ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2013


მაშინ

ეს მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ. მაგრამ არც ისე ცოტა დრო გასულა,..



*** პატარა სახლს მამაკაცი მიუახლოვდა. ჭიშკარში შევიდა.

გამთენიო იყო, წვიმდა, კაცმა მთელი ძალით დააბრახუნა კარზე: _მასპინძელო! _დაიძახა.

ზურგსუკან ნაბიჯების ხმა მოესმა და მოტრიალდა. მოულოდნელად აღმოჩნდა შუახნის ქალის წინაშე.  ქალს გრძელი, ყავისფერი კაბა ეცვა, თავზე თეთრი თავსაფარი ისე ჰქონდა ამოხვეული, რომ ღერი თმისა არ უჩანდა.  თეთრი სახე , ჭრელი, მომწვანო თვალები, სწორი ცხვირი და პატარა, მოკუმული ტუჩები ჰქონდა. თავსაფარი თხილისფერ თმას მალავდა. თეთრ ,თლილ, შრომისგან დაღარულ თითებში სათლის ტარი ჩაებღუჯა. სათლს ახლადმოწველილი რძის ოხშივარი ასდიოდა. თვალებს ღიმილის ნაოჭები შვენოდა, ტუჩებს დარდის და დუმილის ღარი ჩასდევდა.  თვალზეხელაფარებულს სიტყვაძუნწი, მკაცრი ქალის შეხედულება ჰქონდა. პირზეხელაფარებულს თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. ახალდაბადებულ არსებაში რამდენიმე ადამიანია, მერე დრო, გარემოება, ოჯახი ერთ მათგანს ტოვებს , დანარჩენი კი კვდება და ქრება, თითქოს არასოდეს ყოფილა. ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რა იყო თავიდან... ეს ქალი კი თითქოს ბუნების კანონს არ ემორჩილებოდა...

_, მობძანდით! ხომაა შვიდობა?

_კაცები სახში არიან? _კითხვა შეუბრუნა უცნობმა.

_ქმარი წევდა ,უფროსი ბიჭებიც მას ახლავს, ორ თვეში მობრუნდებიან. ._ქალი დაწინაურდა, კარი შეაღო, სტუმარს სახლში შეუძღვა. სახლში მიწის იატაკი იყო. ოთახის შუაგულში შუაცეცხლი გიზგიზებდა. ცეცხლზე კარდალი იყო ჩამოკიდული და ლობიო იხარშებოდა. ოთახში ხის სექვები იყო ჩამწკრივებული. სექვებზე დაფარებული საბნებიდან ოთხი შავთმიანი თავი მოჩანდა.

ოთახში მამაკაცის შემოსვლისთანავე ორი მათგანი ამოძრავდა, საწოლიდან წამოხტა და თვალისდახამხამებაში ორი, 16 და 14 წლის ბიჭი სტუმარს სველი ფეხსაცმლის და მოსასხამის გახდაში ეხმარებოდა.

_როდის წევიდენ?

_გუშინ ღამით . შვიდობაა?

_მე ზაბითი ვარ. შენი მულის, სემაეთის მეზობელი. გამომგზავნეს. გლახა ამბავი-და შეგატყობიოთ. ორი დღის წინ შენი მულიშვილი, თემერი ცოლთან ერთათ ბათუმს იყო წასული. მკტარი ნახეს.გულში ქონდა ტყვია გარებული. მისი ქალი, აიშეი გაქრა. ვინმემ არ იცის რა მოხთა. ღამე გადმუასვენეს სახში და სემაეთ-ხანუმმა გამომგზანა ამ ამბის შესატყობათ. თქვენს მეტი პატრონი აღარ დარჩა საცოდვავს. მისი კივილი მომყვებოდა მთელი გზა.

ქალი იქვე, სკამზე ჩამოჯდა. თვალში დაგუბებული ცრემლები თვალისდაუხამხამებლად ამოაშრო. აკანკალებული ხელები ზურგსუკან დამალა. მერე ადგა. მეორე ოთახში გავიდა. ცოტა ხანში შავებში ჩაცმული დაბრუნდა და უსიტყვოდ დაუდგა საუზმე სტუმარს.

ცოტა ხანში სექვებიდან  ათი წლის ტყუპები ადგნენ. სტუმარს მიესალმნენ . ძმებისგან ახალი ამბავი გაიგეს და თავშეუკავებლად ატირდნენ. უცებ დედის მზერას შეხვდა ერთ-ერთის თვალი და გაჩერდა. გაჩერდა მეორეც.

  _სემაეთ ხანუმს გადეეცი ორ დღეში გამუალ მასთან._მხოლოდ ეს უთხრა გაცილებისას სტუმარს. ოთახში შესვლისას უფროსი ვაჟი , მამია გამოელაპარაკა დედას:

_ნენი, დღესვე  წევდეთ მამიდასთან. სირცხვილია.

_შენი ძმები რომ დაბრუნდებიან წავალ.

_ორ თვეს-და ვუცადოთ? _გაიკვირვა ბიჭმა.

_ზეგე აქ იქნებიან. გამთენიოს. _ნენი, ვინ შეატყობიებდა ამბავს ბაბას, მამუდის და ჯემალის?

_გლახა ამბავს შეტყობიება რათ უნდა? გლახა ამბავი კაცზე ჩქარა დადის. უკვე უკანა გზაზე იქნებიან. _ და გაჩერდა .

მამიაც გაჩერდა. იცოდა დედისგან სიტყვას ვეღარ ეღირსებიდა. ისედაც ერთი თვის სათქმელი ილაპარაკა ერთად.  მეორე დღეს მზადება ჰქონდა ქალს. შემდეგ დილას კი ორი გაოფლილი ცხენოსანი ჩამოხტა ეზოში. სახლში შევიდნენ.  მამია და ნიაზი ჩაცმულები იყვნენ. შავებში შემოსილი ქალი შვილებს მიეგება. პატარებიც ადგნენ.

_ვინაა მკვლელი? დურსუნ აღა? _ თავისსავე დასმულ კითხვას უპასუხა ქალმა. _ საცოდავი აიშე უყვარდა. მაგის დატრიალებული იქნება  ცოდვა...

_ ხო ნენი_ თავი ჩაკიდა მამუდიმ _მასე ამბობენ, მარა დამნახავი კაცისშვილი არაა. წამოსვლისას ამბავი დეგვეწია აიშეი ზღვას გამოურიყავს ბათუმშიო.  _ბაბაი აღარ დაბრუნდა, ამხანაგებს ვერ დავაღალატებო. ნენეი რაფერც გეტყვიან ისე მეიქეცითო._ძმას სიტყვა ჩამოართვა ჯემალმა.

ქალმა შუაცეცხლიდან ფხალი გადმოდგა და ტაბლაზე დადგა. გვერდით მწვანილები, მაწონი, კაიმაღი, ცხელი მჭადი მიუდო.

_ჭამეთ_ უთხრა შვილებს . თვითონ პირი არაფერს დააკარა. დაელოდა, სანამ ყველა მორჩებოდა საუზმეს.  მერე ტაბლას მიუახლოვდა:

_ თემერას არც ძმაი დარჩა, არც ბიძაშვილი და არც ბაბაი. თქვენ დარჩით მისი ძმები. დღეს თქვენი ბოლო პურის ჭამაა ამ სახში. _ უცებ საკინძე ჩამოიხია და მკერდი მოიშიშვლა. ბიჭებმა თავები დახარეს_ ჰარამი იყოს რძის ყველა წვეთი , რომელიც თქვენ გიჭამიათ, თუ თქვენი ძმის სისხლს არ ეიღებთ. სანამ დურსუნ აღაის ბინძური სული ჯოჯოხეთში არ გეემგზავრება, მანამდე ამ კერაზე ცეცხლი არ ეინთება და საჭმელი არ გაკეთდება!. ახლა წაით! მე სემაეთთან მივალ.! ქალმა შვილები წინ გაუშვა. შუაცეცხლს წყალი დაასხა და სახლის კარი გამოკეტა...

ძმებმა პატარები ბებია-ბაბუას სახლში გაიყვანეს. თვითონ დიდხანს ეძებდნენ დურსუნ აღას. ყველა სავარაუდო ადგილი მოიარეს, ღამეები ათენეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს.  უკვალოდ ადამიანი არ ქრება და ბაირამზე ჯამესთან დაუდარაჯდნენ ძმები. ხალხის იმედით მისულიყო დურსუნ აღა ჯამეში. გამოსულს, კარში შეეჩეხა მამუდი, იარაღის ამოღება არ აცალა, გულზე მიაბჯინა რევოლვერი :

_აი ტყვია თემერამ გამოგიგზანა, აგი_ აიშემ. _ორმა ტყვიამ გაიარა მკვლელის გულში. _დეინახე, ამ ღორის შავ გულს სისხლიც შავი ქონია._მამუდმა იარაღი შარვალზე ჩამოიდო, მოკლულის გულიდან მომავალ სისხლს პეშვი შეუშვირა... სახეზე ჩამოისვა. სისხლის აღების წესი შეასრულა.

_ ვინც გამთქვამს, ამ ლევერის ტყვია ჰალალი იქნება_ თქვა და გატრიალდა. არავის არაფერი უთქვამს. არც მაშინ. არც მერე... ზღვისკენ წავიდა.უკან ძმები მიჰყვებოდნენ. ზღვაში ხელ-პირი ჩამოიბანა.

_ძმები წევყვანოთ, თემერაის და აიშეის საფლავზე გევიაროთ და წევდეთ სემაეთ მამიდასთან. ნენეი ვნახოთ.

  საღამო იყო მამიდას სახლს რომ მიადგა ექვსივე. სისხლი სისხლის წილ. სამართალი აღსრულებული იყო. დედამ უსიტყვოდ ჩაიკრა გულში შვილები. სახლში წასვლა გააჯანჯლა. ექვსი დღით კიდევ გააგრძელა სტუმრობა მულის ოჯახში.მეშვიდე დღეს კი ,შუადღისას, შვიდივე დაადგა სახლისკენ მიმავალ გზას.

შებინდებულზე მიადგნენ სახლს. ქალმა კარი გააღო. შუაცეცხლი დაანთო. მეზობელთან დატოვებული ქათმები და საქონელი გადმორეკეს პატარებმა. ორი თვის გაყინული სახლი გათბა. ქალმა კარდალში დედლური გაამზადა. ნიგვზიანი ფხალი შეკაზმა.

ტაბლა გააწყო. კეცზე მჭადი დააკრა.  ტაბლაზე ერთი ხის ჯამით მეტი იყო დადგმული. საათები გადიოდა და ,,მობრძანდი,, არ ისმოდა. ბიჭები სექვებზე ისხდნენ.

_ნენი აღარ-და გვაჭამო? დევხოცეთ მშიერი_ვეღარ გაძლო მამიამ._ დღეს კი გახდა ორი თვეი რაც ბაბაი წევდა, მარა რა იცი როდის დაბრუნდება.

_ჩემი კაცის სიტყვა ძირში არ დეეცემა. ამაღამ მუა... ან მეიტანებენ... _თქვა და გააჟრჟოლა.

_კაცმა თუ თქვა, კაცი - ნათქვამს არ გედევა._ მოისმა კარიდან ხმა. კარში ორმოცდათხუთმეტიოდე წლის კაცი იდგა. ჭაღარა წვერით და ჯერ კიდევ შავი თმით. ყველანი წამოცვივდნენ..

ქალმა შავი თავსაფრის ბოლო პირზე აიფარა. თვალებში ნაკვერცხლები აკიაფდნენ.  დაღლილი, ნამგზავრი კაცი ჩამოჯდა. თბილი თვალებით გადახედა ოჯახს. ყველაზე დიდხანს მამუდს უყურა თვალებში. მერე ადგა. უბიდან პატარა ფუთა ამოიღო. გახსნა. ცოლს მიუახლოვდა. შავი თავსაფარი გადახადა და თეთრი, წითელწინწკლებიანი თავსაბურავი თავისი ხელით დაახურა თავზე. ქალმა აბრჭყვიალებული თვალები თვალებში ჩაანათა.

_დასწი ცავ თვალები... დევწვი კაცი..._ ჩუმად ჩასჩურჩულა_ და არათითი ოდნავ შეახო ლოყას.

ქალი სწრაფად გაეცალა. მჭადი კეციდან ამოიღო. დედლური ჩადგა. ყველანი ტაბლას მიუსხდნენ.

_ შეგარგონ გამჩენელმა_თქვა ქალმა და მჭადი გადატეხა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები