ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2013


ერთიც ბოლოსწინა

ვერ ახუნებს მზის სხივი პოეზიის ფასადებს...
- შებრუნდი და ტირილით დაითვალე ასამდე!

ასულდგმულებს გრძნობები პოეზიის ვიტრინებს...
პოეზია ღაღადებს - გიყვარდეს და გიკვირდეს!

****
მარტია და უშენო ხასიათიც დამჩემდა...
დრო მიყვება კარეტებს შეშინებულ მოტივით.
პოეზია თავის თავს პოეტებით აშენებს,
პოეზია ხეა და პოეტები ტოტივით

ვერ უძლებენ დატვირთვას ბედისას და ჩრდილავენ...
ლექსი (როგორც ფოთოლი) მიოქტომბრდა ჰორიზონტს.
მთვარე უფრო ახლოა მტკვარამდე და დილამდე...
მინდა თავი დავიხრჩო!
მათ კი ისევ მოზიდონ

კალმახები.
უზომოდ შემეჩვია როლი და
ღრუბლის ნისლში ფრთებიდან ჩამომცვივდა რითმები.
ახლა როგორც გაფრენა, შენთან ისე მომინდა,
ახლა როგორც გაფრენა, შენთან ისე ვიქნები...

მარტი იტანს თავისას - შემითაგვდა ფიქრი და
(ეს კავშირი სტრიქონში საფეხურად ჩატეხეს).
უფრო მეტი მოზიდეთ აქედან და იქიდან,
უფრო მეტი, სანამდე ფიქრებივით მჩატე ხარ!..

ვიმეორებ სცენარს და გაგიჟებულ ანფასებს
ვუქნევ ბედის მაჩეტეს,
ვუქნევ ბედის ლომისარს.
ახლა ყველა მიყვარხართ, ვინც კი ლექსებს აფასებთ,
ვინც კი იცით, გესმით, რომ პოეტობა ომია!..

თუმცა მთელი ქვეყანა დღეს პლაცდარმად ქცეულა,
და მეც რაღას ვაგრძელებ, მარტი მარტობს მარტივით...
მე ამ ქვეყნის ცხოვრება ისე გამისხეულდა,
ჩემი ტაეპებივით უაზრო და მარტივი

რითმებით ვარ აწყობილ...
და ანათებს ვიტრინებს
ჩამავალი მზის სხივის ჩაუვალი ნათება.
გიყვარდეს და გიკვირდეს!
გიყვარდეს და გიკვირდეს!
სანამ მთვრალი მთვარე და მზე გვაქვს ათინათებად.

- შებრუნდი და უკუღმა დაითვალე ასამდე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები