ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2012


***

ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ
მთვარეს,ამაღამ ალბათ იწვიმებს,
ზამთარი ჯერაც ჯიუტად უტევს
ამინდს და ძვლებში მამტვრევს სიცივე.
გულში ვკითხულობ გარსია ლორკას,
ესპანური ცა ფერს უცვლის ღამეს,
ზღვა მოზვერივით ნაპირებს ლოკავს,
ტალღებით მითვლის დარჩენილ წამებს.
ნოსტალგიური ჩემი განწყობა,
უკვე წლებია მშორდება აღარ,
თავს ვინუგეშებ,რა გაეწყობა,
ხომ ვნახე ვენა,პარიზი,პრაღა,
მაგრამ რა პრაღა,ან რა მადრიდი,
რა შეედრება დეკემბრის თბილისს?!
სამოთხისეულ ყვავილს ბარდნის და
თითქოს უფალიც ფიფქებით ტირის.
დაბერებული ხვდება ალიონს,
თვალისმომჭრელი შუქით ანათებს,
ვის დავაბრალო,ჩემი ბრალია,
უძღები შვილი გამასამართლე.
ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ,
ვიღაცის ზღვას და ვიღაცის მთვარეს,
ბებერ მთაწმინდას,ჭადრებს და თუთებს
ვერ გავუსწორებ ვერასდროს თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები