ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ოქტომბერი, 2012


გარდაიცვალა ზნეობა

გარდაიცვალა ზნეობა

  რამდენიმე დღეა აჭრელდა მასმედია აღშფოთებულთა შეშფოთებით, დაგმობით, პროტესტით, ჩასაძირი გემიდან გადმომხტარი ვირთხების ფსევდოსამართლიანობით, ნამეტანი თბილად და ტკბილად რომ ეგუებოდნენ ყველა უსამართლობას, მათ ყველაფერი "ეკუთვნოდათ", ყველა დანარჩენს კი - კანონის მორჩილება!!!
ორი კითხვა მაქვს, უბრალო და მარტივი,- რატომ და როგორ?..
საცობი იმის საცობია, რომ ყველა ბოთლს უნდა მოერგოს, მაგრამ თუ იმ ბოთლიდან მყრალი სუნი ამოდის, იმასაც?..
  20 წელია ძაღლებივით დავდევთ საკუთარ კუდს და იქამდეც მივედით, რომ ეს კუდი საკუთარი კბილებით მოგვაკვნეტინეს...(წკავწკავსა და წკმუტუნზე ლაპარაკიც ზედმეტია!)
  იქნებ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კულტურის მინისტრს, ვალერი ასათიანს სატანისტური რიტუალის ჩატარება დააბრალეს, მოტივად მისივე შვილის ავადმყოფობა გამოიყენეს და კაცი ლამის ცოცხლად დამარხეს, საზოგადოებამ კი ხმა არ ამოიღო... ის ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”, ის არასამთავრობო სექტორი, ან ის უფლედამცველები, მერე უფლებაგაუმაძრღები რომ გახდნენ და თავგადაკვლით გვარწმუნებდნენ ამათზე პროგრესული და დემოკრატი ჯერ კაცი არ დაბადებულაო, ახლა თუ იხდიან ბოდიშს?  რევოლუციიდან სულ რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის და 5 სამხედრო ტყვეს მკვლელი და ჭუბერის ტრაგედიის ავტორი რომ შეიწყალა, ვინმემ თუ გააპროტესტა? სად იყო ან ჟურნალისტთა ამქარი ან ოპოზიცია? გიორგი სანაიას საქმეც რატომ მიივიწყეს მისმა კოლეგებმა თუ რესპოდენტებმა? - ააა, მაშინ პროტესტი  ქულების მომტანი არ იყო?.. სიმართლემ  კი არ იცის "საჭირო დრო და საჭირო ადგილი", იმიტომ, რომ სინდისთან "ნათესაურ" კავშირშია... ჰოდა, ასე შეგვეყარა ორმაგი სტანდარტის უკურნებელი ”სენი” ანუ ხმას მხოლოდ მაშინ ამოვიღებ, თუ ეს ვიღაცის თვალში ჩამეთვლება და არა იმიტომ, რომ ჩემი ღირსება ვერ ეგუება უზნეობას, ცილისწამებას, სიცრუეს, ადამიანთა დამცირებას, წამებას, ერთი სიტყვით, ბოროტებას, თავისი ყველა გამოვლენით.  იქნებ, ეს არის თავი და თავი იმ უბედურებისა, რაც გვჭირს?..
  უზნეობა ერთ მშვენიერ დილას ან საღამოს არ იბადება, მას დრო ჭირდება, რომ კარგად მოიჩიტოს, მომძლავრდეს და ადამიანურ ფასეულობებს თავის ყოვლისმომნელებელ სტომაქში გადაუძახოს.
  ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი მილან კუნდერა წერდა: - როცა ყველა ზღვარს გადადიხარ, მყისიერად აღმოჩნდები ბინძური ”თავისუფლების” საუფლოში, სადაც ყველაფერი ნებადართულია და საკმარისია ყური მიუგდო, რომ მის სხეულში ცხადად იგრძნობ, იმ დაუოკებელი ცხოველის სუნთქვას, სექსი რომ ჰქვია...
  ამას წინათ, ერთი მეგობარი ჩამოვიდა ამერიკიდან, 20 წელია, რაც ამერიკის მოქალაქეა. ერთი სატელევიზიო თოქ-შოუს მნახველმა, გაოცებულმა მკითხა:
  - საინტერესოა, რა ნიშნით შეარჩიეს ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რა, ელტონ ჯონია, თუ რომელიმე დარგში მაგარი პროფიო? ჩვენთან, ასეთებს მაშინ აჩვენებენ, თუ ის რამე საქმეშია მაგარი, ან მისი უფლებები ირღვევა და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ის უმცირესობას წარმოადგენსო.
  ტელეკომპანიებს ამაზე ასეთი პასუხი აქვთ, -  რეიტინგულია და იმიტომო. სხვათა შორის, პატიმართა წამების ამ უსაშინელეს კადრებსაც ჰქონდა ალბათ, მაღალი რეიტინგი შოკის, გულისგახეთქვის და თავლაფდასხმის გამო!!!
აქედან მარტივი დასკვნა: მაღალი რეიტინგი და დაბალი მორალი და ეს უკანასკნელი რაც უფრო დაბლა დაიწევს, მით უფრო "დემოკრატიულები" გავხდებით, მით მეტად "შეგვიტკბობს" დასავლეთი და მით უფრო აგვივა ”თავისუფლების” სურნელი!! ასეთ "შენ დაუკა-დიპლიპიტო" თავისუფლებაში კი ყველაფერი მოსულა, ”კმარა ცეტკინის” ექსპერტობიდან დაწყებული - ცოცხის უკანალში გარჭობით დამთავრებული...
  სხვათა შორის, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, ისიც მიამბო, თუ როგორ დააჯარიმეს მისი ნაცნობი ქალბატონი მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომობილში დატოვებულ კატას კონდიციონერი არ ჩაურთო და ამით, თურმე, კატის უფლებები შელახა... რა საინტერესოა, ჩვენს ”მისისიპდალეულებს” იქ ნასწავლი უფლებადაცვითი ვალდებულებები აქ რატომ დაავიწყდათ?
იქნებ, ჩვენ კარგი საექსპერიმენტო ბაჭიები აღმოვჩნდით ან ის ცხვრები, ჩვენს მიერვე გათავხედებული ხელისუფალი თავის გემოზე რომ გვპარსავდა?
  ”გონივრული ეჭვი” მკარნახობს, რომ ჩვენ თავად გავხსენით პანდორას ყუთი, მერე კი თვალებზე ხელები ავიფარეთ და ყურიც დავიხშეთ, რომ არ დაგვენახა და არ გაგვეგო, რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ... სწორედ ამიტომაც დაგვატ...ნეს თავზე მთელი საქართველო და გულის საოხად ისღა დაგვიტოვეს, რომ ღირსებააყრილი კაცების სადღეგრძელო ფეხზე ადგომით შევსვათ...
    რაც შეეხება შიშს, კი აქვს დიდი თვალები, მაგრამ თუ კარგად დახუჭავ და წამლად ”დაიკიდე - მოგეშვებას” სლოგანსაც    დააყოლებ, თანადგომისა და სოლიდარობის ”მავნე” სურვილისგანაც განიკურნები...
    ამ ცხელ გულზე ცივმა გონებამ ერთი სამწუხარო ქრონიკა მომაწოდა:
    გარდაიცვალა ზნეობა, ვუსამძიმრებთ მხოლოდ ადამიანობაშერჩენილ ადამიანებს!!!

  პ.ს.
არც არავის განვიკითხავ, არც ჭკუას ვარიგებ ვინმეს, უბრალოდ, ჟურნალისტი ვარ და თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც  ვეკითხები იმას, რაზეც პასუხი ჯერ არავისგან მსმენია...
              19.09.12
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები