ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: saloabramishvili
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2012


ჩემი უცნაური სიყვარულის ამბავი

იმ ღამით, შენი ქორწილის წინა საღამოს, როცა სიჩუმეს მხოლოდ ბუხარში შეშის ტკაცუნი და შენი ნერვიული სუნთქვა არღვევდა, იმ ღამით, შენი წასვლის წინა საღამოს, როცა შენი მომავალი ცოლი აღელვებისგან ვერ იძინებდა და მე ვიცოდი, რომ  უკანასკნელად გხედავდი, როცა შენს მუხლებზე თავდადებულს მთელი ჩემი შინაგანი ძალის გამოყენება დამჭირდა, რომ არ მეტირა, გარეთ უსაშველოდ თოვდა. და ჩვენ, ორნი, ვისხედით შენს ტბისპირა ქოხში, ვიცოდით, რომ აღარასოდეს შევხვდებოდით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ დაიგროვე ფილტვებში ჰაერი, რაღაცის სათქმელად და არ გეყო ძალა ბგერებად გექცია. შენს ტბისპირა ქოხში თბილოდა. მე ვიწექი, შენი სუნით გაჟღენთილი შენივე სვიტერი მეცვა, შენს მუხლებზე მედო თავი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ერთად გატარებულ შვიდ უსაშველოდ დიდ წელიწადზე, ვიხსენებდი, როგორ ვიდექით მანქანებით სავსე ტრასის ორ გამყოფ, თეთრ ხაზზე, ვიხსენებდი, როგორ ჩამკიდე ხელი ფსიქიატრიული საავადმყოფოს კარებთან როცა მამაჩემი მოვინახულეთ. ვფიქრობდი და ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი ჩემი პრინციპების წინააღმდეგ წასვლას და არასოდეს ვიქნებოდი მეორე. ვიცოდი, რომ ვერასოდეს გაპატიებდი და ზუსტად ვიცოდი, ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს, შენს დაკარგვას. ბუხარში ისევ ენთო ცეცხლი, გარეთ ისევ უსაშველოდ თოვდა, ისევ თბილოდა ტბისპირა ქოხში და ისევ ისე მიყვარდი, როგორც მაშინ, როცა ზაფხულიდან შემორჩენილი ბაბუაწვერები ქარმა სულ სხვა ტრაექტორიით გააფრინა.
იმ ღამით, შენი ქორწილის წინა საღამოს, შენ-დანაშაულის შეგრძნება არ გაძლევდა უფლებას, რამე გეთქვა. მე-ვიცოდი, რომ შენ მზად იყავი, მიგეტოვებინა ყველაფერი და არასოდეს წასულიყავი შენი ტბისპირა ქოხიდან ოღონდ კი მე იქ გყოლოდი. ვიცოდი და ხმას არ ვიღებდი რადგან სამაგიეროს გადახდა ერთადერთი ადამიანისთვის შემიძლია და ისიც მე ვარ...

ახლა კი როცა შენი შვილის ღიმილი მინათებს ცხოვრების დარჩენილ დღეებს და შენი ქორწილიდან შვიდასოცდამეათე დღე თენდება, ტბისპირა ქოხში იმ ღამით ვერნათქვამი ყველა სიტყვა უფრო მეტია, ვიდრე შენი ყოფილი ცოლის მიერ მოწყობილი ისტერიკა, როცა სრულიად შემთხვევით, ჩემი შვილის გამოხედვაში, საკუთარი ქმარი დაინახა და უფრო ნაკლები, ვიდრე შენი დუმილი იყო როცა შუაღამისას უხმოდ მოხვედი და შენი შვილის ძილს პირველად უყარაულე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები