ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: საბავშვო
2 მარტი, 2013


ცა

ჭირვეული გოგონა იყო ცა. ლამაზი და ჭირვეული...
მას უმშვენიერესი კაბები ჰქონდა .იცვამდა და კოპწიაობდა თავის სარკე_ოკეანეში. დილით ღია ცისფერს მოიხდენდა, შუადღისთვის ლურჯ, თეთრი ღრუბლებით გაწყობილ კაბას ჩაანაცვლებდა, ღამით კი შავ , ბრჭყვიალა ვარსკვლავებიან კაბაში გამოეწყობოდა. ბროშებად ხან მზეს იკეთებდა და ხან მთვარეს.
ერთ დღესაც ცუდ გუნებაზე გაიღვიძა ცამ. ჩახედა ოკეანეს, არ მოეწონა თავისი თავი, მთელი დღე კაბებს იცვლიდა, მაგრამ არცერთი სამოსი არ მოსწონდა.
__ეს რა არის?!ყველა კაბა ცისფერი, ლურჯი ან შავია, მომწყინდა ეს ბრჭყვიალებიც! ეს ნაირნაირი ფორმის ღრუბლებიც მომწყინდა! შეხედეთ დედამიწას რა ლამაზი ფერებით არის მორთული, მე კი ამდენი ხანია ერთსა და იმავეს ვუცქერი სარკეში. ...და ატირდა
იტირა ცამ, იტირა... წვიმამ ლამის მთელი დედამიწა წალეკა , გადმოვიდნენ ნაპირებიდან მდინარეები, ზღვები და ოკეანეები. არანაირმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა.ცა გულამოსკვნილი ტიროდა.
__რამე უნდა მოვიფიქროთ_შემოიკრიბა დედამიწამ თავისი შვილები: მცენარეები, ცხოველები , ფრინველები , მთები და ზღვები_მოდით საჩუქარი გავუკეთოთ ცას-უთხრა მან.
__მე წითელ ფერს ვაჩუქებ_ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ვარდმა.
__მე ნარინჯისფერს __ თქვა ფორთოხალმა.
__მე ყვითელს__ ჩაიჭიკჭიკა გულყვითელა ჩიტმა
__მე მწვანეს__დაიშრიალა მთაზე აბიბინებულმა ბალახმა.
__მე ლურჯს__გაიბრჭყვიალა საფირონმა.
__მე ცისფერს__ჩამოწანწკარდა კლდიდან ნაკადული.
__მე იისფერს__მორცხვად გაიღიმა იამ.
დედა დედამიწამ აიღო ფერები , ულამაზესი სარტყელი მოქსოვა და ცას მიართვა. ცამ ტირილი შეწყვიტა და ბედნიერმა და გაღიმებულმა შემოირტყა წელზე.
მას შემდეგ, როცა ცა მოწყენილია და ტირის, ახსენდება თავისი სარტყელი , შემოირტყამს წელზე და კარგ გუნებაზე დგება.ჩვენ კი ცაზე ულამაზეს ნაირფერ ცისარტყელას ვხედავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები