ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2013


ბილიკი

ხის ჭიშკარს ვაღებ
და როგორც ცხადში,
ჭაღარას შენსას ისე ვხედავ
ღია სარკმელში.
(და დაჯერებაც არ მინდა წამით,
რომ წუხანდელი სიზმარი ჩემი
ვიღაცის ხელმა ჩასვა ჩარჩოში).

ვუჩქარებ ნაბიჯს და ისე ვკეცავ სიზმრისფერ ბილიკს,
თითქოს ქათქათა თეთრი ზეწრის დანამული ბოლო მეკავოს
ორივე ხელით,
რომ შევახვედრო ცხადს სიზმარი
და კოჟრებიან თითებს მოხუცის
დავატოლო ეს ხელისგული.

ბოლოს და ბოლოს ყველა ზეწარი იკეცება
და იდება ზედა თაროზე,
განსაკუთრებით ხმარებიდან გასულები,
დიდი ხნით გარდაცვალებულნი,
ბოლოწვეთსუნამოდაპკურებულები
და სახამებლით გახამებულნი,
რომლებიც უთოთი კი არა,
ბებიების ხელის გულით გადატკეცილან,
რომ ბილიკზე არ შეგვაწუხოს
უსწორ-მასწორო ორმოებმა ნაწვიმარების.

აღარ ჩანს სიზმრად ის ბილიკი_
გადაფარული თეთრი ტკივილით.
ნახშირის უთოც გაციებულა ცხადი დღესავით,
აღარ გვაოცებს თავის სიმძიმით.
და კარადაში დაწყობილ ზეწრებს
შეპარვიათ მკრთალი სიყვითლე,
ხოლო ღილები თვალებს ლულავენ ნაღვლიანად
ბალიშისპირზე.

უკან გზობისას ვანელებ ნაბიჯს,
ეზო კი მიმზერს მეზობლის გაბუტული ბავშვივით,
შავი თუთით რომ მოუთხუპნავს ორივე ლოყა,
მაგრამ მაინც მელოდება გულის ფართხალით_
ვაშლის ხის ფესვების თრთოლვით,
გაუბედავად გამოწვდილი პატარა ხელით_
იმ თხილის ტოტით, ჭიშკრიდან რომ გადმოწოლილა,
მელოდება, რომ მივტრიალდები,
მივუთათუნებ ნათუთარ ტუჩებს
ვითომდა სულაც სუფთა თითებს საკუთარს ჩემსას...
მე კი, გულსა ვტკენ სამივეს ერთად
და ჟანგისფერ კლიტეში ერთს ვამწყვდევ მხოლოდ_
ბოქლომს რკინისას.
...
გამთენიისას ვეღარ ვხვდები,
ცხადმა წუხელი რად მიღალატა,
ან სიზმარმა ასე ძალიან რად მიერთგულა.
იმ თეთრ ზეწარზე გამომეღვიძა,
ბებიის აჩრდილს მთვარესთან ერთად
ეზოს ბილიკზე რომ შემახვედრა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები