ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2013


უკანსაკნელად...

იქნებ გიყურებ უკანსაკნელად,
არავინ იცის ვის რა ბედი აქვს,
იქნება ბოლო თვალის ახელა,
შენს დასანახად გამიბედნია.
იქნებ ეს ღამე ბოლო ღამეა,
სარკმელთან ფარდის ბოლო დაშვება,
მთვარე ციმციმებს –ღამის კამეა,
ცის უკანასკნელ პეიზაჟებად.
იქნებ ბოლოჯერ გავყევი ფერდობს,,
ან ვაკე გზებზე ჩავინავალე,
გზებზე, რომლებზეც მივჰქროდი ერთ დროს,
დარდს ვეზიდები-ბოლო კავალერს,
ოთახში თბილა და ცხელ ჩაიდანს
თუხთუხით ასდის ბოლო ორთქლი და,
ნეტავ დამეწყო ყოფნა თავიდან,
სულ ერთი ციდა ღიმი მყოფნიდა,
კედლიდან მამის სურათი მიმზერს
და დედას თმებზე ბინდის სუნი აქვს,
უკვე ჩავლილის დავეძებ მიზეზს,
ველი ჩასავლელს, მდორეს, უნიათს,
უკანასკნელად დავისხამ ღვინოს
და სივრცეს დავცლი თიხის თუხტებად,
ამ უკანასკნელ მზეს და ალიონს
უკანასკნელი ცრემლი უხდება,
ქარი ზღვის პირას შეარხევს ისლებს,
შემოირკალავს დუმილს მგოსნურად,
გავიპარები და წავალ ისე,
თითქოს არასდროს აღარც მოვსულვარ.
წარსული ხელებს დაიბანს ლეთას
და სხივებს დაჰკრეფს ოქროს ზოდებად,
უკანსაკნელად გავკიცხავ ჩემს თავს,
უკანასკნელად შემეცოდება.
იქნება ამ ლექსს ბოლოჯერ ვისმენ,
ან დამრჩა თვალის ბოლო ახელა,
ნეტავი ყველა ვცხოვრობდეთ ისე,
როგორც ცხოვრობენ უკანასკნელად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები