ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2013


დაბრუნების წერტილი (გადამუშავებული ვარიანტი)

                            „დაბრუნების წერტილის გავლა“ ნიშნავს, რომ 
                            აღარასოდეს  დაბრუნდე იქ,  საიდანაც  დაიწყე სვლა.
                            როგორი რთული და ხანგრძლივიც გინდა იყოს ეს გზა,
                            არჩევანის გაკეთების შანსი გეძლევა მხოლოდ ერთხელ!



ეს ყველაფერი შენი ნების გარეშე მოხდა, -
შეხვდნენ ერთმანეთს  ვაჟკაცი და ტურფა ასული...
და როცა მზერა  ჩაიძირა უცხო თვალებში,
და უნისონში როს აძგერდა ორივეს  გული, -
უმძაფრესმა იფეთქა გრძნობამ!..
როცა ერთმანეთს ჩაეხლართა ათ-ათი თითი,
როცა ერთ ბაგეს შეეწება მეორის ბაგე
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა კერტი,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  „ე რ თ ი“, -
შენ ჩაისახე!

სწრაფად გავიდა მუცლადყოფნის ცხრავე გრძელი თვე,
ერთი უჯრედი იყავი და... გახდი არსება,
რომელიც უხმოდ იღიმები... ხელ-ფეხს ატოკებ...
შენს გულისცემას აფიქსირებს  მამიკოს ყური,
რომელიც ფრთხილად ამოძრავდა დედის მუცელზე,-
„ჩემს პაწაწინას უცებ რამე არ ვატკინოო“...
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო ტკივილით გათანგული  დედის კივილი
საავადმყოფოს შეთეთრებულ კედლებს შეასკდა,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  „ო რ ი“, -
შენ დაიბადე!

თვალებს აცეცებ, შიშით არჩევ უცნობ ხმებს, - ბგერებს...
უცხო გარემო... უცხო ხალხი... ნაცნობი სუნი
რძისა და... დედის! ჰო, დედაა, ფრთხილად რომ დადის
და მუდამ ცდილობს გულით ჩასწვდეს პაწაწას სურვილს...
და როცა ჩუმად ყოფნა გახდა აუტანელი,
დედისკენ უხმოდ გაიწოდე პაწაწა ხელი,
გაუბედავად, დამორცხვებით ამოთქვი: „დე-და“
და  გადალახე დაბრუნების წერტილი  „ს ა მ ი“, -
ალაპარაკდი!

ხტუნვა-თამაშში გაირბინა ლაღმა  ბავშვობამ...
„დიდობის“ წლებმაც  გაიფრინეს უმტკივნეულოდ.
მხოლოდ მუხლისთავს შერჩენილი მცირე სიმუქე 
თუ გახსენებდა, ქვას რომ ფეხი წამოჰკარ ერთხელ
და გადამსკდარი მუხლიდან რომ გდიოდა სისხლი...
ერთ დღეს კი, როცა შეძრწუნებულს შეგხედა დედამ,
შუბლზე გაკოცა და გითხრა, რომ... მართლა  დ ი დ ი  ხარ,
რადგანაც სისხლით მოგეთხვარა მთელი ფეხები!...
და როცა სარკეს მიაშურე გულისფანცქალით,
ოფლის მსხვილ წვეთებს ჩააყოლე შიშით თვალები, -
გზას ბორცვებს შორის მიიკვლევდნენ ნაკადულივით...
და  გადალახე დაბრუნების წერტილი  „ო თ ხ ი“, -
დაქალებულხარ!

დაქალებულხარ!... 
დაგინახეს მამრის თვალებმა
და აგედევნა, როგორც "ძუკნას", მთლად „სამამრეთი“...
გუმანით გრძნობდი, გაშიშვლებდა თვალები მათი,
ენის წკლაპუნზე ეტყობოდათ, ნერწყვს რომ ყლაპავდნენ
შენი სხეულის მათ ხელებში წარმოდგენითაც 
და  გდევდნენ... გდევდნენ... დაგყვებოდნენ გონის წასვლამდე!
და შენც შეფარვით შეჰყურებდი მათ მშიერ თვალებს...
გესმოდა მათი ჩუმი ოხვრაც, ენის წკლაპუნიც...
ხვდებოდი, - მათთვის აღარ იყავ პატარა ბავშვი
და სიამაყით გევსებოდა პატარას გული,
თუმც უცხო იყო ჯერაც შენთვის გრძნობა პირველი, -
უცოდველობა ისხლიტავდა ისრებს ამურის!
და როცა ოფლის მსხვილ-მსხვილ წვეთებს ხედავდი შუბლზე,
როდესაც მიხვდი, შენი ერთხელ მოფერებისთვის
დაემხობოდა სიამაყე ყოველი ხვადის,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  „ხ უ თ ი“, -
შ ე ნ  შეგიყვარდა!

მერე ოჯახი... მერე შვილი... შვილი მეორე...
ეს ყველაფერი ხვედრი არის (თურმე!) რჩეულთა!
მერე თანდათან  გაქრა ვნება... გაქრა სიგიჟე
და ყველაფერი დამდორდა და გაუფერულდა.
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო ბალიში დაასველა შენმა ცრემლებმა,
როცა გულს ახსოვს ის სიგიჟე ყოველი ღამის,
სხეულს კი... უკვე აღარავინ ეალერსება,
როცა გონებას თეთრ ფანტელად ადნება ფიქრი,
ხოლო ყორნისფერ თმას ფანტელიც აღარ ადნება,
და როცა სარკემ დაგანახა  თვალთან ნაოჭი,
გულმა კი მკერდქვეშ გამალებით დაიწყო ბორგვა,
შენ გადალახე დაბრუნების წერტილი  „ე ქ ვ ს ი“, -
დაბერდი, გოგო!

სად დაიკარგა ის უდრეკი, ამაყი მზერა?!
რატომ გაწყალდნენ უმოწყალოდ შენი თვალები?
სარკე გატყუებს თუ შენ გინდა, აცდუნო სარკე,
როს ძარღვიანი თითებით ცდილობ, გაისწორო  შუბლზე ნაოჭი?!
ვეღარ უშველი!...
ან სად გამქრალა გამტკიცული კანი სახეზე?!
ტუჩის კუთხეებს შერჩენილი ნაზი ღიმილი
დაუნდობელ ნაოჭებში რად ჩაკარგულა?!...
ფრთხილად შეხსენი თალხ კაბაზე შეკრული ღილი,
ათრთოლებული ხელისგულით მოძებნე კერტი
და გაიტრუნე, - სადღა დაგრჩა მკვრივი ბორცვები?!...
წელმოწყვეტილი ჩამოჯექი, თავი დახარე
და იგრძენი, როგორ დაეცა შენს ხელისგულს შენივე ცრემლი...
. . . . . . . . .
და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი,
ხოლო თვალებთან ცრემლისფერი მოცურდა ნისლი,
ფრთხილად შეხსენი  შენი სულის მძიმე კარები,
თვალი შეავლე  შორს გაფრენილ ლამაზ სიცოცხლეს
და  გადალახე დაბრუნების წერტილი  „შ ვ ი დ ი“, -
სულო, დამშვიდდი?
შენ  სამუდამო სამყოფელის კარი შეაღე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს