ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


იმედის კვერი

კეტავ მანქანას,კეტავ გულს და სამყაროს კეტავ,
ხურავ დარაბებს,სარქვლებს ხურავ,სხეულით ხურავ
და ხარ შენს მეზე ახლა უფრო ათასჯერ მეტი,
საფერთქლებზე კი მოზომილად გეცემა ურო.

ძირავ კანჯოებს,გემებს ძირავ,სხეულში ძირავ,
სურვილებს ძირავ ცნობიერის ქვეშ,ანდა მიღმა,
გსურს უფლის ნება მოისმინო უფლისვე პირით
და შველას შენი დაწყვეტილი ნერვებით ითხოვ.

გუდავ საყლაპავს,გუდავ ხორხს და ფილტვებსაც გუდავ,
საკუთარ ფილტვებს,საკუთარი თითების წყებით
და ებრძვი იმას,რაც შეჰქმენი,(ასეა მუდამ),
ის ბეწვის ხიდიც,რომ არ გინდა,იმ დროსა წყდება,

ებრძვი მანძილებს,ებრძვი სივრცეს,შენს თავსაც ებრძვი,
ებრძვი საკუთარ ხასიათს და ვერ ჰგუობ მასას,
სული კი ისე შემოგაცვდა,სხეული გძვრება
და ქამარს იჭერ,რომ ხმარობდი მეშვიდე კლასში...

ყიდი ყველაფერს,რაც გაგაჩნდა,ყველაფერს ყიდი,
სხეულსაც ყიდი გროშებად და გროშებსაც ალბათ
გაყიდი,გინდა აღადგინო ის ბეწვის ხიდი,
რომელიც შენში,
                          სამშობლოში,
                                              სინდისში ჩაგწყდა.

დადიხარ ასე,საქართველოს ჭრილობებს ბოდავ
და რაც დახურე,ტყვიებისთვის ჯერჯერით აღებ,
ხარ სამშობლოზე რამდენიმე ათასჯერ ცოტა,
გულის პარკუჭზე ამომწვარი გემჩნევა დამღა,

რომელიც ფორმით სამშობლოს გავს,სამშობლოს შენსას,
რომელიც ყველა აუტანელ ტკივილად გეწვის
და დაჰფოფინებ შენს იმედებს კენჭებით ნაშენს,
ხოლო ჭრილობებს მაწანწალა ძაღლივით ნერწყვავ.

ხურავ დარაბებს,კარებს ხურავ,სხეულით ხურავ,
რომ შეაკავო ძლიერი და ურიცხვი მტერი
და საფერთქლებზე რიგრიგობით განგაშის ურო
გეცემა,თუმცა გულში აცხობ იმედის კვერებს..

                                            დმ.12.03.2013წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები