ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2008


”პატარა თეონას პატარა ისტორიები” - 10

თეონა და ექსკურსიები

თეონას ბავშვობიდან უყვარდა ექსკურსიებზე სიარული.
7 წლის იყო, როცა მამამ პირველად წაიყვანა ექსკურსიაზე თავის თანამშრომლებთან ერთად.
ექსკურსანტები ჩარგალში მიდიოდნენ, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში. გზად ჯერ სვეტიცხოველში შეიარეს, შემდეგ კი - ჯვრის მონასტერი მოინახულეს.

სვეტიცხოველში მამამ თეონას აყიდინა სანთლები.
სამი სანთელი გადადო თეონამ და დანარჩენი დაანთო.
- გიზო, რეებს ასწავლი ბავშვს, არ გრცხვენია? - უსაყვედურა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მამას.
- ამის მეტ შემარცხვენელს ნუ გააკეთებს ჩემი შვილი და ამას - ავიტან რამენაირადო, - უპასუხა გიზომ და თეონა ხელში აიყვანა ხატზე სამთხვევად.
- უი, უი, რაებს შვები გიზო... თეონა, დეიდა, შენ ნუ უყურებ მამაშენს... არ გინდა, ასეთ რამეს ნუ აკეთებ... აბა რა მოსაწონია ამ სურათების კოცნა? - ახლა თეონას მიუბრუნდა ის ქალი.
- ეს სურათები არ არის, ეს ხატებია!... - ჩურჩულით უთხრა თეონამ თავის ”ჭკუისდამრიგებელს” და ისეთი თვალებით შეხედა მამას, თითქოს საყვედურობდა, - ამხელა ქალმა ეს არ იცის და ვერ ეტყვითო?

მამა თვალების გამომეტყველებით ხვდებოდა თეონას გულისნადებს და ასეთი გამოხედვის დაფიქსირების შემდეგ გულიანად გაეცინა.

ჯვრის მონასტერთან მისვლამდე მარილის ტბასთან გააჩერეს ავტობუსი.
- მამა, შეხედე, თოვლი!... ტბის გარშემო თოვლი დევს! - გაოცებას ვერ მალავდა თეონა.
- ეს მარილია... ტბა იმდენად მარილიანია, მამიკო, რომ ზაფხულში ტბის ნაპირები ასე, თოვლივით,  მარილით იფარება...გინდა, ახლოს მივიდეთ?
- მინდა!!!

მალე  მონასტერთანაც მივიდნენ...
ჯვრის მონასტერში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, არც სანთლები იყიდებოდა, მაგრამ ერთი მოხუცი ბერი თითქმის ყოველთვის ტრიალებდა ტერიტორიაზე.

თეონამ სვეტიცხოველში ნაყიდი ის სამი სანთელი ფრთხილად ამოიღო ჯიბიდან და თვალებით ხატებს დაუწყო ძებნა... ვერაფერი იპოვა და გაოცებულმა გახედა მამას.
- მამა, ხატები არ არის ამ ეკლესიაში?
- ეს ეკლესია არ არის, მამიკო, ეს მონასტერია... ჯვრის მონასტერი...
- და მონასტერში არ უნდა იყოს ხატები?
- უნდა იყოს, მაგრამ...
- უნდა იყოს, ბაბუ, მაგრამ არ შეარჩინეს ამ მონასტერს არაფერი... არც ხატი არსებობს ამათთვის და აღარც ღმერთი... - ტკივილიანი ხმით თქვა მონასტერში შემოსულმა მოხუცმა ბერმა.

თეონას ცრემლებით აევსო თვალები...
- აბა ეს სანთლები სად ავანთო? - ამოიოხრა და... ცრემლები გადმოსცვივდა კიდეც.
- რა გქვია, ბაბუ?
- თეონა!
- გაიზარდე, ბაბუ! ქვეყნისთვის სასახელო ქალად გაიზარდე! სანთლები კი... მოდი ჩემთან... აი, აქ აანთე ორი სანთელი, მესამე კი, აი, შუაში რომ არის ქვის კვარცხლბეკი, იმაზე დაანთე.
- იქ შეიძლება ასვლა?
- ადი, ბაბუ... ადი და იქ, ზევით დაანთე ეგ სანთელი... ჩემო თვალცრემლიანო პატარა ანგელოზო...
- მოიცა, თეონა, მოგეხმარები... - ხელი გაუწოდა მამამ, მაგრამ...
- არა, მამა... მე თვითონ...

თეონამ რომ სანთელი დაანთო, მზემ ზუსტად იმ დროს შემოიჭყიტა გუმბათის სარკმლიდან და სხივი დაეცა თეონასაც და იმ სანთელსაც.
აელვარდა მზის სხივებზე თეონას ოქროსფერი დალალები და ოქროსფერ შარავანდედად დაადგა თავზე.
მამა გაოგნებული სახით შეჰყურებდა  მზის სხივებში გახვეულ თეონას, რომელსაც ძვირფასი ქვებივით უელავდა ცრემლიანი თვალები. საოცარი სანახაობა იყო.
- ღმერთო მაღალო, დაილოცა შენი სახელი... ნათლით შეიმოსა თეონა, ხალხო! კურთხეული ხარ, შვილო, ბედნიერი! - და მოხუცი ბერი მუხლებზე დაეშვა...

ექსკურსანტები ხან მოხუც ბერს შეჰყურებდნენ, ხან - გაბრწყინებულ თეონას და ხან  - გაღიმებულ მამამისს, რომელთაც, სამივეს, ნაკადულებივით სდიოდათ ცრემლები.

ის დღე იყო და ის დღე: გიზო, თეონას გარეშე, ექსკურსიაზე აღარ წასულა.

თეონას ისტორიული ძეგლების ნახვის სურვილი სისხლში გაუჯდა. როგორც კი გაიგებდა, რომ მამას სამსახური სადმე აპირებდა წასვლას, აღარც კითხულობდა, მამას მიყავდა თუ არა, - თავისი პატარა სამგზავრო ჩანთის ჩალაგებას იწყებდა.

და არა მხოლოდ მამის თანამშრომლებთან ერთად, - სკოლის ექსკურსიების სული და გული გახდა. მხოლოდ მისი კლასი მიდიოდა თუ სკოლის ნაკრები, - თეონა პირველი ეწერა სიაში. თვითონ რომ არ ჩაწერილიყო, სხვები ჩაწერდნენ, - სადაც არ იყო თეონა, იქ არ იყო არც მხიარულება.

მეშვიდე კლასში იყო თეონა, როცა მისი კლასი ექსკურსიაზე წავიდა კახეთში. უნდა მოენახულებინათ ალავერდი, ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, თელავი, წინანდალი...

მოგზაურობა ალავერდიდან დაიწყეს.
ალავერდის ტაძარში ხარაჩოები დახვდათ აღმართული, რესტავრატორები მუშაობდნენ.
ექსკურსიამძღოლმა ალავერდის აშენების ისტორია გააცნო ბავშვებს.
- თეონა, მოდი, რა, ”შენ ხარ ვენახი” იმღერეთ? - სთხოვა მასწავლებელმა.
- ახლავე!... თიკო, ქეთი, მარიკა, ნონა მასწავლებელმა ”შენ ხარ ვენახი” იმღერეთო!...

და ალავერდის ტაძარი აავსო გოგონების წკრიალა ხმებმა.
იქვე მდგარა ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი და როცა მან თავისი დაბალი ბანიც მიაშველა, სიმღერა ულამაზეს გალობად გარდაიქმნა.
- კიდევ რას მღერით, გოგონებო? ისეთს, ალავერდის ტაძარს რომ შეეფერებოდეს... - იკითხა მგალობელმა.
- ”მრავალჟამიერს”!... - ერთხმად წამოიძახეს გოგონებმა.

და ახლა ”მრავალჟამიერის” ჰანგებით აგუგუნდა ტაძარი....

ამასობაში სადილის დროც მოახლოვდა. რესტავრატორებმა ხარაჩოები მიატოვეს და სასადილოდ წავიდნენ. ტაძატში აღარავინ დარჩა თეონასა და მისი რამდენიმე თანაკლასელის გარდა.
- თეონა, არ გავიდეთ? ყველანი გარეთ არიან... - უთხრა ერთ-ერთმა თანაკლასელმა.
- არა, ცოტა ხანს აქ ვიქნები ისევ...

ბავშვები გავიდნენ.  ერთადერთი - ავთო დარჩა თეონასთან ერთად.
თეონამ თავი გადააგდო და ტაძრის გუმბათს ახედა. უცნაურად აუციმციმდა თვალები.
- ავთო, არ გინდა ამ ხარაჩოებზე აძვრომა?
- სად, გოგო?! ჭერში?
- ჭერში კი არა, გუმბათის ყელში, სახურავამდე... იცი, როგორ მაინტერესებს?
- აუუუ, ეს სულ გაგიჟდა! რა გინდა, გოგო, ჭერში?
- კარგი, ავთო, მე და შენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ახლა... მე მარტო ავალ... უჩემოდ არ წახვიდეთ, ზევით მივდივარ!

თეონა ხარაჩოებს აუყვა ზევით. მალე ფეხის ხმა გაიგო. მობრუნდა და... ავთო დაინახა, რომელიც შეშინებული სახით მისდევდა უკან.
- ოჰ, წამოხვედი?
- აბა, მარტოს ხომ არ გამოგიშვებდი?
- ქვემოთ არ ჩაიხედო. წინ იყურე მხოლოდ...

სწრაფად ავიდნენ გუმბათამდე. და როცა თეონა გუმბათის ყელში გადებულ ხარაჩოებზე გადავიდა, უცებ...
- ბაახ! –  რაღაც ზრიალით ჩავარდა დაბლა.
- ავთო, სად ხარ? - იყვირა შეშინებულმა თეონამ.
- ნუ ყვირი, მე აქ ვარ... ფიცარი ჩავარდა...  თეონა, აქ დავრჩით, ასე, ჩიტებივით...
- რას ამბობ?!... როგორ ჩავიდეთ დაბლა? ვერ გადავალთ?...
- სად უნდა გადახვიდე?! ორმეტრიანი ფიცარი ჩავარდა... მართლა ჩიტი ხომ არ ხარ, ფრენით რომ ჩახვიდე დაბლა?
- კი, მაგრამ, რა გინდოდა იმ ფიცართან? რას ეჯაჯგურებოდი?! - გაეცინა თეონას.
- რა გაცინებს?! სასაცილოდ გვაქვს საქმე?... კაციშვილი არ ჭაჭანებს ტაძარში...
- მოიცა, ვინმე შემოვა! დათოს მაინც გავახსენდები...

ამის თქმა იყო და...  ტაძარში გაისმა კიდეც დათოს ხმა:
- თეო-ნააა! სად ხააარ!
- აქ ვარ, დათო, ზევით ამოიხედე!
- სად ”ზევით”? - დათომ თავი ასწია და ცდილობდა, მისი ადგილსამყოფელი ხმის მიმართულებით განესაზღვრა.
- აქ, გუმბათში!... ავთოც აქ არის...
- და რატომ არ ჩამოდიხართ? - ალალად გაუკვირდა დათოს.
- გადმოსასვლელი ფიცარი ჩამოგვივარდა...
- ეეეს? აქ რომ გდიააა?
- ხო, დათ! მაგი...
- მოიცა, ამოვიტან... - დათო ფიცარს დაეჯაჯგურა, მაგრამ...  მძიმე იყო ფიცარი.

მაშინ დათომ გია მოიყვანა და ორივემ  ერთად, წვალებით აიტანეს ეს ფიცარი ხარაჩოებზე.

ვიდრე ბიჭები ფიცრის გადებაზე წვალობდნენ, თეონა კიდევ უფრო ზევით აძვრა და გუმბათის ჭერს შეეხო ხელით, შემდეგ კი ფუნჯი აიღო და რესტავრატორებს ”წაეხმარა” ჭერის მოხატვაში, - ერთ-ერთი დეტალი შეაფერადა... შემდეგ დაბლა დაეშვა და ავთოს ამოუდგა გვერდში, ისე, ვითომ არაფერი მომხდარა!

ამასობაში ერთ-ერთი რესტავრატორი დაბრუნდა და ხარაჩოზე ასასვლელად მოემზადა.
ზევიდან ბავშვების ხმები შემოესმა და შეშინებულმა აიხედა. დაინახა, როგორ წვალობდნენ დათო და გია ფიცრის გადებაზე და მაშინვე სხვებს უხმო დასახმარებლად. ორი რესტავრატორი მეორე მხრიდან აძვრა ხარაჩოებზე და მოხერხებულად გადავიდნენ თეონასა და ავთოს მხარეს. მესამე რესტავრატორი კი - სწრაფად ავიდა დათომდე და გიამდე და ფიცრის გადებაში მიეხმარა.

- ააა! უუუუ! ოოოოო! - ამოწმებდა თეონა გუმბათის ყელში ექოს სიძლიერეს.
- უუ-ს მოგცემ მე შენ! ერთი ჩაგიყვანო დაბლა! გამატუტუცა ამხელა კაცი! - სერიოზულად ბრაზობდა თეონაზე 2 თვით უფროსი ავთო.
- რას მოძვრებოდი ჩემთან ერთად?... რას გამომეკიდე? - გაეცინა თეონას, - შენ რომ არ ამომძვრალიყავი, ახლა დიდი ხნის წასულები ვიქნებოდით...
- შენ ის არ ხარ, დაბლა რომ მღეროდი? - მიუბრუნდა თეონას ერთ-ერთი რესტავრატორი.
- კი, ეს იყო, ჩვენი კლასის ”ბულბული”! ოხ, ჩავიდეთ ერთი და ”გავაბულბულებ” მაგას! - აგრძელებდა ბუზღუნს ავთო.
- კარგი, ნუ იმუქრები, თორემ ამას ჩავუშვებთ და შენ აქ დაგტოვებთ... რა გქვია, გოგონა?
- თეონა...
- იმღერებ კიდევ?
- რა გიმღეროთ? - გაუბრწყინდა თვალები თეონას.
- რაც გინდა...

თეონა დაფიქრდა, შემდეგ გაიღიმა და...

”ლაალეეე, ლააალეეეე,
დივლი-დალა- ლაალეეე...
ჩეემო ლამაზო სამშობლოოო,
შენ კი გენაცვააალეეეე...
ჩემო ტკბილო საქართველოოოო,
შეენ კი გენააცვააალეეეე...”

გაისმა ტაძარში თეონას ზარივით წკრიალა ხმა.
- გაიხარე, თეონა! მოდი, ხელი მომკიდე და ჩაგიყვან, - უთხრა რესტავრატორმა და ხელი გაუწოდა.
- არ მინდა, მადლობთ! ჩემით ჩავალ!... აი, ამას მიეხმარეთ... შიშით გული რომ არ წაუვიდეს.
- ოხ, თეონა!... ჩავიდეთ ერთი და...
თეონა უკვე სწრაფად ჩადიოდა დაბლა. მას დათო მიჰყვებოდა, შემდეგ - გია და ბოლოს კი - ავთო მიდიოდა ბუზღუნ-ბუზღუნით.

ნონა მასწავლებელს და დანარჩენ ბავშვებს არც კი გაუგიათ თეონასა და სამი ბიჭის უცნაური ვოიაჟი გუმბათის ყელისკენ, - ალავერდის ტაძრის გალავანთან გამოფენილ სუვენირებს ათვალიერებდნენ.
- ბავშვებო, წავედით, - დაიძახა ნონა მასწავლებელმა.

ბავშვები ავტობუსში ავიდნენ და შუამთისკენ გაემგზავრნენ.

შუამთის მონასტრის ეზოს გარშემო ულამაზესი ტყეა. თვით ეზოში მწვანე ბალახი ბიბინებდა. მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა იქ გამეფებულ მდუმარებას.

ექსკურსიამძღოლი ბავშვებს მონასტრისკენ გაუძღვა და მონასტრის აგებისა თუ სამონასტრო ცხოვრების შესახებ ინფორმაციები მიაწოდა. ის ქვევრიც აჩვენა, სადაც შემოსევების დროს იმალებოდნენ მონაზვნები...

თეონა დაიხარა და ქვევრში ჩაიხედა.
- აქ როგორ იმალებოდნენ? არ გაინტერესებს, დათ?
- გამოდი აქეთ... შენი ამბავი რომ ვიცი, ამ ქვევრშიც ჩაძვრები!
- მართლა ვაპირებ... როგორ მიხვდი?
- უუუფ, სადაც გინდა, იქ ჩაძვერი! მე არ დამიძახო, ”ამომიყვანეო”!...
- კარგი, ავთოს დავუძახებ... ან... ან...
- ვისაც გინდა, იმას დაუძახე! მე წავედი!...

დათომ ხელი ჩაიქნია და ათიოდე ნაბიჯი გადადგა.
დათოს წასვლა და თეონას ქვევრში ჩაძვრომა ერთი იყო.

- უუუ! - მოესმა დათოს რაღაც უცნაური ხმა მიწიდან. მოიხედა და...
- ოხ, თეონა! არ დამტანჯა ამ გოგოს ძებნამ? - გაიგონა ავთოს ხმა.
- რა მოხდა, ავთო? - გასძახა დათომ.
- თეონა არ გინახავს?
- არა, არ მინახავს... გოგოებთან იქნება!
- არ არის იქ!
- და რატო ეძებ? საქმე გაქვს თეონასთან?
- ხო... საქმე მაქვს! და შენ რატო დასდევ ასე ფეხდაფეხ?
- მე დავდევ? - გაიკვირვა დათომ.
- ხო, შენ!...
- არა, ძმაო, გეჩვენება!
- რა მეჩვენება?! შენ არ იყო, ალავერდში რომ ეძებდი?
- აჰ, ასე, არა? შენ არ იყო, შეშინებული ბეღურასავით რომ იჯექი ალავერდის ხარაჩოზე?... არ მომეძებნეთ, ვნახავდი, როგორ ისხდებოდით იქ, ზევით, გუმბათის ყელში!
- ხო, ვისხდებოდით!... ძლივს გადმოვაგდე ის ფიცარი! ვინ გეკითხებოდა, რომ ამოაცუნცულე?...
- ერიჰაააა! აქ რა ამბები ყოფილა და... მე ჭურში ვიჯექი?! - გაისმა მიწიდან თეონას ხმა.
- სად ხარ, თეონა? - ერთ ხმაში იყვირეს ბიჭებმა.
- ჭურში ვზივარ-მეთქი... არა, ჭურში კი არა, ქვევრში ვარ! მოდით ახლოს და ამომიყვანეთ!
- ქვევრში რა გინდა, გოგო?
- ჯერ ამომიყვანეთ და მერე გეტყვით.

დათო მიწაზე გაწვა, თეონას ხელებში ჩაავლო ხელი და ამოქაჩა. ავთომ დათო ამოწია და... თეონა თალგამივით ამოაგდეს ქვევრიდან.

- აბა, ვაჟკაცებო, ახლა მითხარით, ვინ რატომ მეძებთ-ხოლმე? - იკითხა თვალებმოწკურულმა თეონამ.
- მე....
- ჩვენ...
- თქვენ, ორივე, ჩემი საყვარელი ძამიკოები ხართ... და ის, რაც ჭურში თუ ქვევრში მჯდარმა გავიგე, ჩვენს შორის უნდა დარჩეს, ბიჭებო... და არც უნდა დარჩეს, უნდა დავივიწყოთ, კარგი?

თეონამ ჯერ დათოს აკოცა ლოყაზე, შემდეგ - ავთოს, შემდეგ ორივეს აქეთ-იქიდან ჩაავლო ხელი და ასე, ხელჩაკიდებულებმა მიირბინეს  ნონა მასწავლებელთან.

* * * *

გავიდა ერთი წელი.
თეონას კლასი იმერეთში გაემგზავრა.
მოინახულეს ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, გელათი...

გელათში  მისულებმა ავტობუსი დაბლა, წყაროსთან გააჩერეს და თავად ფეხით აუყვნენ ტაძრისკენ მიმავალ გზას.
გელათში თეონა და მისი მეგობარი ლელა ტაძრის თვალიერებით გაერთნენ და ვერ შენიშნეს, როდის გავიდნენ დანარჩენები ტაძრიდან.
- თეონა, ჩვენები გასულან უკვე. წავედით...
- ხო, ლელა!... უი, ზურაც აქ ყოფილა! ზურა, გავედით, წასულან ჩვენები!...

ბავშვები ტაძრიდან გამოვიდნენ და სწრაფად დატოვეს ეზო.
გზაზე გამოსულებმა დაინახეს, რომ მათი კლასელები ძალზე შორს იყვნენ წასულები. მათ ტყის მასივისთვის უნდა შემოეხვიათ და თითქმის თეონამდე მოსულიყვნენ, ოღონდ პარალელურ გზაზე.
- ბავშვებო, მოკლეზე რომ გადავჭრათ? ქვედა გზა, ლამის,  ჩანს კიდეც... ხომ არ დავიკარგებით?

თეონა ხეებს შორის გზის ძებნას შეუდგა.
გზა კი არა, ბილიკიც რომ ვერ ნახა, ხეებს შორის გასასვლელების ძებნა დაიწყო.
ზურა და ლელა ფეხდაფეხ მისდევდნენ.
მანძილი ნაკლები ეგონათ და საკმაოდ დიდი გზა კი დებიათ წინ... არა, დიდი უგზოობა!
- თეონა, სწორად მივდივართ? - იკითხა ლელამ. 
- მე რა ვიცი? რა, ყოველდღე მიწევს ამ ტყეში სიარული? ნუ გეშინიათ, გავაღწევთ...
- კი არ მეშინია, ჭინჭარმა დამსუსხა!... თან დამცხა!... და მომწყურდა კიდეც!!!
- გაუძელი, ლელა! მაგ დღეში ვართ ჩვენც! ზური, მოეხმარე, რა, ლელას?
- ვეხმარები! მეტი რა ვქნა? ხელში ხომ არ ავიყვან?!
- ხოხ, რომ ამიყვანო, ვითომ რაო?
- გადაგყვები თან! შეხედე თეონას! ერთი წუწუნი თუ გაგიგია მისგან?
- ”თეონა... თეონა...” სულ თეონა გაკერიათ პირზე...
- კარგი, ლელა, რამ გიკბინა?! -  მიუბრუნდა თეონა ლელას და...

გზას ვეღარ  დააკვირდა,  რაღაც ტოტებზე დადგა ფეხი. ეს ტოტები ზოგი ჩატყდა, ზოგმა - აქეთ-იქით გაიწია და თეონა უზარმაზარი ორმოს თავზე აღმოჩნდა ჩაკიდული, - ერთმა, შედარებით მსხვილმა ტოტმა გაუძლო თეონას სიმძიმეს და არ ჩატყდა. თეონაც ამ ტოტს ჩამოეკიდა ცალი მკლავით, მეორე ხელი კი - ორმოს პირს მიაბჯინა და ჰაერში გაჩერდა.

ზურა მაშინვე მიეჭრა და ხელში სტაცა ხელი, შემდეგ ღონე მოიკრიბა და თეონა ორმოდან ამოათრია.
თეონას, როგორც ყოველთვის, პატარა ფანარი ედო ჩანთაში.
როცა იმ ფანრის შუქზე ჩაიხედეს, სამივეს ყალყზე დაუდგა თმა: ორმოში საკმაოდ სოლიდური სიდიდის კბილებიან ხაფანგს დაებჩინა პირი მსხვერპლის მოლოდინში.

ლელამ თეონას შეხედა და თვალები გაუფართოვდა:
- თეონა, ფეხებზე რა გჭირს? მთელი ფეხი სისხლიანი გაქვს! მუხლიდან ქვევით... შარვალი ვერ ჩაიცვი?
- ალავერდის შემდეგ, დედაჩემს შეეშინდა, კიდევ სადმე არ აძვრესო და კაბა ჩამაცვა... - გაეცინა თეონას.
- რა გაცინებს? გოგო, არ გტკივა? მუხლის სახსარი, მოსახართან, ლამის გადახსნილი გაქვს! მეორე ფეხიც კაი გვარიანად გაქვს დაკაწრული!..
- არა, არ მტკივა ძალიან! მეწვის მხოლოდ! ცხვირსახოცით შევიკრავ...
- მოიცა, თეონა, ჩემი ცხვირსახოცი უფრო დიდია და ადვილად შეიკრავ, - უთხრა ზურამ და თავისი სუფთა ცხვირსახოცი მიაწოდა.

თეონამ ფეხი შეიხვია, ზურას ნაპოვნ ჯოხს დაეყრდნო და კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს ტკივილის დასამალად.
მალე გააღწიეს კიდეც ტყის მასივიდან.

ექსკურსიაზე რამდენიმე მშობელი გაყვა ბავშვებს.  ერთ-ერთს, თამრიკოს  სულისთქმასავით ჩააბარა თინიკომ თეონა:
- თამრიკო, ხომ იცი, რა ხიფათიანია თეონა? შენ შემოგევლე, თვალი არ მოაშორო!
- როგორც ჩემს გიას მივხედავ, ისე მივხედავ შენს თეონასაც! ნუ ნერვიულობ! - დააიმედა თამრიკომ თინიკო.

წყაროსთან ჩამოსულ ბავშვებს თამრიკომ მაშინვე ჰკითხა, ”თეონა სად არისო?”
- ტაძარში იყვნენ... თეონა და ლელა დადიოდნენ ერთად...
- ნუ გეშინიათ, თამრიკო დეიდა, თეონა არ დაიკარგება!
- არა, დაკარგვით სად უნდა დაიკარგოს, მაგრამ...

ამის თქმა იყო და... წყაროს თავზე აღმართულ კედელზე  სამი დაკარგული გამოჩნდა.
- ეე, ბიჭო, ზურა, მანდ როგორ მოხვდით, ტოოო! -ასძახა გიამ.
- ტო-ს მოგცემ მე შენ, თუ ჩამოვედი. კედლის სიმაღლე რამდენი იქნება?
- ასე, ორი მეტრი, ან ცოტა მეტი... რატო მეკითხები?
- და დიდ მანძილზეა ეს კედელი ასე მაღალი?
- რა, ვერ ჩამოხტები?
- მე ჩამოვხტე და ესენი დავტოვო, არა?
- ხო, მამენტ,  მაგათ ვერ დატოვებ მანდ... ისე, თეონას ხასიათი რომ ვიცი, ისიც ჩამოხტება! აი, ლელასი კი, - რა გითხრათ...
- გოგოებო, ცოტა იქით უნდა წავიდეთ... აქ მაღალია, ვერ ჩახტებით... - მიუბრუნდა ზურა გოგოებს.
- აუუუ, ტყუილად დავისუსხე? წავედით...

ლელა კედელს გაუყვა. თეონაც მიყვა თავიდან, მაგრამ მერე შემობრუნდა და...
- დათ, რომ გადმოვხტე, დამიჭერ? - გასძახა იქვე, წყაროსთან მდგარ დათოს.
- აუუ, რომ ვერ დაგიჭირო?
- თეონა, მე დაგიჭერ, ნუ გეშინია! - ავთომ ზურგჩანთა მოიძრო და კედელთან გაჩერდა.
- ავთო, ცოტა უკან გადი, 2-3 მეტრზე...

თეონამ თვალით მოზომა ნახტომის ტრაექტორია და როგორც კი ავთო საჭირო მანძილზე დაიგულა, დაჰკრა კედელს ფეხი და გადახტა.

მაღალი და სუსტი ბიჭი იყო ავთო. ან დაიჭერდა თეონას და ან - ვერა!
იქვე იდგა მათივე თანაკლასელი, წყალბურთელი თემო. ”ვირის ძალა გაქვსო”, ბიჭები ეხუმრებოდნენ-ხოლმე. 
თემო ავთოს ჩაეჭრა და ჰაერშივე დაიჭირა კედლიდან გადმოფრენილი თეონა. არ ყოფილა ადვილი თეონას დაჭერა, - თემო, ინერციით, უკან წავიდა ხელში ატატებულ თეონასთან ერთად და ვიდრე წაიქცეოდა, აქ უკვე ავთომ იმარჯვა და თემო და თეონა წაქცევას გადაარჩინა.
- ღმერთო, ეს ბავშვი შინ მშვიდობით ჩამაყვანინა და არაფერი მინდა სხვა! - იყვირა შეშინებულმა თამრიკომ თეონას ფეხის დანახვაზე.

მეორე მშობელს, ბედად, მთელი აფთიაქი ჰქონდა წამოღებული. თეონას ფეხი დაუმუშავეს, შეუხვიეს და ავტობუსში მიაბრძანეს.

თეონას ფეხის ტკივილმა უმატა. ის სახვევიც აწუხებდა, რომლითაც მუხლი ჰქონდა გადახვეული.
ის ღამე ტურბაზაში გაატარეს.
ტურბაზის ექიმმა - ”ნაკერების დადება საჭირო არ არის, თვითონ შეხორცდებაო” - უთხრა... თუმცა ჭრილობა კარგად დაუმუშავა და სახვევიც თავიდან დაადო.

მეორე დღეს სათაფლიისკენ გაემგზავრნენ.
დათო და ავთო აქეთ-იქიდან ამოუდგნენ თეონას და ისე ჩაიყვანეს სათაფლიის მღვიმეში, - აბა ავტობუსში ხომ არ დატოვებდნენ?!

სათაფლიის შემდეგ ავტობუსმა თბილისისკენ აიღო გეზი.
იმ დღეს თეონას დაბადების დღე იყო!
მის გასამხიარულებლად, ავტობუსში კონკურსი გამოცხადდა, ვინ უკეთეს ლექსს უძღვნიდა იუბილარს.
ვისაც კი ჰქონდა ოდნავი პოეტური ნიჭი, ყველა გაფაციცებით წერდა ლექსს.
დრო რომ უქმად არ დაეხარჯათ, თეონას ავტობუსის მიკროფონთან უხმეს და სთხოვეს, რამე ემღერა. უარი არ უთქვამს თეონას. რამდენიმე სიმღერა იმღერა ქეთისთან ერთად.

ამასობაში ბავშვებმა ”პოეტობანა” დაამთავრეს და სათითაოდ გადიოდნენ მიკროფონთან ლექსის წასაკითხად.
გამარჯვება, ერთდროულად, ორს მიანიჭეს: გიას და ზურას.

გიას ლექსი თეონას ”განსაკუთრებულ ნიჭს” შეეხებოდა:

”გაწითლებულხარ, თეონა,
პამიდორს გიგავს სახე!
თვალები ისე გიბრწყინავს,
ვიღაცას უგებ მახეს!
მთამსვლელობაში გვაკლია
ქალთა პლიადა მტკიცე...
მე თუ შენს ნიჭში ვცდებოდე,
ლოყაში ხელი მტკიცე!!!”

გიას ზურა შეენაცვლა:

”ერთხელ პატარა თეონას
მოსწყინდა, მღერა მოუნდა!
მიკროფონისკენ გავარდა,
ჩვენი დატკბობა რომ სურდა.
იმღერა ლექსი მრავალი,
ქებაც მიიღო მაღალი...
შემდეგ დაბრუნდა ბიჭებთან,
შეგვიქმნა აყალ-მაყალი.”

ასე, სიმღერ-სიმღერით და სიცილ-სიცილით ჩამოვიდნენ თბილისში.

ამით გემშვიდობებათ თეონა! 
მას ყველანი უყვარხართ, ნაცნობებიც და უცნობებიც, მშვიდებიც და ბუზღუნებიც...
რას იზამ?! ასეთია თეონა, ცელქი და მოუსვენარი, კეთილი და ყველას მოყვარული!
აბა,  მ შ ვ ი დ ო ბ ი ი ი ი თ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს