ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2008


გზა

უღელტეხილზე ჩაწერილი დღიურიდან
(დოკუმენტური პროზა)

ეს ჩანაწერები ყოველთვის იმ ტრაგიკულ დღეებთან მაბრუნებს, რომლებიც სოხუმის დაცემასა და დედაჩემის გარდაცვალებას უკავშირდება. დღიურების პერსონაჟთაგან ზოგიერთი (რამაზი, ტატული დეიდა, გივი ბიძია) დღეს ცოცხალი აღარ არის. მათ საფლავში ჩაიტანეს საკუთარ მიწაზე დაბრუნების ნატვრა, ზოგი კი, მაგალითად, მამფორიების ოჯახი, იმთავითვე წავიდა უცხოეთში. ასე დაგვაშორა ერთმანეთს ომის დაუწერელმა კანონმა, დროის მუხანათობამ, თუმცა ისევ (ხშირად მხოლოდ თვალებით) ვაიმედებთ და ვეფერებით ერთმანეთს.
სოხუმიდან წამოსვლისას რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი წიგნი წამოვიღე, მათ შორის იყო ვლადიმირ ვისოცკის ლექსები. მახსოვს, ეს სტროფი მთელი გზის მანძილზე ამეკვიატა: «Я вийду живым из огня,/Или погибну до срока,/Останется после меня -/Дорога, дорога, дорога!..»
ეს სტრიქონები ამჯერადაც თავისთავად ამოატივტივა მეხსიერებამ. უღელტეხილის ძნელადსავალი ბილიკები ზოგისთვის სიკვდილთან შეხვედრის, ხოლო ზოგისთვის იმ ურთულესი გზის ერთ-ერთ მონაკვეთად იქცა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რომელიც, როგორც ამბობენ, ყოველთვის თავისი გზით მიდის.
ხვალ 15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დედა აღარაა.
თურმე მისი ნათელი ხსოვნისთვის დამიწერია ეს სტრიქონებიც 15 წლის წინ, რომელსაც ახლა თითქმის შეუცვლელად გთავაზობთ.



17 სექტემბერი

გუშინ განახლდა ომი. დაგვბომბეს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან: ჰაუბიცებიდან, ყუმბართმტყორცნებიდან და ე. წ. ДШК-დან. დროდადრო ცას ანათებდნენ ჩვენი პოზიციების დასაზვერად. გუშინ ბევრი მებრძოლი და საკმარისი რაოდენობის ტექნიკა წავიდა ბრძოლის წინა ხაზზე. ალიკამ ვიტიას ტყვია-წამალი მოიტანა და პოზიციებზე წასვლა აიკვიატა, მამაჩემს ვეძებო, - თქვა და აჩადარაში უნდა წავიდეო. ანზორ ბიძია გვიან დაბრუნდა.
ამ დილით მთელ ხმაზე გაჰკიოდა საყვირი. ცოტა ხანში გრადებიდან დაგვბომბეს. ჩვენი ბიჭებიც ყოჩაღად იძლეოდნენ პასუხს.
მეზობელი ბიჭის მერაბ მაისაიას დაღუპვის ამბავი მოიტანესამ დილით, ”უჩხოზთან” მოუკლავთ... მთელი ქუჩა შეიკრიბა მის სახლთან, მწარედ მოთქვამდა დედამისი...
სროლები გრძელდება.


18  სექტემბერი

წუხელ ღამის 3 საათზე ისევ დაგვბომბეს ”БМ21-ГРАД”-ის ტიპის დანადგარებიდან. თორმეტამდე ჭურვი გასკდა სადღაც ქალაქის ცენტრში. დღეს მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა და ახლაც (უკვე საღამოა) გრძელდება პოზიციური ბრძოლები, ამბობენ, ძალები გვემატებაო, ქობალია და იოსელიანი წამოსულანო სოხუმისკენ. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ქალაქიდან გაჰყავთ ქალები და ბავშვები. ლაშა და მაიკო ჯერ-ჯერობით აქ არიან. ოჩამჩირესთანაც მიდისო ბრძოლები. მალხაზი ახლადაბაშია ჩარჩენილი... ხმები მოვიდა, ახალდაბა და კოდორი მტერს უკავია და სოფლებში პოზიციური ბრძოლებიაო. იზო ბიცოლა მთელი დღეა ტირის. ბაბუა გუშინ თბილისში გაფრინდა სხვებთან ერთად. ტელევიზიით გამოუცხადებიათ, აფხაზეთიდან დევნილები სასტუმრო ”ივერიაში”განათავსესო. დედამ და რამაზიმ ამიჩემეს წასვლა, მაგრამ მე არსად წამსვლელი არა ვარ, თუმცა ეს დიდ გმირობად არ მიმაჩნია. რა გული მიზამს, ყველანი აქ დავტოვო და მე სადღაც წავიდე. დეიდაჩემს ეშინია საშინლად, ერთი ჭურვის გასკდომისთანავე თავშესაფარში იმალება. კობა და ფიქრია აქ არიან, ინგაც აქ არის.
ამ დილით კიდევ ერთი რამ გამოუცხადებიათ, ბრძოლები ქალაქის ცენტრში, მშვიდობის პროსპექტზე მიდისო. წარმომიდგენია, რა დღეში იქნებიან სოფელში.
აი, ასეთი ამბებია დღეისთვის. ღამით ისევ მოსალოდნელია შემოტევები, მაგრამ უნდა გავუძლოთ, გავუძლებთ, აბა რა იქნება?..

19 სექტემბერი

ცვლილებები მაინც და მაინც არ შეიმჩნევა. ქალაქი ისევ იბომბება. ამას რომ ვწერ, ”გრადები” ცვივა აქა-იქ.
დედა გახდა ცუდად. სისხლნაკლებობა ისედაც ჰქონდა. 11 საათზე ექიმთან წავედი, დიეტა დაუნიშნა და დამატებით წამლები გამოუწერა. საბედნიეროდ, წამლები სახლში აღმოგვაჩნდა, თორემ ქალაქში ვერსად იშოვი ვერაფერს. ბაზარში კაცისშვილი არაა, თითქოს ჩაკვდა სოხუმი, ქუჩაშიც კი არავინ დადის...
ზეგ უნდა წავიყვანო დედა პოლიკლინიკაში სისხლის ანალიზის ასარებად, მაინტერესებს, ჰემოგლობილი რამდენი აქვსო, - მითხრა ექიმმა, იმედია გართულებები არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისსი ქინებაო გადასაყვანი სამკურნალოდ.
მალხაზის შესახებ არაფერი ვიცით...
დღეს კობა იყო მოსული.


20 სექტემბერი

გუშინ, საღამოს 8 საათზე წამოვედით სოხუმიდან. ქალაქში ამბავი მოიტანეს, მთერმა ალყა გაარღვია და აჩადარაში შემოვიდა, ძალები არ ჰყოფნითო ჩვენებს. ავადმყოფ დედას წამოვყევი, სახლში რამაზი დარჩა. თუ რამე, წამოგეწევითო, - მითხრა. ქალაქში დარჩნენ ანზორი ბიძია, იზო ბიცოლა და ალიკა, ნანისა და ბავშვების არაფერი ვიცით.
გუშინ საღამოს ჩამოვედით აგუძერაში დედა, მაყვალა, ინგა და მე. ღამე იქვე გავათიეთ, დილით კი ბაბუშარაში წამოვედით. აქედან გემები გადიანო ფოთის მიმართულებით. დაახლოებით 5 საათამდე ვიცადეთ, ნავიც არ მოსგომია ნაპირს. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ მტრის გემები და ”გრადები” დაგვიშინეს. აეროპორტში არ წავედით, რადგან თვითმფრინავებით მხოლოდ დაჭრილები გადაჰყავთო, გვითხრეს.
აქვე, ბაბუშარაში, ახალდაბელი ბიჭები ვნახეთ, აფსუებმა მთელი სოფელი გადწვესო, - ამბობდნენ ისინი, - სამასი ადამიანი მძევლად აიყვანესო, ბევრი დაღუპული და დაჭრილიაო. მალხაზის ბედი გვაფიქრებს, ის ხომ იქ დარჩა... გავიგეთ, იზო ბიცოლას ძმა, დიდიკო, მძიმედ დაჭრილა.
ახლა ბაბუშარაში ვართ. აქ ერთმა სტუმართმოყვარე ოჯახმა შეგვიფარა. ხვალ დილით აეროპორტში წავალთ, იქნებ გავფრინდეთ, ან დედა მაინც გავამგზავროთ თბილისში. მას ხომ სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, არადა, უშენოდ ნაბიჯსაც არსად გადავდგამო, - ამბობს.
სულ ეს არის, რაც ამ მღელვარებისას შეიძლება დაიწეროს, ვნახოთ, რა იქნება შემდეგ.

5 სთ. 20 წთ. - ბაბუშარა


22 სექტემბერი

დილით აეროპორტში მივედით. ტევა აღარ იყო, განუწყვეტლივ მოჰყავდათ დაჭრილები და დაღუპულები თბილისში გადასაყვანად...

***
ეს ორიოდე წინადაება მერხეულის სკოლაშია ჩაწერილი, ახლა კი ისევ სოხუმში ვარ, რეზომ წამოგვიყვანა თავისი მანქანით. სახლი დაკეტილი დაგვხვდა. ალიკასთან მივედი, იქაც დაკეტილი იყო ყველაფერი. მეზობლებმა მითხრეს, გულრიფშში წავიდნენო ყველანი, რამაზიც მათთან იყოო.
სახლში ფანჯრიდან შევედით. ზერელედ მოვაგროვეთ, რაც სვანეთის გზაზე შეიძლებოდა გამოგვდგომოდა. ახლა ისევ რეზოს სახლში ვართ, მერხეულში უნდა წაგვიყვანოს, თუ სვანეთში წაგვიყვანს, კიდევ უკეთესი.
ვაგრძელებ გუშინდელ ამბავს. მთელი დღის განმავლობაში ვერაფრით მოვახერხეთ თბილისში წასვლა. იქვე ბევრი უბედურება შევიტყვეთ. თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან სოხუმში მოფრინავდა, ჩამოაგდეს. იქ, ეკიპაჟის გარდა, ასამდე მგზავრი იყო. მათი (მგზავრების) ბედი უცნობია.
საღამოს ვერ გავფრინდით ვერსად. ღამის გასათევად ბაბუშარის ცენტრალურ ტრასაზე გამოვედით. აქ მამფორიებმა გვიმასპინძლეს, დაგვასვენეს, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში ბაბუშარასაც დაუშინეს ”გრადები”. ხუთი ჭურვი ერთბაშად დაეცა მამფორიების სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით. მეზობლად ერთი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. აშკარა იყო, აეროპორტს ბომბავდნენ. დაბომბვის შემდეგ კვლავ აეროპორტში წავედით. იქ ორად-ორი თვითმფრინავი იდგა. გვითხრეს აეროპორტი დაიხურა და ფრენა არ იქნებაო. შემდეგ ავტობუსით მოვედით მაჭარკის გადასახვევამდე, საიდანაც ფეხით ჩამოვედით მერხეულში. წუხანდელი ღამე მერხეულის საშუალო სკოლის ეზოში გავათიეთ.
აგუძერის ნავმისადგომთან ისევ ვნახეთ ახალდაბელი ბიჭები, რომლებმაც თავიანთი სოფლის ამბები გვითხრეს. მალხაზი ხომ იქ იყო და ახლაც არვიცით სად არის. მერე ერთმა დაგვამშვიდა, ახალდაბიდან მთელი მოსახლეობა გამოვიდაო, მაგრამ სანამ მახოს არ ვნახავ, მშვიდად ვერ ვიქნები.

*** 
აეროპორტში ლალი ვნახე. მანჩო მერხეულში იყო.
ისევ გვბომბავენ. ცოტა ხნის წინ თვითმფრინავმა ჩამოყარა ჭურვები.

11 სთ. - სოხუმი


23 სექტემბერი

მერხეულში ვართ, წუხელ რეზომ ჩამოგვიყვანა მანქანით. მთით უნდა ვიაროთ. ეს ერთადერთი გზაღა დარჩა.

*** 
მერხეულიდან ტრაქტორით წამოვედით. კარგა ხანს ვიარეთ, სამამ წებელდაში ჩამოვიდოდით. აქ ისევ ცუდად გახდა დედა. ადგილობრივ ექიმთან მივიყვანე, რომელსაც არანაირი წამალი არ აღმოაჩნდა. წნევა გაუზომა და თქვა, ნორმალურიაო. სახვალიოდ შეგვპირდა წამალს, მაგრამ მანამდე ისევ ანალიზე უნდა ჩააბაროს დედამ. ასე რომ, დღეს აქ ვართ, წებელდაში, ერთი კეთილი ქალბატონის, ტატული კინწურაშვილის ოჯახში.

***
მე ტვირთად გაწვებიო, - მითხრა დღეს დედამ და ატორდა. მეუცხოვა, უფრო იმიტომ, რომ იშვიათად მინახავს ცრემლი მის თვალებზე, მგონი სულ ორჯერ...
ძალიან გაუჭირდა დედას? ვაითუ ძალიან გაუჭირდა... ყველაფერს გავაკეთებ, დედა, რომ შენ გასაჭირი შეგიმსუბუქო, ყველა სიკეთეს მოვიკლებ, რაც კი გამაჩნია და შენ გადმოგილოცავ, ოღონდ ერთი წუთით გიხილო ბედნიერი, უდარდელი და გაღიმებული.
და თუ ვეღარ...
მე არაფერი მრჩება ამქვეყნად გულდასაწყვეტი...
მე სიცოცხლეც არ მრჩება შენს იქით...

წებელდა


24 სექტემბერი

დედას სიყვითლე აღმოაჩნდა, ანალიზიდან გამომდინარე. ექიმმა მითხრა, რომ ის სერიოზულად არის ავად და საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თბილისში, დღეს კი თვითონვე გადაუსხა ვენაში ჰემოდეზი. ზეგისთვის კიდევ გადავუსხამთო, - ასე მითხრა, - მეტი არა მაქვსო. ახლა რკინიგზის გახსნას ველოდებით, როგორც ამბობენ, მალე უნდა გაიხსნას. სვანეთისკენ წასვლა გამოირიცხა. ჯერ ერთი, არა მგონია, დედამ ამას გაუძლოს, მეორეც, უღელტეხილზე გადასვლა გარკვეულ თანხასთან არისო დაკავშირებული, ჩვენ კი კაპიკი არა გვაქვს.
ექიმმა გვითხრა, სოფელ ჩინში აკეთებსო ვიღაც ბერძენი ქალი სიყვითლის წამალს, მაგრამ ამისთვის თაფლიაო საჭირო. დღეს თუ ვიშოვე თაფლი, ხვალ დილით ადრე წავალ ჩინში.
დედა წევს, როგორც ავადმყოფი. დეიდაჩემი, რომელიც ძალიან ემოციურად აღიქვამდა დაბომბვებს, პირჯვარს იწერს და ღმერთს მადლობას სწირავს, ჭურვების ბათქა-ბუთქი რომ არ ესმის. ინგაც თანაბრად იზიარებს ჩვენთან ერთად ყველა გასაჭირს, არ იმჩნევს დაღლას.

***   
გუშინ ქალაქში შემოსულან აფსუები და მატი დაქირავებული ბოევიკები. ქართველების რამდენიმე სახლი გადაუწვავთ. სად არიან ნეტა ჩვენები? ნეტა მალე ვნახავდეთ ერთმანეთს.


26 სექტემბერი

გუშინ ჩინში ვიყავი, აქედან თაფლი და კვერცხი წავიღე. იმ ბერძენმა ქალმა ხუთ წუთში დაამზადა სიყვითლის წამალი. გზით თორმეტი კილომეტრი ყოფილა ჩინამდე (ესაა პირველი სვანური სოფელი მაჭარა-საკენის 88 კილომეტრიან გზაზე, რომელიც 35-ე კილომეტრზე მდებარეობს) ბილიკ-ბილიკ ვიარე და ხუთი საათი მოვანდომე წასვლა-წამოსვლას. მაყვალამ ჩემი მოსვლისთანავე დაალევინა დედას წამალი. დედა ისევ წევს, წამალს სვამს და დიეტასაც იცავს შეძლებისდაგვარად.
ამ დილით დეიდაჩემი და დედა საავადმყოფოში წავიდნენ, რომელიც იქვე, ტატული დეიდას სახლთან მდებარეობს. ექიმი არ იყო. სახლში მივაკითხეთ. სტუმრებს გავაცილებ და მოვალო, - გვითხრა, - მეშინია ფარულ სისხლდენა არ იყოსო, - ასე თქვა, როცა ვუთხარი, რომ დედას მუცელი შეუსივდა.
არვიცი რა ვიღონო, სასწრაფოდ უნდა გავიყვანო აქედან, ექიმიც ამას მირჩევს.
გუშინ ოთხი უკრაინული გემი ჩამომდგარა, ხალხი გაუყვანია, წყვეტა იყოო, - თქვეს. აეროპორტი დაკეტილია, ერთი სიტყვით, ისევ გემით უნდა გავიყვანო დედა და თუ სახმელეთო გზა გაიხსნა, კიდევ უკეთესი.
ახლა ჰემოდეზს გადაუსხამს ექიმი. ერთმა ლინდაველმა ქალმა, რომელსაც სახლი დაუწვეს და რომელსაც შვილი ჰყავს ავად სიყვითლით, ოთხასგრამიანი ჰემოდეზი მაჩუქა დედასთვის. ლევანი, ის თოთხმეტი წლის ბიჭი, შედარებით უკეთაა. დღეს ვინახულე საავადმყოფოში. მისი ძმებიც გავიცანი - ხვიჩა და ნუკრი. მათი დისშვილი აგუძერის საავადმყოფოში წევს, საიდანაც ხვიჩამ წამლები ჩამოიტანა. დაჭრილებით სავსეაო აგუძერის საავადმყოფო, დაღუპულები ვერსად ვერ გაჰყავთ და იქვე, ეზოში მარხავენო...


27 სექტემბერი

სვანეთისკენ მიმავალი უანრავი ხალხი მოაწყდა წებელდას. დღეს რაულის დედა ვნახე. წითელ ხიდამდე მოვიდნენ და ხიდიც ააფეთქესო, - მითხრა. სოხუმი აიღეს (?!) ძველ რაიონში დეიდაჩემის მეზობელი ბიჭი მოუკლავთ, გადარევასაა ქალი.

***
დედა შედარებით მომჯობინდა. დღესაც გადაუსხა ექიმმა ჰემოლიზი.
მაყვალამ საიდანღაც ამბავი მოიტანა, დიდი ”ფურგონით” უნდა გამოიარონო ბიჭებმა და ჩვენც წაგვიყვანენო. ახლა ამ ”ფურგონს” ველოდებით, თორემ დედა ფეხით სიარულს ვერ გაუძლებს, არადა, ალალ ბედზე გამვლელი მანქანის იმედად ყოფნაც არ შეიძლება.
საოცრად კეთილი ქალი აღმოჩნდა ეს ტატული დეიდა. როცა გაიგო, რომ უკვე მივდივართ, საგზლის სამზადისს შეუდგა, როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად დავუფასებ ამ სიკეთს.

29 სექტემბერი

წებელდიდან ავტობუსით წამოვედით. საშინლად დანგრეული და ვიწრო გზები გამოვიარეთ, ბევრ უბედურებას შევესწარით და ბევრიც გავიგეთ. ლათასთან, კოდორის ხეობაში, ერთი ტანკი გადაიჩეხა, რომელშიც ორი ტანკისტი იჯდა, ორივე დაიღუპა.
ლათის ცენტრამდე სამი კილომეტრი იყო დარჩენილი, როცა ავტობუსი გაფუჭდა. ტანკმა ძლივს გამოათრია ვიწრო გზაზე, რომელიც დიდ ხრამს ჩაუდიოდა. ფეხით დავადექით გზას ცენტრამდე. ახლა ლათის ცენტრში ვართ და იმ ტრაქტორს ველოდებით, რომელიც წუხელ მოსულა წებელდიდან და რომელმაც უნდა წაგვიყვანოს.
ტატული დეიდა თავის ნათესავებთან ერთად წავიდა. თავისთვის ვერ მოუსწრია საგზლის გამზადება და ჩვენი საგზალი გავუყავით, მისივე გამოტანებული.
კიდევ ბევრია საწერი, მაგრამ ახლა სოხუმის ცაზე გამართული ფეიერვერკი მახსენდება, რომელიც 27-ში ღამით გამართა ქალაქში შემოსულმა მტერმა. სისხლი მეყინება ძარღვებში. რა სულელურად დავმარცხდით ქართველები. მოდის ქართველობა, მოდის და როგორც ცხვრის ფარა საძოვარს, ისე ტოვებს აფხაზეთს...
ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი ყოველივე ამისთვის?

ლათა

12 ოქტომბერი

ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ციროზის დიაგნოზი დაუსვეს დედას. როგორც კი სიარულის ძალა ექნება, ლენინგრადში მინდა გადავიყვანო. ხვალ დეპეშას გავაგზავნი გივი ბიძიასთან, რომ ჩამოვიდეს.

ქუთაისი


20 ოქტომბერი

გუშინ, საღამოს ხუთ საათზე შეწყდა დედას მაჯისცემა.
დედა უფრო ჩაძინებულს ჰგავდა.
უკანასკნელად შემომხედა ძალიან ნაღვლიანი თვალებით, ამ შემოხედვით ყველაფერი მითხრა და საბოლოოდაც გამომეთხოვა თითქოს. ყოველთვის მეხსომება ეს გამოხედვა. შემდეგ კი...
ათიოდე წუთით დაიგვიანეს ანზორი ბიზიამ და იზო ბიცოლამ. უხმოდ მოთქვამდა მერი დეიდა...
სულ რამდენიმე წუთში ჩაინთქა ლიფტის მრუმე შიგთავსში დედაჩემის უსიცოცხლო სხეული და მე მომეჩვენა, რომ ირგვლივ სასაფლაოს სიჩუმემ დაისადგურა.

ქუთაისის კლინიკური საავადმყოფო
პალატა #608

 
1993 წელი
     
   










































       


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები