ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2013


სასახლე


მე მოვალ და მოვუსმენ შენი სახლის ფეთქვას...
ყურს დაგადებ და ისე მოვუსმენ,ვიდრე კარებს შემოვხსნიდე..
ვიცი რომ მომეწონება ის ბობოქარი მუსიკა,რომელსაც სისხლი გამოსცემს გადაადგილებისას...
შენი სახლი წითელი,ცხელი და მფეთქავია,
შიგნიდან სისხლითაა სავსე...
მე მოვალ,
გამოვხსნი შენი სახლის კარებს,
ან იმ ოთხი ფანჯრის სარქველებიდან შემოვძვრები და შიგ დავსახლდები სამარადჟამოდ...
დავსახლდები სისხლით სავსე სახლში,
რომელსაც გულის ფორმა აქვს და შენს მკერდში ძგერს მარცხნივ,
მეცამეტე ნეკნის უკან,
რომელიც ჩემი არარსებული ნეკნის ადგილას მდებარე სიცარიელის ფორმას იმეორებს...
შენ კი ჩემთან შემოგისახლებ.
ჩვენი სახლები გვერდიგვერდ,ან ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან,
გაერთიანდებიან და მინდვრის ყაყაჩოსავით აყვავდებიან...
და არ იქნება ჩვენს შორის ნასახლარები,
არც გაბზარულკედლებიანი სახლები,
არც სახურავმოხდილნი..
არც ფანჯრებჩამსხვრეული,
ან დარაბებმიხურული სახლები.
მე და შენ ერთმანეთს ვისახლებთ და ერთურთში დავსახლდებით.
ერთმანეთს შევუვსებთ უსახლობით გამოწვეულ სიცარიელეს,
ხელისგულებზე შევიწვავთ მზის ორცხობილებს და ნატეხ-ნატეხ,
ბოლო ლუკმამდე შევაჭმევთ ერთურთს,
ხოლო დამწვარ გულებს,ერთმანეთს შევუერთებთ და თითებს თითებზე გადავაჭდობთ,
ზედ კი მზის სხივებს შემოვიხვევთ მჭიდროდ,რათა შემთხვევით ხელი არ გამეშვას...
მერე კი წავალთ ჩვენი სასახლისკენ სისხლძარღვებივით მიმოკლაკნილი ბილიკებით,
სადაც ჩვენი სახლებიანად შევსახლდებით და ცად რამდენიმე ვარსკვლავი აენთება...

                                                                                            დმ.2013წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები