ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2013


უ–კითხვებ–ოდ

„აბლი-ბაბლი,
ოქროს ტახტი,
მზით ავიღე,
მთვარით დავდგი“–
მეტყოდა ბებო...
ახლა ვზივარ და თავს ვიმტვრევ, რომ
როგორმე მივხვდე:
როგორ მიდგამდა ბებო ოქროს ტახტს,
ან აბლი-ბაბლი რაღაა ნეტავ?..
ჰო, უჩვეულო გამოცანებით ვიწყებთ ცხოვრებას...
„დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა,
პატარაში სულ არ იყოო“ –
ვამბობთ, მაგრამ კითხვებსაც არ ვსვამთ:
როგორ ხდება, რომ დიდში ვერ ვატევთ,
პატარაში კი გვიქრება მუდამ?..
ჩვენი ცხოვრებაც იმ ქვაბს ჰგავს თითქოს –
ხან ვართ...
ხან არ ვართ...
თუხთუხებს ქვაბი...
და ყოფნაც ისე პირობითია...
და კითხვებს არ ვსვამთ,
რადგან პასუხი იმთავითვე გასაგებია:
„ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა“– ამისთვის ვწვალობთ...
გვინდა სიკეთემ აქ დაიდოს ადგილი მუდამ,
აქ, ანუ სადაც ჩვენა ვართ ახლა,
ან გვინდა ვიყოთ...
და წლები როცა თმას დაათოვს
სევდად და ფიქრად,
ვიხსენებთ მარად:
ჭალას მომკვდარი ჩიტის ამბავს,
პატარა ქვაბში რომ გაგვიქრა,
ხოლო დიდში კი მაინც ვერაფრით ჩავატიეთ...
ვიხსენებთ მზით აღებულ და
მერე მთვარით დადგუმულ ოქროს ტახტს
და იმ იდუმალ კარის გასაღებს,
რომლის იქითაც სიკეთის ფერი ადევს სამყაროს...
იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა –
ასე ვიწყებით...
და არ ვსვამთ კითხვებს...
არ გვეეჭვება, რომ სიკეთე არასდროს ქრება;
ხოლო ცხოვრება, იმ დიდ ქვაბში რომ იხარშება,
სულაც არაა უფერო და უინტერესო...
და მერე ჩვენაც, სევდისაგან თმადათოვლილნი,
ვუყვებით შვილებს მზით აღებული ტახტის ამბავს
და ზუსტად ვიცით:
კითხვებს ახლაც არ დაგვისვამენ...
თუხთუხებს ქვაბი...
ითოვლება თმა დარდისაგან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები