ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2013


მზის ბნელი მხარე

მზის ბნელი მხარე

დაღამებულია მზე,
რომელიც არასდროს მოდგომია შენს ფანჯარას,
თუნდაც, მეზობლის მორიდებული ბავშვივით,
რომელიც ფქვილშიხელგასვრილმა დედამ ზეთისთვის გამოუშვა შენთან.

მე გეუბნები: არ არსებობენ ღამეები და სიბნელეები.
არსებობს მკვლელობა, პარვა, მრუშობა.
მხოლოდ მაშინ ბნელა.
იმიტომ რომ თვალებზე ხელებს გაფარებ მე.
ნირწამხდარია მზე,
რომელიც ხრწნაშეპარული გვამივით ტივტივებს მყრალ წყალში.

ჩვენ ყველას ჩვენი წილი ლურსმანი გვაქვს ხელისგულში.
არ დაიჯერო, მსუბუქია ვინმეს სხეული.
ჩვენ კბილებით ვღეჭავთ ფანჯრის რაფებზე მიმხმარ,
სათითაოდ აბოჭილ მზის მოლეკულებს.
არც ჰაერია მსუბუქი.
საერთოდ მსუბუქი ის არაა, რასაც ვერ ვიჭერთ,
ვერ ვეხებით,
ვერ ვხედავთ.
ასე რომ იყოს, ღმერთი ყველაზე მჩატე იქნებოდა,
არადა თავით ფეხამდე დარწმუნებული ვარ,
რომ ის გაჭირვებით მიათრევს მუხლებს,
რომელზეც წაწყმედილი ადამიანები გადასარჩენად ეკოწიალებიან,
პერანგზე ამწყდარი ღილებივით.

გახსოვდეს, ყოველთვის მოიძებნება ისეთი მდინარე,
რომლის ფსკერზე მიბმულს ხავსსაც
შუაწელზე მოხვევ ხელებს,
მაშინ, როდესაც წყალწაღებული იქნები.

იმ დღის მერე იგრძნობ,
როგორ დედდება შენს წილ ფანჯრებში მზე.
და მე,
შენი სიმძიმით წელშიგაწყვეტილი
მსწრაფლ მოგაშორებ თვალიდან თითებს,
სინათლის დასანახად.

შენ მხოლოდ ჩაისუნთქე,
ფილტვებში დაიგუბე ნიაღვარივით შემოჭრილი სული და
თვალები გაახილე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები