ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2012


ცოდვილთა ტრაპეზი

მაგიდას სამნი უსხდნენ:

გელა კვირიელი_ბიზნესმენი. ფულის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში მიხვდა.
_ რა იყო, მამაშენს ალიმენტს იქით კაპიკი რომ არ გამოუგზავნია, ჰგონია, ეს ეყოფა მის შვილს? _ ხშირად ბუზღუნებდა ბებია.
სიმართლე უნდა ითქვას, მას არასდროს არაფერი აკლდა და ფულს, როგორც საჭიროებას, სიყრმის წლებში ვერც აღიქვამდა, მაგრამ ფულს ჰქონდა მისთვის სხვა დატვირთვა, უფრო საკრალური _ ის, რაც მამას უნდა გამოეგზავნა.

დემნა ცომაძე _ ადვოკატი. ბავშობისას შერლოკ ჰოლმსი რომ წაიკითხა, გამომძიებლობაზე დაიწყო ოცნება. მიიღო იურიდიული განათლება და მისი ოცნების ახდენასაც  აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ის დაემართა, რაც უმეტეს ჩვენგანს: ასაკში ბავშვობის ოცნებები ფერს კარგავენ, ხუნდებიან და და ბოლოს ქრებიან. მან ადვოკატობა აირჩია.

მამა დავითი, დვალიშვილი, საბურთალოს წმიდა ქეთევანის ეკლესიის მღვდელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი. სტიქაროსნობით დაიწყო ეკლესიაში მსახური.

სიყრმის მეგობრები თვეში ერთხელ მაინც იკრიბებოდნენ და დროს მასლაათსა და საფერავის სმაში ატარებდნენ.
ამჯერად გელა კვირიელის სახლში ვერანდაზე ისხდნენ. დედა და მოსამსახურე ქალი სუფრას შლიდნენ,  ხოლო გელა აღტაცებული უყვებოდა მეგობრებს:
_ ციხისძირთან შარშან შენობა ვიყიდე, დიდი ბაღითა და ფართო პლაჟით.
თქვენთვის აქამდე არ მითქვამს _ მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, ადრე გენერალ ბარტოლდის აგარაკი ყოფილა, კომუნისტების დროს შრომითი რეზერვების სპორტულ–გამაჯანსაღებელ კომპლექსად იქცა. გავარემონტე, ოცდაათნომრიანი სასტუმრო გამოვიდა. ერთ თვეში სეზონი იწყება და გეპატიჟებით. ფრენბურთის მოედანი, კორტები, სამჯერადი კვება, მეტი რა გინდა სულო და გულო. არ მაწყენინოთ! პრობლემებზე არ მელაპარაკოთ, ყველაფერს მე მოგიგვარებთ.
მამაო დავით, შენ რომ არ მიკურთხო, ისე როგორ იქნება. დემნა, ძალიან მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ქონება, რომელიც მამა დავითს არ ვაკურთხებინე, არ შემრჩა, მაზარალა და გავყიდე.
დიდებული სუფრა გაიშალა. გელამ სარდაფიდან ხაშმის საფერავი ამოიტანა. ქილიკის მოყვარული ეს კაცი, მხოლოდ ღვინოს აქებდა, ისიც  საკუთარს და თუ სტუმარი არ გაიზიარებდა მის აზრს, სწყინდა.   

_ ყველაფერს ამ ცხოვრებაში თავისი დანიშნულება აქვს და ადამიანის უპირველესი დანიშნულება ადამიანების სამსახურში ყოფნაა, _ მამა დავითმა ხელი წვერზე ჩამოისვა და გააგრძელა, _ მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი მეგობრები მომცა ღმერთმა.  გელა, ბიზნესმენი კაცი ხარ, ხალხს ასაქმებ, სამუშაო ადგილებს ქმნი, ეს ძალიან კარგია, დღევანდელობას  სჭირდება, მე ვიტყვი, რომ ეს დღეს ღვთის საქმეა. დემნა კი ადვოკატია და ადამიანებს იცავს. რამხელა მადლია, როცა სასოწარკვეთილ მართალ ადამიანს უდგახარ გვერდში, რომელსაც ციხეში ისტუმრებენ. ეს დიდებული საქმეა,  ღვთიური საქმეა. მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, მწყემსი ვარ ერთი უპოვარი. მოდი, ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს! _მამა დავითმა ჭიქა დაცალა და მსუქანი, ფაფუკი ხელი დემნას თავზე გადაუსვა.
დემნამ ალერსიანი გამომეტყველებით შეხედა მღვდელს, გაგვიმარჯოსო, თქვა და ღვინო მოსვა. ჩვევა ჰქონდა, არასოდეს  სცლიდა ჭიქას და თავის მჭევრმეტყველურ ნიჭს მესამე სადღეგრძელოს შემდეგღა იყენებდა, როცა სასმელი მოახალისებდა და ტონუსს მისცემდა.
გელა კვირიელი კი მეგობრების სუფრასთან ყოველთვის ჩვეულ ფორმას ინარჩუნებდა,  მუდამ მხიარული და ანცი იყო. უყვარდა მასლაათი და საუბრისას ცდილობდა საკამათო-სამსჯელო თემა წამოეწია, სიყრმიდანვე არტისტიზმის უნარითა და სახიობის სიყვარულით გამოირჩეოდა და საუბრისას ამ ნიჭს დიდად იყენებდა.
მან ჭიქა აიღო. თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, მაგ ვარაყიან თავზე, თქვენი ნახვით რომ გამახარეთო, _თქვა, დალია და მამა დავითს მიუბრუნდა:
_მამაო დავით, ცოტა ზედმეტად ხომ არ გვაქებ?
_ვერ გავიგე, _მოძღვრისთვის ჩვეული სერიოზულობითა და ყურადღებით შეხედა მღვდელმა.
_მე, მამაო, სამუშაო ადგილებს კი არ ვქმნი, ფულს ვშოულობ, სამუშაო ადგილები კი ჩემი კაპიტალის დასაგროვებლად მჭირდება. ადამიანების სამსახურში კი არ ვარ, პირიქით, ადამიანები არიან ჩემს სამსახურში. ასე რომ, მამაო, დიდად ცოდვილია შენი მეგობარი და თუ არა შენი ლოცვა, ჯოჯოხეთი არ ასცდება.
_ღმერთმა დაგლოცოს, გელა, და არ გეთანხმები. შენ ფულს შოულობ, ის სამუშაო ადგილს, სახსარს შოულობს, რომ ოჯახი არჩინოს. შენ შენს წილს მოგაგებს უფალი და მას თავისას. ეს არის უფლისმიერი ჰარმონია.
_ მამაო დავით, _ ჩაერთო საუბარში დემნა, _ უფლის საქმე შენ ჩვენზე უკეთ იცი, მაგრამ მე გელას აღიარებით ჩვენებას ვეთანხმები, რის დასაქმება, რა სამუშაო ადგილის შექმნა, კაცი წვალობს რომ ფული იშოვოს. ეგ არის და ეგ. იძახი, ღმერთი ყველას თავის წილს მიაგებსო, ამისი წილი რომ მუშების წილზე მეტად დიდია? სინამდვილეში  აყაჩაღებს იმ ხალხს და ეგ არი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,  რომ დანაშაულს აღიარებს და შენი ლოცვა–კურთხევაც  შეეშველება, იქნებ ჯოჯოხეთის გეენიას გადაურჩეს კიდეც. მე კი, როგორც ადვოკატი, უფლის სამსჯავროზე მას არ დავიცავდი, _სიცილით დაასრულა დემნამ და გელას ნიშნისმოგებით შეხედა.
_მოიცა, მოიცა, რატომ არ დამიცავდი, შენს გაღლეტილ კლიენტებზე ნაკლებს გადაგიხდიდი თუ, რა? _ გელამ შუბლი არტისტულად შეიკრა.
_იმიტომ არ დაგიცავდი, რომ წინასწარ წაგებული საქმეა.
_ ფულს თუ გადაგიხდიდი, დამიცავდი, აბა რას იზამდი?  წინასწარ წაგებული საქმეო, იძახი.  სულ წინასწარ წაგებული საქმეების ადვოკატი არა ხარ, აბა, რა ხარ? _გადაიხარხარა,  ადვოკატს გამარჯვებულის იერთ გადახედა და გააგრძელა, _აბა, იქნებ თქვა, ის საქმე როგორ დამთავრდა, მე რომ კაცი გამოგიგზავნე?
_ რა გინდა, ძმაო, ეგ საქმე მაგრად გავარიგე, საპროცესოზე სამოცდაათი ათასი გადაიხადა და გამოძვრა.
_ მართალ კაცს სამოცდაათი ათასი შეაწერეს და შენ გამოძრომას ეძახი?
_ მე რომ არ ვყოფილიყავი, სამჯერ სამოცდაათს შეაწერდნენ, მაშ, ეგრეა!
კამათში მამა დავითი ჩაერია:
_ მოიცა, ისევ პატარა ბიჭებივით ანგლობთ, აღარ უნდა გაიზარდოთ?
_ ამის გვერდით რა გაგზრდის, მამაო დავით, _გელამ ხელი დემნასკენ გაიშვირა, გამარჯვებულის იერით გადახედა, შემდეგ უცებ დადინჯდა  და მამა დავითს მიუბრუნდა.
_ სატრაპეზო მაგიდა როგორ მოგეწონა?
_ გაიხარე, გელა, ღმერთმა გიშველოს. ეტყობა, რომ ძალიან ძვირფასია.
_ ჰო, ტუნისური მარმარილოა. ნაქებ ოსტატებს დავამზადებინე.
_ ფეხებზე მახარებლების ხატები, ვფიქრობ, საჭირო არ იყო.
_ ფეხებზე ხატები არ არის, მამაო, უბრალოდ ბარელიეფებია.
_ მერე, იოანე მახარებელი?! _ მღვდელმა თავი გააქნია, _ ისე საქმეს არ გააკეთებ, რამე რომ არ იმაიმუნო.
გელა დატუქსული ბავშვივით გაწითლდა.
_ რა ხდება? _ მზერა მამა დავითს მიაპყრო დემნამ.
_არაფერი, სატრაპეზო მაგიდა მაჩუქა, ვენეციურ სტილშია დამზადებული,
ფეხის თავებთან მახარებელთა ბარელიეფები აქვს. დანარჩენი თვითონ თქვას.
_იოანე მახარებლის ბარელიეფი საკუთარ თავს მიამსგავსა. ეგ არის და ეგ... _ დამნაშავესავით წაიბუტბუტა გელამ.
დემნამ დაკვირვებით შეხედა მამა დავითს.
_ ისე,  რამდენი ხატი მინახავს იოანესი და მართლაც გავხარ. თხელი თმა და მაღალი შუბლი...  წვერსაც რომ ისეთს ატარებ.
მამა დავითს ჩაეცინა:
_კაცო, განა რამეა... გელამ, ვიცი, სიყვარულით გააკეთა, მაგრამ ჩემი დიაკვნის თვალს ეგ გამოეპარება? შეყრის ქვეყანას.
_სხვას თუ უყურე, ვერა საქმეს ვერ გააკეთებ. ქვეყანას შეყრის და შეყაროს...
_ გელა მართალია, _ კვერი დაუკრა დემნამ, _ ქვეყანას შეყრის და შეყაროს, „მოიწყენს და მოიწყინოს!“  ეგ არაკი ალბათ გსმენია, მამაო.
_ რომელი?
_ შავი და თეთრი ცხვრისა.
_ არა, აბა თქვი.
_ ერთ კაცს ორი ცხვარი ჰყავდა_თეთრი და შავი. დღესასწაული ახლოვდებოდა, შეთქმული ჰქონდა, ერთ-ერთი უნდა დაეკლა, მაგრამ რომელი დაეკლა, ვერ გადაეწყვიტა და რჩევის საკითხავად იმ ქალაქში ჭკუით გამორჩეულ კაცთან მივიდა:
„ორი ცხვარი მყავს თეთრი და შავი, დღესასწაული ახლოვდება, ერთ-ერთი უნდა დავკლა. შავს დავკლავ, თეთრი მოიწყენს. თეთრს დავკლავ, შავი მოიწყენს და მირჩიე, რა ვქნა, რომელი დავკლაო“.
ვერაფერს  გირჩევო, უთხრა ჭკვიანმა კაცმა და ბრძენთან გააგზავნა. მივიდა ცხვრების პატრონი ბრძენთან და თავისი გასაჭირი მოუთხრო: ...შავს დავკლავ, თეთრი მოიწყენს, თეთრს დავკლავ და შავი მოიწყენსო.
ჩავარდა ბრძენი საგონებელში და ბოლოს უთხრა: მავან და მავან მთაზე ერთი ბრძენთაბრძენი ცხოვრობს და მაგის პასუხს ის თუ გაგცემსო. რაღას იზამდა შეწუხებული კაცი, დღესასწაული ახლოვდებოდა და ავიდა იმ მთაზე  ბრძენთაბრძენთან და უთხრა:
„ქვეყანა მოვიარე, ვერავინ მომცა რჩევა  და იქნებ შენ დამეხმაროო. ორი ცხვარი მყავს თეთრი და შავი. დღესასწაული ახლოვდება, უფლისთვის შეთქმული მაქვს, ერთ-ერთი უნდა დავკლა. თეთრს დავკლავ ,შავი მოიწყენს და შავს დავკლავ, თეთრი მოიწყენს, ამიტომ ვერ გადამიწყვეტია, რომელი დავკლაო.“
ახედ-დახედა ბრძენმა და უთხრა, თეთრი დაკალიო.
_ მერე შავი რომ მოიწყენს? _ შეეპასუხა კაცი.
მოიწყენს და მოიწყინოსო, დაამშვიდა ბრძენმა.
_ ეგ შენი დიაკვანი ქვეყანას შეყრის და შეყაროს! _ დაამთავრა დემნამ არაკი და მამა დავითს ღიმილით შეხედა.
_ არაკი კარგი იყო, მაგრამ რამდენად მიესადაგება მაგიდის ამბავს, ეგ არ ვიცი, _ თავი გააქნია მამა დავითმა, ჭიქები შეავსო, ოცდახუთმეტი წლის კაცები ვართ და ერთმანეთის სიყვარულს ისევ მასხრობით გამოვხატავთო, ჩვევისამებრ წვერი გაისწორა, ჭიქა ასწია და სადღეგრძელო თქვა:
_ ბავშობიდან მოვყვებით ერთმანეთს, წლები გავიდა, საზრუნავი მოგვემატა, მაგრამ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს და მოდი, ამ ჯერზე ჩვენი სიყვარულისა დავლიოთ.
_დავლიოთ, დავლიოთ! _გამხიარულდა გელა და ჭიქა დაცალა, _ისე, მამაო, პროფესიონალი მაინც რას ნიშნავს, როგორ მიადვოკატა შენთან.
_ დაცინვას კაცი არ მოუკლავს, _წაიდუდღუნა დემნამ და სადღეგრძელო დალია.
მამა დავითი გამხიარულდა, ანაფორის სახელოები აიკაპიწა და თქვა:
_ ადვოკატობა, ალბათ, უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე ბიზნესმენობა.
_ ვითომ რატომ? _არ აცალა აზრის განვითარება გელამ.
_ იმიტომ, ჩემო კარგო, რომ, თუ შენ ბიზნესს კარგად ვერ წარმართავ, საქმე ჩაგეშლება, ფულს ვერ იშოვი, რამდენიმე კაცი უმუშევარი დარჩება, ეგ არი და ეგ. ადვოკატი კი, თუ შეცდომა მოუვიდა, თუ კარგად ვერ იბრძოლა, უდანაშაულო კაცს ციხეში უშვებს, ციხეს კი უფულობაც ჯობს და უმუშევრობაც.
_ მართალი ხარ, მამაო დავით,  _მოუწონა სიტყვა გელამ, _შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ცუდი ბიზნესმენი სჯობს ცუდ ადვოკატს, რომ ცუდი ადვოკატი უფრო მეტი ზიანის მომტანია.
_ ვიცი სადაც მიგყავს საუბარი, _წამოენთო დემნა, _მე კარგი ადვოკატი ვარ.
_ მოიცა, ძმაო, შენ სულაც არ მიგულისხმიხარ, _დაამშვიდა გელამ და განაგრძო, _ისე, როგორ შეიძლება, შენს ათწლიან პრაქტიკაში, შეცდომა არ დაგეშვა? იმდენი მილიონი მე, რამდენი უდანაშაულოც შენ ციხეში გყავს გასტუმრებული და მამა დავითს_ჯოჯოხეთში.
_ მოიცა, შვილო ჩემო, ორ ფრონტზე იბრძვი და გაგიჭირდება, _ გაიცინა მამა დავითმა, _ჩვენ ყველანი შეცდომისა და ცოდვის შვილები ვართ. რა თქმა უნდა, მეც მომსვლია შეცდომა და დემნაც არ აჰყვება ამპარტავნებას და საკუთარს გაიხსენებს. ერთ ამბავს მოგიყვებით, თუ მომისმენთ და არ გამაწყვეტინებთ:
ახლად ვიყავი მღვდლად ხელდასხმული, წმინდა იოაკიმეს ეკლესიაში გამამწესეს. გულით მოვეკიდე საქმეს და რამდენიმე ხანში კაი ხელა მრევლიც გავიჩინე. მრევლი კი, თქვენც იცით, მღვდლის სარჩოა და ცოტა შურითა და ეჭვითაც მიმზერდნენ კოლეგები.
ერთმა ჩემი  მრევლის ფრიად მორწმუნე  წევრმა, ჯურხა კორიაულმა თავისი ტოლი ბიჭი გამაცნო. ჩემი მეგობარია, თათარია, ქრისტიანობაზე მოქცევა სურს და უნდა მოვნათლოთო. რომ შევხედე, არ მომეწონა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა და ვკითხე, მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ქრისტეს რჯულზე შედგომა–მეთქი? კიო, ღიმილით მიპასუხა და მე და ჯურხამ იმ დღესვე მოვნათლეთ.  მუსა ერქვა და მოსეობა დავანათლე. ჯურხა შევაქე: მუსულმანის ქრისტიანობაზე მოქცევა დიდი საქმეა და აბა შენ იცი, ნათლია ხარ, გვერდში უნდა დაუდგე, ქრისტიანობა  ასწავლო, დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აკიდებული–მეთქი და გავისტუმრე. გადიოდა დრო, ეს ნათათრალი მოსე ჯურხაზე უფო ხშირად დადიოდა ეკლესიაში და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ჩემგან, ხშირად ტრაპეზზე ვპატიჟებდი და ქრისტეს რჯულს ვუმარტავდი და ვასწავლიდი.
ერთ დღესაც დიაკვანმა მითხრა, რომ ეკლესიიდან საკურთხი და ნივთები იკარგებოდა.
გადავწყვიტეთ, სათვალთვალო კამერები დაგვეყენებინა. ერთი კვირის თავზე ვერცხლის ბარძიმი მოვინაკლისე და ვიდეოჩანაწერი დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ ქურდი თათარყოფილი მოსე იყო. პოლიციას არ გავაგებინე, ჯურხას დავურეკე და ეკლესიაში მოსვლა ვთხოვე. იმავე დღეს მოვიდა. შაბათი იყო, საღამოს ლოცვის შემდეგ, შევხვდი და ვუსაყვედურე. ეგ შენი ნათლული, შენი მოყვანილი თათარი, ქურდი აღმოჩნდა და ამ საქმეს  უნდა მიხედო–მეთქი. ჯურხა შეცბა, ხელები მომუჭა, მითხრა, ყველაფერს უკან დავაბრუნებინებო და წავიდა.
მეორე დღეს გამაგებინეს, ჯურხამ მოსე დაჭრა და დაიჭირესო. ქურდობის გამო შეკამათებულან, ჩხუბი მოსვლიათ და ჯურხას დაუჭრია. სამი წელი მისცეს.
თათარყოფილი მოსე ერთ თვეში გამოჯანმრთელდა, საპროცესო გარიგება გაუკეთეს, ნათესავებმა ფული შეუკრიბეს და ქურდობისთვის მხოლოდ სამი თვე იჯდა. ამ ამბიდან ოთხი თვის თავზე ეკლესიაში არ გამომეცხადა?! მოვიდა და მითხრა, აღსარება მათქმევინეო.. ვერ მოვითმინე და ვუყვირე: ვერ ხვდები, რა კაცი გააფუჭე, არამზადა და ვიგინდარა რომ ხარ და შენი ადგილი ეკლესიაში რომ არ არის-მეთქი?
ძალიან მშვიდი სახე ჰქონდა, თვალები მომაპყრო და  ვიგრძენი, რომ ვერ მხედავდა _ სადღაც მიღმა იყურებოდა. წყნარი ხმით მითხრა: მამაო, ეკლესია ცოდვილებისაა, უცოდველს ეკლესიაში რა უნდაო?
გავშრი, ისღა მოვახერხე, რომ ვიყვირე:
_ შენ ქურდი და ავაზაკი ხარ!
სახე არ შეცვლია, ნერვი არ შეტოკებია, მშვიდად თქვა: ეს ღვთის სახლია, იესო ქრისტე კი ქურდებისა და ავაზაკების ღმერთიცააო.
მამა დავითი შეყოვნდა, წვერზე ხელი ჩამოისვა და ლალისფრად მბზინავი ღვინის გრაფინს მიაშტერდა.
_მერე, მამაო? _  ვეღარ მოითმინა გელამ.
_მერე, არაფერი... თათარყოფილი მოსე თავდადებული ქრისტიანი და ჩემი მრევლის წევრია,  ჯურხა კი ციხიდან გამოვიდა, პირობითი სასჯელი ჰქონდა დარჩენილი და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ამ ორი წლის წინ ისევ უკან შეაბრუნეს.
აი ჩემი შეცდომა, რომელიც გამოუცდელობითა და სარწმუნოებაში არამტკიცედ დგომის გამო დავუშვი. თათარყოფილი მოსე მე თვითონ უნდა მენახა და ჯურხა არ  გამეგზავნა საქმის გასარჩევად. სარწმუნოების კარი, რომელიც ჯურხასთვის ღია იყო, ჩემი დაუდევრობით დაიხურა. ერთ-ერთი მძიმე ცოდვა მრისხანებაა... მრისხანებამ შემიპყრო მაშინ.
_ მამაო დავით, არასოდეს არაფერი არ არის გვიან. მაგ ჯურხაზე ძალიან გწყდება გული და იქნებ გაგეგო, სად არის ახლა, რას აკეთებს. ადვოკატია საჭირო _ აგერ დემნა გვყავს, ფულია საჭირო _ მე მაქვს და უფლის გზები კი შენ იცი.
_ შენ გენაცვალე, გელა, გვერდში დგომა რომ იცი, _თვალები მოუწყლიანდა მამა დავითს, _როგორ მწყდება გული, ასეთ კაი ხალხი რომ ხართ და ცოლშვილი არ გყავთ.
_ფრანგები იტყვიან, _ჩაერია საუბარში დემნა,_ ქორწინება ალყაშემორტყმულ ციხეს ჰგავსო, შიგნით მყოფნი გარეთ გასვლას ცდილობენ, გარეთ მყოფნი კი _ შიგნით შესვლასო. ჩვენებურად  როგორ არის ნათქვამი? ჰო, „მოიყვან, ინანებ და არ მოიყვან, ინანებო.“
_კაცო, იმიტომ არ მოვიყვანე ამდენ ხანს ცოლი, რომ მეშინია, არ ვინანო. იოლი საქმე არ არის, დიდი დაფიქრება და აწონ–დაწონვა უნდა, _ თავი იმართლა გელამ.
_ ფიქრი ბრძენთა წესია, ჩემო გელა, მაგრამ ხშირად ბევრი ფიქრიც  ვნებს საქმეს, _აგრძელებდა დემნა, _ნათქვამია: „სანამ ბრძენი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინაო“.  ეს გამოთქმა თუ იცით საიდან მოდის? ერთი ბრძენი ტყიდან ბრუნდებოდა. მისულა ხიდთან. ხედავს,  წყალი ადიდებულია და ხიდს წვდება. სანამ მე გადავივლი წყალმა ხიდი არ წაიღოსო, უფიქრია და თავ-ბოლოსთვის ცქერა  დაუწყია. ამასობაში გიჟიც მოსულა და ხიდზე გადაურბენია. სანამ ბრძენი ხიდის სიმტკიცეზე ფიქრობდა, წყალი კიდევ უფრო ადიდებულა, ხიდი წაუღია და ბრძენი იქით ნაპირზე დარჩენილა. ამ არაკის აზრი იმაშია, რომ ხშირად ბევრი ფიქრიც ვნებს საქმეს.
_ დემნა ბატონო, არაკების დიდოსტატი ხარ, მაგრამ ეს სიტყვამოსწრებული ამბები და ანდაზები, მამა დავითიც დამეთანხმება, ყოველთვის მორალში რომ არ ზის და ჭეშმარიტ სწავლებად ვერ ჩაითვლება. ეს შენი არაკიც სიბრძნის უარმყოფელია და სხვა არაფერი. მაგ არაკებს ჯობს, შენი ცხოვრებიდან მოგვიყვე, კაცის დაცვა რომ შეიძლებოდა და ციხეში კი გაუშვი. 
_ რა საქმეს გულისხმობ? _შეფიქრიანდა დემნა.
_ კონკრეტულს არაფერს, მაგრამ გექნება ბევრი ეგეთი.
დემნა ერთწამს ჩაფიქრდა, შემდეგ ჩაეცინა და თქვა:
_ მამა დავითს, ამ წმინდა კაცს მოსვლია შეცდომა და მე რომ შევცდენილიყავი, რა მოხდა. მოდი, თითო კიდევ დავლიოთ და შეცდომისა რა გითხრათ და, გულზე რომ დღესაც მაწევს, იმ ამბავს მოგიყვებით, _ თქვა და ჭიქები შეავსო.
დალიეს და დაიწყო დემნამ ამბის თხრობა:
მაშინ სახაზინო ადვოკატად ვმუშაობდი. საქმე დამევალა. ქურდობის საქმე იყო. რძალი მულს ბეჭდის მოპარვას აბრალებდა. ქაღალდებს ზერელედ გავეცანი. შევიტყვე ჩემი კლიენტის ოჯახური მდგომარეობა. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა ევროპიდან აგზავნიდა ფულს, ძმა და რძალი არ მუშაობდნენ, თვითონ კი ორი თვის წინ დაემთავრებინა სკოლა. ყველაფერი მარტივად ჩანდა. მულს, ქეთი მელაძეს ქურდობა ნაღიარები ჰქონდა და ისღა დამრჩენოდა, შემამსუბუქებელი გარემოებები მომეფიქრებინა და ისე წავმდგარიყავი სასამართლოზე. მეორე დღეს შევხვდი ბრალდებულს. ტიპიურ ბაცაცად წარმომედგინა. ამ ხალხს ხომ ერთმანეთს მიმსგავსებული მიმიკები აქვთ.
გავოცდი, როცა დავინახე: თვრამეტი წლის იყო. სწორი გრძელი თმები წელამდე უწევდა. გაბუტული ტუჩები ჰქონდა და დიდი თაფლისფერი თვალები მორჩილებასა და გულწრფელობას გამოხატავდა. მოკლედ, ქურდის ანტიპოდი იყო. ძალიან მომინდა, აღიარებით ჩვენებაზე უარი ეთქვა. მისმა გამომეტყველებამ ისე განმაწყო, დაუჯერებელი იყო,  ეს საქმე ჩაედინა.
_ ქეთი, მე თქვენი ადვოკატი ვარ და თქვენი დაცვა მევალება, _ გავეცანი, ხელი ჩამოვართვი და გავაგრძელე, _ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეს დანაშაული არ ჩაგიდენიათ და გაიძულეს, გეღიარებინათ.
წამით ცრემლები წასკდა, შემდეგ შეძლო, თავს მორეოდა და მტკიცე ხმით მითხრა:
_ არა, ძალა არავის დაუტანებია. ბეჭედი მე მოვიპარე.
საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ ბეჭედი ქეთი მელაძემ მურმან ნაჭყებიას მიყიდა და ამაში ხუთასი ლარი აიღო. ეს თანხა დამნაშავეს რძალმა, ლეილა გულუამ უპოვა ჩანთაში.
_რისთვის გჭირდებოდათ, ქეთი, ფული? _ვკითხე და შევეცადე დამერწმუნებინა, რომ მის მხარეზე ვიყავი.
მას ისევ ცრემლი მოერია და, რაღაცაშიო, წაიბუტბუტა.
ავუხსენი, რომ ამას სასამართლოსთვის მნიშვნელობა ჰქონდა და კიდევ ერთხელ ვთხოვე, გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ მისგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე.
იმ საღამოსვე ვეწვიე დამნაშავის ოჯახს. მინდოდა ლეილა გულუას გავსაუბრებოდი, იქნებ, მას ჩვენება შეეცვალა, ან რაიმე ხელჩასაჭიდი მეპოვა, რითაც დანაშაულს  შევამსუბუქებდი.
კარი ქალმა გამიღო. იმავე წამს არ მომეწონა, აგრესიასა და უნდობლობას აფრქვევდა. დამნაშავის ძმა კი თავიდან ბოლომდე ცოლზე მინდობილი ერთი ლობიო ტიპი იყო.
გავეცანი და ვუთხარი, რომ რამდენიმე შეკითხვა მქონდა. ლეილამ ამრეზით შემომხედა და დაჯდომაც კი არ შემოუთავაზებია. მასპინძლებისგან დამოუკიდებლად მივაგენი სავარძელს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ბეჭედი მულმა მოგპარათ? _ ვკითხე რძალს.
_რა თქმა უნდა, _ კატეგორიული ტონით თქვა.
_ როდის მიხვდი, რომ ქურდი ის იყო?
_ როცა მის ჩანთაში ფული ვიპოვე.
_ მის ჩანთაში რატომ ჩაიხედეთ? _ ვკითხე და გამომცდელად შევხედე.
_ თქვენ მისი ადვოკატი ხართ და არ დაგიმალავთ, შემთხვევით წერილი ვიპოვე. გამოძიებისთვის არ მიჩვენებია, ქურდია, მაგრამ მაინც მეცოდება, ობშიაკის შეგროვებაშიც არ დასდონ ბრალი–მეთქი, _ თქვა და წერილი მიჩვენა. 
ვინმე ნიკა მთვარელიშვილი სწერდა ციხიდან. ის წერილი თითქმის ზედმიწევნით მახსოვს:
„გამარჯობა, ქეთი, ძვირფასო. არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ. მერიდებოდა, ხომ იცი, მორცხვი ვარ. ახლა კი მინდა გამოგიტყდე, შენა ხარ ჩემი ქალღმერთი, ჩემი სიცოცხლე და თუ შენც ასეთივე გრძნობა გაქვს ჩემდამი, ფული გამომიგზავნე, ხუთასი ლარი მჭირდება, წაგებული მაქვს. მომკლავენ.“
_ ვინ არის ეს ნიკა, თუ იცნობთ? _ვკითხე ლეილას, თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
_ უბნელია, ნარკოტიკებზე ზის, ბლომად უპოვეს ამ ექვსი თვის წინ.
წერილი წამოვიღე, მაგრამ შემდეგ სასამართლოზე არც მიხსენებია, უფრო ჩემი კლიენტის ახალგაზრდობაზე ავაგე გამოსვლა და საკმაოდ უინტერესოდა და ტრაფარეტულად წარვმართე  დაცვა. სასამართლომ კი გაითვალისწინა სახელმწიფო პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ და ოთხი წელი  გადაუწყვიტა.
რამდენიმე ხნის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისში შემომთავაზეს სამსახური და მეც სახაზინო ადვოკატის უპერსპექტივო თანამდებობას ის ვარჩიე.
სამსახურებრივად ციხეებში სტუმრობა ხშირად მიწევდა. ერთხელაც ქსნის კოლონიაში რამდენიმე პატიმარი შიმშილობდა, ტიპიური მოთხოვნები ჰქონდათ.  დამევალა მოშიმშილეებთან შეხვედრა და საკითხის გაცნობა. მათ შორის ნიკა მთვარელიშვილის გვარი მომხვდა ყურში და მომინდა, იმ ვიგინდარას გავსაუბრებოდი. მაღალი, ლამაზი აღნაგობის ბიჭი იყო. სახის უჩვეულოდ კარგი პროპორციებითა და ცივი გამომეტყველებით. როგორც კი დავინახე, მაშინვე შემეცვალა მასზე აზრი. გულანთებულმა მომიყვა ციხის პირობებზე და გაზეპირებული ფრაზით დაასრულა საკუთარი პროტესტი, თუ პაემნების სიხშირე არ გაიზრდება და საკნებში პატიმრების რაოდენობა არ შემცირდება, შიმშილობას არ შევწყვეტთო.
მოვუსმინე და უცებ ვკითხე:
_ქეთი მელაძეს თუ იცნობთ?
კიო, თავი დამიქნია, ჩემი უბნელიაო.
_ მერე,  _ვუთხარი, _შენმა წერილმა ის გოგო ციხეში გაუშვა.
_ რა წერილმა? _ გაიკვირვა, მე მისთვის არასოდეს არ მიმიწერიაო.
პატიმრების პეტიცია ნიკა მთვარელიშვილის ხელით იყო შედგენილი და მისი ხელნაწერი რახან ხელთ მქონდა, ქეთი მელაძისადმი მიწერილ წერილს იმავე საღამოს შევუდარე და დავრწმუნდი, რომ ის ბიჭი მართალი იყო. მაგრამ ვინ მისწერა, საცოდავ გოგოს? დავიწყე ფიქრი.
ამ საქმის მასლების ასლები  სახლში აღმომაჩნდა.  თავიდან ბოლომდე ხელახლა გადავათვალიერე და რადგან რძალზე მქონდა ეჭვი,  პოლიციაში მის შეტანილ განცხადებას შევუდარე და ამ ხელნაწერებს შორის მსგავსება დავინახე. მეორე დღეს სასამართლო ექსპერტ ლადო ყურაშვილს შევხვდი და ვთხოვე კალიგრაფიები ერთმანეთისთვის შეედარებინა. დასკვნა გჭირდებაო?  მკითხა.
_არა, ჯერ არა, შეიძლება საერთოდაც არ დამჭირდეს.  ისე, ჩემთვის მინდა-მეთქი.
მან ყურადღებით დაათვალიერა და ჩვეული დამაჯერებლობით თქვა, დარწმუნებული ვარ, ერთი და იგივე ხელიაო.
ეს ფაქტი ქეთი მელაძის უდანაშაულობას არ ამტკიცებდა, მაგრამ დანაშაულის გარემოებას ცვლიდა. მას რძალმა უბიძგა აქეთ. გამახსენდა, რომ გოგომ სასამართლოზე თქვა,  რძლის ბეჭედი ჩემი საწოლის ტუმბოზე ვნახე  და იქიდან ავიღეო და  თვალწინ ამგვარი ვითარება წარმომიდგა:
პატარა ოროთახიან ბინაში მული, უბრალოდ, ზედმეტი იყო. რძალმა მისი მოშორება გადაწყვიტა. მას წაკითხული ჰქონდა ქეთი მელაძის დღიურები და იცოდა ნიკა მთვარელიშვილისადმი მისი გრძნობა. გეგმა დასახა და გაუმართლა კიდეც. გამოძიება ვერ ჩასწვდა ამ დეტალებს და მეც შეცდომა დავუშვი, ნიკა მთვარელიშვილის წერილი არაფრისმომცემად ჩავთვალე.

_ეს ისეთი შეცდომაა, ნებისმიერი შენი დონის ადვოკატს რომ მოუვა, _ გადაიხარხარა გელამ და დემნას ხელი მხარზე დაარტყა.
_ არა, ჩემო ძმაო, ამით არ დამთავრებულა, უფრო დიდი შეცდომა მერე დავუშვი:
იმ ხანებში ქალთა კოლონიაში საქმეზე მიმავლინეს და ქეთი მელაძესთან  შეხვედრა მომიწია. გამოცვლილიყო, უფრო ასაკოვანს ჰგავდა, მრგვალი, ბავშური ლოყები ჩამოსთხელებოდა, თმები მოკლედ შეეჭრა, მხოლოდ თაფლისფერ თვალებს შერჩენოდა ძველებური იერი. როგორც კი დამინახა, მიცნო და დაპატარავდა, მოიბუზა. გამოვკითხე, თუ როგორ პირობებში უწევდა აქ ყოფნა:
_ რა ვიცი, ჩვეულებრივი, ალბათ, _ მიპასუხა, სევდიანად გაიცინა და გააგრძელა, _ მე ხომ სხვა ციხეში არ ვყოფილვარ, არც კი ვიცი, როგორი პირობები უნდა იყოს.
_ ზედამხედველები შეურაცხყოფას ხომ არ გაყენებენ?
_ მე ხომ არ ვიცი, როგორ უნდა იქცეოდნენ ზედამხედველები, _ თქვა და ისევ უჩვეულოდ სევდიანად გაეღიმა.
_ ახლა ომბუდსმენის აპარატში ვარ და ბევრი რამ შემიძლია, თუ რამე გიჭირს, მითხარი.
მან მხრები აიჩეჩა, მე კი გავაგრძელე: _ თუმცა მაშინ ვერ დაგიცავი, _ვთქვი და ერთხელ კიდევ შევათვალიერე.
შეშინებული თვალებით მიმზერდა. „ამ კაცს რაღა უნდაო ჩემგან“, იკითხებოდა მათში.
_შენს საქმეში ახალი გარემოებებია. ის, რაც შენ დამიმალე და კიდევ სხვა. მინდა იცოდე, რომ  ნიკა მთვარელიშვილს შენთვის არაფერი მოუწერია. ის წერილი ნიკას სახელით შენმა რძალმა შეთხზა.
_რა?! _უნდობლობა და სასოწარკვეთილება გამოეხატა სახეზე, _ არ მჯერა, სტყუი!
_ შენმა რძალმა წერილი გააყალბა და ბეჭედი ტუმბოზე დაგიდო. მან გიბიძგა დანაშაულისაკენ... _ ვაგრძელებდი და შევნიშნე, რომ არ მისმენდა, დაბლითა ტუჩზე კბილები დაეჭირა და ყელზე ძარღვები დაბერვოდა.
_ წერილი ნიკამ მომწერა! _იყვირა გამწარებულმა და ტუჩიდან სისხლი ნიკაპზე ჩამოუცურდა.
_ არა, წერილი შენმა რძალმა ლეილა გულუამ შეთხზა! _ ვთქვი ხმამაღლი, მკაცრი, დამაჯერებელი ხმით.
_სტყუი! სტყუი! _ რამდენჯერმე სასოწარკვეთილი ხმით გაიმეორა, ჩაჯდა, სახეზე ხელები აიფარა და ასლუკუნდა. მოკლედ, ჩვენი საუბარი აღარ გაგრძელდა.
მეორე დღეს გავიგე, რომ მან თავის მოკვლა სცადა. ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორიოდე დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი. მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა, ფერი მთლად დაკარგვოდა, ექიმმა მითხრა, რომ მწვავე ფსიქიკური აშლილობით იყო დაავადებული. როგორც კი დამინახა, აწივლდა, არ მომეკაროო და მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, ბოდიში მოვუხადე ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციას და ნაწყენი და შეურაცხყოფილი  დავბრუნდი სამსახურში.
ვფიქრობ, ძალიან უვიცად მოვიქეცი, რა საჭირო იყო მისთვის ამ ამბის მოყოლა, სამი თვეღა ჰქონდა დარჩენილი და ამით ხომ არაფერი იცვლებოდა.
_ ძნელად თუ მოიძებნება საქმე, რომელიც არ გამოსწორდება, _ თავისთვის წაიბურდღუნა გელა კვირიელმა, თავი მაღლა ასწია და დემნას მიაშტერდა.
_ ამ ამბავში, ჩემო ძმაო, ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, რომ თავი რაიმეში დაიდანაშაულო, მაგრამ გულზე რომ დაგწოლია და დღესაც განიცდი, ცხადია. მე კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ  რაღაც არ მოყევი, რაღაც მნიშვნელოვანი არ თქვი, თორემ ეს ამბავი, ასე არ უნდა გაწუხებდეს.
_ არა, მე ასე არ ვფიქრობ, _ ჩაერია მამა დავითი, _ აქ არის ის, რამაც გული დასწყვიტა.
_ მამაო დავით, მან მოყვა ამბავი, მაგრამ არ უთქვია ძირითადი:  წარმოიდგინეთ ,  ქეთი მელაძე არ ყოფილიყო ისეთი ნაზი, როგორც აღგვიწერს _ უმწეო და ლამაზთვალება, ყოფილიყო უშნო და შეუხედავი, ამგვარი ემოცია დარჩებოდა ამ ამბიდან ამ ხვადს? მე ვიტყვი, რომ არამც და არამც...  მამაო,  მოეწონა ის ქალი და გულში ჩაუჯდა. პატიმარი ნიკა მთვარელიშვილისა შურდა კიდეც და მეტოქედაც წარმოედგინა. ამიტომ, როგორც კი შანსი მიეცა, ეგრევე, ცერემონიების გარეშე განუცხადა, იმ ბიჭს შენ არ უყვარხარო.
_ რისი თქმა გინდა? _ მოჭუტული გამომცდელი თვალებით შეხედა დემნამ,
_ არა, არაფრის თქმა არ მინდა. მე უკვე ვთქვი. მინდა გკითხო, სად არის ახლა ის გოგო?
_ არ ვიცი. კაი ხნის გამოსული იქნება.
_ ადვოკატი_ისე რა, და მიჯნური კი  ცუდი ხარ, _გადაიხარხარა გელამ, _ კაცო, ამბავს გვიყვები, ასე, ისე, გული მეტკინაო და ის არ უნდა იცოდე, გოგო სად არის? ხედავ, მამაო დავით, დასტური ჩემი ვარაუდისა, ქეთი მელაძემ ეს ჩვენი ძმა არ გაიკარა და თუმცა ის გოგო დღესაც ახსოვს და იმ ამბავს დღესაც განიცდის, მასთან შეხვედრისა მაინც ეშინია. მაგრამ, მამაო, ბედისწერა ისეთია, ისინი შეხვდებიან ერთმანეთს.
_ ღმერთით, ჩემო გელა, ღმერთით ყველაფერი იქნება.
_ უფალს ამ საქმეში რომ ცოტა ჩვენც წავეხმაროთ? იქ ჩემს დასასვენებელ სახლში ქეთი მელაძეც რომ დავპატიჟოთ. რას იტყვი, მამაო? შენ რას იტყვი, დემნა?
_ წრფელი გულითა და სიყვარულით გაკეთებული ყველა საქმე კარგია, _თქვა მამა დავითმა და დემნას გადახედა.
დემნამ გაიცინა, თავი გადააქნია, კოსტუმის საყელო გაისწორა და გელას შეხედა.
_ ადვოკატი ყოფილ კლიენტს ეპატიჟება ზღვაზე მეგობრის სასტუმროში?
_ ამას, რა თქმა უნდა, შენ ვერ მოახერხებ. ამას მე ვიზამ, _ თვალები აუციმციმდა გელას.
_ ესე იგი, ქეთი მელაძეს ეპატიჟება ადვოკატის მეგობარი ზღვაზე საკუთარ სასტუმროში? ძალიან საინტერესოა.
_ არა, მე ამას უფრო დელიკატურად ვიზამ.

ქეთი მელაძემ ფოსტალიონს წერილი ჩამოართვა, ხელი მოაწერა და გაიფიქრა: _პრობაციიდან იქნება, სხვა რა უნდა იყოს, ნეტა რაღა უნდათ... და როგორც ბანქოს მოთამაშე ბანქოს ქაღალდს დახედავს, შიშნარევი სიფრთხილით შეავლო თვალი გამომგზავნის მისამართს. _შპს დასასვენებელი სახლი „დავარი“, წაიკითხა, შვებით ამოისუნთქა და კონვერტი გახსნა.
„ქალბატონო, ქეთი, მოგილოცავთ და გაცნობებთ, რომ თქვენ მოიგეთ ციხისძირში დასასვენებელი სახლის „დავარის“ საგზური. სახლი თქვენს დასვენებას ათი დღის განმავლობაში უფასოდ უზრუნველყოფს სამჯერადი კვებითა და დასვენებისთვის საჭირო ყველა სხვა მომსახურებით. თქვენი პიროვნება ლატარიის პრინციპით შეირჩა პრობაციონერთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ. იმედია, გვეწვევით.  ლამაზ დასვენებას გისურვებთ.“
სიხარულში აზელილი ეჭვი შეუჩნდა ძარღვებში. ხელის კანკალით ამოიღო მატარებლის ბილეთი და დასასვენებელი სახლის სარეკლამო ბიულეტენი.
_რა კარგია, მგზავრობაც რომ უფასოა, _ გაიფიქრა და ინტერესით დაუწყო თვალიერება სარეკლამო ბიულეტენზე ასახულ დასასვენებელი სახლისა და პლაჟის ხედებს.
_ფუ, ეს ყოველკვირეული რეგისტრაცია, _ კბილებში გამოცრა და პრობაციის ოფიცერი წარმოუდგა თვალწინ _ დაბალი ჯმუხი ქალი მამაკაცური ვნებიანი მზერით.
ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე დარეკა. მორიგემ განუმარტა, რომ აუცილებელი იყო, ბიუროს უფროსის სახელზე დაეწერა განცხადება  და გადაეხადა მომსახურების ოცი ლარი. _არც ისე ძნელი ყოფილა, _გაიფიქრა, დამშვიდდა და ოცნებით პლაჟზე წავიდა, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა, კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. გამოერკვა და გააღო. ბინის პატრონი იყო, ნათელა,  შავგვრემანი, უხეში ქალი, მუდამ შავები რომ ეცვა და არასოდეს იცინოდა. არ მისალმებია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _მოკლედ, შვილო, ერთ კვირას კიდევ გადაგიწევ და თუ არ გადაიხადე, ბინა უნდა დაცალო.
_ კი, ნათელა დეიდა, დედა გამოგზავნის და ეგრევე...

სასტუმრო „დავარის“ ვერანდა ერთი მხრიდან ზღვას დასცქეროდა და მეორე მხრიდან ამწვანებულ მთებს შეჰყურებდა. შუაში სადგარზე იდგა დიდი ჭოგრიტი, რომლის სქელ ლინზებს შეეძლოთ ზღვის შორეულ სილაჟვარდეში ჩაკარგული გემების დანახვა და მთათა სიმწვანეში ჩაფლული მწყემსის ქოხის გარჩევა.
ვერანდის მეტალის მოაჯირს სამნი მიყრდნობოდნენ და უსაგნოდ გასცქეროდნენ სივრცეს.
_ კარგად დაგეწყო სეზონი, სასტუმრო თითქმის შეივსო, _სიმყუდროვე დაარღვია დემნამ და გელას შეხედა.
_ ჰო, კარგი მენეჯერი მყავს, მძლავრი რეკლამა გაუშვა, _თქვა,  საათზე დაიხედა და გააგრძელა, _მალე თქვენი ხალხიც გვეწვევა, მატარებელი წესით ხუთი წუთის წინ უნდა მოსულიყო და სადგურიდან აქამდე კი რა მანძილია.
მან ჭოგრიტი დასასვენებელი სახლის ჭიშკრისკენ შეაბრუნა და განაგრძო: _ ამ მატარებელს ათი სტუმარი მოჰყვება, ამ ათიდან გინდა სანაძლეოს ჩამოვალ,  რომ ქეთი მელაძეს ამოვიცნობ.
„კმაყოფილია ცხოვრებით, საზრუნავი არ აქვს და ახლა ერთობა“, _გაიფიქრა დემნამ და მამა დავითს მიუბრუნდა:
_მამაო დავით, ზღვა ვნახეთ, სასტუმრო ვაკურთხეთ და აქ რაღა გვინდა?
_ შენ რა, ქეთი მელაძეს გაურბიხარ? _გადაიხარხარა გელამ ისე, რომ ჭოგრიტისთვის თვალი არ მოუშორებია.
_ გელა, ჩვენ ყველანი გავურბივართ წარსულს, _თქვა მამა დავითმა და მთებს გახედა.
_  თქვენგან განსხვავებით მე არ გავურბივარ წარსულს, _ ჩაიბუტბუტა გელამ, ერთ წამს გაირინდა და ხმამაღლა, თითქოს მეზღვაურს ხმელეთი დაენახოს, _ ქეთი მელაძე! ვიცანი! _ დაიძახა, ჭოგრიტი დემნას შეაჩეჩა და განაგრძო, _აი, ის, ნარინჯისფერი მაისურით.
_ჰო, ეგ არის, _თავი გააქნია დემნამ და ჭოგრიტი ისევ გელას დაუთმო.
_ მაგარი ვარ, ახლა ჯურხასაც გეტყვით რომელია.
_რა? _გაიკვირვა მღვდელმა.
_ჰო, ეს სიურპრიზია. გეშინია წარსულთან შეხვედრისა, მამაო დავით?
მამა დავითმა თავი გააქნია.
_ არ იყო საჭირო. ეს, უბრალოდ, შენი ახირებაა.
_ მეგონა კარგს ვაკეთებდი, _ ჭოგრიტს თვალი მოაცილა გელამ და მოიხედა.
მამა დავითმა წვერზე ხელი ჩამოისვა. ერთხანს ჩუმად იყო, ზღვას გასცქეროდა, შემდეგ შემობრუნდა.
_ შენ შენი მეგობრების გრძნობებით ერთობი.
_ არა, _ შეშფოთდა გელა და მავედრებელივით ხელები მაღლა აწია.
_ კაი, რა მოგივიდა, არა და არა, _დაამშვიდა მამა დავითმა და ჭოგრიტში ჩაიხედა.
_ წლებია არ მინახავს და მგონი ჯურხა ის არის. ჩავალ ვნახავ, _ თქვა და შებრუნდა.
_ იქნებ ჩვენც წამოვიდეთ, _სიტყვა დაადევნა გელამ.
_ ჩვენი შეხვედრის სცენით გინდათ, გაერთოთ? არ არის საჭირო, _თქვა და კიბეებს დაუყვა.
გელა ზღვას გასცქეროდა, არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა, ისეთი, როგორიც კაცს, რომელიც ერთდროულად ბევრ რამეზე ფიქრობს, კაცს, რომელიც საგონებელში ჩავარდნილა. ერთხანს ასე იყო, შემდეგ შემობრუნდა:
_ შენ არ წახვალ და ქეთის არ ნახავ?
დემნამ მის სახეზე სევდანარევი დაძაბულობა შენიშნა, ჩათვალა, რომ მამა დავითისგან იყო ნაწყენი და უთხრა:
_ ერთად ჩავიდეთ, ერთად ვნახოთ. მე წინააღმდეგი არა ვარ. ბოლო-ბოლო, შენა ხარ ამ წარმოდგენის რეჟისორი და სცენარისტი.
_ არა, არა! _ ხელები გაასავსავა გელამ, _არ არის საჭირო. მე არაფერი არა ვარ. აქ დავრჩები. ჰო, საღამოს, რვაზე რესტორანში გელოდებით შენ და ქეთის, მამა დავითსაც უთხარი, რომ ჯურხა დაპატიჟოს.
_კარგი, რახან  ეგრე გინდა, მარტო წავალ, _თქვა დემნამ და ზურგი აქცია.
გელა დარჩა. არაფრისმთქმელი თვალები ზღვის უკიდეგანო სივრცისთვის მიეშტერებინა და ათასი ფიქრი არეულიყო მის გონებაში.

დასასვენებელი სახლის რესტორანი ბოლო სართულზე იყო და შემინულ სივრცეს წარმოადგენდა. უზადო ჭერი და მდიდრული სუფრები იმას მიანიშნებდა, რომ ახლად გაეხსნათ და ის სიკოპწიე, რომელიც მასში დიზაინერებმა ჩადეს, აყალმაყალის მოყვარული დამსვენებლებისგან ჯერ არ შელახულიყო.
მაგიდას, რომელიც ხუთ კაცზე იყო გაშლილი,  გელა მარტო მისჯდომოდა, მზერა რესტორნის კარისკენ მიემართა და წამდაუწუმ საათს დასცქეროდა.
პირველი დემნა გამოჩნდა და როცა მასპინძელმა მის გვერდით ქალი შენიშნა,
თავისთვის ჩაეღიმა, ფეხზე ადგა და მიეგება:
_მობრძანდით, ბატონო დემნა. ვინ არის ეს მშვენიერი ქალიშვილი?
დემნამ ქეთი გააცნო და გელას გაუკვირდა _ქალი სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებდა და არაფრით  გავდა მისი მეგობრის მიერ დახასიათებულს: ქეთი მელაძე გელას არ მოეჩვენა უმწეო და ბავშური, მით უმეტეს მას შემდეგ ,რაც ქალმა პირველი სიტყვა თქვა:
_ დემნამ მითხრა, ჩემი მეგობარი გვეპატიჟებაო და თქვენ ერთმანეთს ბატონობით ელაპარაკებით?
_ არა, არა, _გელას დაასწრო დემნამ, _ბატონობით არ ველაპარაკებით, უბრალოდ მას მოსწონს  სხვებთან ჩემი წარმოჩენა.
_ ჩემს სასტავში კი ასეთი რამ არ არის, ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთის წარმოჩენა.
_გულწრფელია, _ გაიფიქრა გელამ და ამასობაში მამა დავითი და ჯურხაც გამოჩნდნენ.
_ მამაო დავით, ეს პროფესიული ჩვევაა, ალბათ, ჯერ მრევლი უნდა შეიყაროს და მღვდელი  მერე მოვიდეს?
_ ალბათ, ეგრეა, _ მხიარულად დაემოწმა მამა დავითი, _ ეს ჯურხაა. გაიცანით, ჩემი მრევლის წევრი, გზაბნეული მწყემსის გზააბნეული ცხვარი.
ჯურხამ ყველას ხელი ჩამოართვა, არ დაელოდა მამა დავითს, მაგიდას მიუჯდა. სახეზე ეტყობოდა, რომ შიოდა. გაიცინა და თქვა:
_ რა მაგარი სიტყვებია,არა? „გზააბნეული მწყემსის გზააბნეული ცხვარი,“ ესე იგი მე ცხვარი ვარ, არა, მამაო? _გადაიხარხარა და პური გატეხა, მაგრამ უცბად შეცბა და წამოხტა.
_ ბოდიში, ბოდიში, დამავიწყდა. ჯერ სუფრა უნდა ეკურთხოს, არა?
მამა დავითმა „მამაო ჩვენო“ წაიკითხა სუფრას ჯვარი გადასახა და დაჯდა.
ჯურხა დამშეული ეცა საჭმელს. კაცებს ყურადღება არ მიუქცევიათ. „კაიფშია, ალბათ“ _ გაიფიქრა ქეთიმ.
_ როგორც წესი, თქვენ უნდა გვითამადოთ, მამაო, _ ჭიქა აწია გელამ.
_არა, არა, _ხელები გაასავსავა მამა დავითმა.
_კარგი რა, ხვიჩა! ამ ჭიქით მამა დავითს გაუმარჯოს ჩვენს მოძღვარსა და თამადას, _ დალოცა გელამ, სუფრის წევრებს ჭიქა მიურტყა და დალია.
_ ვა, მამაო დავით, ერობაში ხვიჩა გერქვა? _გაიკვირვა ჯურხამ.
_ ჰო, ხვიჩა მერქვა, _თქვა მამა დავითმა, ფეხზე ადგა, უფალი ადიდა და ღვინო მოსვა.
„ვა, რა მაგარი ხალხია, აქ სად დავიჩითე,“ _ გაიფიქრა ჯურხამ, წამოდგა, ჭიქა ასწია, თავის ლექსიკონში მაღალფარდოვანი სიტყვების მოძებნას შეეცადა, ვერ შესძლო, შემდეგ ბიბლიიდან მოუნდა ციტატა მოეყვანა და აქაც გაიჭედა. სამწუთიანი აბდაუბდა გამოუვიდა, მაგრამ ნირი მაინც არ წახდომია, „მე მიყვარს ღმერთი და მამაო,“ _ამ სიტყვებით დაამთავრა სადღეგრძელო და ისე გულუბრყვილოდ და გულწრფელად გაიღიმა, რომ ამ ღიმილმა მთლად გადაფარა მისი აბდაუბდა.
_ მაგარი ხარ, _გაუღიმა ქეთიმ და შეეცადა თვალებით ეთქვა, მე ვიცი, მაგარ კაიფში რომ ხარო. ჯურხა  მინიშნებას ვერ მიხვდა, მთელი მისი ყურადღება კაცებისკენ იყო გადატანილი, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ისიც „მაგარი ტიპი“ იყო.
მუსიკა ჩართეს, ნაზი მელოდია იყო. ზღვის ღამეულ პეიზაჟს უხდებოდა.
წყვილები ცეკვავდნენ. ქეთის ღვინომ შეუღიტინა. „ნეტა ვინმე მაცეკვებდეს, თუნდაც ეს მღვდელი“ _გაიფიქრა და წარმოიდგინა, რომ მღვდელთან ცეკვავს:
მღვდელს მის წელზე აქვს ხელები შემოხვეული და ის ცდილობს, რომ ანაფორას ფეხი არ დაადგას და უკან იწევს. წარმოიდგინა და სიცილი უადგილოდ ატეხა.
_ რა გაცინებს? _მისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა დემნამ.
_ მაგარია, ასეთ სასტავში არ მიქეიფია. მაცეკვე, რა.
დემნა ადგა, თამადისგან ნება ითხოვა და ქალი ელეგანტური ჟესტით გაიწვია.
„მაგარი ტიპია“, _ გაიფიქრა ქალმა და კაცს თავი მხარზე მიადო.
მამა დავითიც მოხალისდა, ანაფორის სახელოები აიკაპიწა, ჯურხას ხელი მხარზე მოუთათუნა, ხომ ყოჩაღადა ხარ, ბიჭოო, ჩასჩურჩულა და გელას შეხედა.
_ ჩემო გელა, მე და ჯურხას დიდი ხნის ნაცნობობა გვაქვს, ერთი პერიოდი დავცილდით ერთმანეთს, ახლა კი შენი წყალობით შევხვდით და ალბათ აღარ დავცილდებით, ღმერთი და ეკლესია აღარ დაგვაცილებს. ასე არ არის, ჯურხა?
ჯურხამ თავი დაუქნია, გაიღიმა და ორმოცდამეათე ფსალმუნი დაიწყო:
„მიწყალე მე, უფალო, დიდითა წყალობითა შენითა...“ მამა დავითის დახმარებით ბოლომდე ჩაათავა, გაიცინა და თქვა:
_ რა მაგარი რესტორანია, რა მაგარი ზღვაა, რა მაგარია ღმერთი, რომ მე მომაგებინა. ციხეში სულ ვევედრებოდი, გარეთ გამიყვანეო. გარეთაც გამიყვანა და დასვენებაც მომაგებინა. მაგარია, მამაო, ძალიან მაგარი!
მამა დავითმა შეამჩნია, რომ გელა მათ საუბარს არ ისმენდა და  რესტორნის კარს მისჩერებოდა, შემობრუნდა და მეგობრის მზერას გააყოლა თვალი.
კართან ახლოს მაღალი გამხდარი კაცი იდგა, მოკლე შარვალი ეცვა, თავზე ხაკისფერი პანამა ეხურა. მარჯვენა ხელით მაისურის ქვეშ რაღაცას მალავდა. აშკარა იყო, ვიღაცას ეძებდა. როგორც კი მამა დავითმა თვალი შეავლო, უცნობი სწრაფი ნაბიჯით მათი მაგიდისკენ წამოვიდა. ჯურხას გაუსწორდა თუ არა, მაისურის ქვეშიდან მკლავი გამოიღო და მის ხელში გაბრწყინდა ქრომისფერი მეტალი. მამა დავითი ფეხზე წამოდგა.
_ მიცანი, შე ნაბიჭვარო!? _ კბილებში გამოსცრა უცნობმა.
_ გიცანი, _ თავი დაუქნია გელამ.
_ჰო და მოკვდი, შენი დედა!..
და გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა. გელა სკამიდან გადავარდა. მამა დავითმა უცნობისკენ გაიწია.
_ ჩაძაღლდი, ნაბიჭვარო?!  _ იღრიალა უცნობმა და გაიქცა.
მუსიკის ხმა ქალების წივილმა გადაფარა, ყველა წამოიშალა, მამა დავითი გელას მიეჭრა.
_ ცოცხალი ხარ, ბიჭო? _იყვირა და მის წინ მუხლებზე დაეცა.
თეთრი მაისური სისხლით იყო შეღებილი. სახე გაფითრებოდა, ქვედა ტუჩი კბილებში მოექცია და მარცხენა ხელი მხარზე დაედო.
_ სასწრაფოს დაურეკეთ! სასწრაფოს! _იყვირა დემნამ და გელასკენ დაიხარა.
ქეთი ამ არეულობაში აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და არ იცოდა, რა ექნა, ბოლოს განცალკევებით მდგარი ჯურხა დაინახა და მისკენ წავიდა, ხელი მკლავზე წაავლო და აკანკალებული ხმით ჰკითხა:
_ რა მოხდა? მოკლეს? რატომ ესროლეს?
_ჯურხამ ხელი გააშვებინა, მისკენ შებრუნდა, ტუჩები ყურთან მიუტანა და თქვა:
_ არ ვიცი, დაიკო, მე პირობითი მაქვს, ეხლა „ძაღლობა“ მოვა და ნაღდია, შარში გავეხვევი.
_ მოვტყდეთ? _  ქეთიმ კვლავ მკლავზე ჩაავლო ხელი.
_ შენ რატოღა?
_ მეც პირობითი მაქვს.


ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების მესამე პალატაში სამნი იყვნენ: პაციენტი _ გელა კვირიელი და მნახველები _ მამა დავითი და დემნა ცომიძე.
_ დასხედით, რა სიკვდილივით დამადექით თავზე, _თქვა გელამ მისუსტებული ხმით.
_ აბა, როგორა ხარ? _ იკითხა მამა დავითმა და ტაბურეტი მოძებნა.
_ ისე რა, ექიმმა ხომ გითხრათ. მხარში მომხვდა, ძვლები არ დააზიანა, გადავრჩი.
_ ვინ იყო, მე მაგისი დედა... _შეიგინა დემნამ.
_ რა გინდათ, კაცო, გუშინ გამომძიებელმა ვერაფერი მათქმევინა და თქვენ გინდათ, გითხრათ? სტუმარი იყო, მაგანაც „ლატარიაში მოიგო“ დასვენება, _ გაცინება სცადა გელამ.
_ რა? _ წარბები მაღლა აქაჩა მამა დავითმა.
_ ერთი მალე გამოვიდე, რომ ცალკე სამნი ვერანდაზე დავსხდეთ და კაი პური ვჭამოთ.
_მოიცა, მოიცა, მერე ვინ იყო? ეგეთი რა დაუშავე? _გაიოცა დემნამ.
_ მე ხომ თქვენთვის არ მომიყოლია, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი? ის იყო, პირველი მილიონი იყო. იცით, როგორ შვებას ვგრძნობ ახლა, ბიჭებო?
_ მერე, არ იცოდი, რომ გესროდა? გიჟი ხარ! _ხელები ერთმანეთს შემოარტყა დემნამ.
_ ვიცოდი. „ვალტერი“ მის ნომერში მე დავდე. მესამე ტყვია იყო ნაღდი, დანარჩენი რვა _ ფუჭი. საქმე ბედისწერას მივანდე. თქვენზე ორი დღით ადრე ჩამოვიდა, პირველივე დღეს შემამჩნია და მთელი ეს ხანი მომენტს ეძებდა.
_ ალბათ, დაიჭირეს.
_ არა, გამოცდილი კაცია, ცოტა მეც დავეხმარე. როგორც კი იარაღი იპოვა და ჩემი მოკვლა გადაწყვიტა,  ეგრევე გაქცევის გზებს დაუწყო ძებნა. ჭოგრიტით ვზვერავდი. ჩემი კატერი ნაპირთან ჯაჭვით არის მიბმული, მას უტრიალებდა, კლიტის გახსნა უნდოდა. დავეხმარე,  გამოვცვალე, პატარა მარტივი საკეტი დავადე, ისეთი, ბავშვიც რომ გაუგებს. იმ დილით გახსნა და დაიწყო ჩემზე ნადირობა.
_ მოიცა! მოიცა! _აღელდა მამა დავითი, _შენ იცოდი, რომ რესტორანში გესროდა?
_ კი.
_ ჩვენს გვერდით?
_ ჰო. თუ სიკვდილი იყო, თქვენს გვერდით მინდოდა, ბიჭებო, სიკვდილი.
მამა დავითს თვალები მოუწყლიანდა. არ ვარგა  ბედთან თამაში,  ხშირად ცუდად მთავრდებაო, თქვა და შუბლზე ხელი დაადო.
_ ტვირთივით მაწვა, ახლა თითქოს გავთავისუფლდი, შვებას ვგრძნობ.
_ ორი გზა არსებობს: ერთი დანაშაულის გამოსყიდვის გზაა, მეორე _ მონანიებისა. შენ პირველი არჩიე, _ ამოიოხრა მამა დავითმა
_ ჰო, მე პირველი ვარჩიე. ჩემთვის ეს უფრო იოლი იყო და  მისაღები. მართლა, ჯურხა და ქეთი როგორ არიან? თქვენც ხომ რაღაც მოგეხსნათ მათთან შეხვედრით?
საუბარში დემნა ჩაერთო:
_ ისინი სხვა ორბიტაზე არიან, ჩვენ სხვაზე, სხვა წრეზე ბრუნავენ. მათი ორბიტა უფრო გულწრფელია და სიცოცხლით სავსე. უბრალოდ, ხანდახან  უახლოვდება და ჰკვეთს ჩვენსას.
_ ჰო, ბავშობიდან გიყვარს ასტრონომია, _ გაიცინა გელამ.
პალატაში კეკლუცი ექთანი შემოვიდა:
_ თქვენი ვიზიტის დრო ამოიწურა, ბატონებო.

პალატიდან გამოსულმა  მნახველებმა გარეთ გააგრძელეს საუბარი. მამა დავითი  ღელავდა:
_ დემნა,  გელასგან ამას არ მოველოდი.  ის ყოველთვის პრაგმატულ კაცად მიმაჩნდა. ეს რა ჩაიდინა. ეს ხომ სისულელეა. ეს ხომ იდიოტიზმამდე მისული რომანტიზმია!
დემნა გაჩერდა, მამა დავითს შეხედა და ისტერიული სიცილი აუვარდა:
_ ხვიჩა, ხვიჩა, შენ ისევ ისეთი ხარ, როგორიც იყავი.
_ რას გულისხმობ?
_ არაფერს, უბრალოდ გელას ამბავს მოგიყვები: აქ არაფერ შუაშია რომანტიზმი და ბედთან თამაში. მან იცოდა, რომ ის კაცი ეძებდა, ისიც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან იპოვიდა და ესროდა, ოღონდ მაშინ იარაღში ცხრა ვაზნიდან ცხრავე ნაღდი იქნებოდა. მან უბრალოდ პროცესი დააჩქარა და თავისი კონტროლის ქვეშ წარმართა. რატომ იყო ნაღდი ვაზნა მესამე და არა პირველი, ან ბოლო. იმიტომ, რომ პირველს დამიზნებით ისვრიან. პირველი თუ ასცდა მერე მსხვერპლი მოძრაობას იწყებს და ძნელია გაარტყა.
ახლა ის კაცი გელას კი აღარ ეძებს, არამედ გარბის, რომ  არ დაიჭირონ. მას კი გულზე მოეშვა.
_ რისი თქმა გინდა?
_ შენი მეგობარი ისევ ისეთია, როგორიც გახსოვს_ პრაგმატული და მოხერხებული. 


                           
   

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები