წუხელ ,,სულ რაღაც” ოცდაათი წლისამ დავიძინე, დღეს კი _ ბრახ! ოცდათერთმეტისას გამეღვიძა. მხოლოდ ჩემთვის გასაგები ლოგიკით, სანამ თვალებს არ გავახელ, ოცდათერთმეტისად ჯერ არ ვითვლები. ჰოდა, ვწევარ თვალდახუჭული, სად მეჩქარება?.. მე შენ გეტყვი, საწოლში ლანგრით მორთმეული ყავა გამიცივდება, ან საბანზე მიმობნეული მაგნოლიის ფოთლები ჩამოჭნებიან... მორჩა, რამე სასიამოვნოზე უნდა ვიფიქრო. მაგალითად იმაზე, რომ ახალი პიჟამო მაცვია, ზედ მზის წნულთან მიხატული გაურკვეველი სქესის თეთრ-შავი პინგვინებით. იდეაში, დედალ-მამალია, მაგრამ თავს ვერ დავდებ. რაზეც თავი დავდე, ისიც ვერაა კარგ დღეში. დედაჩემის სტუდენტობის დროინდელმა ალუმინის ბიგუდებმა შეუბრალებლად დაბეჟეს ბალიშის ბუმბულოვან-ფაფუკოვანი ფიზიონომია. ჩატკეპნ-ჩაწიხლეს და ლეიბთან გასწორეს. რა გამიხდა, მართლადამართლა, ნორმალური ბიგუდების ყიდვა? რაღა დროს ალუმინი და რკინა-ბეტონია?! მისკდება თავი. გარედან ბიგუდები მწიწკნის, შიგნიდან - სრულიად არაფრის მომცემი ფიქრი პინგვინური წყვილის უსქესობასა და ჩემს დაუწყვილებლობა-უსექსობაზე. ბუნებრივია, საშინელ განწყობაზე ვარ. ,,ნუცა, მისმინე, - ვეუბნები საკუთარ თავს. - თუ ბუნებრივია, ე.ი. ყველაფერი როგორც წესი და რიგია, ისეა. ,,წესრიგია” ნიშნავს - ყველაფერი კარგადაა. თუ კარგადაა, ე.ი. არ მაქვს საბაბი ცუდად ვიყო. ჰოდა, თუკი საბაბი არ მაქვს, რატომ უნდა ვიყო ცუდად? დასკვნა: ბედნიერი ვარ!” ეს სოფისტური ავტოტრენინგიც აღარ მშველის, რაა. ჩემმა დაქალმა ბეტამ მასწავლა, ოცდაერთის რომ გავხდი. რა ვიცი, მაშინ კი მიშველა და... სხვა გზა არაა, ამ ამბავს უნდა შევეგუო - დიდი გოგო ვარ. იმდენად დიდი, რომ სიტყვა ,,გოგო” უკვე სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რომ არც ქალი ვარ?! ამ ასაკისა რომ მოიყრები და აღმოაჩენ - შენი გული და ხელი ჯერ არავის უთხოვია და რაც უთხოვიათ, იმის მიმცემი ათასი წელი არ იქნები შენი ქართულ-ტრადიციული აღზრდის გამო, რა გამოდის? პოტენციური შინაბერა ქალიშვილი ხარ და არა ოცდაათს გადაცილებული დიდი გოგო. რა საწყენია... არადა, თითქოს არ ვარ მთლად შეუხედავი. ოთახის კარზე კაკუნის ხმამ უცებ ისე შემაშინა, კინაღამ თვალები დავჭყიტე და თავი ნაადრევად დავიბერე. _ იუბილარს მიესალმება მსოფლიოს უსიმპათიურესი ბაბუა! ბაბუ მართლა უსიმპთიურესი და უსაყვარლესია. ჩვენი ოჯახის სავიზიტო ბარათი - შხვართი, ოდნავ მხრებში მოხრილი და თეძოგანიერი ცხვირიც კი საყვარლად გამოიყურება მის ფუმფულა სახეზე. _ შემოდი, ბაბუ, ჩამოჯექი. _ ვზივარ, კაცო, უკვე! რატომ არ მიყურებ? გაახილე! _ ვერა... გუშინდელი კალენდარული დღის ნარჩენებს ვებღაუჭები. _ ჩაბღაუჭება ფართოდ დაჭყეტილი თვალებითა და სასოწრკვეთილად დაფჩენილი პირით ვიცი, ბაბუ, მე! გამეცინა. სკამი ჩემს საწოლთან ახლოს მოახოხა. _ აბა, პრინცესა, _ დაიწყო... ჩემი რეალობას მოწვეტილი ბაბუ... _ ამოირჩიე: საჩუქარი, თუ ბრძნული რჩევა? უსიტყვო შეთანხმება გვაქვს. ქვის ხანიდან მოყოლებული, ნამდვილი ბრძენივით, ყოველთვის რჩევას ვირჩევ. _ მაიტა საჩუქარი. _ ამქვეყნად მარადიული არაფერია... ცალ თვალს ვახელ, რეაქცია მაინტერესებს. ეგეც შენი 30 და 6 თვე. _ არაგონივრული პასუხია! _ სერიოზულად ბრაზდება. იმდენად სერიოზულად, რომ ლოყები უწითლდება. ჩემი ბაბუ... _ კარგი, ჰო... რჩევა, თანაც ბრძნული, ძალიან მჭირდება. რას ურჩევდი ჭკნობა და ცელულიტშეპარულ, პოტენციურ ქალიშვილ შინაბერა პრინცესას? _ მეორესაც ვახელ, რომ მერე თვალი ჩავუკრა. მორჩა, 31-ია. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. _ პოტენციური ქალიშვილობა რაღა უბედურებაა, კაცო?! უბედურებაა, აბა რა ჩემი ფეხებია... ჩემს ,,წისქვილის დოლაბებით” დახუნძლულ თავს აქეთ-იქიდან მხრები შევუდგი, ჰაერი შევისუნთქე და პრესდაჭიმულმა ნელ-ნელა წამოვწიე. _ იმედია, შენი საჩუქარი ასე არ ჟღერს: ქალი სახლში იჯდეს, ხელისა და გულის მთხოვნელს ელოდესო. არ ამართლებს, ვადა გასული სიბრძნეა, მით უმეტეს, ვადა გასული გოგოებისთვის. _ ახლებური ინტერპრეტაციით შემოგთავაზებ, ბაბუ! ელოდე გულისა და ხელის მთხოვნლეს, მაგრამ არა გულხელდაკრეფილი! და კიდევ... _ წელს, როგორც ჩანს, საჩუქარს ბონუსიც მოყვება. _ ვადაგასულობა რომ დაიბრალო, სულ ცოტა, ბებიაშენივით უნდა დაგიმჟავდეს ხასიათი. _ ჩამჩურჩულა და ცხვირზე მომქაჩა. მე კიდევ ეს მინდოდა? ისედაც ყველაფერი გრძელი მაქვს: ცხვირი, თმა, ენა და ქალიშვილად ყოფნის პერიოდი. _ გავედი ახლა მე, პრინცესა. წამოდექი. მე შინაური ვარ, მაგრამ ბებიაშენს და დედაშენს საწოლში ხომ არ დახვდები, არა?! უხერხულია. _ მიყვარს ბაბუს გრილი იუმორი. _ შენი ძმა და რძალიც გვესტუმრებიან, ალბათ. ჰა, ადექი, მომლოცველები გელიან! _ უთხარი, რაა, მომლოცველებს, არ შემოვიდნენ. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, მერე თვითონ გამოვალ.
საქმე არა ფეხები. ინტერნეტში შევედი, პირველ მილოცვას მექანიკურად ვუპასუხე: ,,დიდი მადლობა, საყვარელო!” და კოცნის სმაილიკიც მივაწერე, თუ მივახატე. კიდევ კარგი, ვერ მხედავენ. კოცნა და ღიმილი კი არა, ერთმანეთზე მაქვს წარბები გადანასკვული... ,,დავაქსეროქსე” ეს ჩემი მადლობა (გაახარებს ღმერთი ,,ქოფი-ფეისთის” მომგონს) და ვალმოხდილმა გავთიშე კომპიუტერი. რამდენიმე ესემესსა და ზარსაც ვუპასუხე. მორჩა, ეგეც ჩემი საქმის მოგვარება. ოთახიდან უკვე გამოვდიოდი, კიდევ ერთი ესემესი რომ მომივიდა: ,,ნუც ერთი კველას კარგიც მ ცამო დგეს დავთვრეთ” ბეტაა. პრინციპულად უარს აცხადებს სასვენი ნიშნების ხმარებაზე. განა გრამატიკა არ უყვარს, პირიქით. _ რომ მიყვარს, მაგიტომ არ ვხმარობ. სიყვარული სუფთა რამაა, ნუც. _ ასე ამიხსნა.
ბავშვობის მეგობრებიდან მარტო ბეტა შემომრჩა. სკოლაში ერთ მერხთან ვისხედით, ამ გადასახედიდან, ორი უფერული არსება. ორივე ფრიადოსნები და მუდოები. ჩემთვის დღემდე გაუგებარი მოტივაციით, იმას ბებია ეძახდა პრინცესას, მე _ ბაბუა. არადა, არც ერთის სილამაზე მოგჭრიდა თვალს და არც მეორის ძვირფასი კოლიეს მრავალკარატოვანი ელვარება. ორივე ბედკრულები (ამას რამდენიმე წლის წინ მივხვდი), ღარიბი მშობლებისა და დაქცეული ქვეყნის შვილები ვიყავით. ბაბუაჩემისგან განსხვავებით, ბეტას ბებიას მცირე საბაბი მაინც ჰქონდა, შვილიშვილისთვის პრინცესა ეწოდებინა, რაც არ უნდა იყოს, ელიზაბეტა დედოფლურად ჟღერს. მართალია, ბეტას მაშინ ელისოს ვეძახდით, მაგრამ სიაში ხომ ელიზაბეტა ეწერა?.. სტუდენტი ელისო გერმანიაში წავიდა რამდენიმე წლით და იქიდან ბეტად დაგვიბრუნდა. უფრო სწორად, მუდო ელისოს ნაცვლად მოლაქლაქე ბეტა დაბრუნდა. თითქმის გადახოტრილი თმა, დაბოხებული ხმა და ხმამაღალი სიცილი _ ეს ბეტა იყო. ძველ ელისოს მე უფრო ვგავდი: ისევ გრძელი თმა მქონდა და ხელის პირზე მიფარებით ვიცინოდი. ნუ, ისევ ქალიშვილი _ თავისთავად. ქალიშვილობა ხომ ჩემი ბედისწერაა.
_ აეეე!.. _ სამზარეულოდან ჩემი ძმის ხმა შემომესმა. დედამ კარზე მომიკაკუნა _ დიტო და სალი მოვიდნენ, გამოდი. _ ნუ-ცაა! _ ბიგუდებდახვავებული თავი სამზარეულოში შევყავი თუ არა, გაბადრულმა ბებიამ მკლავები ფართოდ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაშალა. ბებია-ბაბუა მაინც სხვანაირად ყურადღებიანი და თბილი ხალხია, რაა... სანამ მადლობის სათქმელად პირს გავაღებდი, უკვე გულში ვყავდი ჩახუტებული. _ ნუცა, ბები, უნდა გაგახარო! _ შენც სიბრძნე უნდა გადმომცე? _ შევცინე. _ რაის სიბრძნე, ბები, ახალი და ბედნიერი ამბავი უნდა გახარო! _ რა ხდება, ვთხოვდები? _ ავტოტრენინგი არ გამომდის, თორემ თვითირონია _ იცოცხლე. _ ბები, სალია ორსულად! სალიმ მორცხვად შემომღიმა, დედაჩემმა გულში ჩაიკრა, ბაბუამ დიტოს მხარზე ხელი დაუტყაპუნა. _ აეეეე! _ დაიყვირა შეზარხოშებულმა დიტომ და დაასლოკინა. _ ვა, რა მაგარია! _ გამეხარდა მე და სადღაც, გული დამწყდა, ჩემი იუბილარობა ბაბუას გარდა არავის რომ არ გაახსენდა. _ დიმიტტტრი ბეჟანოვიჩ!.. _ ბაბუს დაჰყვირა ჩემმა ძმამ, თავადაც დიმიტრი ბეჟანოვიჩმა. მამა ბეჟან დიმიტრიჩი იყო. მარაზმია, რა, ეს ტრადიცია, ორ სახელს ატრიალებს მთელი გვარი. _ რასაც იტ..ტყვი... იმას ვარქმევ... ვსო! აეეე!.. იტყვიიი თეოფილეს _ ვარქმევ თეოფილეს... იტყვიიიი ტაბურეტკააას _ ვარქმეევ ტაბურეტკას... იტყვი დიმიტრი ბეჟანოვიიიჩს... ვარქმევ... სალის გავხედე. ნერვიულობისგან ტუჩებს კევივით ღეჭავს და თითებს იტაცუნებს. აი, ეგეთი უსიტყვო ნერვიულობა მე არ გამომდის. რაღაცნაირი გოგოა, ჩემს მუდო ბავშვობას მაგონებს. მუდო ეძახე და მე თუ ოცდათერთმეტი წლის ქალი ისევ გოგო ვარ, ეგ ოცდაერთი წლის გოგო უკვე ქალია. ფაქტს აღვნიშნავ, თორემ კი არ მშურს, ღმერთმა დამიფაროს. როგორც ყველა ჩემი ასაკისა და მდგომარეობის ქალიშვილი, მეც იმით ვიმშვიდებ თავს, რომ მუქთახორა (ჩემი ძმისნაირი) კაცის ცოლობას სულ გაუთხოვრად დარჩენა ჯობია. _ რაიო? ტაბურეტკას გავაფუჭებინებ, ბიჭო, ჩვენს მეფურ გვარს?! _ ბაბუმ ისე ამაყად გადაიწკიპა ულვაში, მგონი მართლა სჯერა, რომ მეფური გვარი გვიბოძა. ერთი გვარი მაქვს მეფური და მეორე _ ცხოვრება: გვარი: სირაძე; ასაკი: ოცდაათს გადაცილებული; სტატუსი: პოტენციური შინაბერა ქალიშვილი; საქმიანობა: დროებით უმუშევარი; ფინანსური მდგომარეობა: ქრონიკულად უფულო.
_ თუ გოგო გაჩნდაა... დავარქვაათ... ბაბუ საუბრისას საინტერესო ადგილას დაბრეხვებულ პაუზებზე გიჟდება. დედა ხახვს ჭრის, სალის ცრემლი მოსდის. ბებო იატაკს წმენდს, სალი ცრემლს იმშრალებს. ბაბუ პირს აღებს. სალი ტუჩს იკვნეტს. ახლა ბაბუამ რომ თქვას, ბეჟანუშკა დავარქვათო, ნერვებს ვინ ჩივის, ნამდვილად მუცელი მოეშლება ჩემს რძალს. _ დავარქვათ თამარი. რას იტყვი, რძალო? ,,რძალოს” უხარია. დაკვნეტილი ტუჩებით იღიმება და დატკაცუნებულ თითებს თმაში იცურებს. ეგეთია. ნერვიულობაც უხმო იცის, სიხარულიც. მუნჯი გეგონება. უცებ _ თხლაშ! _ ბებომ რის ვაი-ვაგლახით გაწურული ტილო ისევ წყლიან ტაშტში ჩაანარცხა და ისეთი ხმა ამოუშვააა! _ გაგათამარებ, მე შენ! ა, ქალი. ბრაზდება _ ხმაურობს, უხარია _ ხმაურობს, ტილოს აგდებს _ ახმაურებს. _ რა იყო, ქალო, მეფის სახელია, აბა შენსავით მელანოს ხომ არ დავარქმევთ. _ თვალი ჩაგვიკრა ბაბუმ. თავი უშიშრად უჭირავს, მაგრამ ორი-სამი ნაბიჯით უკან იხევს, ვითომ ფანჯრიდან გადასახედად. _ მაშ, თამარი მეფეა და მე _ მდაბიო, არა?! ო, მელანო, მელანო... ხმაურიანი გაბრაზება რომ შეგეძლო კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი?! თან რის გამო? _ იყოს მელლანნო... ბაზარი არაა! _ ასლოკინებს დიტო. სალის თვალები ისევ ეცრემლება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, არ უნდა მელანო. ჰო, რა, რომელი საუკუნეა, რა დროს მელანოა? წარბების აწევ-დაწევით ქმარს რაღაცას ანიშნებს, ალბათ არ გვინდა მელანო და ტაბურეტკა, თამარი ჯობიაო. დიტო ახლა აწეულ და დაწეულ წარბს კი არა, ბაბუას და ბებიას ძლივს არჩევს ერთმანეთისგან. _ მაშ, თამარს არქმევს ვაჟბატონი?! _ თავშლის კვანძი ნერვიულად გახსნა და ხელხლა გამოკვანძა ბებომ. _ მაშ, მოგენატრა თამრო-თამროს დაძახება, არა?! მაშ, იმ გათახსირებული გომბიოს სახელი გიტრიალებს თავში, არა?! ვაჰ, ეჭვიანობს? ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გადავიხარხარო. ისე, ბეტას ბებოსაც თამრო ერქვა, ხომ იცი!.. ბაბუ აშკარად დაიბნა. ბოთლი აიღო და ქოთნის ყვავილის მორწყვა დაიწყო _ სიცოცხლეში პირველად. თან ცდილობს, სიმხნევე შეინარჩუნოს: _ შენცა, რა, ქალო... ოცდაათი წელი გავიდა, რით ვერ დაივიწყე. ერთხელ იყო და მორჩა. _ თან წლებიც რომ დაუთვლია! _ დოინჯი შემოირტყა გაკაპასებულმა მელანომ. _ არყის ბოთლი რა იქნა, ტო? _ უკვირს დიტოს. ბაბუ შემცბარი ატრიალებს ხელში ცარიელ ბოთლს. _ ვაიმე! _ კივის დედა და ქოთანს ხელსახოცით წმენდს. _ ამ ყვავილის საყიდლად მთელი ქალაქი შემოვიარე გუშინ! _ მორწყა, ტო? _ უკვირს დიტოს. სალი ცმუკავს, თმის ბოლოს აწვალებს. რაღაცის თქმა უნდა. ახლა რომ თქვას _ ეი, თქვენ! მიმიფურთხებია თქვენი აზრისთვის, ჩემს შვილს რასაც მინდა იმას დავარქვამო _ ტაშს დავუკრავ. მე ვიყო სინდიოფალა, ტაში თუ არ დავუკრა და ვაკოცო. თან ვეტყვი _ სალი, მაპატიე, რომ გულში მუნჯს გეძახდი. დღეიდან შენი ფანი ვარ. _ აჰუმ... _ ჩაახველასავით სალიმ და მორიდებლი ხმით თქვა: _ ხახვი დაგეწვათ, დედა.
შეძლებისდაგვარად გავიპრანჭე. სისხლისფერი ლაქი მისვია, ამ ლაქისფერი კაბა მაცვია და კაბისფერი ჩრდილებიც მივისვ-მოვისვი თვალის კუთხეში, ახლადდაჩეკილ ნაოჭებზე. ,,ვინ არის ეს ქალი, ასეთი ცისფერი...” _ გავიმხნევე თავი სარკესთან. პოეტურმა ფრაზამ რომ არ გასჭრა, პროზაულად დავამატე _ ,,ლურჯის ტონალობები ძალიან გიხდება, ნუც.” ასე ვიქებ თავს და ვეხუმრობი, აბა რა ვქნა? თან საკუთარ თავთან ხუმრობას ერთი უპირატესობა აქვს, ახსნა არ გჭირდება. სხვისთვის რომ მეთქვა, სისხლისფერში ვარ გადაწყვეტილიო, ხომ მკითხავდა, აბა, წითელი რატომ არ გაცვიაო? მერე უნდა ამეხსნა _ ,,მე ხომ ცისფერსისხლიანი ვარ...” _ და იმ ვიღაცის ირონიული ჩაღიმილების გამო განწყობა მომშხამვოდა. ისე, მე თუ მკითხავთ, სარკის ზედა მარჯვენა კუთხეში (ცაციებისთვის - მარცხენა კუთხეში) ღილაკი უნდა იყოს დამონტაჟებული. დილით, სახლიდან გასვლის წინ ამ ღილას თითს მიაჭერდი და - ჩხაკ! გადაღებულია. საღამოს, სახლში შემოხვიდოდი თუ არა - ჩხუკ! ესეც გადაღებულია. მერე წკაპ-წკუპ! - გვერდიგვერ ამოგიგდებდა ,,დო ი პოსლე“ ვარიანტს. შეადარებდი და მიხვდებოდი, რამდენად სასიამოვნო დღე გქონდა. გენიოსი ხარ, ნუც! თავს ობიექტივის თვალით შევხედე: მშვენიერი კადრი ვარ! მთავარია, საღამოს რომ დავბრუნდები, ,,ჩხუკზე“ ფოტოს ნაცვლად ტექსტი არ ამომიგდოს: ,,ბოდიშს გიხდით, მოწყობილობა წაშლილ ნაკვთებს ვერ კითხულობს.“
სამზარეულოდან ისევ ყვირილის, ტირილისა და კბილთა ღრჭენის ხმა ისმის. სახლი კი არა, საგიჟეთია. გავედი მე პაემანზე. _ სად გაიქეცი? ნანი და ლილი და მაგული უნდა მოვიდნენ! _ მომაძახა დედამ. _ მით უმეტეს... _ უკვე მიხურულ კართან ჩავილაპარაკე. დედაჩემის ამ სამ დაქალს ,,სიამის სამაია” შევარქვი. სიამის ტყუპებივით, ყველგან ერთად დადიან. კარს გააღებ და ერთი გიგანტური სხეული დგას, მიყოლებით ჩამომწკრივებული სამი თავით. ასე მგონია, ერთხელაც ერთ-ერთი დაქალის გარეშე რომ მოვიდნენ, დანარჩენ ორს, მხარ-მკლავის ჩაყოლებაზე, აუცილებლად ექნება ახალმოშუშებული, გრძეეელი ნაწიბური. ,,სიამის სამაია” გიჟდება შეკითხვაზე: ,,ნუციკო, უკვე დროა, რატომ არ თხოვდები?” როგორც კი ამ კითხვას მისვამენ, ნათლად ვგრძნობ, რომ საგულდაგულოდ დაეპილატორებულ მკლავებზე, არ არსებული ბალანი ყალყზე მიდგება. როგორც ჩანს, დედაც ხვდება და მუდარის თვალით შემომყურებს. დიტოსგან განსხვავებით, წარბის ოდნავ შესამჩნევი აწევ-დაწევაც მყოფნის მისახვედრად... სხვა რა გზაა, ჯერ კოპებსა და შეკრულ კრიჭას ვხსნი, მერე ჩემი არგათხოვების მიზეზს: _ ნანი (ლილი, მაგული) დეიდა, რომ მინდოდეს, ხვალვე გავთხოვდები, მაგრამ ხომ უნდა ღირდეს?.. სინამდვილეში, რაც არ უნდა მინდოდეს ხვალ გათხოვება, არაფერი გამომივა. სულ ორი მამაკაცი არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ერთია ოთო, რომელსაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზით მოვწონვარ და მეორე _ ჯიო, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზით მომწონს. ცოლობას კი პირველიც კი არ მთავაზობს, არათუ მეორე. ჯიო მე და ბეტას კლასელია, სკოლაში არ ვეურთიერთობოდით _ სამოსანი იყო. სტუდენტობის პერიოდში შემთხვევით ქუჩაში შეგვხვდა, ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა... იმ დღიდან დავმეგობრდით. ოთო რამდენიმე თვის წინ გავიცანი, ინგლისურის რეპეტიტორთან. განათლებული, მაგრამ როგორღაც, თონთხლო ტიპია. დარწმუნებული ვარ, სკოლის პერიოდში ყველა კლასელი გოგონა მასთან დამეგობრებას ცდილობდა, სტუდენტობისას _ არც ერთი. ამათი ერთმანეთში გადაზელვა და ერთი კაცის გამოდნობა რომ შეიძლებოდეს... დღეს ოთოს უნდა შევხვდე. ამ ამბით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ დაბადების დღეზე მარტო ბეტასთან ერთად გამოთრობა არარომანტიკულია. ჯიოს არც მოულოცავს და რომც მომილოცოს, არა მგონია სიმპათიური თავი ჩემი სადმე დაპატიჟებით შეიწუხოს. თან ეს ჯიო უკვე ფეხზე მკიდია, რაა. თავმოყვარეობის ამბავია, აწი რომც მეხვეწოს, არ შევხვდები. ნუც, ვინ არის ჯიო? ვინ ჯიო? აი, ხომ ხედავ, უკვე მისი არსებობაც აღარ მახსოვს. ოთოს რა სჭირს ჩემი დასაწუნი? წესიერი ადამიანია, ბევრს მუშაობს, ცოტას სვამს, კიდევ უფრო ცოტას ლაპარაკობს და საერთოდ არ ეწევა. ძალიანაც მიხარია, მასთან პაემანი. მთავარია, სადმე ისეთ რესტორანში წამიყვანოს, სადაც ჯიოს ყოფნის დიდი ალბათობაა.
იდიოტია, რაა. მინდვრის ყვავილების უზარმაზარი თაიგულით ხელში დამხვდა. მარჯვენა ხელში ყვავილები, მარცხენაში _ გალიით ლეკვი. პატარა, საცოდავი, ჩემსავით სევდითა და უიმედოობით სავსე თვალებით. ყელზე სულელური, მდაბიოთა სისხლისფერი ლენტით. რა მექნა, გამოვართვი. მარცხენათი თაიგული, მარჯვენათი _ გალია. _ ,,ბროლის ქოხში” შევიდეთ, ნუცა? სასიამოვნო გარემოა, თან აქვეა. ვაიმე! ჯიოს საყვარელი რესტორანია. თაიგულით და ლეკვით ხელში რომ დამინახოს, კოსტიუმიან კაცთან ხელკავით, კი არ იეჭვიანებს, დამცინებს. ჯიომ რომ დამცინოს _ მოვკვდები. მე კი არ მინდა ქალიშვილად მოვკვდე. თან ასეთ უცნაურ ასაკში, ცხოვრების დასამთავრებლად ძალიან ადრე რომაა და ახლიდან დასაწყებად კი საკმაოდ გვიანი. _ არა, არ გვინდა რესტორანი. გზის იქით, პარკში ჩამოვსხდეთ. _ მეც კარგი ეშმაკი ვარ, ორ კურდღელს ვიჭერ: ჯიო ვერ დამცინებს და ოთოს ეგონება, მის ბიუჯეტს ვუფრთხილდები. სანამ პარკამდე მივიდოდით, მილიონჯერ მაინც დავაცემინე. პირველ სამ დაცემინებაზე ,,სიცოცხლე” ,,ჯანმრთელობა” და ,,ბედნიერება” მითხრა. მეოთხეზე: _ ნუც, შემთხვევით, ალერგია ხომ არ გაქვს ძაღლის ბეწვზე? _ არა, _ გავუღიმე შეძლებისდაგვარად მომხიბვლელად. _ ძაღლზე არა, ყვავილებზე. გაფითრდა. თაიგული გამომართვა და შეშინებულმა ჩამხედა თვალებში: _ ცრემლებიც ყვავილის ალერგიის ბრალია? _ არა, _ ისევ შევღიმე. _ ყვავილის არა, ბეწვის... ხის გრძელ სკამზე ჩამოვმწკრივდით: მე, ლეკვი, თაიგული და ის. რაღაცების ბუტბუტი დაიწყო, საიდანაც მხოლოდ ,,მაპატიე” გავარჩიე. მობილურმა დარეკა. გაახარებს ღმერთი, ვინც არ უნდა იყოს. _ ნუციო, შვილო, მაპატიე _ ვერ მოგილოცე... ხომ ნახე რა ხდებოდა. შენი ძმის ხელში კიდევ კარგად ვარ. ასეთ ბედნიერ დღეს მაინც როგორ გამოტყვრა არყით?! არ ვიცი, რა... ახლა ამ ყვავილზე რა დამემართა?! შენ რომ წახვედი, მერე ბებიაშენს გული გაუხდა ცუდად... აი, მაგასაც უნდა მოლოცვა, მოიცადე... ,,მაგასაც” თორემ თვითონ ხომ რას ამბობ, მომილოცა... _ ბები, ეს რა მომივიდა, მე გამოყურყუტებულს, როგორ ვერ მოგილოცე... გახარებული მეყოლე, კარგ ბედში ჩავარდი, ბებიკო, გამრავლდი! პატარა საჩუქარი მოგიმზადე, შენს ოთახში დავდებ. ჩემთვის ძალიან ძვირფასია, შენი ხნის რომ ვიყავი, იმ დროის მოსაგონარი. რა ვქნა, ბები, ძველი დრო იყოს _ სხვანაირად მოგილოცავდი. ლეკვი უძრავად ,,დევს”, მხოლოდ თვალებს ახამხამებს. ოთო ადგილზე ცმუკავს. საერთოდაც, ეგ მგონი, ავადმყოფია, მთელი ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ ამდგარა. ლეკვზე ვამბობ. _ აი, ჩემს ოთახში რომ პატარა გარდერობი მიდგას, მაგის ზედა თაროზე _ ამასწინათ რომ ჩამოვარდა და ბაბუაშენს ძლივს დავწერე ჯვარი დაემაგრებინა... ე, მაგ თაროზე ვაწყობდი გაუთოვებულ-გატკიცინებულ თეთრეულს. თეთრეულის ქვეშ, როდის გინდა შეგეხედა, რაღაც ორი კაპიკი ყოველთვის მქონდა გადამალული. ვინმეს კი არ ვუმალავდი, ბები, სულ თქვენთვის არ მინდოდა ყველაფერი?.. უი, ჩავირთე პატეფონივით, დავუხარჯე დედაშენს ანგარიში... აი, სხვებსაც უნდათ, მოგილოცონ. გაკოცე, ბებიკო, ჭკვიან შუბლზე! სიჩუმე. მივხვდი, სალი მილოცავდა. ბოლოს დიტომაც დამაფასა: _ აეეეეე!.. გავთიშე. _ ოჯახის წევრები მილოცავდნენ. _ ვთქვი და დავაცემინე. _ აი, დაამტკიცე. _ იხუმრა, თან თაიგული თავისკენ მისწია. _ რა დიდხანს გილოცავდნენ... _ ჰო, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხია. _ თვალზე ცრემლი მომადგა. მიხვედრილი ბიჭია ოთო, გალიაც თავისკენ მიაჩოჩა. ესეც ასე. ახლა რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? უხერხულ დუმილს ბეწვზე გადავრჩით. ერთი გამხდარი, კეთილსახიანი ბაბუა მოგვიახლოვდა გასაბერი კი არა და, გაბერილი, გულის ფორმის ბუშტებით ხელში. _ იყიდეთ, რაა, შვილებო... ოთომ ხელი ჯიბისკენ წაიღო. _ არ მინდა! _ სასოწარკვეთილმა შევძახე. ამ ლეკვს და ყვავილებს ბუშტებიც რომ დაემატოს, ჯიო და ბეტა კი არა, მეც დავცინებ საკუთარ თავს. _ უყიდე, შვილო, უყიდე!!! _ თხოვნიდან ბრძანებაზე გადავიდა თვალთმაქცბაბუა. _ ერთი რაა, კაცო, სამი მაინც არ უნდა აიღო?! _ თან რომ ანამუსებს კიდეც! რა კეთილი სახე, რის სათნოება, ფაცხა-ფუცხით ჩასჩარა დაბნეულ-დაძაბულ ოთოს მუჭში პლასტმასის ჯოხები, ზედ დაკოსებული ფერადი გულებით. ეს საწყალიც, ვხედავ, ბუმაჟნიკს ხსნის. აი, ძალიან გავბრაზდი! დავტაცე ხელი ბუშტებს და გაცეცხლებულმა მივაჩეჩე აფერისტბაბუს. მოხუცმა ისევ საბრალოს გამომეტყველება მიიღო და გაგვეცალა. _ რა პრობლემა იყო, ნუცა, გვეყიდა, ცოდო იყო... _ არა რაა, ეს კაცი ოჯახის თავად არ გამომადგება. _ ძალიან მომეწონე შვილო, ლამაზი გოგო ხარ. _ მობრუნებულა ჩვენი მებუშტე! და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა _ ლამაზი გოგო ვგონივარ. _ აჰა, შენ ერთი ბურთი. გამოვართვი შერცხვენილ-დარცხვენილმა, გადავიჭიმე ღიმილი მარჯვენა ყურის ბიბილოდან მარცხენამდე. _ ძალიან მშვენიერი გოგონა ყოფილხარ, წეღარ როგორ ვერ შეგამჩნიე?.. აჰა, შვილო, მეორე ბურთიც... გავიბადრე, წამოვწითლდი... _ თან იუბილარია დღეს. _ ახარა ოთომ. _ რას მეუბნები, კაცო! _ აშკარად გაეხარდა. მე კიდევ, რა საძაგელი ვარ, ხან აფერისტი ვეძახე, ხან თვალთმაქცი... _ აჰა, მაშინ ყველა ბურთი იუბილარს! სანამ მე მადლობებად ვიფრქვეოდი, ოთოს მიუბრუნდა, ხელი გაუწოდა: _ ათი ლარისაა, შვილო.
ვიდრე იმ ბარამდე მივიდოდი, სადაც ბეტა მელოდებოდა, საკუთარ თავს ვლანძღავდი. რა მინდოდა პაემანზე კაცთან, რომელთანაც ინგლისურის რეპეტიტორის გარდა, სხვა საერთო არაფერი მაქვს? _ ნუთსა, გილოთსავ! _ ბარში შესულს ვიღაც ბლანჟეიანმა ტიპმა ხელი ამიწია. საერთოდ, ქერა კაცზე ბლანჟე არ მომწონს, მაგრამ თუ ასეთი დაკუნთული სხეული აქვს... _ აქ ვართ! _ ასეც ვიცოდი, გვერდით ბეტა უზის. _ ეს ჩემი სულ ახალთ-ახალი მეგობარია, მეზობელი სუფრიდან. შამპანიურივით შუშხუნა და მათრობელა გრეგორი. _ გამაცნო ბეტამ. _ ახალტ-ახალი, ცკელ-ცკელი! _ გულიანად გაიცინა მისტერ ბლანჟემ. ვიღაცას მაგონებს, ნეტა ვის?... სიცილში ბეტაც აჰყვა. როცა დამშვიდდნენ, ბეტამ კოლოფიდან სიგარეტი ამოაძრო, ბლანჟემ სანთებელა გააძრო. ბეტამ სანთებელას შეჰღიმა და სიგარეტგარჭობილი ხელით ვისკის ჭიქა აიღო. _ შენ გაგიმარჯოს, ნუც! შენი საჩუქრის ნაწილი გრეგორის ვუფეშქაშე, ნაწილი მივითვისე და არც ისეთი უსინდისოები ვართ მე და გრეგორი, შენთვისაც არ შეგვეხვედრებინა. _ როდის მოასწრო ამდენის დალევა?.. _ აბა რა! _ დაეთანხმა ბლანჟე. ვაჰ, ვის მაგონებს?.. ვითომ ბრედ პიტს? სანამ მე ვაკვირდებოდი და ვმკითხაობდი, ვისკის ბოთლს დასწვდა და მიმტანს გასძახა: _ ჩიკა საჩუკრის ჩასხმისტვის! ბეტა სიცილისგან ჩაბჟირდა. ბლანჟეც აჰყვა. მე თუ მკითხავთ, ქერა კაცს ბლანჟეს ტარებას კანონი უნდა უკრძალავდეს. არანაირი ,,ეს ხომ ათლეტური ქერაა” და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებანი. გიჟებივით იცინიან, ვერ წყნარდებიან. საშინელ განწყობაზე დავდექი. ჩემმა ტელეფონმა წაიმღერა. მესიჯი უგულოდ გავხსენი და უცებ გული გამიტკაცუნდა _ ჯიოსგან იყო. ,,ნუცა, შენი ნახვა მინდა. საკმე მაკვს.” ვიცოდი, ვი-ცო-დი, რომ ჩემი დაბადების დღე არ დაავიწყდებოდა! ,,მეთს.” – მივწერე და სანამ პასუხი მოვიდოდა, ერთი ყლუპი საჩუქარი გადავკარი. მესიჯი გადავიკითხე და ჩემს თავზე ნერვები მომეშალა. სად მეჩქარებოდა? ხომ შეიძლება ეგონოს, რომ მეც საქმე მაქვს? არადა ვიგულისხმე: მეც მინდა შენი ნახვა. ,,რა საკმე გაკვს?” ,,საკმეზე არა, ნახვაზე ვტკვი.” - რაღა ლათინური შრიფტით დაწერილი ესემესი წაგიკითხავს, რაღა - გრეგორ ქერას ქართული მოგისმენია... ,,სად ხარ? ,,პეროვზე ბეტასთან ერთად. მოხვალ?” ,,აუ, მანდ რა გამოვა აკედან... ოკ, მასინ მოგცერ.” პულსი ამიჩქარდა. კიდევ ერთი ყლუპი გადავყლურწე. ახლა ცოლობა რომ მთხოვოს, ყველა წარსულ წყენას ვაპატიებ. ,,დაბდგეზე მივდივარ, ფული მჩირდება დზალიან სასცრაფოთ. რამე შანსი გაკვს? ბეტას უთხარი, მაგას ეკნება.” გული გამიჩერდა, ლოყები ამეწვა და შუბლზე ოფლმა დამასხა. ტელეფონი გამოვრთე. _ ცკელა? _ ბლანჟემ ჭიქა შემივსო. _ ნუც, გინდა გითხრა, რატომ გცხელა? _ ბეტა ისეთი ნასვამი იყო, თვალების დახამხამება ავიწყდებოდა. _ იმიტომ, რომ დაგმანული ხარ. _ ეგ რა არის? _ იკითხა ბლანჟემ. _ რა და ნუცა უმანკოა, ზავადსკოი მოხუფულია, ზაკრიტა. აი მე რომ ლაპარაკისას პირს ვაღებ, შიგნით სკვაზნიაკი მაქვს და ვნიავდები. ეს ვერა. ნუცაში ჰაერი არ ტრიალებს, კანეშნა, დასცხება. ბლანჟე ჯერ ვერ მიუხვდა მჭერმეტყველებას, მერე გაიაზრა და იმდენი იცინა, სკამიდან ჩამოვარდა. ახლა ბეტას აუტყდა ხარხარი. ამ დუეტის ატანა უკვე ნაღდად აღარ შეიძლებოდა. _ წავედით! _ ბეტა ძლივს ავაგლიჯე სკამს და გარეთ ,,გავიტანე.” კიდევ კარგი, იქვე ცხოვრობს.
სახლში რომ დავბრუნდი, ყველას ეძინა. ჩემს ოთახში, საწოლზე, წერილი და შინდისფერი ხავერდის ნაჭერში გახვეული საჩუქარი დამხვდა. ბებოს საგულდაგულოდ ამოეკემსა ნაპირები და დაკემსილი ფუთა ერთ დროს თეთრი, ახლა _ გაყვითლებული მაქმანით გაებანტა. ნაფტალინის მსუბუქი სურნელი იდგა ოთახში. გული შემეკუმშა... მთელი დღის ნაგროვებმა დაძაბულობამ, წყენამ, ბოღმამ, იმედგაცრუებამ, ერთად ამოხეთქა. საჩუქარი გულში ჩავიხუტე და ავღრიალდი.
ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია. თუმცა, ტირილის მერე ასეთი შვებაც არასდროს მიგრძნია. ერთი ეგაა, ცრემლებისა და წვლინტების წმენდა-დაშრობაზე მეტად არაფერი მეზარება... ავ ფიქრებს არ დანებდე, ნუც! კაცმა რომ თქვას, სულაც არ ვარ ცუდად, უბრალოდ, ცხოვრებაში არასდროს გადამიბიჯებია ოცდაათისთვის. კი ბატონო, ოცდაათს მიკაკუნებულიც ვყოფილვარ, მიტანებულიც, ,,პად ტრიცატიც,“ მაგრამ გადაბიჯებული - არასოდეს. ხოდა, ზოგჯერ სიახლეებმა იციან ემოციის გამძაფრება... მორჩა, შესანიშნავ განწყობაზე ვარ! თანაც, დღე ჯერ არ დასრულებულა, მთელი რვა წუთი აკლია თორმეტს, რა იცი, რა ხდება?.. ცალ ხელში საჩუქარი მიჭირავს, მეორეში - წერილი. დედაჩემის სუნი აქვს წერილს. ,,ნუციკო, ხვალ არსად გამექცე, იცოდე. მაგულისთან მივდივართ (როგორ, მხოლოდ მაგული? ანუ ორივე გვერდზე იქნება ,,ჩასტროჩკილი“ გრძეეელი ნაწიბურით?). ძმიშვილი ჩამოუვიდა მოსკოვიდან, ისეთი სიმპათიური ბიჭია (ვაჰ, მგონი ბედი მეხსნება. ვინ თქვა, რომ საშინელი საღამო მაქვს? აქეთ ბებოს საჩუქარი, იქით - ბედის საჩუქარი... ნეტა რა დევს ფუთაში? ალბათ ბებოს დედის ნაქონი სამკაული. ბებომ იცის, რომ ვგიჟდები ძველებურ ბეჭდებზე...), გამორიცხულია არ მოგეწონოს. განათლებული, მაღალი, მხარბეჭიანი (აუჰ, რა მოიცდის ხვალამდე...), გარეგნობით ევროპელია, ქერაა, მაგრამ ძალიან საყვარელად ლაპარაკობს ქართულად. გრეგორი ჰქვია (კვანძი გახსნილია, ბატონებო! თურმე, რა ბრედ პიტი, რის ლეონარდო... მაგული მამიდას ჰგვანებია ბიჭი!)...“ კითხვის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ბედის საჩუქარმა არ გაამართლა, მაგრამ ბებოს საჩუქარი სად წამივა? ერთი კარგი ბეჭედი სამ ისე-რა კაცს აღარ ჯობია? თუმცა, ერთ ბეჭედს ამხელა შეფუთვა რად უნდა? აქ მგონი მთელი ზარდახშაა გახვეული... მოუთმენლად შემოვარღვიე ხავერდი და...
ბიგუდები. ალუმინის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. როსტიაშვილოოოოოოოოოოოო!
რას მიფრიალებ მაგ წითელყდიან ჟურნალს... ჰო, კაი, ჟურნალშიც წავიკითხე...შემოქმედების საჭიროების სურვილი თუ სუნი იგრძნობა ჰე ჰე :)))))))))))))
როგორ გამოვიცხვირები??? :))))))))))) როსტიაშვილოოოოოოოოოოოო!
რას მიფრიალებ მაგ წითელყდიან ჟურნალს... ჰო, კაი, ჟურნალშიც წავიკითხე...შემოქმედების საჭიროების სურვილი თუ სუნი იგრძნობა ჰე ჰე :)))))))))))))
როგორ გამოვიცხვირები??? :)))))))))))
24. გაიხარე, არმენ, მადლობა :))))) გაიხარე, არმენ, მადლობა :)))))
23. ნათია, დღეს წაგიკითხე სამსახურში და აღფრთოვანებული თითს ,,გიკაკუნებდი" ჟურნალის გარეკანზე და თანამშრომლებს შენი მოთხრობების წაკითხვისკენ მოვუწოდებდი. თუმცა რამდენი გაითვალისწინებს ჩემ რჩევას და ჩაგიჯდება,არ ვიცი, ბანკირები უსულო ხალხია ცოტა :) ჩემი დიდი პატივისცემა და მოკითხვა შენ! ნათია, დღეს წაგიკითხე სამსახურში და აღფრთოვანებული თითს ,,გიკაკუნებდი" ჟურნალის გარეკანზე და თანამშრომლებს შენი მოთხრობების წაკითხვისკენ მოვუწოდებდი. თუმცა რამდენი გაითვალისწინებს ჩემ რჩევას და ჩაგიჯდება,არ ვიცი, ბანკირები უსულო ხალხია ცოტა :) ჩემი დიდი პატივისცემა და მოკითხვა შენ!
21. შენ გაიხარე ნათია, ძალიან გავხალისდი, განსაკუთრებით იმ ადგილას - ,,ნუცაში ჰაერი არ ტრიალებსო'', :)))))))))))))) სამსახურში რომ არ ვყოფილიყავი, გულიანად გავიცინებდი.
ავტოტრენინგები და თვითორინია მომეწონა :)))) ყველა პერსონაჟს ეტყობა ხასიათი. თხრობა ძალდაუტანებელი იყო, მსუბუქი. გული დამწყდა, მალე რომ დამთავრდა.
მადლობა განწყობისათვის :)))
+ + +
შენ გაიხარე ნათია, ძალიან გავხალისდი, განსაკუთრებით იმ ადგილას - ,,ნუცაში ჰაერი არ ტრიალებსო``, :)))))))))))))) სამსახურში რომ არ ვყოფილიყავი, გულიანად გავიცინებდი.
ავტოტრენინგები და თვითორინია მომეწონა :)))) ყველა პერსონაჟს ეტყობა ხასიათი. თხრობა ძალდაუტანებელი იყო, მსუბუქი. გული დამწყდა, მალე რომ დამთავრდა.
მადლობა განწყობისათვის :)))
+ + +
20. წავიკითხავ აუცილებლად... წავიკითხავ აუცილებლად...
19. გმადლობთ ოთარ, წაკითხვისთვის, მოწონებისთვის, პატივისცემისა და პლუსებისთვის! :) მეორე მინიატურაცაა, კონკურსის რჩეულებში, 69-ე გვერდზე... გმადლობთ ოთარ, წაკითხვისთვის, მოწონებისთვის, პატივისცემისა და პლუსებისთვის! :) მეორე მინიატურაცაა, კონკურსის რჩეულებში, 69-ე გვერდზე...
18. ქალბატონო ნათია, დღეს შევიძინე აპრილის "ლიტერატურული პალიტრა" და თქვენი ეს მოთხრობა და კიდევ ერთი მინიატურაა დაბეჭდილი, მშვენიერია!.. ჩემგან პატივისცემა და კიდევ:
++ ქალბატონო ნათია, დღეს შევიძინე აპრილის "ლიტერატურული პალიტრა" და თქვენი ეს მოთხრობა და კიდევ ერთი მინიატურაა დაბეჭდილი, მშვენიერია!.. ჩემგან პატივისცემა და კიდევ:
++
17. თექვსმეტივე კომენტარის ავტორს მადლობა :)
თექვსმეტივე კომენტარის ავტორს მადლობა :)
16. მე ისე, იიისე მომწონხარ, ჟორჟეტტტა =)
ხომ მითქვამს, ისეც რომ მომწონხარ (ისეც გრამატიკული შეცდომა არა, მეორეა =)) ) მე ისე, იიისე მომწონხარ, ჟორჟეტტტა =)
ხომ მითქვამს, ისეც რომ მომწონხარ (ისეც გრამატიკული შეცდომა არა, მეორეა =)) )
15. ეს რამოდენიმე დღის უკან წავიკითხე და ძაააალიან მომეწონა, იმდენად ზუსტად გაქვთ გადმოცემული "პოტენციური შინაბერების" ფსიქოლოგია,ერთი გაფიქრება ვიფიქრე,საკუთარ თავზე ხომ არ წერს-მეთქი))
პ.ს. ძალიან ლამაზი ქალბატონია ავატარზე (ნაკვთებს დააკვირდით)) რატომ აქამდე არავინ არ აღნიშნა?))) -_-
მოკლედ,კეთილი სურვილები ჩემგან და "აი'ლ ბი ბექ" )
ეს რამოდენიმე დღის უკან წავიკითხე და ძაააალიან მომეწონა, იმდენად ზუსტად გაქვთ გადმოცემული "პოტენციური შინაბერების" ფსიქოლოგია,ერთი გაფიქრება ვიფიქრე,საკუთარ თავზე ხომ არ წერს-მეთქი))
პ.ს. ძალიან ლამაზი ქალბატონია ავატარზე (ნაკვთებს დააკვირდით)) რატომ აქამდე არავინ არ აღნიშნა?))) -_-
მოკლედ,კეთილი სურვილები ჩემგან და "აი`ლ ბი ბექ" )
14. წავიკითხე და კომენტარი აქ არ დამიტოვებია...:-* მსბუქი, სახალისო ამბავია...ირონიით გაჯერებული... თხრობა წყალივით მიდის...ნათი იქ გარჩევაში შენიშვნები რომ დაგიწერე... თითიდან გამოწოვილ შენიშვნებს გავს...:))) მე მინდოდა რომ ბაბუას უფრო დახვეწილი ბებია ყოლოდა...:)) მიხვდები შენ რასაც ვამბობ...:-* და კიდევ იქ დამავიწყდა რომ მეთქვა, მაგრად მომეწონა ბუშტების გამყიდველის სახე...:)) ორი-სამი შტრიხით , ყველა პერსონაჟის სრული ხასიათი სჩანს...მაგრად მომწონს ბერტაც...ბაბუაც,,,:-* სასიამოვნოა მოკლედ შენი კითხვა...555 წავიკითხე და კომენტარი აქ არ დამიტოვებია...:-* მსბუქი, სახალისო ამბავია...ირონიით გაჯერებული... თხრობა წყალივით მიდის...ნათი იქ გარჩევაში შენიშვნები რომ დაგიწერე... თითიდან გამოწოვილ შენიშვნებს გავს...:))) მე მინდოდა რომ ბაბუას უფრო დახვეწილი ბებია ყოლოდა...:)) მიხვდები შენ რასაც ვამბობ...:-* და კიდევ იქ დამავიწყდა რომ მეთქვა, მაგრად მომეწონა ბუშტების გამყიდველის სახე...:)) ორი-სამი შტრიხით , ყველა პერსონაჟის სრული ხასიათი სჩანს...მაგრად მომწონს ბერტაც...ბაბუაც,,,:-* სასიამოვნოა მოკლედ შენი კითხვა...555
13. ძალიან მომეწონა.
პოტენციური შინაბერას ფსიქოლოგიური ბუნება, ქცევა და ხასიათი ორიგინალური ხერხით არის მოსული მკითხველამდე,
საინტერესო, ღრმა შინაარსის ფრაზებია და ნაწარმოები გაჯერებულია ადამიანთა სიყვარულისა და ჰუმანიზმით.
გისურვებ წარმატებას! ძალიან მომეწონა.
პოტენციური შინაბერას ფსიქოლოგიური ბუნება, ქცევა და ხასიათი ორიგინალური ხერხით არის მოსული მკითხველამდე,
საინტერესო, ღრმა შინაარსის ფრაზებია და ნაწარმოები გაჯერებულია ადამიანთა სიყვარულისა და ჰუმანიზმით.
გისურვებ წარმატებას!
12. ძალიან ვიხალისე და ვისიამოვნე. გაიხარე ნათი:) ძალიან ვიხალისე და ვისიამოვნე. გაიხარე ნათი:)
11. ვინ სად მოიწყინა, არ ვიცი. მე მშვენიერ ხასიათზე ვარ. ყველაფერი იყო აქ. თითქოს ავტორის იმ ცნობილ რესტორანში ვიყავი და შეკვეთა შეკვეთაზე მოდიოდა ლიტერატურული. ესაა ოსტატობა, არაფრისგან რომ სახეებს დახატავ! აბა, ცისარტყელას რად უნდა დახატვა?
სალის სახე ძალინ ნამდვილია. მადლობა ავტორს. ვინ სად მოიწყინა, არ ვიცი. მე მშვენიერ ხასიათზე ვარ. ყველაფერი იყო აქ. თითქოს ავტორის იმ ცნობილ რესტორანში ვიყავი და შეკვეთა შეკვეთაზე მოდიოდა ლიტერატურული. ესაა ოსტატობა, არაფრისგან რომ სახეებს დახატავ! აბა, ცისარტყელას რად უნდა დახატვა?
სალის სახე ძალინ ნამდვილია. მადლობა ავტორს.
9. აუ შენ გაიხარე რა : )))))))))))))))) მაგარია ძაან.... ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ !!!! ფსიქომხატვრული ნაწარმოები, შესრულებული გემოვნებით ! აუ შენ გაიხარე რა : )))))))))))))))) მაგარია ძაან.... ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ !!!! ფსიქომხატვრული ნაწარმოები, შესრულებული გემოვნებით !
7. რა ვიცი, ჩემთვის მორიგი საყოფაცხოვრებო "ჰოუმ ვიდეოა" ოღონ ცოტა "გათეატრალებული". ერთი სიტყვით - მოსაწყენია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის... თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა აქაურ "მხატვრულ" ტექსტებთან შედარებით ამაში შემოქმედების საჭიროების სურვილი იგრძნობა. რა ვიცი, ჩემთვის მორიგი საყოფაცხოვრებო "ჰოუმ ვიდეოა" ოღონ ცოტა "გათეატრალებული". ერთი სიტყვით - მოსაწყენია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის... თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა აქაურ "მხატვრულ" ტექსტებთან შედარებით ამაში შემოქმედების საჭიროების სურვილი იგრძნობა.
6. კარგი იყო. ძალიან ))) კარგი იყო. ძალიან )))
5. გუშინდელი კალენდარული დღის ნარჩენებს ვებღაუჭები. :დ
და რამდენი იყო კიდევ დასამახსოვრებელი ფრაზები:))
მაქსიმუმი გუშინდელი კალენდარული დღის ნარჩენებს ვებღაუჭები. :დ
და რამდენი იყო კიდევ დასამახსოვრებელი ფრაზები:))
მაქსიმუმი
4. ათი ლარისაა შვილო კი არადა 10 ქულისაა ნათ(ლ)ი :)
ალალი 5 ქულა ფინალი ცოტა(ან მეტად ) უკეთესადაც გამოგივიდოდა, მაგრამ დანარჩენი ისეა დაწერილი გპატიობ :)
პ.ს. გიო თუ ოთო? ჩამოყალიბდი :) არ ინანო მერე :პ ათი ლარისაა შვილო კი არადა 10 ქულისაა ნათ(ლ)ი :)
ალალი 5 ქულა ფინალი ცოტა(ან მეტად ) უკეთესადაც გამოგივიდოდა, მაგრამ დანარჩენი ისეა დაწერილი გპატიობ :)
პ.ს. გიო თუ ოთო? ჩამოყალიბდი :) არ ინანო მერე :პ
3. კარგია ნათია. სასიამოვნო თხრობა და თვითირონია. +++++ კარგია ნათია. სასიამოვნო თხრობა და თვითირონია. +++++
2. კარგია ნათია. სასიამოვნო თხრობა და თვითირონია. +++++ კარგია ნათია. სასიამოვნო თხრობა და თვითირონია. +++++
1. მომნატრებია ეს გვერდი... არაფრისმთქმელი--5 ნათის:) მომნატრებია ეს გვერდი... არაფრისმთქმელი--5 ნათის:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|