ გვეშინია, რომ ბიძინა მოდის თავისი შავი ავტორიტეტებით; თუ არ ვართ ასეთები მაინც ნუ გვეშინია, ჩვენ ხომ არ ვაპირებთ ვიყოთ კრიმინალები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში…

http://jeraldnewman.wordpress.com/2012/09/24/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები