ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2008


”პატარა თეონას პატარა ისტორიები” - 8

პირველი ლექსი


თეონა 8  წლისა შესრულდა!
დაბადების დღეზე ბევრი სტუმარი ჰყავდა, - ნათესავები,  თანაკლასელები, ”ახალეზოელები”...
საჩუქრებიც ბევრი მიიღო, -  საინტერესო წიგნები,  ლამაზი სათამაშოები, თოჯინები...
მამიკომ  ახალი, დიდი ველოსიპედი უყიდა! აბა, ახლა როგორღა გაეჯიბრებოდნენ უბნის დიდი ბიჭები, როცა თეონა თავისი პატარა ველოსიპედითაც კი ყველას ჯობნიდა?!...
მამიდამ კი დიდი ხნის ნანატრი ოცნება აუსრულა და გორგოლაჭებიანი ციგურები - ”როლიკები” აჩუქა!... თანაც ისეთები, რომლებიც დიდხანს არ დაუპატარავდებოდა, რადგან წინ ცხვირები არ ჰქონდა და შუაწელში - მათი ”გაწელვა” და ფეხის ზომაზე მორგება შეიძლებოდა.

თოჯინები არც მანამდე აკლდა, მაგრამ... ერთ-ერთი იმდენად მოეწონა, რომ გვერდიდან არ იშორებდა.

ამ თოჯინას თეონასავით ზღვისფერი თვალები და გრძელი ოქროსფერი კულულები ჰქონდა. აკი ასე უთხრა კიდეც მამიდამ: ერთ თეონას მეორე თეონა გაჩუქესო!... და ნათლობაც მაშინვე შედგა, - თოჯინას თეონიკო დაერქვა.

სულ რაღაც 10 დღე გავიდა და...  თეონა ავად გახდა.  დედამ  სკოლაშიც კი  აღარ გაუშვა, - სიცხე გაქვსო.

უცნაური ბავშვი იყო თეონა.
ავადმყოფობაც კი უცნაური იცოდა. ავად კარგახანს არ გახდებოდა, სიცივეშიც კი არ უყვარდა თბილად ჩაცმა, და მაინც,  შეიძლება მთელი წელი გასულიყო ისე, რომ ერთხელ არ დააცემინებდა, მაგრამ... თუ ავად გახდებოდა? - მტრისას და ავისას... ვიდრე თერმომეტრის სინდიყის სვეტი  40 გრადუსს არ მიუკაკუნებდა, სიცხე არ იწევდა დაბლა.

რამდენიმე დღე მაღალი სიცხით გათანგული იწვა თეონა. არაფრის თავი არ ჰქონდა... შემდეგ სიცხემ დაუწია და თეონაც გამოცოცხლდა, გამოყოჩაღდა... თამაშის ხასიათზე მოვიდა. პირველ  ყოვლისა თეონიკო მოიკითხა. ლოგინში ჩაიწვინა, ელაპარაკებოდა, ეტიტინებოდა, უმღეროდა, ზღაპრებს უყვებოდა, აძინებდა... ისევ აღვიძებდა და საჭმელს ”აჭმევდა” თავისი თეფშიდან... 

და აი, თეონიკოსთვის ერთ-ერთი ზღაპრის მოყოლის დროს თეონამ კისელი ახსენა და...
- დედა, კისელი მინდა... - გასძახა დედას, რომელიც სარეცხის რეცხვით იყო დაკავებული.
- არ მცალია, თეონა! ცოტა ხანს მაცალე...
- მინდა, ვააა!
- აი, სარეცხს გავავლებ, გავფენ და მერე  კისელსაც გაგიკეთებ და კომპოტსაც!...
- არ მინდა კომპოტი... მე კისელი მინდა და თანაც - ახლავე...
- ცოტა ხანს მაცალე-მეთქი...

დედამ სარეცხის გავლება განაგრძო,  თეონამ კი - თეონიკოთი თამაში.
მაგრამ თამაშობდა კი?...

- არ გაგვიკეთეს, თეონიკო, კისელი... აღარ ვუყვარვართ, ალბათ, მე და შენ, თორემ ამდენს არ მახვეწნინებდა დედიკო... ეჰ, ალბათ, ავად რომ გავხდი, ამიტომ აღარ ვუყვარვარ... კარგად რომ ვყოფილიყავი, ისევ ვეყვარებოდი, ახლა კი... - თეონას ისე შეეცოდა თავისი თავი, ისე, ისე, რომ ცრემლები გადმოსცვივდა.

თვალცრემლიანმა თეონამ თავისი თეონიკო გულზე დაისვა და... ”ლექსის სიმღერით გამოგონება” დაიწყო.

წავიდეთ, წავიდეთ,
ცხრა მთას იქით წავიდეთ,
მტერი როცა დავინახოთ
მთაზე კი არ ავიდეთ,
მიწაში კი არ ჩავძვრეთ,
წყალში კი არ ჩავიდეთ,

შევებრძოლოთ მტერს,
მოვუგრიხოთ კისერი,
შემდეგ სახლში წავიდეთ და
ვჭამოთ ტკბილი კისელი!...

ოთახის ღია კარიდან დედას თეონას სიმღერის ხმა შემოესმა, მაგრამ არც მელოდია ეცნო და არც სიტყვები... ამიტომ, სარეცხის დაფენას თავი დაანება  და ბავშვების ოთახთან ახლოს მივიდა, მაგრამ შიგნით არ შევიდა, თეონას ხმამაღალი ფიქრისთვის რომ ხელი არ შეეშალა და ისე უსმენდა.  დედას ხმამაღლა გაეცინა ბოლო სიტყვების გაგონებაზე... ბოლო სიტყვებს თეონას ამოსლუკუნებაც მოჰყვა.
დედა ოთახში შევიდა, თეონა გულში ჩაიკრა და ლექსი-სიმღერა კიდევ ერთხელ გაამეორებინა.

- შენ მოგიკვდი, დედიკო, ასე გინდა კისელი? ახლავე, დედი...

დედამ ალუბლის მურაბით უგემრიელესი კისელი გაუკეთა და დიდი ჭიქით დაუდგა თეონას.

დედა ოთახიდან გავიდა თუ არა, თეონამ გულში ჩაიხუტა თეონიკო და ჩასჩურჩულა:
- თეონიკო, ისევ ვყვარებივარ დედიკოს!... ნახე? ავად ვარ, მაგრამ მაინც ვუყვარვარ თურმე!...
შემდეგ კი მთელი ხმით დაიყვირა:
- დეე-დაააა!!!  მეც ძალიან მიყვარხაააარ!!!... და სულ ყოველთვის მეყვარები, დეეე!!!






გურიაში სტუმრობაო...



იმ ზაფხულს 8 წლის თეონა და 6 წლის ნინუცა დედამ და ბებიამ თავის ნათლულებთან სტუმრად  წაიყვანეს გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში.
ლამაზია გურია... ის სოფელიც ულამაზესია.
ლურჯი  მთებით შემოჯარულ  სოფელს მდ. ნატანები ჩამოუდის.

შოთა ბაბუას და ეთერი ბებიას  სახლის უკან უზარმაზარი თხილნარი  იყო გაშენებული. და როგორი სიცხეც გინდა ყოფილიყო, ამ სათხილეში ყოველთვის გრილოდა. აგვისტოში, როცა თხილის მოსავალს აიღებდნენ, მთელი აივანი დარჩეული თხილით ივსებოდა. ცალკე ეყარა-ხოლმე თხელკედლიანი ”თითა-თხილი”, რომლის დამტვრევას არც ჩაქუჩი სჭირდებოდა და არც ქვა, - ხელის მოჭერით ტყდებოდა.

ეზოში უამრავი ხე იდგა, ვაშლის, მსხლის, კომშის, კარალოკის, ბლის თუ ალუბლის, ლეღვისა თუ  წყავის...
ყველანაირი ხილით ვერ ახერხებდნენ ყელის ჩატკბარუნებას, რადგან ზოგი უკვე მოლეული იყო, ზოგიც გვიან იწყებდა დამწიფებას, მაგრამ ის ხილი, რომელიც მათი იქ სტუმრობის დროს მწიფდა, ულევად ჰქონდათ.

შოთა ბაბუას და ეთერი ბებიას სამი შვილი ჰყავდათ: თეიმურაზი, ტარიელი და  რამიზა.
თეიმურაზი დაოჯახებული იყო, -  ნინუცას კბილა ეთუნა და პატარა ნიკო ჰყავდა. ის რაიონში მუშაობდა, რომელიღაც სამშენებლო ტრესტში. ტარიელი ქალაქში მუშაობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა, რამიზა კი, ყველაზე უმცროსი, დასაოჯახებელი იყო და ამიტომ, შედარებით, მოცლილიც. გვერდიდან არ სცილდებოდა თეონას ბებიას, - თავის ნინა ბუდუას (ანუ ნათლიას), პატარა ეთუნა კი თავის თინა ბუდუას დასდევდა კუდში...

გურულების ენაკვიმატობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა და, ალბათ, ახალსაც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ... თეონა და ნინუცა გულიანად კისკისებდნენ მათ ხუმრობებზე.

ერთ მზიან დღეს, როცა გოგონები ეზოში თამაშობდნენ, ხოლო ეთერი ბებია სიმწიფისგან ჩამოცვენილ მსხლებს ვედროში აგროვებდა, იქაურმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ჩამოიარა.
- ეთერი, მეურნეობაში არ მოხვალ? 
- კი მუალ, ჩემო ბატონო, მარა, სტუმრები მყავს და... მაცალე ელანძე... - გოგონებმა ასეთი საოცარი გურული კილო რომ გაიგეს, სმენად იქცნენ.
- კაი, კაი... არ დაგელია შენ სტუმარი... უფ, რა მსხლებია?! მომაწოდე ერთი...
- მიირთვი, კოლია ბატონო, აგერ, ა...

კოლიამ მსხალი ჩაკბიჩა და...
- მომე, თუ ქალი ხარ, რამდენიმე ცალს კიდო ევიღებ... კაბინეტში მივალ და ქე გევისოლებ პირს...
- მიირთვი, ჩემო ბატონო, მაინც ღორებიზა მიმქონდა...

კოლიამ ერთი შეხედა, თავი გადაიქნია და უხმოდ გაეცალა.

- რა უთხარი, ეთერი, ამ კაცს?! - გაგიჟდა ნინო ბებია.
- რა ვუთხარი ისეთი? აპა, რაც კაი მსხლები იყო, ვიფიქრე, ბაღნები შეჭამენ-თქვა და არ მოუსვა ყველას ხელი? რავა, მაგის ეზოში არ დგას მსხალი თუ? მარა კაცი რომ გამოვა წუწკი და წუნკალი, აია, მაი!...

-------
ეთერი ბებია ყოველ დილით წველიდა თავის ”ჭრელას”, მართლაც საოცრად ჭრელ ძროხას, მერე ყველს ამოიყვანდა და სახელდახელო ხაჭაპურებს უცხობდა ბავშვებს.
უფ, როგორ უყვარდათ თეონას,  ნინუცას და ეთუნას ეთერი ბებიას ხაჭაპურები!
უგემრიელესი ხაჭაპურები ბუხარში ცეცხლს მიფიცხებულ კეცებზე იბრაწებოდა, იქვე რძე დუღდებოდა და... ბავშვებსაც რა უნდოდათ მეტი?
ციური დეიდას მოკრეფილი და გამშრალი ჩაის დალევაც ძალიან უყვარდათ გოგონებს. სულ სხვა გემო ჰქონდა ამ ჩაის.
და ყოველ დილა-სისხამზე  ისმოდა მეზობელი ქალების გადაძახილი:
- ციურიიი, ციიიიუუუუ! არ მოხვალ ჩაში?
- მუალ, მუააალ! დამიცადეთ ქალებო!
- დუუჩქარე, ცავ, თორე დაგვწვას მზეი!...

იმ დილას რამიზა მდინარეზე  სათევზაოდ იყო წასული. ბლომად თევზებით სახლში დაბრუნებულს ასეთი სურათი დახვდა: ბავშვებს ხაჭაპურები სულ შეეჭამათ და ბოლო ნაჭერის გაყოფაზე დავობდნენ.
- დედა, ხაჭაპური აღარაა მეტი? რაა ეს?  მოხედეთ ვინცხამ, თუ არა დატლაკეს ბაღნებმა თეფშები!...
- თეფშები დატლაკეს - არ ვიცი, მარა, ამდენი ჩა თუ სვეს, ბაღნებს თევზები გუუჩნდებათ მუცელში... - მხარი აუბა შოთა ბაბუამ და ულვაშებში ჩაღიმებულმა ჩუბუხი დატენა...
- ბაღნებო, თებზი გიყვართ შემწვარი? კეცებზე უნდა შეგიწვათ აი თებზი, კაკლის ფოთოლში გახვეული... თუ არა, ამათ თუ უყურე, დაგტიებენ მშივრებს...

-------

ეთერი ბებიას ბაღჩაში ყველა ღობეზე კიტრი იყო გასული.
თეონას სუუულ პატარა კიტრების ჭამა უყვარდა და როგორც კი ეთერი ბებია იტყოდა, ”ხვალიზა ბლომად კიტრი გვექნებაო”, მაშინვე ბაღჩაში იპარებოდა და მუსრს ავლებდა ქორფა კიტრებს.
მეორე დღეს ეთერი ბებია  მხრებს იჩეჩავდა: ”სირცხვილით ვიწვები, ნინა, მარა რა ვქნა, ჩემს ეზოში მოწეული კიტრი ვერ გაჭამეთ... ესაა საქმე?” და მეზობლებისგან  მოჰქონდა კიტრები.
მხოლოდ შოთა ბაბუას ეცინებოდა ჩუმ-ჩუმად და თავის განუშორებელ ჩიბუხს ეწეოდა.

--------

აგვისტოს ცხელი დღე იყო. თეონამ შორიდანვე გაიგო სოფლის გოგო-ბიჭების სიცილ-კისკისი და შეძახილები და ჭიშკრისკენ გაიქცა. მათი ეზოსკენ მომავალ 20-ოდე ბავშვს იმ სოფლის 5-6 ქალი მოუძღოდა.
- ეთერი, გამუუშვი ბაღნები, ნატანებზე მივალთ ყველანი...
- აჰ, ქალებო, დედამისი თუ გამოყობათ, - კი ბატონო, თუ არა და  - მე ვერ გამოუშობ... მარტო ჩემი რომ მიგყავდეთ, ვინ ოხერი, მარა... უცხო ბაღნებს ვერ განდობთ...

თეონამ,  ნინუცამ და ეთუნამ  ”მდინარე” და ”ბანაობა” რომ გაიგეს, კისრისტეხით გაცვივდნენ სახლისკენ ”დედიკო, დედიკოს” ძახილით.
თინიკო და ციური პატარა ნიკოს აკვანთან ისხდნენ და ჩუმად საუბრობდნენ. ნიკომ ის-ის იყო, ჩაიძინა და ახლა ძილში საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებს. ამ დროს ოთახში გოგონები შეცვივდნენ და...
- დედიკო, მთელი სოფელი მდინარეზე მიდის და ჩვენც გაგვიშვი, რა?!
- არა, მარტო ჩვენ კი არ გაგვიშვა, შენც წამოდი, ხო, რა, დეე, რა?!
- თინა ბუდუა, გეხვეწები, წამოგვყევი, რა, ნატანებზე? უშენოდ არ გაგვიშვებს ბებია! გეხვეწები, რაია, თინა ბუდუა?!
- სად არის ეს მდინარე, მე რომ არ ვიცი? – ”მოისაწყლა”  დედამ თავი.
- მაი აფერია, თინა ბუდუა, მე გასწავლი გზას! და კიდო, მთელი სოფლის ბაღნები და ქალებიც მოდიან!
- კაი, თინიკო, ნუ ეტყვი ბავშებს უარს... საშიშარი კი არ არის, დაგუბებულია წყალი, თორე, ისე, მუხლს ზევით არაა... წაი, შენც ქე იბანავებ, მარტო ქალები მიდიან...

საღამოს  ნაჭყუმპალავები და უსაზღვროდ ბედნიერები დაბრუნდნენ გოგონები სახლში.
- დე, ხვალაც ხომ წაგვიყვან მდინარეზე? ჰა, დეე?
- წაგიყვანთ, წაგიყვანთ...
- აბა, დაიფიცე?!
- რა დავიფიცო? გითხარით, წაგიყვანთ-მეთქი...
- არა, დაიფიცე... აბა მე რომ მეუბნები, ”დედა დაიფიცეო?”...  ახლა შენ დაიფიცე...
- შენს თავს გეფიცები, წაგიყვანთ... წადით ახლა, ბუხართან დასხედით, ეზოში აღარ გახვიდეთ... აგრილდა უკვე...


მეორე დღეს მოღრუბლული დილა გათენდა.
ცაზე ღრუბლები ისე იყო ”გაბერილი”, რომ დიდი წვიმა იყო მოსალოდნელი.

მოღრუბლული ცა რომ დაინახეს, გოგონები შეწუხდნენ, - მიხვდნენ, რომ იმ დღეს  აღარ წაიყვანდნენ მდინარეზე.
- დე, შენ რომ დაგვპირდი, ნატანებზე წაგიყვანთო, როდის უნდა წავიდეთ?
- რას ამბობ, თეონა, რა დროს ნატანებია?! ვერ ხედავ? -  საცაა იწვიმებს!
- ოოო, შენ რომ დაიფიცე?...
- მე ხომ არ ვიცოდი, რომ გაწვიმდებოდა?
- ჯერ რომ არ წვიმს? იქნებ არც იწვიმოს, ჰა?
- დღეს არსად  წახვალთ და მორჩა! ნუღარ მეხვეწები! - თქვა დედამ და ოთახიდან გავიდა.

ვერაფრით გააჩერეს თეონა. დედამ ხმასაც აუწია,  კინაღამ მიტყიპა კიდეც...
ჯიუტი იყო თეონა, ჯიუტი!!!

- თინიკო, მე წავიყვან ბაღნებს ნატანებზე... მთაში წვიმს უკვე, მდინარე ამღვრეული იქნება... წყალიც ცივია ახლა... რომ ნახავენ თავის თვალით, რომ ბანაობა არ შეიძლება, გაჩერდებიან. ჩვენ მალე დავბრუნდებით...

რამიზა ბავშვებს მიუბრუნდა:
- წამოით, ბაღნებო! ჩავიდეთ ნატანებზე... ნახავთ ქე მაინც, რაფერ არის მოდიდებული...
- მივდივააართ!  ნატანებზე მივდივააართ!!!

ეთუნა და ნინუცა ეზოში გაცვივდნენ, თეონამ კი ოთახიდან პირსახოცი გამოიტანა და თავის პატარა ჩანთაში ჩადო.
- თეონა, პირსახოცი რად გინდა?
- უნდა ვიბანაო...
- მაშინ არ წახვალ არსად...
- არა, დე, სულ კი არ უნდა ვიბანაო, მარტო ერთი ფეხი უნდა დავისველო, რომ ვნახო, ცივია თუ არა!...
- თინიკო, ნუ გეშინია, იქ არ ვიქნები? - უთხრა რამიზამ და ბავშვების კვალდაკვალ, ეზოდან სათხილეს გავლით წავიდა მდინარისკენ.

მდინარე ისევ სუფთა მოდიოდა, - ამღვრეული არ იყო...  მთა, საიდანაც მდ.ნატანები ჩამოდის, მთლიანად სქელ ნისლში ჩაძირულიყო, მაგრამ, ეტყობა, ჯერ არც მთაში წვიმდა!...
თეონამ ფეხზე გაიხადა და ცალი ფეხი ჩაყო წყალში. მას ნინუცამ და ეთუნამ მიბაძეს.
იმდენად გრილოდა, რომ წყალი ეთბილათ კიდეც...
- რამიზა, წყალი თბილია! და არც ამღვრეული და ადიდებული არ არის! გვატყუებდი? თუ დედიკო მოატყუე, ჰა?
- ბანაობა არ შეიძლება და... იყოს წყალი თბილი... ბაღნებო, აგერ გავალ ერწამას და ახლავე მოვალ!

გოგონებმა ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ჩაიფხუკუნეს. რამიზა ბუჩქებში გავიდა, სულ ორიოდე წუთით...
უკან რომ დაბრუნდა, თეონა მდინარეში დაჭყუმპალაობდა.
- თეონა! რა ქენი, გოგო, დამღუპე? რა ვუთხრა თინას, ა?
- რამიზა, წყალი ძალიან თბილია!
- თბილია თუ ცივია, ახლავე ამოი ზეით!
- არ ამოვალ, არაო, რამიზა მატყუარაო... - წაუმღერა თეონამ.
- მატყუარას მოგცემ მე შენ! ნახავ, აწი თუ წამოგიყვანთ კიდო... ამოი ახლავე... წამში!...
- არ ამოვალ! გარეთ ცივა და წყალში თბილა, ოოოჰ!!!

რამიზას და ბავშვებს რომ შეაგვიანდათ, თინიკო და ციური მდინარეზე ჩავიდნენ....

- ამოდი თეონა! მომკლავს თინა! ორი საათია წყალში ხარ! - ეძახდა რამიზა თეონას, მაგრამ... უშედეგოდ.
- არა! - და თეონა მეორე ნაპირისკენ გაჭყუმპალავდა.

ამასობაში დედა და  ციურიც ახლოს მივიდნენ მდინარესთან.
- თეონა, შენ რას დამპირდი, წყალში არ ჩავალო? ეს არის შენი პირობა? - აღელდა დედა.
- წყალში თბილა, დეე! მალე ამოვალ!
- მალე კი არა, ახლავე! თეონა, არ გამაბრაზო!

თეონამ ბურტყუნ-ბურტყუნით, ნელა დაიწყო ”გამოცურვა”.
რამიზამ შენიშნა, რომ  მდინარეში ამღვრეული წყალი წამოვიდა. საგუბარში  წყალი  თვალდათვალ იწევდა მაღლა.
- თეონა, მდინარე დიდდება, ჩქარა! - და შარვლიანად ჩახტა მდინარეში.

თეონამ ცურვის ტემპს მოუჩქარა და ის იყო, რამიზასთან ერთად  მდინარიდან ამოვიდა, რომ დიდი და ტალახიანი წყალი მოვარდა კიდეც.

თინიკო  და ციური შეძრწუნებული თვალებით უყურებდნენ ორიოდე წუთის წინ უწყინარ მდინარეს, რომელიც უკვე დიდ ქვებს მოაგორებდა. ისევ ციური გამოერკვა და სწრაფად მოახურა პირსახოცი სიცივისაგან აკანკალებულ და ტუჩებგალურჯებულ თეონას.
ბავშვი გაამშრალეს და მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, რომ თეონას მშრალი საცვლები არ ჰქონდათ წამოღებული. თეონას ტანზე ჩააცვეს,  თუ რამე ჰქონდათ მშრალი... დედამ თავის მხრებზე წამოსხმული ჟაკეტი მოიხსნა და ის მოაცვა, ციურიმ კი ნაქსოვი შარფი შემოიხსნა და ქვედაბოლოსავით შემოახვია თეონას, შემდეგ კი თითქმის სირბილით წავიდნენ სახლში.

ბუხარი დაანთეს, თეონა ბუხრის წინ, სკამზე დასვეს და პირსახოცით თმის გაშრობა დაუწყეს. იმ სიგრძე კულულებს  გაშრობა არ უნდოდა? ეთერი ბებიამ წყალი აადუღა, ფეხები ჩაუთბილა და ცაცხვის ცხელი ჩაი დაალევინა.

კოკისპირულად გაწვიმდა... მაგრამ ნახევარ საათში გადაიღო და  მხოლოდ  ნესტიანი სიცივე დატოვა.

მოსაღამოვდა.  ბუხარი გიზგიზებდა. ოთახში სასიამოვნოდ თბილოდა.... ბუხართან ახლოს - ცხელოდა კიდეც.
თეონა ისევ ბუხრის წინ იჯდა და  ნინო ბებიას კალთაში ჩაედო თავი.
- ბეე, წავალ, რა, დავწვები?... მცივა...
- რატომ, ბებიკო? რატომ გცივა?!
- არ ვიცი... - თეონა კანკალმა აიტანა.
- თინიკო, მგონი სიცხეს აძლევს... სცივა ბავშვს... ნახე, აბა?

დედამ ხელი დაადო შუბლზე, - თეონას გახურებული შუბლი აშკარად მეტყველებდა მომატებულ ტემპერატურაზე.
სიცხე გაუზომეს, - 38*4’ C...
- ოხ, თეონა, რა საცემი ხარ, რომ იცოდე!
- აბა, რავა ძალით გაიცივა თავი?!... თეონა, დალევ კიდო ცაცხვის ჩას?...
- უნდა მიმტყიპოთ?... დეე, თავი მტკივა!... დამაწვინე, რაა?!...

ერთი საათის შემდეგ თეონას 39*8’ C ჰქონდა,  კიდევ ცოტა ხანი გავიდა და - 40*6’ C....
ღამის 11 საათზე თეონას ტემპერატურამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია - 41* 8’ C....
თეონა, ეს სიცოცხლით სავსე ბავშვი,  ახლა უღონოდ, ნაჭრის ტიკინასავით მომჩვარული იწვა და თვალის გახელის თავი არ ჰქონდა.
- თეონა, დედიკო, გინდა რამე?
- ბებო, ხმა ამოიღე... თეონა...
- თეონა, მომხედე, რამიზა ვარ... მომხედე ერთი და თუ გინდა მერე კიდო წაგიყვან ნატანებზე... გათევზავებ კიდეც... თეონა ნუ გადამრიე კაცი! შემომხედე, გოგო!!!

თეონა ხმას არ იღებდა, არც თვალს ახელდა...  მძიმედ სუნთქავდა...
დედამ ხელზე ხელი მოჰკიდა, ააწევინა და... ხელი მძიმედ და უსიცოცხლოდ დაეცა საბანზე. იყვირა დედამ:
- მიშველეთ, ხალხო, ცუდად არის ბავშვი!...
- თინიკო, ახლავე წავალ და ექიმს მოვიყვან! - თქვა რამიზამ და სახლიდან სწრაფად გავიდა.

20 წუთიც არ იყო გასული, რომ რამიზა მიშა ექიმს შემოუძღვა ოთახში.
მიშა ექიმმა თეონას გულს მოუსმინა, - ოდნავ, ყრუდ ფეთქავდა გული...
პულსის დათვლა უნდოდა და ვერ დათვალა, - ვერ უპოვა.
- ჩემს გაკეთებულ წამალს მივცემ...  სწრაფად დაუვარდება სიცხე...
- რა წამალია? - გვერდითა საწოლიდან  წამოყო თავი ნინუცამ, რომელიც აქამდე ყველას დაძინებული ეგონა.
- შენ რატომ გაინტერესებს? - ღიმილით ჰკითხა ექიმმა.
- აბა, არ უნდა ვიცოდე, რას ასმევთ ჩემს დას?
- რამდენი წლის ხარ, პატარავ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? 6 წლის ვარ... მე უნდა ვიცოდე, რას აძლევთ ჩემს დას...
- კაი, ბატონო... ამ წამალს ქვია...  -  და მიშა ექიმმა რაღაც,  არარსებული წამლის სახელი უთხრა.
- ააა! - თქვა ნინუცამ და საბანი წაიფარა.

მიშა ექიმმა მოვარდისფრო ფხვნილი ჩაის კოვზის პირით ჩაყარა ცოტა წყალში, მოურია და კოვზ-კოვზად, მთლიანად დაალევინა თეონას. შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და წამლის მოქმედებას დაელოდა.
10 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ თეონამ თვალები გაახილა...
- ნუ გეშინიათ, მალე დაუკლებს სიცხე... კარგად ბრძანდებოდეთ. ხვალ დილას გამოგივლით...

რამიზამ ექიმი ჭიშკრამდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. ამასობაში თეიმურაზიც შემოგრიალდა ეზოში მისი მოტოციკლეტით.
კიდევ 10 წუთი გავიდა და... თეონას ცივი ოფლის მსხვილი წვეთები დააჯდა შუბლზე, მერე ერთბაშად მთელ ტანზე გამოასხა ოფლმა, ერთიანად დასველდა. სწრაფად გამოუცვალეს ღამის პერანგი და სიცხე გაუზომეს: თერმომეტრის სინდიყის სვეტი 35*0’ ნიშნულამდე დავარდა....
თეონა ნელ-ნელა გაფითრდა, ტუჩები გაულურჯდა, თვალები აატრიალა და... სუნთქვა შეწყვიტა!
-    მიშველეთ! - იკივლა დედამ.
-    რა მოხდა, თინიკო! - ფეხზე წამოხტა ყველა.
-    თეონააა!!!! - დედა ბავშვს მხრებში ეცა და  ნჯღრევა დაუწყო.

თეონა შორს იყო უკვე...

თეიმურაზმა  თინიკოს  ხელიდან გამოსტაცა თეონა და ფრთხილად დაუშვა საწოლზე....
- აააააა! - იყვირა დედამ და გული წაუვიდა.
- თინიკო, გამაგრდი, რას შვები!... - ციური  თინიკოს მივარდა და ლოყაზე ხელი შემოჰკრა, შემდეგ ყურების სრესა დაუწყო...
- თეონა, ბებოოოო! - იყვირა ნინომ, ფანჯარა გამოაღო და მეორე სართულიდან სცადა გადახტომა. რამიზამ დაიჭირა...
- არ ქნა, ნინა ბუდუა! მე ვარ დამნაშავე... მე... რა ვქნა ახლა მე?!... - მთელი ხმით ღრიალებდა რამიზა და ნინა ბუდუას ეხვეოდა.

თეონას შორიდან, ძალიან შორიდან  მოესმა დედისა და ბებიას  ხმა და... შემობრუნდა. ხმას გამოყვა... ოთახის კუთხეში ჭერთან მიიყუჟა და თვალს ადევნებდა იქ მყოფთა ქმედებას.
- დედიკო, აქ ვარ, ნუ გეშინია! - იყვირა თეონამ, როცა დაინახა, რომ დედიკოს ნიშადურის სპირტით ასულიერებდნენ, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგია...

- დედა, თეონა მოკვდა? - თავი წამოყო თვალცრემლიანმა ნინუცამ, მაგრამ მისთვის არავის ეცალა. ნინუცა საბნის ქვეშ შეძვრა და გულამოსკვნით ატირდა.
- რამიზა, დააბრუნე ის კაცი... რა დაალევია ამ ბაღანას ამისთანა, რომ ასე ხელში ჩაგვაკლა, ა? - ბოლთას სცემდა ოთახში შოთა ბაბუა და თვალებიდან ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები.
- ნენააა, ჩემო ნინაააა, ეს რა დაგვემართააა! - მოთქმით ტიროდა ეთერი და მუხლებზე ირტყამდა ხელებს.

რამიზამ ნინა ბუდუა ხელიდან ხელში გადასცა თეიმურაზს და ერთ წამში ჩაირბინა დაბლა, შემდეგ თეიმურაზის მოტოციკლეტს მოახტა და მთელი სისწრაფით წავიდა ექიმის სახლისკენ.
გგონიათ  დიდი დრო იყო გასული ექიმის წასვლიდან? სულაც არა, - მიშა ეზოში მაშინ შედიოდა თავისი ველოსიპედით.
რამიზა რომ დაინახა, მაშინვე იკითხა:
- ცუდად გახდა? კი ვიფიქრე, დიდი დოზა მივეცი-მეთქი...
- ცუდად კი არაა, მოკვდა მგონია! რა წამალი მიეცი ამისთანა, მიშა?! - არანორმალური ხმით იყვირა რამიზამ.
- წამალი ცუდი არ არის, დოზა იყო დიდი...
- მერე და, შე კაი ადამიანო, თუ იცოდი, რო დიდ დოზას აძლევდი, რეიზა გაწირე ბაღანა?!...  დააგდე მაი ველოსიპედი და შემომიჯექი მოტოციკლეტზე... ეგებ არ იყოს ქლათ გვიანი?!

რამიზა და მიშა რომ ოთახში შევიდნენ, თეონას სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა:  ფერმკრთალ სახეს ღაწვებზე-ღა შერჩენოდა ღია ვარდისფერი, ჩატეტკილ და ფერდაკარგულ ტუჩებს ოდნავი ღიმი შერჩენოდა, გრძელ წამწამებს კი ერთადერთი ობოლი ცრემლი შემოენახა... ბალიშზე ოქროს ბურბუშელასავით მიმოფანტულიყო თეონას გრძელი კულულები,  უსიცოცხლო ხელები კი ცისფერი ატლასის საბანზე ეყარა.
მიშა ექიმი შეცბა ამ სურათის დანახვაზე. მერე  უცებ მოეგო გონს, თავისი პატარა საკვოიაჟი გახსნა და წითელი სითხით სავსე პატარა ბოთლი ამოიღო. ეს წითელი სითხე პიპეტით ამოიღო პატარა ბოთლიდან და თეონას პირში ჩაასხა... თან მაჯაზე პულსის ადგილი მოუნახა და  საათს დაჰყურებდა.
თეონა არ იძვროდა. პულსი იმდენად სუსტი ჰქონდა, რომ ზოგიერთი ვერც გაიგებდა მის დარტყმებს... მაგრამ მაჯაზე პულსი იყო!...

იმ ერთ პიპეტში მოთავსებულ სითხეს აუცილებლად უნდა გამოეყვანა ბავშვი მდგომარეობიდან. მიხვდა მიშა,  რომ მისი წამლის მოქმედებით დაემართა თეონას კრიზი  და, ვიდრე კიდევ უფრო მეტად დაიწყებდა წამალი ორგანიზმზე ზემოქმედებას,  იმ წამლის განეიტრალებას ცდილობდა ახლა.

მაჯაზე პულსი დაეკარგა!... კისერზე ეცა, - ძალიან სუსტად, ოდნავ შესამჩნევად ფეთქავდა ძარღვი.

მეორე პიპეტიც რომ ჩაასხა თეონას ძალით დაღებულ პირში, და ბავშვი  რომ კვლავ უგონოდ იყო, მიშას თავადაც დაეტყო ნერვიულობა და შეპარვით გადახედავდა-ხოლმე ხან დედას და ხან ბებიას, რომელთაც ძლივს ასულიერებდნენ...

ჭერთან მიყუჟულ თეონას ისე შეეცოდა დედა, ბებია, ნინუცა და ყველანი, ვინც კი იყვნენ ოთახში, რომ აწრიალდა... უკან დაბრუნება მოუნდა...

მიშა ექიმმა მესამე პიპეტი ჩააწურა თეონას პირში...

- დედააა!!! - კიდევ ერთხელ იყვირა თეონამ მთელი ხმით და...

უღონოდ გაახილა თვალები... შემდეგ კი ჩუმად, ძალიან ჩუმად თქვა:
- დე, მე დავბრუნდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები