ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2013


ღმერთო - შენამდე...

როდესაც ვინმე მომიკითხავს თბილი ღიმილით,
მე კიდევ ვიცი, ეს იმიტომ, რომ რაღაც მთხოვოს...
ვბრაზდები... მწყინს... და გავიფიქრებ: - დავეხმარები,
ვახსენდებოდე, რა იქნება, სხვა დროსაც ოღონდ...

ღმერთო, შენთან კი, თუ მოვდივარ, რაღაცა მიჭირს...
არც მახსენდები გასაჭირის გარეშე, ისე...
ასეთი რაღაც ჩემს თავზე ხომ ძალიან მწყინს და...
შენ კი, უფალო, მიმიღებ და  თან, მშვიდად მითმენ...

მოვდივარ შენთან, ჩადენილი ცოდვების ნუსხით,
(თითქოს კანკალიც დაეჩვიათ ცოდვიან თითებს)
შენდობას ვითხოვ იმ იმედით - მომეტევება!
შენც... კვლავ მპატიობ და ისევე სიმშვიდით მითმენ...

და როცა ვინმე პატიებას უკვე მე მომთხოვს,
გამიჭირდება მიტევება, არა! ვერც შევძლებ!..
არადა,  თვითონ, როცა ღმერთო, იგივე გთხოვე
არც მიფიქრია, გაგიჭირდა შენდობა ეგებ...

ღმერთო, როდესაც ეჭვი შეაქვს ვიღაცას ჩემში...
რომ არ მენდობა, ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად...
არადა, შენი სასწაულის (რომელი ერთის)
მერეც, ვყოყმანობთ: ხან არ გვეჯერა და ხანაც - გვჯერა...

იმ კითხვაზეც კი დავინახე ამით პასუხი,
რაც უცნაური იყო ჩემთვის ერთ დროს ყველაზე:
რომ გზა ჩემამდე, შენგან ბევრად უფრო მოკლეა,
ვიდრე იმავე გზის სიგრძეა, ღმერთო, შენამდე...

ლიკა ოხანაშვილი

4.02.2013













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები