ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


ყოველი წამი...

ყოველი წამი რაღაცას ნიშნავს,
შეკუმშულ დღეს და გადავლილ ღამეს,
ბედის გამოცდით დაწერილ ნიშანს,
გახელილ სივრცეს, დახუჭულ თვალებს..
ყოველი წამი დასაბამია,
ან ამოსუნთქვა უკანასკნელი,
ხან წვიმაა და ხანაც ქარია,
ხან შვება, თითზე ჩამოსათვლელი..
ხან ფუძეა და ხანაც ჭერია,
გამოსათქმელი სიტყვა-სტრიქონი,
ზოგჯერ მუნჯია, ზოგჯერ მჭევრია,
ენაქარგული ბარილიკონი..
ყოველი წამი ერთგულებაა,
ყოველი წამი არის ღალატი,
საით გაჰყვები შენი ნებაა,
შენი ,,ჰოთი” და შენი ,,არათი”
მაშ შეაწებე წამები წამებს,
ამ მაისიდან იმ მაისამდე,
ასიტყვე ფიქრი და მითხარ რამე,
დასაბამიდან უკუნისამდე..
მითხარი რამე, ამ ღიღილოებს
წამ-წამ მაცლიან ზეფიროსები,
მხატვრები ასე ქმნიან ტილოებს,
ასე რანდავენ რითმებს მგოსნები...
ოქროდ ვერ აქცევ ღორღსა და ქვიშას,
ვერ შეძლებ მთაზე ქვის აგორებას,
ყოველი წამი რაღაცას ნიშნავს,
როცა აღსასრულს ელის გონება..
მაინც პასუხის არ ისმის ჩამი,
და ქარი ფანტავს ნამზევ სურათებს,
რომ უმნიშვნელოდ ჩავთვალე წამი,
ჩემი სიზმრიდან შენს სასთუმლამდე..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს