ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2012


* * *

ჭიქა ყავით ხელში ფანჯარასთან ვდგავარ, ვუყურებ დათოვლილ ხეებს და სიჩუმეს ვუსმენ. აღარ ჭიკჭიკებენ ჩიტები, ოთახში აღარ შემოდის მზის სხივი. ძალიან მშვიდია ზამთარი, ჩემი ყავა ფანჯარას ორთქლავს, მახსენდება ბავშვობაში როგორ ვხატავდი დაორთქლილ მინაზე და მეღიმება.
დე, ზამთარში განსაკუთრებით რთულია უშენობა, ბავშვობაში როცა მციოდა ლოგინში შემოვძვრებოდი და შენს ნაოჭებს ვუწყებდი სახეზე თვლას. ახლა შენ აღარ გიხარია ზამთრის მოსვლა, რადგან ძვლებს ძალიან უჭირთ სიცივის გაძლება.
მენატრება ფანჯრიდან ჩემი სახელის გაგონება, იმის შეგრძნება რომ კვლავ მელოდები. თურმე ადამიანი როცა იზრდება ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც შორდება და პატიება ძალიან უჭირს.
როცა გიყურებდი როგორ ეწეოდი სიგარეტის უამრავ ღერს, სვამდი ნალექიან ყავას, კითხულობდი წიგნებს და ზოგჯერ მომღიმარი სახით ამომხედავდი, რადგან ხვდებოდი როგორ გაკვირდებოდი, მიჩნდებოდა სურვილი შენსავით ძლიერი ადამიანი გავმხდარიყავი. ახლა კი ისე დაგეღალა თვალები რომ შენი ყურება მიჭირს, ალბათ ამიტომ მოვდივარ ასე იშვიათად.
ალბათ ახალგაზრდობაში იქნებოდი სიცოცხლით სავსე, ძალიან ამაყი და მებრძოლი. ყოველი შენი ნახვისას ვხვდები როგორ გართმევს დრო დარჩენილ ენერგიას. რომ ვიცოდე ჩემი არარსებობა შენს მძიმე ცხოვრებას გაამარტივებდა ვისურვებდი არც ვყოფილიყავი. მტკივნეულია იმის შეგრძნება რომ შენი დაღლილობა შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს.
არასდროს შემეძლო წაქცეული წამომეყენებინე, ახლა კი ჩვენი სამყარო ძალიან შორს არის ერთმანეთისგან.
მე ძალიან მიყვარს ზამთარი, ვისურვებდი ჩემი დასასსრული ზამთარში ყოფილიყო.
მოსვლისას ყოველთვის თვალს ვარიდებ შენს სახეს, ნაოჭები ახლა ჩემთვის ტკივილის რუკასავითაა და აღარ მინდა მათი დათვლა.
შენ აღარ მითბობ გაყინულ ფეხებს,
აღარ მთხოვ მოგიარო რის ნიშნადაც პატარაობაში ლოგინში, ფეხებთან გიჯდებოდი და ხელზე ლოყას გადებდი.
ფანჯარას ვაღებ, სიცივეს ოთახში ვუშვებ, რადგან მეხმარება დროებით სული გავყინო.
გაშეშებულს ძალიან შორი წარსულიდან მესმის შენი მკაცრი ხმით ჩემი სახელი. დე, ჩვენ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, გავიზარდე და ძალიან გადმომედე.
შენ თითქოს ვეღარ მცნობ, მე შენს მოპირდაპირე მხარეს ვჯდები, ერთად ვეწევით სიგარეტს და ბავშვური თემების მაგივრად ვსაუბრობთ არაფერზე,
მე კი თვალი გამირბის შენი შუბლისკენ,
ახლა უკვე ვეღარ ვითვლი ნაოჭებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები