ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია როსტიაშვილი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2013


მწვანილი

ახალი გათხოვილი ვიყავი. პირველი სადილი უნდა მომემზადებინა და ვღელავდი. ჩვევა მაქვს ეგეთი, ყველაფერ პირველზე ვღელავ. რაღაც პროდუქტები კი მოვიძიე სახლში, მაგრამ მწვანილი იყო მოსატანი. წავედი ბაზარში. მშვიდად წავედი, პირველად კი არ მივდიოდი...

- ,,მარკოვკა“ იეფად, აჰა, რამდენი კილო, ლამაზოჯან. - სიტყვებთან ერთად  სტაფილოებიც სხაპა-სხუპით დაყარა სასწორზე გამყიდველმა.
- ვაშლი იყიდე, გოგო, ნახე, ისეთია, ადამს აცდუნებს. -  ცელოფანი გაამზადა მეორემ.
,,მარკოვკა“ მხოლოდ ბავშვობაში მიყვარდა, ისიც მხოლოდ ნახშირსა და ნახშირს შორის, ცხვირად ჩასარჭობად... ,,ჩემი წილი ადამი“ კი, უკვე ნაცდუნები მყავდა. ამიტომ საქმიანი ქალის იერით მოვიგერიე პირველი შემოთავაზებები. ისე ცხვირაწეულმა დავიწყე სასურველი პროდუქტის თვალებით ძებნა, მჟავე გამომეტყველების მქონე მწნილის გამყიდველმა ჩემს ცხვირთან მოტანილი ჯონჯოლი უსიტყვოდ დაუშვა. ეტყობა იფიქრა, ფეხი არ ჩამივა, ეს ასატრინა - ხიზილალის კლიენტი ჩანსო. რა იცოდა, რომ ორიოდე ღერი მწვანილისთვის გავისარჯე და თან (ვაი, სირცხვილო) მათი ცნობა ხეირიანად არც კი ვიცოდი. უფრო სწორად, მხოლოდ ქინძისა და ოხრახუშის  გარჩევა მიჭირდა ერთმანეთისგან, თორემ კამისა და რეჰანის ცნობა არასდროს გამძნელებია, ეგრეც კი არაა...

  ,,შინაური მწვანილი“ -  დანერწყვილი ფანქრით საგულდაგულოდ მიუწერიათ მუყაოს ნაჭერზე. ტრაფარეტი მოჭიდავის აღნაგობის მქონე ძია გამყიდველს სახეს სანახევროდ უფარავს. მწვანილის გარდა, ხშირი, გადაბმული წარბებისა და მათ ქვეშიდან გამოსროლილი (შ)ავი მზერის პატრონიცაა...
  კამის მოზრდილი კონები გაღიზიანებულმა მიაწოდა ორ თინეიჯერ გოგონას. თან ეუბნება:
- ვინ წაგიყვანთ თქვენა, კამა, ცერეცო და უჯანგარი ერთი გგონიათ...
- აუ, ბიძია, რატომ იწყევლებით? - გადაიკისკისეს გოგოებმა და გაგვეცალნენ.
კარგა ხანს უხერხულად ვატრიალე შავი ძაფით გაკოჭილი, ჩემი აზრით ტყუპებივით მსგავსი კონები, თან ვფიქრობ: ,,არ შეიძლება, ოხრახუში შავი ძაფით შეკრან და ქინძი წითლით? ან ქინძი შა...”
- ჰა! - დამიბღვირა ლოდინით გაბეზრებულმა მემწვანილემ.
- ეს... ქინძია? - ალალბედზე ვიკითხე.
- არა!
- და ეს... ოხრახუშია? -  დაბნეულმა ახლა სხვა კონაზე მივუთითე.
მომეჩვენა, რომ ნესტოები დაბერა და ორთქლი გამოუშვა.
- აჰ, არა... პეტრუშკაა, ეს... - ,,გამოვასწორე” შეცდომა.
მწვანილის ზვინიდან ტრაფარეტი ამოაძრო და გვერდზე გადადო. მოვიბუზე. ახლა უკვე მხოლოდ ერთმანეთის თვალებს კი არა, მთელ სახეს ვხედავდით. დავფრთხი რომელია...
- გათხოვილი ხარ? - ჩამეკითხა.
რა დროს ეს იყო, მაგრამ ერთი კადრი გამახსენდა მულტფილმიდან. ხარი წითელ ნაჭერს მიზანში იღებს, თან ფლოქვებს მიწაზე უსვამს, ემზადება...
აშკარაა, ბრაზიანი ძია მემწვანილე დარწმუნებულია, ვუპასუხებ: ,,არ ვარ გათხოვილი.” ის კი მეტყვის, რომ ვერც გავთხოვდები, იმიტომ, რომ ქინძი და ოხრახუში ერთი და იგივე მგონია, ოხრახუში და პეტრუშკა კიდევ - სხვადასხვა. პასუხი რომ შევაყოვნე, უფრო მკაცრად გამიმეორა:
_ ჰა, გათხოვილი ხარ?!
_ დი...იახ... გუშინწინ... _ ღაწვშეფაკლულმა და წამწამაფახულებულმა ჩავილუღლუღე.
პაუზა.
როგორც ჩანს, ჩემი პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ,,შინაური მწვანილის,“ არამედ მის აქეთ-იქით მდგარი ,,ნაღდი მარნეულის ქართოფილისა“  ,,უჭიანო ლობიოს“ გამყიდველებისთვისაც. ერთმანეთს გადახედეს. იმ ორმა უცხომ თბილად გამიღიმა, ,,ჩემი“ ჯერ ისევ ბრაზიანად შემომცქერის. მერე, უცებ, შუბლი გახსნა. წარბები, მე რომ აქამდე გადაბმული მეგონა, ერთმანეთს დააშორა და გულიანად გაიცინა.
_ მაშ, გუშინწინო?
ყოფილი ,,ბრაზიანი ძია მემწვანილე” აროხროხდა, ,,ქართოფილსაც“  გაეცინა და ,,უჭიანომაც“ გამოამზეურა ჭიანი კბილები. გამხიარულდნენ. მე უხერხულობისგან დაბნეულად ვიღიმოდი. იქვე, ყუთებში ჩაწიკწიკებული ,,თურქული მარა კაი პამიდორის“ ფერი დამეფინა ლოყებზე.
ხასიათგამოკეთებულმა მემწვანილემ ჯერ ტრაფარეტი დააბრუნა ,,ზვინზე“, მერე დაიხარა და  მწვანილის ვეებერთელა, თაიგულივით კონა ამოიღო დახლსქვემოდან.
_ აჰა, გამომართვი, _ მომაწოდა. _ ფული არ მინდა, საქორწინო საჩუქარი იყოს ჩემგან.

პირველი სადილი გემრიელი გამოვიდა, მოუხდა საჩუქარი. გამოგიტყდებით, დანამდვილებით ახლაც არ ვიცი, ქინძი იყო თუ ოხრახუში. კამა და რეჰანი რომ არ იყო, მაგაში კი დარწმუნებული ვარ. მაგათი ცნობა არასდროს მიჭირდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები