ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: საბავშვო
14 თებერვალი, 2013


,,ქალბატონი ტილო,,

ნაწვიმარ ეზოში გასულმა პატარა ,ობოლმა გოგონამ ხეზე დაკიდული ტილოს ნაჭერი შენიშნა. გვერდით მდგომ , მოხუცი მხატვრის სახლს გახედა. ტილო შეათვალიერა.
_არა, ასეთი ტილო მას არა აქვს,ალბათ ქარმა მოიტანა_ თქვა.ჩამოხსნა. სახლში შეიტანა._რა ჭუჭყიანია...
_აბა, აბა, საკუთარ თავს შეხედე აძონძილ-დაძონძილო_გაბრაზდა თავმოყვარე ბრაზიანი ტილო_ჩემმა პატრონმა სარეცხის წესიერად გაფენა არ იცოდეს რა ჩემი ბრალია? ქარმაც არ მომასვენა, მაფრიალა და მაბზრიალა, ამიქნიას და დამიქნია, მომსვარა და მომთათხა. უზრდელი!
გოგონას რა თქმა უნდა არ ესმოდა ტილოს საუბარი,  მაგიდაზე დადო და ღუმელზე ქვაბით წყალი დადგა.
_იმედია ამ სულელმა გოგონამ ღირსეული ტილოს გამოხარშვა, გახამება და გავლება იცის_ მაგიდაზე დადებული ტილო გოგონას ყურადღებით აკვირდებოდა. _ რად უნდა ეს მაკრატელი? არ მოხვიდე, გესმის? არ მომეკარო! მე შენი ძონძების დასაკერებელი არ ვარ. _ვაიმეეე... ახლა იატაკის ჯოხი აიღო. გოგონი, გამომხედე! არ გაბედო ჩემით იატაკის მოწმენდა. ამ ტურტლიან ჯოხს ახლოსაც არ მივეკარები!
გაბრაზებულმა იატაკის ჯოხმა მრისხანედ ახედა :  _ ეი, შენ... ვინ არის შენი ტურტლიანი?
_მე ,,ეი შენ,, კი არა, ქალბატონი ტილო გახლავართ. ამიერიდან ასე მომმართეთ.
_,,ქალბატონი ტილო,, _გადაითუხთუხა ღუმელზე დადგმილმა ქვაბმა და ორთქლი ამოუშვა.
გოგონამ  ხელი მოკიდა, მდუღარეწყლიან ქვაბში ჩააყურყუმელავა, საპნის ნატეხი ჩააგდო და ხის ჯოხით მოურია. ამ დროს ოთახში პატარა წრუწუნა შემოცუნცულდა და საჭმელის ნარჩენების ძებნა დაიწყო.
_უფ-უფ , რა ხანია ცხელი აბაზანა არ მიმიღია_ფიქრობდა მდუღარეში ჩაყვინთული ტილო.
_გამარჯობა ქალბატონო ტილო, მე ქვაბი გახლავართ . კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
_მე კი ნაძვის ჯოხი ვარ_გაიღიმა ხის ჯოხმა.
_სასახლეში როცა ვცხოვრობდი, ჩემს სახარშ ქვაბს მიმწვარი ძირი არ ჰქონდა, არც კოჟრიანი ნაძვის ჯოხით მირევდნენ. კაკლის გაპრიალებული, მოჩუქურთმებულსახელურიანი ჯოხის გარდა არც რა შეხებია რაიმე ჩემს ლამაზ სხეულს. ეს რა დღე დაგიდგა ჩემო თავო, ვის ხელში ჩავარდი?! ეს საშინელსუნიანი საპონი სად იპოვა ამ საძაგელმა გოგომ?_ხმა აღარავის გაუცია. გოგონამ ქვაბი გადმოდგა. ტილო ამოიღო, გაავლო, გაახამა , მზეზე გაფინა, გააშრო, გააუთოვა და სამზარეულოში დაკიდა.
_ქალბატონო ტილო, ტანზე ყვითელი ლაქა რატომ გაქვთ? _დამცინავად ჰკითხა იატაკის ჯოხმა.
_ქვაბი იყო ჟანგიანი, წყალი ხისტი, საპონი უვარგისი, თოკი და სარჭი ბინძური, უთო კიდევ გასაწმენდი. კიდევ კარგად ვარ თქვენნაირების ხელში.
_ გვერდზე ზოლი გქონდათ ეტყობა , რატომ აღარ ჩანს?_ჰკითხა ქვაბმა.
_გაოცებულმა ტილომ ტანზე დაიხედა. _ვაიმეე! ეს რა მომსვლია, იმ სულელმა გოგონამ ისეთ მცხუნვარე მზეზე გამფინა, სულ გამხუნებია ჩემი მშვენიერი კაბა.
_მოიცა, მოიცა... ალაგ-ალაგ ბოლოებიც ჩამოგძენძია _ყურადღებით შეხედა კედლის საათმა.
_ხომ ვამბობდი რაღაც უბედურებას გადამყრიან-მეთქი ?! _სულ შენი კოჟრების ბრალია გაუთლელო, გაურანდავო ნაძვის ჯოხო_ ცრემლი გადმოსცვივდა ტილოს.
შუადღეზე გოგონამ ჭურჭელი დარეცხა, ტილო ჩამოხსნა და თეფშების გამშრალება დაიწყო.
_დავიტანჯე! გამძვრა ტყავი_ყვიროდა პატარა ლამბაქი, რომელსაც გულმოდგინედ ამშრალებდა გოგონა. _მამშრალებს და სველი ვარ, მამშრალებს და სველი ვარ... ეს რა უბედურებაა
_ რა უვარგისი ტილო ყოფილა?!_გაოცდა გოგონა _სულ არ ამშრალებს. და მაგიდაზე მოისროლა.
_ვინ ვერ ამშრალებს? მე ვერ ვამშრალებს? ვინ არის უვარგისი? ყვირილი დაიწყო შეურაცხყოფილმა ტილომ. _შენ სახამებლის გაკეთება არ იცოდე რა ჩემი ბრალია? სახამებელს კი არა, წებოს ჰგავდა!
დანაყრებული წრუწუნა კი კუთხეში, ტახტის ფეხს მიყრდნობიდა და დამცინავი სახით ისწორებდა ულვაშებს
_ რა ვუყო? _თავის თავს ჰკითხა გოგონამ_ჭურჭლის დასამშრალებლად არ ვარგა, კაბაზე დასაკერებლად უხეშია, იატაკს ვერ მოწმენდს... _უცებ კედლის ფიცრებს შორის დატოვებული ჭუჭრუტანიდან ქარმა დაუბერა. გოგონას სახე გაუნათდა._ქარისგან ხომ მაინც დამიცავს?_აიღო ტილო და ჭუჭრუტანა დაგმანა.
_ეს რა მკადრეს?! გამანადგურეს! თავმოყვარეობა შემილახეს! _ყვიროდა ტილო. მუცელზე თათებმოკიდებული წრუწუნა კი იატაკზე გორავდა, იცინოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა:
_ქალბატონი ტილო... ქალბატონი ტილო... _გაბრაზებულმა ტილომ ახლაღა შეამჩნია წრუწუნა. _წინა სახლში ზეთის ქილის თავსახურად ძლივს ივარგეთ და აქ მოგინდათ ქალბატონობა? წესიერად რომ მოქცეულიყავით მეგობრები მაინც გეყოლებოდათ. ახლა კი იყავით გაჩხერილი ფიცრებს შორის და იტრაბახეთ თქვენი დიდებული წარმომავლობის შესახებ. ახია თქვენზე! _უთხრა წრუწუნამ  და  სახლიდან გაცუნცულდა.
ტილოს ხმა აღარ ამოუღია.
ბოლოს ისევ სხვებმა გაუბეს საუბარი:
_კარგი, ხმა ამოიღე, _უთხრა ქვაბმა. განა ჩვენ ცოტა გაჭირვება გამოგვივლია?! ყველას გვიოცნებია უკეთეს ბედზე, მაგრამ ეს ერთეულთა ხვედრია.
_პატივისცემა, კი მხოლოდ თავმდაბლობით, სიკეთით, თავაზიანობით მოიპოვება და არა ამპარტავნებით_ დასძინა იატაკის ჯოხმა.
_მაპატიეთ. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა? თქვენ არ გჯერათ, მაგრამ მე არც ზეთის ქილის თავსახურად დავბადებულვარ და არც ფიცრებს შორის გასაჩრელად. მე ,, ქალბატონი ტილო,, ვარ . ვგრძნობ. ვიცი_ სევდიანად ჩაიჩურჩულა ტილომ. გპირდებით დღეიდან კარგად მოვიქცევი. მაპატიეთ ყველაფერი , რაც გაწყენინეთ.

პატარა გოგონას , მეზობლად მცხოვრებ მოხუც მხატვართან ხშირად მიჰქონდა საჭმელი, სახლის დასუფთავებაში ეხმარებოდა, ხან ბაზარში ეგზავნებოდა. მოხუცი ორივესთვის ყიდულობდა სანოვაგეს. ერთ დღესაც,სტუმრად მისულ გოგონას მოხუცი დანაღვლიანებული დახვდა.
_რა გჭირს ბაბუა? გინდა ბაზარში გაგეგზავნო?
_ფული აღარ მაქვს შვილო. წამლებში დავხარჯე უკანასკნელი გროშები.
_მაშინ ნახატებს გაგიყიდით
_ წინა კვირაში რომ გავყიდე, ის ბოლო იყო. ტილოს საყიდელი ფულიც არ დამრჩა._ მოხუცს თვალები აუცრემლდა.
_არც მე დამრჩა ტილოები_თავი დახარა გოგონამ. უცებ გაიღიმა, რაღაც გაახსენდა_ ძველი ტილო მაქვს, ყვითელლაქიანი, ცოტა ხნის წინ ვიპოვე. გამოდგება?
_გაიქეცი. მოიტანე! _იმედი მიეცა მოხუცს.
გოგონა სახლში შევარდა, ხელი დასტაცა ფიცრებშია გაჩრილ ტილის და მოხუცს მიურბენინა. მოხუცი დიდხანს ატრიალებდა ხელში ნაჭერს.
_მოდი გავრეცხოთ ჩვენი უკანასკნელი იმედი_თქვა ნაღვლიანად.
_მე ვარ უკანასკნელი იმედი? ნეტავ რა უნდა მიყონ? ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ მაინც მეცოდება საკუთარი თავი._და ტილომ ტირილი დაიწყო. მეორე დღეს გარეცხილი, გამშრალი, ჩარჩოზე დაკრული ტილო მოლბერტზე იდო. მოხუცს უკანასკნელი საღებავები შეეზავებინა და ხატავდა. უცებ ისეთი შთაგონება ეწვია, როგორიც არასოდეს ჰქონია. ფუნჯი თითქოს თავისთავად მოძრაობდა:ფრთხილად, სწორად, ლამაზად...
_მეღიტინება_კისკისებდა ტილო
_ცოტაც მოითმინე, ნახე როგორ გალამაზებ? _უხაროდა ფუნჯს და თავს დასტრიალებდა.
რამოდენიმე დღეში ტილოზე ულამაზესი პატარა გოგონას პორტრეტი იყო დახატული, რომელიც ხან სევდიანი, ხან მხიარული თვალებით აკვირდებოდა გამვლელ-გამომვლელს. მოხუცი და გოგონა თვალს ვერ აშორებდნენ ტილოს.
_ეს ნახატი ბატონს მიუტანე. გთხოვ!_მოხუცმა ნახატი ფრთხილად გაახვია და გოგონას მისცა.
_ნახვამდის ფუნჯო, არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. გმადლობ გოგონა! გმადლობ მოხუცო! _ტილო შრიალით ემშვიდობებოდა მათ.
რამოდენიმე დღეში ოქროთი მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული ტილო დიდებული დარბაზის კედლიდან გაოცებული შესცქეროდა მის სანახავედ მოსულ ადამიანებს. სასახლის სახელოსნოში კი ტილოების და საღებავების გარემოცვაში მოხუცი ხატავდა და პატარა გოგონასაც ასწავლიდა ხატვას.
გავიდა მრავალი წელი...
აღარც მოხუცია ცოცხალი და აღარც პატარა გოგონა, თუმცა მათ ბედნიერად გაატარეს ცხოვრება. დიდი ხანია დალპა პატარა ნაძვის ხის ჯოხი. ძველი ქვაბისაგან ჟანგიც აღარაა დარჩენილი, აღარც იატაკის ჯოხი არსებობს, აღარც წრუწუნა... თუმცა მისი შთამომავლები ისევ ბლომად დაწრუწუნებენ იმ არემარეში.
მშვენიერი გოგონას პორტრეტიან ტილოს მოხუცი მხატვრის ავტოგრაფი აქვს მიწერილი. უკანა მხარეს ისევ ეტყობა მოყვითალო ლაქა, რომელიც ზეთის ქილის საცობად ყოფნისას დაეტყო. ოქროსფრად მოვარაყებული ჩარჩო კი მის ჩამოძენძილ ბოლოებს მალავს.
ტილო, ქალბატონი ტილო, ლამაზი გოგონას თვალებით ამაყად დასცქერის მუზეუმის მნახველებს, თითქოს ეუბნება: ,, ხომ გეუბნებოდით!,,
_

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები