ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


# # # (მიდიან წმინდანები)


ასე გამართულს არასოდეს არ გამივლია.
რა მომელანდა?! -
თუთების გრძელი ხეივანი.
მარჯვნივ და მარცხნივ
ხელისგულებში პაწაწინა ხელები თუთის.
და მივდიოდით მე და ჩემი ტყუპი შვილები
დასასრულისკენ...

.............................................................................

არც ქარი ქარს,
არც მდინარე მდინარეს,
არც თვალები თვალებს,
მხოლოდ მთები დაეძებენ ერთმანეთს,
მხოლოდ ისინი ზანზარებენ...

............................................................................

ზოგჯერ ისე მაღალია ჩემში პოეზია, რომ
შეუძლებელია მისი თქმა და წარმოდგენა...
აი ახლაც,
რაღაც ამოვიდა თვალებიდან!

...........................................................................

რა ნერვები უნდა გქონდეს
მიწიდან იმისთვის ამოხვიდე,
რომ, ოდესღაც, დასიცხულ გამვლელს
პირი ნაყოფით გაუსველო...

მოდი და წერე ლექსი,
ნახევარი საუკუნის მანძილზე
თავის თავს მაინც რომ არ დაავიწყდეს...

.................................................................................

ლექსებს
ფერდში ჩარჩენილი ტყვიასავით
ვუმალავ დედაჩემს,
მაგრამ ცუდ ამინდში ძვლების ტკივილი
როგორ დავმალო? როგორ დავითმინო?

................................................................................

იწვა ბახულა,
თავი მიწაზე ედო და
აკვირდებოდა მოძრავ ძაღლებს,
როგორ დახტოდნენ კატებივით,
როგორ კნაოდნენ...

..............................................................................

მე დავჭაობდი.
ბაყაყების ყიყინივით ჩამესმის საუბრები.
და მწვანექოლგიანი გოგონა,
იებისთვის რომ შემოვიდა ტრიალ მინდორზე,
ალიგატორად გადაიქცა.
ლურჯი თვალები შერჩენოდა, იების ხათრით.

..................................................................................



    თეთრი ბატკანი

მზე მუხლზე უზის ხეს,
ჩეროს კი – თეთრი ბატკანი.
გუშინ თუ გული გატკინე,
რა დაგიშავე დღეს?

ფიქრს გაღვიძებისას
გემო აქვს ზღაპრის ბოლოთქმის.
და აწითლებულ ჟოლოსთან
ორი ზღაპარი დგას:

შენ – გამთენიის ცა,
მე – კუზიანი ბოგანო.
ეე, სიყვარული მეგონა,
თურმე სიზმარია.

ლექსს მაინც დავწერ. ლექსს
ერქმევა: „თეთრი ბატკანი“
გული ვერც გუშინ გატკინე
და რანაირად – დღეს?!


.......................................................................


                      ძველი მაგიდა

მომინდა ისევ დამეწერა ძველ სიყვარულზე,
ძველი სიმშვიდით. ძველი გულით. და ქვეშ შევძვერი
ძველი მაგიდის (იქ ჩემია მთელი სამყარო)
და მივხვდი ჯობდა ერთი სიტყვაც არ დამეწერა.

მივხვდი, არავინ შემოძვრება ძველი მაგიდის
ქვეშ და, საერთოდ, მიუჯდება ირგვლივ არავინ.
ეჰეეეეეე, სულ ძვეეეეეეეეეეელი სიყვარულის წერა მომინდა,
არადა როგორ მაცდური და შემზარავია...


...........................................................................................................


              წვიმა და წვიმა

დაიწყო ღამე, დაიწყო წვიმა,
მხოლოდ და მხოლოდ წვიმით და წვიმით.
ღამემ ქალივით თეთრმა და ძვირმა
ლექსის უფსკრულებს დაუღო პირი.

წაუღო ფერი ღრუბელმა მთვარეს
შენც სტრიქონებში სიშავე მოგდევს.
ქარი რომ წვიმით აგიწვავს თვალებს
ხომ შეიძლება მაშინაც მოკვდე?!

წვიმა და წვიმა, ქარი და ქარი.
ჩავიდა მთვარე, იმატა წვიმამ.
ეს მთა ეშმაკის ცალი რქა არი
და ანგელოზის წვიმები ცვივა

ციდან, ამ ციდან ცვივა და ცვეთენ
ამ მიწას, ამ მთებს, მოკლედ, რაც გინდა...
წვიმები წვიმებს უცვლიან წვეთებს,
წვიმები წვიმებს გადააწვიმდა.

და აყვავებულ ბალიშის ხეზე
ჩიტივით შეჯდა დაღლილი ტვინი.
ლექსი კი,,, როგორც დაცლილი ეზო
აივსო სევდით,,,
აივსო წვიმით...


.....................................................................................


                        რკინის აკვანი

რა სიჩუმეა?! რა სიგიჟე?! დროის გაყვანა.
არც სიყვარული, არც შენდობა, უბრალოდ დროის
მოკვლა... გზის ბოლოს გელოდება რკინის აკვანი,
ჩაწვებით მასში შენ და შავი ლანდების ტრიო:
დრო,,, სიკვდილი და,,, დრო, რომელსაც ვეღარ გაიყვან.
შეგრჩება მხოლოდ შეშლილი და უაზრო ფიქრი.
საკუთარ სხეულს ქვიშასავით მუჭში ჩაიყრი
და ივლი მჟავე იმედებით: ოდესღაც იქნებ
იპოვო ღმერთი, რომ დაკარგე სიცოხლეშივე.
ყველაზე დიდი სიხარული იქნება ის, რომ
იყო ცხოვრება, არსებობა, მაგრამ ლეშივით
და მწარე ღრიალს უსინათლო სივრცეში ისვრი,
რომელსაც ვეღარ გაიგონებ, რამეთუ მკვდარი
იქნები. ანდა (უარესი) იქნები მხოლოდ
დროის და სივრცის სამარეში ფიქრის ამარა,
ამარა შენი სხეულიდან წამსკდარი ბოლის...
ახლა კი გინდა, რომ შენივე ნერვებმა გჭამონ.
ფანჯრიდან ჩანან ყვავები და მოჩანს არავინ.
გრძნობ საათები კედლებიდან მალე ჩამოვლენ
და საკუთარი სხეულიდან მოგიპარავენ...
.      .      .
.      .      .
.      .      .
(ისევ სიჩუმე)
.      .      .
.      .      .
.      .      .
სისხლი გასდის დაღეჭილ ენას,
შავი ყვავები წითელ წვეთებს იჭერენ პირით.
ჩადგა სიკვდილი სიჩუმეში როგორც მცენარე
და წყვილი ეშვი გამოუჩნდა პირღია ვამპირს,
ანუ ცხოვრებას, ანუ დგომას რკინის აკვანთან,
არც სიყვარული, არც შენდობა. უბრალოდ დროის
ძებნა და პოვნა,,, რომ შენივე თავი ქამანდით
ერთი სივრციდან მეორეში გადაათრიო.

.................................................................................................


                    აღმართი. ცრემლი.

ვდგები. კარები. კიბეები. ქუჩა. ნაბიჯი
მძიმე, დროსავით გაწელილი დაღმართი. ხალხის
გადაძახილი. აფიშები. მიშა. ბიძინა.
ბიძინა. მიშა. მთელი ღამე არ დამაძინეს
ყვირილით. ნეტავ თვალებივით ყურებს ვხუჭავდე
ან (ყურებივით) არ შემეძლოს თვალის დახუჭვა
ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც ვხუჭავ. ვჩუმდები.

დაღმართის ბოლო. გაჩერება. ვუცდი. თბილისის
ჩქარი და მიკრო ავტობუსი ორ წუთს უნდება
ჩემს გადაყლაპვას. იქაც ხალხი. იქაც ყვირილი.
გაუგონარი რეპლიკები.ლანძღვა. სიბრაზე
და ვხვდები სულის კიდობანი გადამირაზეს
ჩემი სიმშვიდით, საკუთარი ჩემი სიმშვიდით.
არადა მინდა აღრიალდეს მთელი სხეული.
მაგრამ. სიმშვიდე. გარინდება. ვზივარ. ვჩუმდები.

და კონტექსტიდან ამოგლეჯილ–ამოხეული
ჩემი ცხოვრება ვეშაპივით მიცურავს დროში.
არაფერია. ალაგ–ალაგ შიშის ქალაქი
სულზე ლურჯთვალა ფერიების სუნთქვას მალაგებს
და მეც ვისრუტავ როგორც ქარი დაფლეთილ დროშას,
ხალხის ჭაობში უმიზეზოდ ჩასობილ დროშას,
არაფრისმთქმელი, ჯვარედინი ხაზების დროშას,
და ბოლოს მეც ამ ქარებივით დღეგამოცლილი
ვბრუნდები უკან. სიმშვიდეა. აღმართი. ცრემლი.

ავდივარ. ქუჩა. კიბეები. კარები. ვაღებ.
შევდივარ, როგორც ბნელ ბუნაგში შეძვრება ხოლმე
ბებერი მგელი. ფანჯარასთან ისევ ყვირილი,
ისევ ბიძინა, ისევ მიშა. შიში და ქვები.
საკმევლის სუნი სულ რაღაცას ყვება და ყვება
კაცზე, რომელიც დიდ ხმაურში ვერ დააფასეს
და ჯვარზე აცვეს. იმ ხმაურის მსგავსად ჩამოწვა
გარეთ სიბნელე, ხელებს ვაწყობ ამ სიბნელეში,
და ვეძებ სიზმრებს ჩამომსხვრეულ ფანჯრის რაფაზე.


.........................................................................................................


(გარდაცვლილი პატარების არდავიწყებას, როგორც საკუთარი სინანულის)




ძნელია.
ქარია და
ძნელია მიდევნება,
ძნელია აქ დარჩენის
მოძიო მოტივები...
მიდიან წმინდანები,
მტოვებენ წმინდანები,
ქრებიან წმინდანები
და ცრემლებს მიტოვებენ...

ცის კარი აჭრიალდა.
თოვლია...
ქარი არის.
ქარია...
თოვლი არის
და უფრო ითოვლება.
და ვრჩები უსახლკარო.
და ვრჩები ცარიელი.
და თეთრი წმინდანები
თეთრ ცრემლებს მიტოვებენ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები