ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2013


უფლის ჩიტები

მე შენი მჯერა!
არ გაბედო ხელის ჩაქნევა!
არა სთქვა , თითქოს გადაგტეხა წელში ცხოვრებამ,
და რაც  არ უნდა მოინდომო,
ვეღარ ათრევ...-ფეხები აღარ მოგყვებიან,
ვერ დაიტიე ტვირთი ამხელა!
მე შენი მჯერა!
რაც იმას ნიშნავს:
გადანაწილდა ჩვენ ორს შორის ტკივილი ყველა,
ხოლო მესამე,  ამ ყველაფერს ზემოდან უცქერს
თავისი  მადლით,
ეს ტკივილი  სულაც განდევნა.
მე შენი მჯერა!
იცი?...შენი რომ არ მჯეროდეს,
გაზაფხულიც აღარ დადგება!
მე...-ჯანდაბას და გიფიქრია?
ვინ გაპატიებს, გაზაფხულის გაწბილებას,
-შენ თვითონაც არ გეკადრება!
მე შენი მჯერა!
როგორც ღმერთის, ისე მჯერა!
მეტი რაღა ვთქვა?
აიღე ხელში, დიდი ხნის წინ გადაგდებული,
ეგ შენი წვრილი,
გაწყვეტამდე წვრილი იმედი,
გაუყარე ნემსის ყუნწში და
გაზაფხულის  დაიწყე ქარგვა:
ხომ ხედავ,  როგორ უხდებათ ტყემლებს,
ვარდისფერი ატმის აურა?
ან ამ ხასხასა მწვანე ველზე,
რა მიამიტად წამოსდგომიან ყაყაჩოებს,
ეს ბატკანა- თეთრი ღრუბლები?...
"არც დაღვრილი", "არც დასაღვრელი"...
-აქ სისხლს რა უნდა?..-
ამოქარგე,  ამოქარგე და
არაფრისმომცემ  იმ წარსულში
ნუღარ ბრუნდები!...
დრო ხომ აწმყოა!
-არც მომავალი და არც წარსული-
მხოლოდ აწმყოა!
ფერად-ფერადი  იმედები
ამოქარგე  და...ჩვენი ტილოც,
ალაგ ალაგ თუნდ თვალწასული,
"წითელფეხება "ღვთის მტრედებმა,
-გადასარჩენად  ჩვენი სულების-
ნისკარტებით უფალს მიართვან!
მე სიცოცხლეზე მეტად მინდა
ეს სურვილი შენც რომ გადაგდო,
არც არაფერი!
უფრო წრფელი  არ არსებობს!...
-არც ეს ყაყაჩო!
მე მჯერა შენი!
ეს იმას ნიშნავს:
თვალდახუჭული  გადმოვივლი  უფსკრულის პირზე...
თუ გადავრჩები,
მაშინ ხომ მაინც დამიჯერებ
ამ თავგანწირვას და
ასე მტირალს,
-სამშვიდობოდ გადმოსულს უკვე,-
ჩამიკრავ გულში...
თუ არადა..-  გადავიჩეხო!...
არც ეგ მანაღვლებს!
რადგანაც ვიცი!
ვეღარაფერი ვეღარ დაგვშლის,
ვეღარ დაგვარღვევს!...

გადარჩენილი ჩვენი სულები,
ამ ფერად ძაფზე,
როგორც მავთულზე,
ჩიტებივით ჩამოსხდებიან,
ამოქარგავენ,
ნისკარტებით ამოქარგავენ,
გაზაფხულებს...-
საუკუნო იმედებიანს.












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები