ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2013


მოვალ...

მოვალ მალე... ეს წვიმებიც ჩაივლიან,
წაუკითხავ ფურცლებით და ბარათებით,
მოვალ, თორემ მოლოდინი გაილია,
ბედისწერით გაგორებულ კამათლებით...
მოვალ, თორემ ალბათ უკვე გავიწყდები,
მაგ ფიქრებთან აღარა ვარ გარითმული,
მოვალ შენში კვლავ თავიდან დავიწყები,
როგორც ლექსი, მერამდენედ წაკითხული...
მოვალ, თუკი ჯერ კიდევ აქვს მოსვლას ფასი,
ერთმანეთთან მიგვესვლება თუკი ჯერაც,
თუ ჯერ კიდევ არ გამხდარა გრძნობა ფარსი,
თუკი ჩემი წვეთი ცრემლის მაინც გჯერა...
,,თუ არასდროს... ზოგჯერ თურმე აღარც გვიან,’’
იანვარი ხვრინავს ხახადაღებული,
მოვალ, მაგრამ შენს კარებთან თოვლი ყრია,
სულ ახალი ფანტელით და ნაფეხურით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები