ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2013


ცირკი

დაყარეთ ნახერხი, ცხოვრება ცირკია!
გავდივართ ბაგირზე და ცეცხლთან ვთამაშობთ
ფატალურ თამაშებს, ბევრი მიფიქრია
„ბედის“ ფოკუსებზე, ვცდილობ გადავხარშო

კლოუნის სახეზე მომდგარი ცრემლი და
მის საქციელებზე პუბლიკის სიცილი,
მიკვირს თვალაკრული ვითარცა თემიდა -
დანების მსროლელი ერთს რომ არ აცილებს...

მომთვინიერებლის სიგიჟე მაგიჟებს,
ნდობით რომ თავს უყოფს მშიერ ლომს ხახაში,
მძლეთამძლე ლურსმნებზე ისე დააბიჯებს
ვითომც არაფერი, სულ სიცილ-ხარხარში.

აქ ადრენალინის მოღელავს მდინარე,
ჩქეფს სიამოვნება, ხალისი, აზარტი
...
თუმცა, მთელი შოუ ჯერ კიდევ წინ არის,
მანამდე ანტრაქტი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები